ფაშინიანმა CSTO-ის წევრები აზერბაიჯანთან იარაღით ვაჭრობის გამო გააკრიტიკა
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) და მისი წევრი სახელმწიფოები მთიანი ყარაბაღის მეორე ომსა და სიუნიქში აზერბაიჯანის შემდგომი შემოსევების დროს სომხეთისთვის მხარის არდაჭერისა და აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის გამო გააკრიტიკა.
პრემიერმინისტრმა ეს კომენტარი ორშაბათს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე გააკეთა.
CSTO-მ კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ "დასკვნები გაკეთდა" და "შესწორებები განხორციელდება".
"როგორც იცით, ერთი წლის წინ აზერბაიჯანის ჯარები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. სომხეთმა CSTO-ს მიმართა, რომ კრიზისის დროს მათი მექანიზმები გააქტიურონ. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ორგანიზაციას ისე მოახდინა რეაგირება, როგორც სომხეთის რესპუბლიკა მოელოდა", — განაცხადა ფაშინიანმა სამიტზე.
ფაშინინამა ხაზი გაუსვა ორგანიზაციის ხელშეკრულების "სწრაფი რეაგირების მექანიზმის" მნიშვნელობას, რომელიც, მისი თქმით, 2021 წლის გაზაფხულზე არ მუშაობდა.
ფაშინიანმა, ასევე, გააკრიტიკა წევრები სომხეთისთვის "არამეგობრული" ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვის გამო და მიუთითა, რომ CSTO-ს წევრები, მათ შორის, რუსეთი იარაღს აზერბაიჯანს ჰყიდდა.
"ეს იარაღები გამოიყენეს სომხეთისა და სომეხი ხალხის წინააღმდეგ. ესეც პრობლემაა, სიმართლე რომ გითხრათ, CSTO-ს წევრი სახელმწიფოების რეაქცია 2020 წლის 44-დღიან ომზე და ომის შემდგომ, არც ისე დამაიმედებელი იყო სომხეთის რესპუბლიკისა და ხალხისთვის".
კრიტიკის მიუხედავად, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ "ორგანიზაციის სრული მხარდაჭერისა და მისი შემდგომი განვითარების შესახებ" სომხეთი კვლავ "პოზიტიურია".
თუმცა შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში ომი იყო. რუსეთის შეჭრა CSTO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ, ბელარუსის პრეზიდენტის გარდა, მხარდაჭერილი არ ყოფილა. ალექსანდრ ლუკაშენკომ ორგანიზაციამ მოუწოდა, რომ "დასავლეთის წინააღმდეგ" გაერთიანდნენ.
ლიდერებმა სამიტის დროს ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელიც არ ახსენებს არც უკრაინაში ომს და არც სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობას. განცხადებაში "ევრაზიის რეგიონში მდგრადი მშვიდობის" უზრუნველსაყოფად NATO-სთან თანამშრომლობის "მზაობაა" გამოხატული.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები