დამწვარი ქვიარ ბარის მფლობელმა ევროსასამართლოში სომხეთის წინააღმდეგ საქმე მოიგო
სომხეთში ქვიარ-მეგობრული ბარის მფლობელმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხელისუფლების წინააღმდეგ დავა მოიგო. ბარი 2012 წელს დაწვეს.
სასამართლომ სომხეთს დაავალა, რომ არმინე ოგანეზოვას კომპენსაციის სახით 12 600 დოლარი გადაუხადოს და პლუს დაუფაროს იურიდიული ხარჯები, რადგან ის ჰომოფობიური ძალადობისგან ვერ დაიცვეს.
გადაწყვეტილება დაემთხვა ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება.
შემთხვევა 2012 წელს მოხდა. მომდევნო დღეებში ოგანეზოვა ნაციონალისტების მხრიდან შევიწროებისა და დაშინების სამიზნედ იქცა — ისინი პაბის წინ საპროტესტო აქციებს მართავდნენ და ხანძრის შემდეგ დარჩენილ ნივთებს ანადგურებდნენ. სიკვდილის არაერთი მუქარის შემდეგ, ოგანეზოვამ თავშესაფარი შვედეთს სთხოვა.
ცეცხლის გაჩენაში დამნაშავედ ორი ძმა ცნეს, რომლებიც ნეონაცისტური ჯგუფის, Black Ravens Armenia-ს წევრები იყვნენ. 2013 წელს სომხეთის სასამართლომ ძმებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რის შემდეგაც მათ ამნისტია შეეხოთ.
ოგანეზოვამ ECHR-ს მიმართა და განაცხადა, რომ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო მომხდარი თავდასხმების, შევიწროებისა და მუქარებისგან ხელისუფლებამ ვერ დაიცვა, ამასთან, სათანადოდ ვერ გამოიძია საქმეები.
მისივე თქმით, თავდასხმას მხარს უჭერდა სომხეთის ნაციონალისტური პარტია, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია — ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი პარტიის წევრი იყო, ხოლო დეპუტატმა, არტსვიკ მინასიანმა გირაო გადაიხადა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ბარზე თავდასხმა საჯაროდ მოიწონეს სომხეთის წამყვანმა პოლიტიკოსებმა.
"გადაწყვეტილების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სომხეთისთვის პრეცედენტს ქმნის", — განაცხადა ერევანში მოღვაწე ქვიარ უფლებების აქტივისტმა, მამიკონ ჰოვსეფიანმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, მთელი ევროპისთვისაც კი იყოს მნიშვნელოვანი.
"იმედი გვაქვს, რომ მსგავსი საქმეების უგულებელყოფისა და მიჩქმალვის ნაცვლად, ეს სახელმწიფოს შესაბამისი და ახალი კანონების მიღებას, ხოლო სასამართლოს შესაძლო შედეგების გათვალისწინებას აიძულებს", — უთხრა მან OC Media-ს.
"LGBT ადამიანებისთვის ამ სოციუმში ცხოვრება რთულია"
ბარზე თავდასხმისგან ათი წლის შემდეგ, სომხეთში უმცირესობებს სამართლებრივი დაცვა არ გააჩნიათ, ხოლო ქვიარ ადამიანები რეგულარულად არიან დისკრიმინაციის, ძალადობისა და სიძულვილის ენის სამიზნეები.
ჰოვსეფიანის თქმით, ახლანდელი მთავრობის დაპირებას, რომ ადამიანის უფლებებს პრიორიტეტულად აქცევენ და ამ მიზნით კანონში ცვლილებებს შეიტანენ, მინიმუმ შეუძლია, რომ ქვიარ ადამიანების სამართლებრივი გარემო გააუმჯობესოს. ის აღნიშნავს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება "შესაფერისი" პასუხი იქნება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
"ამჟამად, საერთო მდგომარეობა [ქვიარ ადამიანებისთვის] სომხეთში არ არის კარგი. LGBT ადამიანებისთვის ამ სოციუმში ცხოვრება ჯერ კიდევ ძალიან რთულია. თუმცა იმედი გავქვს, რომ მეტი კომუნიკაციითა და ინფორმირებულობით ეს ცვლილებები დადგება", — განაცხადა მან.
ჰოვსეფიანის თქმით, ბარი უნიკალური ადგილი იყო და ქვიარ ადამიანებისთვის მეტ ასეთ უსაფრთხო სივრცეს ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები