მარიუპოლიდან ევაკუაციისას გატაცებული სტუდენტი წამებისა და გადარჩენის ისტორიას იხსენებს
აზერბაიჯანელი სტუდენტი, ჰუსეინ აბდულაევი, რომელიც რუსული ჯარების ტყვეობაში ერთი თვე იმყოფებოდა, ყოველდღიური ძალადობის, წამებასა და მიზნობრივი მკვლელობების შემთხვევებს იხსენებს.
17 მარტს 19 წლის ჰუსეინ აბდულაევი 7 თანამგზავრთან ერთად დასავლეთისკენ მიემართებოდა. ისინი გარბოდნენ უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან, რომელიც 25 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ალყაში მოიქციეს.
"ჩვენ გავიარეთ რამდენიმე სამხედრო საგუშაგო და როცა ბერდიანსკის გამშვებ პუნქტს მივადექით, გაგვაჩერეს. მანქანის მძღოლი უკრაინელი იყო. რუსმა ჯარისკაცებმა გადმოსვლა გვიბრძანეს და სამოსი გაგვხადეს", — უყვება ის OC Media-ს.
სამხედროებმა მათ უთხრეს, რომ უნდოდათ შეემოწმებინათ, ჰქონდა თუ არა რომელიმეს ტატუ. ტატუები, სავარაუდოდ, მიუთითებდა, რომ ეს ადამიანი აზოვის ბატალიონის წევრი იყო. ბატალიონი, რომელიც ამჟამად უკრაინის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფია, რუსული ომის პროპაგანდის გამორჩეული სამიზნეა. აბდულაევის თქმით, მანქანაში მყოფთაგან მძღოლის გარდა არავის ჰქონდა ტატუ, რომელსაც ფეხზე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანი ეხატა.
ჯარისკაცებმა გამშვებ პუნქტთან დიდხანს დააყოვნეს, საათებს არცთუ ისე შორეული მანძილიდან მომავალი ჭურვებისა და სროლების ხმა ცვლიდა.
საბოლოოდ, საგუშაგოსთან მანქანა მივიდა, საიდანაც ათობით ჯარისკაცი მაინც გადმოვიდა. კაცმა, რომელიც წარმოშობით, სავარაუდოდ, "ცენტრალური აზიიდან იყო", მგზავრები დაკითხა, მოითხოვდა ეთქვათ, ვინ იყვნენ და სად მიდიოდნენ.
"იმის მიუხედავად, რომ ჩემი სტუდენტური ბარათი და პასპორტი ვაჩვენე, რამდენჯერმე მკერდის არეში ხელ-ფეხი დამარტყეს და მანქანისკენ გამათრიეს", — ამბობს აბდულაევი.
მომდევნო 26 დღის განმავლობაში, სტუდენტმა, რომელიც მარიუპოლში აზერბაიჯანიდან ჩავიდა და სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკოლოგიას სწავლობდა, რუსი სამხედროების ხელში გაუძლო დაკითხვას, წამებასა და ძალადობას — ასევე, შეესწრო, როგორ მოკლეს ორი უკრაინელი ტყვე.
"შენ აზოვის ბატალიონის წევრი ხარ"
საგუშაგოდან მგზავრობა ნახევარ საათზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. ჩასვლისთანავე აბდულაევი და სხვა მგზავრები რუსმა სამხედროებმა ისევ დაჰკითხეს. ჯარისკაცებთაგან ბევრი, სავარაუდოდ, ჩეჩენი იყო. ერთს "ნაჩალნიკს" ეძახდნენ, რაც რუსულად "უფროსს" ნიშნავს.
"მკითხეს, რას ვსაქმიანობდი. ვუთხარი, რომ 3 წელია სტუდენტი ვარ, მაგრამ არავინ მიჯერებდა", — ასე იხსენებს აბდულაევი დაკავების იზოლატორში მისვლას. მისი თქმით, სამხედროებმა უთხრეს, რომ ატყუებდა და "შეიარაღებულ ბანდიტს" ჰგავდა, რომელიც "აზოვს ბატალიონის წევრი" იყო.
"მნიშვნელობა არ აქვს ღმერთი რამდენჯერ დავიფიცე, რომ სტუდენტი ვიყავი, არ სჯეროდათ და დანარჩენ 7 მგზავრთან ერთად საკანში ჩამსვევს", — ამბობს აბდულაევი.
საკანი ცარიელი და "წარმოუდგენლად ცივი" იყო — ჯერ კიდევ შიშველი ტყვეები კი იძულებულები იყვნენ გაყინულ ბეტონზე მდგარიყვნენ. რამდენიმე საათის შემდეგ, სამხედრომ საკნის კარი გააღო, აბდულაევის ტანსაცმლით ხელში.
"ახლა შეგიძლია ჩაიცვა", — იხსენებს აბდულაევი ჯარისკაცის ნათქვამს, რის შემდეგაც თვალები აუხვიეს და სხვა საკანში გადაიყვანეს.
როცა სახვევი მოხსნეს, სტუდენტი კიდევ ერთი სამხედროს პირისპირს აღმოჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, ჩეჩენი იყო. მას კიდევ ერთხელ გაშიშვლება და სკამზე დაჯდომა უბრძანეს. აბდულაევი დაემორჩილა. შემდეგ ჯარისკაცმა ის ხელბორკილებით სკამზე მიაბა.
"ის განუწყვეტლივ მიყვიროდა, ისეთ კითხვებს მისვამდა, როგორიცაა: "როდის შეუერთდი აზოვს?", "სად იბრძოდი?". მიუხედავად იმისა, ყოველ ჯერზე ვეუბნებოდი, რომ სტუდენტი ვარ, რომელიც აზერბაიჯანში მიდიოდა, არ მიჯერებდა", — აღნიშნავს აბდულაევი.
დაკითხვა გრძელდებოდა და უცებ, იმედის ნაპერწკალი გაჩნდა.
"თქვეს, რომ აზერბაიჯანელი მოდიოდა. ვიფიქრე, აზერბაიჯანელი გამიგებდა და დამეხმარებოდა ჩემი აზრის გამოხატვაში, რათა ეს წამება დასრულებულიყო".
თუმცა, როგორც კი ახალი ჯარისკაცი შემოვიდა, აბდულაევს ცემა და უხამსი სიტყვების ყვირილი დაუწყო.
"შენ ჩვენი ერის ღირსება შელახე, რას აკეთებ აზოვის ბატალიონში!? მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ის ეთნიკურად აზერბაიჯანელი რუსი სამხედრო იყო, დერბენტში დაბადებული", — ამბობს აბდულაევი.
როგორც აბდულაევი იხსენებს, აშკარად უკმაყოფილო კაცმა, რომ მისი ტყვე თანამშრომლობის ნაკლებობას ავლენდა, სხვა ჯარისკაცებს ოთახში "ელექტრო მოწყობილობის" შემოტანა უბრძანა.
მოწყობილობა ელექტროენერგიასთან დაკავშირებული მართკუთხა ყუთი იყო, რომელიც სამხედროებმა 19 წლის სტუდენტს მავთულხლართებით დაამაგრეს. აბდულაევის თქმით, სამჯერ უთხრეს, რომ "ყველაფერი ეღიარებინა" და როცა არაფერი თქვა, დენი დაარტყეს — ყოველ ჯერზე ძაბვა წინაზე უფრო მაღალი იყო.
მესამე დარტყმაზე გული წაუვიდა და მხოლოდ მაშინ გაახილა თვალი, როცა ჯარისკაცები წყალს ასხამდნენ.
"ვლოცულობდი, რომ დღე მაინც დასრულებულიყო, იქნებ დაღლილიყნენ, დაეძინათ და ამ წამებას რამდენიმე საათით დავაღწევდი თავს. მაგრამ არა, ისინი დანებებას არ აპირებდნენ".
წამება საათობით, იქამდე გრძელდებოდა, რომ ჰუსეინი "ყურებიდან სისხლდენასაც" კი გრძნობდა. მისი თქმით, მთელი ეს დრო ერთადერთ რამეს, აზოვის ბატალიონთან ბრძოლის აღიარებას ითხოვდნენ — ეუბნებოდნენ, რომ აღიარების შემთხვევაში, გაათავისუფლებდნენ.
"დღეში, დაახლოებით, 5-6 საათი მცემდნენ და მაწამებდნენ. საათობით ვიცდიდი სიცივეში. დღის განმავლობაში 2 სუფრის კოვზ წიწიბურას და ნახევარ ნაჭერზე ნაკლებ პურის ნატეხს მაძლევდნენ. რაც შეეხება წყალს, არ ვიცი, ტალახი იყო თუ არა, მაგრამ შავი იყო და დღეში მხოლოდ ნახევარი ჭიქა".
"დაბადების დღეს გილოცავ"
ტყვეობის მეოთხე დღეს, ჯარისკაცმა თავზე იარაღი დაადო, აზერბაიჯანელმა სამხედრომ კი აბდულაევს შაჰადას წარმოთქმა სთხოვა, რაც ისლამში რწმენის აღსარებას ნიშნავს — მას სიკვდილის წინ წარმოთქვამენ.
"შემდეგ იარაღი მუხლზე დამადო, მემუქრებოდა, რომ დამამცირებდა და დამასახიჩრებდა. რამდენიმე წუთი ასე ირთობდნენ თავს და შემდეგ საკანში დამაბრუნეს", — იხსენებს ის.
წამების ოთახიდან ყველა არ დაბრუნებულა.
აბდულაევმა OC Media-ს უთხრა, რომ მეორე დღეს მისი საკნის მოპირდაპირედ მიიყვანეს ორი კაცი, რომლებსაც უკრაინელი სამხედროების ფორმა ეცვათ. საკანში მყოფებს ორ უკრაინელთან კომუნიკაციის დამყარება კარზე მდებარე პატარა ღრიჭოდან შეეძლოთ. აბდულაევი იხსენებს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ დაინახა, როგორ გამოათრიეს ორივე საკნიდან, რასაც სროლის ხმები მოჰყვა. მას შემდეგ ის ორი აღარ უნახავს.
21 მარტს, ტყვეობის მე-5 დღეს, ჰუსეინ აბდულაევი 20 წლის გახდა. იმ დღეს ჯარისკაცი ღიმილით მიესალმა და უთხრა, "დაბადების დღეს გილოცავ".
"იმ მომენტში ვიფიქრე, რომ გონს მოეგნენ და შერბილდნენ. თუმცა მეორე წუთს კარი გაიღო, მკლავებში ხელები ჩამავლეს და წამების ოთახში შემათრიეს", — ამბობს აბდულაევი.
აბდულაევს და მის თანასაკნელს ყოველ დღე აწამებდნენ — თითოეულს "დღეში სამი ან ოთხი საათის განმავლობაში".
"დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ნათელი და ცხადი იყო ტყვეებისთვის. იმთავითვე მიხვდნენ, რომ სტუდენტი ვიყავი. შემიძლია, ერთ რამეში დაგარწმუნოთ, ერთი მეორეს მიყოლებით მარტოობასთან გასამკლავებლად და გასართობად გვაწამებდნენ", — აღნიშნავს ის.
აბდულაევის თქმით, შეესწრო, როგორ მღეროდნენ და ცეკვავდნენ მისი დამტყვევებლები მიუხედავად იმ ქმედებებისა, რასაც ახორციელებდნენ. როცა განსაკუთრებულ აღფრთოვანებას გრძნობდნენ, სავარაუდოდ, ჩეჩენი წარმომავლობის ჯარისკაცები გაიძახოდნენ "ახმადის ძალა", რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის პოპულარული ფრაზაა.
