Credit Suisse-თან წარმოებულ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა — ივანიშვილის ადვოკატი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის მხრიდან Credit Suisse-თან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი "მეტად საეჭვოდ" დაემთხვა. ადვოკატის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ყიფიანის თქმით, მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ივანიშვილს ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში "გარკვეული შეფერხებები" შეექმნა.
ადვოკატისვე თქმით, ყოველივე ამას "დროში უცნაურად ემთხვევა" ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებული გართულებაც.
ყიფიანი ამბობს, რომ ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებასთან და ვერტფრენის შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები არ უკავშირდება ივანიშვილის მხრიდან Credit Suisse-თან მიმდინარე დავას და ხაზს უსვამს, რომ "ხელოვნურად შექმნილი" პრობლემები ივანიშვილმა იურიდიული გზებით მოაგვარა.
"ბატონი ივანიშვილის პოზიციაა რომ Credit Suisse-თან ყველა უთანხმოება ასევე სამართლებრივი გზებით უნდა გადაიჭრას და ამ მიზნით პროგრესიც უკვე თვალშისაცემია. ბერმუდაზე საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია; აგრეთვე, წარმატების ყველა პირობა არსებობს ამა წლის სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესთან დაკავშირებითაც. თუმცა, ბერმუდასა და სინგაპურში პროცესების პარალელურად თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა", — წერს ივანიშვილის ადვოკატი.
ყიფიანის თქმით, ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი, რამაც ივანიშვილის მხირდან გერნსის იურისდიქციაში მორიგი სარჩელის შეტანა განაპირობა.
"აქვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავშირის არქონა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ ხსენებულ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორის: თუკი პირველ შემთხვევაში დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ბატონმა ივანიშვილმა განიცადა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება", — წერს ყიფიანი.
ადვოკატის თქმით, ივანიშვილის მხრიდან გამოჩენილი სიმტკიცე და გადაწყვეტილება, ყველა უთანხმოება სამართლებრივ რეჟიმში გადაწყვიტოს, საბანკო ჯგუფს "არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის".
ყიფიანი წერს, რომ ყველა იმ დეტალთან დაკავშირებით, რომელიც სამართლის ნორმების მიღმა დამატებით შეფასებას მოითხოვს, ივანიშვილი კომეტარს თავად გააკეთებს საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით.
6 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულს — Green Vals Trust-ს გერნსის სასამართლოში უჩივის.
ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია, Cision-ი შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულს — Green Vals Trust-ს ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით ვალდებულებების სერიოზულ დარღვევასა და მისი კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
როგორც ირკვევა, Credit suisse-ის მხრიდან დაზარალებულებმა თანხის გაცემა 2022 წლის 4 მარტს მოითხოვეს, რომელზეც თანხმობა რწმუნებულმა კომპანიამ მიმდინარე წლის 4 აპრილს გასცა. Cision-ის მტკიცებით, ამან მის კლიენტებს ფინანსური ზარალი მიაყენა.
Cision-ის ინფორმაციით, Credit Suisse-ის რწმუნებულმა კომპანიამ თანხის გადაცემის შეფერხება "აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემოთი" დაასაბუთა. ივანიშვილის PR კომპანია წერს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის სხვა ბენეფიციარებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან არანაირი კავშირი აქვთ და არც რაიმე ტიპის სანქციებს ექვემდებარებიან.
ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს დავა მოუგო. სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს ივანიშვილისთვის 500 მილიონის გადახდა დაეკისრა.
ივანიშვილმა Credit Suisse-ს უჩივლა, რადგან მისი თქმით, ბანკმა ვერ შეძლო მათი ბანკირის, პატრის ლესკადრონის თაღლითობის შეჩერება, რამაც ივანიშვილს 400 მილიონ დოლარზე მეტი დააკარგვინა.
ივანიშვილი ერთ-ერთია იმ, სულ მცირე, 5 ადამიანს შორის, რომლებიც ბანკის წინააღმდეგ დავას აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ლესკადრონის ბრალი 2018 წელს დაუმტკიცდა. ისინი არ აღიარებენ, რომ ბანკმა ლესკადრონის თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდა.
პატრის ლესკადრონის საქმე 2015 წელს გახმაურდა, როცა ბანკირმა აღიარა, რომ აყალბებდა ხელმოწერებსა და სავაჭრო ტრანზაქციებს. როგორც Credit Suisse ამტკიცებს, ბანკირი, რომელმაც 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მარტო მოქმედებდა.
კომენტარები