ილონ მასკის SpaceX, გარდა კოსმოსური ტურიზმის აღორძინებისა და მარსის კოლონიზაციისა, დედამიწის განვითარებაზეც ფიქრობს და ამისთვის ჩვენი პლანეტის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი და სწრაფი ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს.

გუშინ, 3 მაისს, SpaceX-ის ვიცე პრეზიდენტი პატირცია კუპერი სენატის ვაჭრობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის წინაშე წარდგა და კომპანიის ამბიციური გეგმა გააცნო.

როგორც კუპერმა განაცხადა, SpaceX 4 425 სატელიტის გაშვებას გეგმავს, რომლებიც მთელი დედამიწის გარშემო განთავსდებიან ორბიტაზე და პლანეტას მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიაწვდიან. ამჟამინდელი მონაცემებით დედამიწის გარშემო 1 459 თანამგზავრი ბრუნავს, შესაბამისად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად ამბიციურია მასკის კომპანიის პროექტი.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, აღნიშნული 4 425 თანამგზავრი 1 110 - 1 325 კილომეტრის სიმაღლეზე განთავსდებიან, ხოლო მეორე ფაზაში, რომელიც სისწრაფის და მიწოდების ხარისხის გაზრდას ითვალისწინებს, SpaceX დედამიწის ქვედა ორბიტაზე (335 - 346 კმ.) 7 518 თანამგზავრის განთავსებას გეგმავს.

კუპერის თქმით, გაეროს მონაცემებით, პლანეტაზე მცხოვრები 4,2 მილიარდი ადამიანს ინტერნეტთან წვდომა ამა თუ იმ მიზეზის გამო არ აქვს. ხოლო ვისაც აქვს, იმათგან უამრავი ადამიანი ნელი ინტერნეტით სარგებლობს. ამიტომ SpaceX-ისთვის აღნიშნული პროექტი კომერციულადაც საინტერესოა, რადგან არსებობს უდიდესი ბაზარი, რომელიც ასათვისებელია.

ცხადია, აღნიშნული ინფორმაცია 4,2 მილიარდ ადამიანს ძალიან გაუხარდება და მათ ცხოვრებასა და მათი ქვეყნების განვითარების პროცესში პოზიტიურ ძვრებს გამოიწვევს. თუმცა, მასკისა და SpaceX-ის ახალი ინიციატივა ძალიან გაახარებს თბილისის ძველი უბნებისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების, მაგალითად, ქუთაისის მოსახლეობას, რომლებსაც ქართველმა ინტერნეტ პროვაიდერებმა, დღემდე (შეგახსენებთ 2017 წელია), ოპტიკური ინტერნეტი ვერ აღირსეს და ეს მოსახლეობა ძირითადად, კვლავ DSL-ით სარგებლობს. (ჰო, ვიცით, რომ კაბელების მიყვანა ძვირია. ბლა ბლა ბლა).

ძვირფასო თანამემამულენო, სულ ცოტაც მოითმინეთ და 2019 წლიდან, ჩვეულებრივი ლეპტოპის ზომის მოდემით ილონ მასკი სწრაფ და ხელმისაწვდომ ინტერნეტს მოგართმევთ სახლებში.