შეძახილი რამზან კადიროვის გარდაცვლილ მამას მიემართება, ის ხშირად ისმის ვიდეოებში, სადაც უკრაინაში მყოფი რუსული ეროვნული გვარდიის ჩეჩენი წევრები არიან.
თავისუფლების ზარი
12 აპრილს, დატყვევებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, ჰუსეინ აბდულაევი საკნიდან უკანასკნელად გამოიყვანეს.
"ვიფიქრე, ჩემს წამებას აპირებდნენ. თუმცა როცა ყველაზე ნაკლებად ველოდი, დაცვამ მითხრა: "გაემზადე, მალე გახვალ", — იხსენებს ის.
მოგვიანებით მასთან რამდენიმე ჩეჩენი ჯარისკაცი მივიდა, რომლებმაც უთხრეს, რომ ათავისუფლებდნენ, რადგან "რამადანის წმინდა თვე იყო". ის ერთადერთი იყო, ვისაც ამ პრივილეგიით მოექცნენ. დანარჩენი 6 მგზავრი მანქანიდან ტყვეობაში რჩებოდა.
აბდულაევი ბერდიანსკის საგუშაგოზე დააბრუნეს, იქ, სადაც პირველად დაატყვევეს და უთხრეს, რომ თავისუფალი იყო. მაგრამ სანამ გაუშვებდნენ, "ნაჩალნიკი" მოუახლოვდა და ტელეფონი გადასცა.
"თუ გზაზე გაგაჩერებენ, დამირეკე", — იხსენებს აბდულაევი კაცის ნათქვამს. მისივე განცხადებით, კაცმა მეგობართან, იხან ჰაჯიბეილთან დარეკვაც დაავალა, რომელიც აბდულაევს უკრაინელების კონტროლირებად ზაპოროჟიეში ელოდებოდა.
როცა ტელეფონს ბლოკი მოხსნა, ორი ნომერი ეწერა. ერთი "ნაჩალნიკს", ხოლო მეორე ჰაჯიბეილის ეკუთვნოდა. აბდულაევი მასთან ერთად მარიუპოლში სწავლობდა — რატომ ჰქონდა რუსებს მისი მეგობრის ნომერი? ამის საკითხავად ძალიან დაღლილი, ფიქრისთვის კი ზედმეტად ტრავმირებული იყო.
მხოლოდ მას შემდეგ გაარკვია რა მოხდა, როცა უკვე უსაფრთხოდ იყო. მისი გაუჩინარების შემდეგ, ჰაჯიბეილმა ჰუსეინთან დარეკვა და სიტუაციის გარკვევა სცადა, ტელეფონს "ნაჩალნიკმა" უპასუხა.
ჰაჯიბეილი OC Media-ს უყვება, რომ 20 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ის და მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთი აზერბაიჯანელი სტუდენტი "ნაჩალნიკთან" მიმოწერას აწარმოებდნენ — კონტაქტის შესანარჩუნებლად საერთო მუსლიმურ რწმენასა და იმ ფაქტს იყენებდნენ, რომ რამადანი იყო.
"ჩვენ შევძელით ჩეჩენი სამხედრო დაგვეწრმუნებია, რომ ჰუსეინი ნამდვილად სტუდენტი იყო და მას არაფერი ჰქონდა საერთო პოლიტიკურ თუ სამხედრო საკითხებთან", — თქვა მან.
ჰუსეინ აბდულაევი ზაპოროჟიეში 13 აპრილს, ავტოსტოპით ჩავიდა.
"შეუძლებელია აღწერო ჰუსეინის სახეზე ღიმილი და აღელვება. ერთმანეთს გადავეხვიეთ და მითხრა, რომ ეგონა, ვეღარასოდეს დაილაპარაკებდა თავის ენაზე, ვეღარასოდეს ჩაეხუტებოდა მეგობრებს", — ამბობს ჰაჯიბეილი.
"ყველაზე თავისუფალი და ბედნიერი ადამიანი ვარ", — იხსენებს ჰაჯიბეილი მეგობრის ცრემლებით ნათქვამ სიტყვებს.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები