აფანტაზია უცნაური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანებს საგნების ვიზუალურად წარმოდგენა არ შეუძლიათ. დიდი ხნის განმავლობაში მისი ამოცნობა მხოლოდ პაციენტის მონათხრობის საფუძველზე შეიძლებოდა, თუმცა უკვე ამისათვის განსხვავებული მეთოდიც არსებობს — თვალები.

ჟურნალ eLife-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ფარგლებში აფანტაზიის ამოცნობა გუგების გაფართოების მეშვეობით შეძლეს. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ კაშკაშა სინათლეზე თვალის გუგები იკუმშება, სიბნელეში კი ფართოვდება, რათა რეტინაში მეტი სინათლე მოხვდეს. ამასთან ერთად, დადგენილია ისიც, რომ გუგების ზომა კოგნიტიური ამოცანების შესრულების შედეგადაც იცვლება.

მკვლევრებმა ავსტრალიაში ორ სხვადასხვა ჯგუფზე ჩაატარეს ცდა; ერთგან 42 ადამიანი იყო, რომლებსაც, მათივე მონათხრობის თანახმად, საგნების ვიზუალურად წარმოსახვა ჩვეულებრივად შეეძლოთ, შემდეგ ჯგუფში კი 18-ივე ინდივიდს, სავარაუდოდ, აფანტაზია ჰქონდა. მეცნიერებმა ორივე ჯგუფის წევრებს სთხოვეს, ნაცრისფერ ფონზე გამუსახული ნათელი და მუქი ფორმების სურათები ენახათ, მათ კი თვალის გუგები ორივე ტიპის სურათებზე ჩვეულებრივ შეეკუმშათ/გაუფართოვდათ.

ამის შემდეგ მეცნიერებმა ცდისპირებს სთხოვეს, იგივე სურათები თვალგახელილ მდგომარეობაში წარმოედგინათ. შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი ვიზუალური წარმოსახვის მქონე ადამიანებს გუგები ამ დროსაც ეკუმშებოდათ/უფართოვდებოდათ, აფანტაზიის მქონეებს კი მათი ზომა უმნიშვნელოდ ეცვლებოდათ.

"რაც უფრო ძლიერი და მკაფიოა გონებაში გამოსახულება, მით უფრო ძლიერად რეაგირებს გუგები", — აცხადებენ ავტორები.

გამომდინარე იქიდან, რომ გუგების ამგვარი მოქმედება უნებლიეა, გამოდის, რომ კვლევა ახალ მიუკერძოებელ მეთოდს გვთავაზობს აფანტაზიის ამოსაცნობად — ამ დროს, პაციენტის მონათხრობის გარდა, სხვა დასაყრდენიც გვაქვს.

"უკვე ახლოს ვართ სისხლის ანალიზის მაგვარ, ობიექტურ, ფიზიოლოგიურ, ტესტთან, რომელსაც აფანტაზიის დასადგენად გამოვიყენებთ", — აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი, ფსიქოლოგი ჯოელ პირსონი.

საინტერესოა ისიც, თუ როგორ იწვევს გუგების ზომის უნებლიე ცვლილებას გონებაში რაიმეს წარმოდგენა. ავტორთა ინტერპრეტაციის მიხედვით, ეს ვიზუალური წარმოსახვისა და აღქმის საერთო მექანიზმებს უკავშირდება, სადაც ტვინის რეგიონები, რომლებიც ვიზუალური ინფორმაციის ინტერპრეტაციაში გვეხმარება, წარმოსახვით ვიზუალებსაც ისევე ამუშავებს, როგორც რეალურ ვიზუალურ მონაცემებს. ამ შემთხვევაში თვალის გუგა წარმოსახვაში არსებულ ნათებას ისევე ეხმიანებოდა, როგორც სინათლის რეალურ წყაროებს.

მეცნიერებს სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ აფანტაზიის მქონე მონაწილეები გამოსახულებების წარმოდგენას ნამდვილად ცდილობდნენ, ამიტომაც მათ დამატებითი დავალება მისცეს — ცდისპირებს, ერთის ნაცვლად, ოთხი სხვადასხვა ფორმა უნდა წარმოედგინათ ერთდროულად, რადგან რთული საქმის შესრულებისას გუგები მეტად ფართოვდება.

"აფანტაზიის მქონე ადამიანების გუგები ოთხი ფორმის წარმოდგენისას უფრო უფართოვდებოდათ, თუმცა არ ეცვლებოდათ იმის მიხედვით, კაშკაშა იყო გამოსახულება თუ მუქი".

გონებაში საგნების ვიზუალურად წარმოდგენა ტვინის არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში ეხმარება: რაღაცებს წარმოვიდგენთ, რათა საკუთარ ხანგრძლივ და ხანმოკლე მეხსიერებაში ინფორმაცია მოვიძიოთ; უცხო ენის შესწავლისას ასოები და სიმბოლოები დავიმახსოვროთ; გავიხსენოთ ადგილები, სადაც ვყოფილვართ და ა.შ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.