პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი წერილით საგარეო საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და სხვანაირად გაგებული არ უნდა იყოს.

"ბლინკენის წერილში ეწერა ხაზგასმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი. ამ წერილში მთავარი რა იყო — საგარეო საქმეთა მინისტრს ულოცავს, თანამდებობაზე დანიშვნას და მასთან თანამშრომლობას უყურებს იმედიანად. სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს გაგებული ეს წინადადება, მიკვირს", — თქვა მან.

ბლინკენმა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და ხელისუფლებას მოუწოდებს გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ხელისუფლებას ომის დანაშაულებზე.

წერილში ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.