სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
სომხეთის პოლიციამ ერევნის ქუჩებში გამოსული მოსახლეობის დაშლა ძალის გამოყენებით სცადა. ამ დროისთვის 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
კვირას ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში, საფრანგეთის მოედანზე 10 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მომხდარი შეტაკებების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ბლოკებმა განაცხადეს, რომ დემონსტრაციებს ორშაბათს საღამოს განაახლებდნენ.
მათი თქმით, ფაშინიანის გადაყენებას პროტესტითა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობით, მათ შორის, შიმშილიობოსკენ მოწოდებით გეგმავენ — გზით, რომლითაც თავად ფაშინიანი მოვიდა ხელისუფლებაში.
საზოგადოებაში ბრაზი აპრილში მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით ფაშინიანის განცხადებამ გააღვივა. მან თქვა, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში სომხეთმა "თამასა უნდა დასწიოს".
ქუჩების გასაწმენდად ორშაბათის დემონსტრაციები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. ერთ შემთხვევაში, კამერამ დააფიქსირა, რომ ერთ-ერთმა ოფიცერმა მომიტინგეს სახეში დაარტყა, რის შემდეგაც, მოქალაქე პოლიციელებმა წაიყვანეს.
აქტივისტმა, დანიელ იოანისიანმა განაცხადა, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, ზოგ შემთხვევაში, არაპროპორციული იყო, თუმცა ისეთი ზომები, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, არ გამოუყენებიათ.
"თითქმის ყველა შემთხვევაში, პოლიციელები სიტყვიერად ეუბნებოდნენ მონაწილეებს, რომ ქუჩები გაეთავისუფლებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ძალა გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს", — დაამატა მან.
სომხეთის ალიანსის დეპუტატის, იშხან საღატელიანის თქმით, ძალა პროტესტში მონაწილე რამდენიმე დეპუტატის წინააღმდეგაც გამოიყენეს.
პროტესტის ტალღა
პატარა პროტესტების ტალღა 17 აპრილის შემდეგ დაიწყო, როცა ფაშინიანის ძველი მოკავშირე და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი, არტურ ვანეციანი, თავის მხარდამჭერებთან ერთად, ერევნის თავისუფლების მოედანზე დაბანაკდა და პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა.
2-კვირიანი პროტესტის განმავლობაში ოპოზიციის მხარდამჭერებმა აქციები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გამართეს.
სომხეთის ალიანსმა მოქალაქეებს მოუწოდა, აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაემართათ, მათ შორის, აირჩიეს ისეთი "სიმბოლური" დასახლებები, სადაც 1918 წელს ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ გაიმართა ბრძოლები.
მაშინ, როცა ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას ითხოვს, სომხეთის ალიანსის დეპუტატი, იშხან საღატელიანი ამბობს, რომ სანამ ის პრემიერმინისტრია, გამორიცხავენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
2021 წლის ვადამდელ არჩევნებში, რომელიც დამკვირვებლებმა სამართლიანად და თავისუფლად შეაფასეს, ფაშინიანმა დიდი უპირატესობით მოიგო. არჩევნები გამოიწვია იმ პოლიტიკურმა არეულობამ, რომელიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომში სომხეთის დამარცხებას მოჰყვა.
კვირას საღამოს პროტესტს სომხეთის ორი ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარქისიანიც შეუერთდნენ.
სარქისიანმა, სომხეთის მესამე პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ "ყურადღება არ უნდა მიაქციონ" მთიანი ყარაბაღის შესაძლო დათმობაზე ფაშინიანის განცხადებებს. მისი მტკიცებით, მისი მმართველობის ათი წლის განმავლობაში, "საერთაშორისო საზოგადოება აცხადებდა, რომ არცახს უნდა ჰქონდეს თვითგამორკვევის უფლება".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები