"ეს კულტურული ომია": მწერლები, რომელთა წიგნებსაც აშშ-ის სკოლებში კრძალავენ
არტ შპიგელმანიდან მარგარეტ ეტვუდამდე — ცნობილ მწერალთა წიგნები ამერიკული სკოლებიდან ქრება. რა დგას ცენზურის ზრდის უკან?
როდესაც ტენესის კომიქსების მაღაზიის მფლობელებმა შეიტყვეს, რომ ადგილობრივი სკოლის საბჭომ ხმა მისცა ჰოლოკოსტის შესახებ დაწერილი კლასიკის, არტ შპიგელმანის MAUS-ის სასწავლო გეგმიდან ამოღებას, უმოქმედოდ არ დარჩენილად. მათ სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო ასლების გადაცემის დასაფინანსებლად შემოწირულებების შეგროვება დაიწყეს. რამდენიმე საათში ფულის მთელი მსოფლიოდან შემოდინება დაიწყო. "ჩვენ მივიღეთ შემოწირულებები ისრაელიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კანადიდან და, ასევე, აშშ-დანაც", — იხსენებს რიჩარდ დევისი, მაღაზია Nirvana Comics-ის თანამფლობელი.
ათი დღის შემდეგ მათ კამპანია შეწყვიტეს — მაღაზიამ 3 500 დონორისგან 110 ათასი დოლარი შეაგროვა. "ჩვენ შევიძინეთ ყველა ეგზემპლარი, რომელიც გამომცემელს საწყობში ჰქონდა და ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვუგზავნით მოსწავლეებს MAUS-ის ასლებს და ადგილობრივი სკოლის მასწავლებლის მიერ დაწერილ ამხსნელ გზამკვლევს", — გვიყვება დევისი.
შპიგელმანისთვის ეს რომ მისი 30 წლის წინანდელი წიგნის გაყიდვის მაჩვენებელი ექსპონენციურად გაზრდას ნიშნავდა. მისი ეს ნამუშევარი ერთადერთი გრაფიკული რომანია, რომელმაც (1992 წელს) პულიცერის პრემია დაიმსახურა. შპიგელმანს, ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით სთხოვენ სიტყვით გამოსვლებს. "ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ შენ არ შეგიძლია, აკრძალო წიგნები, თუ მათ დაწვაზეც წამსვლელი არ ხარ; და შენ არ შეგიძლია ყველა მათგანი ისე დაწვა, თუ თავად მწერლების და მკითხველების დაწვისთვისაც არ ხარ მზად", — ამბობს შპიგელმანი.
ამისგან ბევრი არც გვიკლია, დასძენს ის, "რადგან ეს არის საზოგადოების ყველაზე ორუელისეული ვერსია, რომელშიც კი ოდესმე მიცხოვრია. ეს არ დადის, უბრალოდ, მემარცხენეების და მემარჯვენეების დაპირისპირებამდე. ეს არის კულტურული ომი, რომელიც სრულიად უკონტროლოა. როგორც პირველი შესწორების ფუნდამენტალისტს, მე მჯერა, ნებისმიერს აქვს უფლება, წაიკითხოს, რაც უნდა — სათანადო მხარდაჭერის პირობებში. თუ ბავშვს Mein Kampf-ის წაკითხვა სურს, უმჯობესია, ეს ბიბლიოთეკაში ან სასკოლო გარემოში გააკეთოს, ვიდრე მას მამის თაროზე წააწყდეს და ტრავმა მიიღოს".
სამწუხაროდ, აშშ-ის ბიბლიოთეკებიდან და სკოლებიდან წიგნების გატანის მცდელობები უპრეცედენტოდ იზრდება. ამერიკის ბიბლიოთეკების ასოციაციის (ALA) განცხადებით, 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ამის 330-ზე მეტი ცალკეული შემთხვევა დაფიქსირდა — ორჯერ მეტი, ვიდრე მთელი 2020 წლის განმავლობაში და მიახლოებით იმდენი, რამდენიც მთლიან წინა, პრეპანდემიურ წელს.
"სიტუაცია ნამდვილად უარესდება", — აღნიშნავს სიუზან ნოსელი, თავისუფალი სიტყვის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციის, PEN America-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც წიგნების აკრძალვას ათწლეულზე მეტი ხანია, წინააღმდეგობას უწევს, — "ადრე წელიწადში რამდენჯერმე ვიგებდით წიგნის გაპროტესტების ან მისი აკრძალვის შესახებ. ახლა ეს ყოველ კვირას ან ყოველდღე ხდება. ჩვენ ასევე ვხედავთ აკრძალვების კანონმდებლობის დონეზე დაწესების მცდელობებს, რაც უბრალო სასკოლო ინიციატივებზე გაცილებით სერიოზული ქმედებაა. ეს არის ერთობლივი მცდელობა, რომ ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი ნარატივების კონტროლით აღკვეთონ დემოგრაფიული და სოციალური ცვლილებების გავლენა".
ALA იტყობინება, რომ ცენზურის მცდელობები განსაკუთრებით მიემართებოდა "მარგინალიზებულთა ხმების ჩახშობას — იმ წიგნებსა და რესურსებს, რომლებიც ასახავს გეი, ქვიარი თუ ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებას ან რომლებიც არათეთრკანიანთა ისტორიებს მოგვითხრობენ". ან როგორც შპიგელმანი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს: "მე რომ ტრანსგენდერი, შავკანიანი და მონების შვილთაშვილი ვყოფილიყავი, ჩემი ნაწერების აკრძალვის ალბათობა უფრო გაიზრდებოდა. ეს ბრმა ტყვიის მოხვედრას ჰგავს".
MAUS სასკოლო მასალიდან ამოიღეს რვა სალანძღავი სიტყვის — ძირითადად, "ღმერთმა დაწყევლოს" — და ანთროპომორფულად დახატული თაგვების სიშიშვლის საფუძველზე. შპიგელმანის თქმით, ამაში ირონიული ის არის, რომ წიგნი ბავშვებისთვის არ დაუწერია. მას სურდა, რომ ჰოლოკოსტგამოვლილი მშობლების მემკვიდრეობა გაეთავისებინა. "თავიდან ცოტა შეურაცხყოფილი ვიყავი, როცა გავიგე, რომ მას სკოლებში იყენებდნენ. მაგრამ იმ ახალგაზრდებთან საუბრის შემდეგ, რომლებმაც წიგნი წაიკითხეს, ჩემი უსაფუძვლო წინასწარგანწყობის გვერდზე გადადება და ის იმის გააზრება მომიწია, რომ ის მოზარდებისთვისაც იყო".
ცენზურის ბევრი მცდელობა ემყარება მორალურ ისტერიას ბავშვების დაცვის შესახებ. "ისინი სათავისოდ იყენებენ სოციალური უსამართლობისადმი გაზვიადებული მგრძნობელობის მქონეთა არგუმენტს: ამან ხალხი შეიძლება გააღიზიანოს", — აღნიშნავს მარგარეტ ეტვუდი. მისი მხევლის წიგნის კომიქსისეული ვერსია იმ წიგნთაგან ერთ-ერთი იყო, რომელიც დეკემბერში ტეხასის ოლქში საკლასო ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს ორ სხვა დისტოპიურ გრაფიკულ რომანთან ერთად. ესენია შირლი ჯექსონის ლატარიის ადაპტაცია და ალან მურის V ანუ ვენდეტა.
მხევლის წიგნისადმი ტეხასის სენსიტიურობა ახალი არ არის ეტვუდისთვის. მან 2006 წელს სკოლის ხელმძღვანელობას ღია წერილით მიმართა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მათ რომანის ამოღება სექსუალური ხასიათის და ქრისტიანების შეურაცხყოფის გამო გადაწყვიტეს (რაც მოსწავლეების მხრიდან გაპროტესტების შედეგად მალევე გაუქმდა ). "პირველ რიგში", — წერდა იგი, — "შენიშვნა, რომ ტექსტი 'ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელია', მაოცებს. წიგნში არსად არის ნათქვამი, რომ რეჟიმი ქრისტიანულია. რაც შეეხება სექსის ამსახველ სცენებს, მხევლის წიგნი გაცილებით ნაკლებად ინტერესდება სექსით, ვიდრე ბიბლიის დიდი ნაწილი".
მართალია, ცენზურის ამჟამინდელი გააქტიურება უპირატესად აშშ-ის რესპუბლიკურ შტატებშია, ის საყოველთაო კამათის საგნად იქცა. კონსერვატორი კომენტატორები აღნიშნავენ, რომ მემარცხენეებიც იყენებენ ცენზურის საკუთარ ფორმას, როცა ნუ მოკლავ ჯაფარას ან ჰეკლბერი ფინის მსგავსი კლასიკური ნაწარმოებების, მათი აზრით, რასისტულ შინაარსს გმობენ. "ერთადერთი, ვინც წიგნებს კრძალავს, კრიტიკული რასის თეორეტიკოსები არიან", — წერს Jewish News Syndicate-ის მიმომხილველი, დანიელ გრინფილდი, — "ყოფილ ლიბერალებს, რომლებიც ოდესღაც ხმამაღლა ქომაგობდნენ ჰეკს და ჯაფარას და ყოველგვარი ძალისხმევით ცდილობდნენ მათ საკლასო ოთახებში დატოვებას, ახლაც ასეთივე ხმით მოითხოვენ მათ ჩანაცვლებას... ტა-ნეჰისი კოუტსით და იბრამ კენდით".
ტა-ნეჰისი კოუტსის მემუარები, მსოფლიოსა და ჩემ შორის, რომელიც მოზარდი შვილისთვის მიწერილი წერილის ფორმითაა შექმნილი, სოციალური სამართლიანობის შესახებ დაწერილი იმ 800-ზე მეტი წიგნის რიცხვშია, რომლების ტეხასის სკოლებიდან ამოღებაც შტატის კანონმდებელმა განიზრახა. ამის საფუძვლად დასახელდა ის, რომ ისინი "პასუხისმგებელნი იყვნენ მოსწავლეებში მათი სქესის ან რასის გამო დისკომფორტის, დანაშაულის შეგრძნების, ტანჯვის ან ნებისმიერი სხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემის წარმოშობაზე".
რაც შეეხება კენდის, ის, როგორც ბოსტონის უნივერსიტეტის ანტირასისტული კვლევის ცენტრის დირექტორი და შეერთებულ შტატებში რასიზმის ისტორიის შესახებ სამი გავლენიანი წიგნის (ასევე საბავშვო წიგნის) ავტორი, რასის კრიტიკული თეორიის კრიტიკოსებისთვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. ეს თეორია, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევართა თქმით, იქცა "ახალ საფრთხობელად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ, აღიარონ ჩვენი ქვეყნის რასისტული ისტორია და ის, თუ როგორ აისახება ეს წარსული დღევანდელობაზე".
"ჩვენ ვხედავთ გაძლიერებულ ცენზურას როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ", — აღნიშნავს ნოსელი, — "მემარცხენე დისკურში მიზანში ამოღებულია წიგნები, რომლებსაც ზოგიერთი ადამიანი რასობრივად შეურაცხმყოფლად თვლის — ზოგჯერ იმიტომ, რომ ისინი მაშინ დაიწერა, როდესაც დისკრიმინაციული ტერმინები უფრო ფართოდ გამოიყენებოდა, ვიდრე ეს ახლა არის მისაღები. თუმცა, მემარჯვენეები არიან ისინი, ვინც ხელისუფლების მექანიზმს იყენებენ — მათ შორისაა საკანონმდებლო წინადადებები ათეულ შტატში — რათა გააძლიერონ აკრძალვები და აღკვეთები. სიტყვის თავისუფლების ხელყოფის იერარქიაში ეს უფრო მძიმე და საგანგაშო ქმედებად უნდა იყოს აღიარებული".
ის დასძენს: "სოციალურ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ სივრცე, სადაც განიხილავენ, რა წიგნები და როგორი კურიკულუმი უნდა იყოს ხელმისაწვდომი მოსწავლეებისთვის განათლების სხვადასხვა საფეხურზე და მშობლები იმსახურებენ აზრის გამოთქმას. თუმცა, იდეოლოგიურად განპირობებული ჯვაროსნული ლაშქრობები, რომლებსაც მივყავართ კონკრეტული ნარატივებისა და შეხედულებების აკრძალვამდე, არღვევს საკლასო ოთახში ღია დისკურსის არსებობის შესაძლებლობას".
მხოლოდ ტენესის შტატი არაა ის ადგილი, სადაც შეშფოთებული პროგრესული საზოგადოება უკუშეტევაზე ფულადი დახმარებით გადავიდა. თებერვალში გამომცემლობა Penguin Random House-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკუს დოლმა განაცხადა, რომ ის პირადად გადაურიცხავს PEN America-ს წიგნების აკრძალვის წინააღმდეგ საბრძოლველად სულ მცირე 500 ათას დოლარს, ხოლო თავად გამომცემლობამ დამატებით $100 ათასის გამოყოფა გადაწყვიტა.
"უხამს სიტყვებზე ცენზურის დაწესება — როგორც ეს MAUS-ის შემთხვევაში მოხდა — საკუთრივ აშშ-ისთვის დამახასიათებელი ფენომენია. იგივე ითქმის სექსუალური თემატიკის გამო წიგნების აკრძალვაზე, რისი მაგალითიც ჯუდი ბლუმის სამუდამოა. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო ამოღებული აშშ-ის საშტატო ბიბლიოთეკებიდან", — მოგვითხრობს ჯულია ეკლეშერი, საბავშვო ფესტივალ Hay-ის დირექტორი, — "ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი, აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს ძალიან აქტიური საბავშვო ბიბლიოთეკის ქსელი, ასე რომ, აკრძალვებისთვის ადამიანების დარაზმვა მარტივდება. მეორე, რელიგიური უფლება კვლავ ძალიან ძლიერია, ამიტომ ბიბლიის ფუნდამენტალისტური სწავლება ჯერ კიდევ გამოიყენება არგუმენტად დისკუსიებისას".
ბოლო პერიოდში კი, გვიამბობს ეკლეშერი, აშშ-ში წინ წამოიწია "იმ ყველაფერთან ბრძოლამ, რაც შეიძლება, კულტურულ მითვისებად ან კულტურულ უგრძნობლობად აღიქმებოდეს. ყველაზე ტრაგიკული, ვფიქრობ, იყო ლორა ინგალს უაილდერის პატარა სახლის წიგნების სერიისთვის ეროვნული საგანძურის სტატუსის ჩამოცილება, რადგან მასში ჩრდილოეთ ამერიკის აბორიგენები საშიშებად იყვნენ აღწერილნი".
დიდ ბრიტანეთში, დასძენს იგი, "იშვიათად არის ასეთი საჯარო აკრძალვები", თუ არ ჩავთვლით პატარა შავი სამბოს წიგნებს, რომლებიც ბიბლიოთეკების თაროებიდან საკმაოდ საჯაროდ ჩამოიღეს". ჯერ კიდევ 2003 წელს ავტორმა ენ ფაინმა სცადა, გამოეყენებინა თავისი, როგორც ბავშვთა ლაურეატის, გავლენა, რათა მელვინ ბერჯესის მოზარდებისთვის განკუთვნილი რომანი, ამის კეთება, გამომცემლობას უხამსობის მოტივით დაეწუნებინა. მაგრამ მისმა მცდელობამ მხოლოდ წიგნის გაყიდვების გაზრდა გამოიწვია.
"უამრავი წიგნის ტირაჟი აღარ ახლდება ხოლმე, რადგან ისინი პოლიტიკურად მისაღები აღარ არის და ჩვენც ხმაურის ატეხის გარეშე ვაშორებთ მათ თაროებს", — ამბობს ეკლეშერი, — "ეს, ჩვეულებრივ, რასიზმთან არის დაკავშირებული, რადგან ჩვენს აზროვნებაში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა. ენიდ ბლაიტონის თავდაპირველი ნოდის ისტორიები წლების წინ გაქრა მათი აშკარა რასიზმის გამო. ანალოგიურად, ტინტინი კონგოში ახლა მხოლოდ ძალიან საეჭვო წიგნის გამყიდველებთან არის ხელმისაწვდომი".
ცენზურის მსოფლიო ისტორია
წიგნის აკრძალვის მიზეზები ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა, მაგრამ ისინი უხეშად სამ კატეგორიად იყოფა: რელიგია, უხამსობა და პოლიტიკური კონტროლი. ძველი წელთაღრიცხვით 213 წელს ჩინეთის იმპერატორმა ცინ შიხუანდმა ცოცხლად დამარხა 460 მეცნიერი და დაწვა ყველა წიგნი თავის სამეფოში, რათა გაეკონტროლებინა, თუ როგორ დაიმახსოვრებდა ისტორია მის მეფობას (მისმა შორეულმა მემკვიდრემ, სი ძინპინმა ვინი პუჰის სახელი სოციალურ მედიაში მას შემდეგ დაბლოკა, რაც ის ამ ფერხორციან დათვს შეადარეს).
ქრისტიანულ სამყაროში აკრძალული წიგნების პირველი სია მეხუთე საუკუნეში გამოსცა პაპმა. 1749 წელს კი გაერთიანებულ სამეფოში, უხამსი პუბლიკაციების აქტის შემოღებამდე საუკუნეზე მეტი ხნით ადრე, მწერალ ჯონ კლელანდს უხამსობისთვის ბრალი წაუყენეს. მისი წიგნი, ფენი ჰილი: მეძავი ქალის მემუარები, პორნოგრაფიული სტილის ტექსტია, რომელიც მან მევალეთა ციხეში ყოფნისას დაწერა.
დევიდ ჰერბერტ ლორენსის ლედი ჩატერლის საყვარელი საფრანგეთსა და იტალიაში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი მანამ, სანამ ის 1960 წელს გაერთიანებულ სამეფოში გამოქვეყნდებოდა. ამის შემდეგ წიგნის გამომცემლის, Penguin-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო. ექვსდღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, რომლის დროსაც წიგნის დამცველებს შორის იყვნენ რომანისტი ედვარდ მორგან ფორსტერი და კრიტიკოსი რაიმონდ უილიამსი, ნაფიცმა მსაჯულებმა ლედი ჩატერლის საყვარელი უცენზუროდ არ ცნეს. როცა ამ ამბიდან ერთი თვის თავზე წიგნი მაღაზიის თაროებზე გამოჩნდა, მისი 200 ათასივე ეგზემპლარი პირველივე დღეს გაიყიდა.
დღეისთვის წიგნების აკრძალვის მთავარი ადგილი პოლიტიკური ასპარეზია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყაროს ზოგიერთ ნაწილში, თავიანთ წიგნებთან ერთად, საფრთხეში თავად მწერლებიც არიან.
დღეს გაერთიანებული სამეფო თავშესაფარია თავთავიანთ ქვეყნებში აკრძალული ორი რომანისტისთვის, რომლებიც დღემდე აგრძელებენ მშობლიურ ენაზე წერას. ჰამიდ ისმაილოვმა 2019 წელს EBRD-ის ლიტერატურის ჯილდო ეშმაკის ცეკვით მოიპოვა. ესაა პირველი უზბეკური რომანი, რომელიც ინგლისურად ითარგმნა. ისმაილოვი უზბეკეთიდან 1992 წელს იმის გამო გაიქცა, რასაც ეს ავტორიტარული სახელმწიფო "მიუღებელ დემოკრატიულ ტენდენციებს" უწოდებს. ეშმაკის ცეკვა ქვეყანაში კონტრაბანდულად შეიტანეს. "მე ვარ უზბეკი, რომლის ტექსტებიც ყველაზე დიდი რაოდენობითაა გამოცემული, ამ დროს კი ჩემს ქვეყანაში ვერავინ ახსენებს ჩემს წიგნებს. ვერავინ ახსენებს ჩემს სახელს ვერცერთ სტატიაში, მიმოხილვაში ან ისტორიულ ნარკვევში. ეს არის ჩემი სახელის, საქმიანობის, წიგნების, არსებობის სრული აკრძალვა. თითქოს მე არც მიარსებია", — აღნიშნავს ის.
ისმაილოვის უახლესი რომანი, Manaschi, გვთავაზობს უნიკალურ პერსპექტივას ჩინეთის მიერ საბჭოთა იმპერიის ყოფილი ნაწილების ფარულ კოლონიზაციაზე — და ასევე იმ რთულ გეოპოლიტიკურ მემკვიდრეობაზე, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე ომის მსგავსი კონფლიქტები გამოიწვია. "ეს არის პოსტსაბჭოთა ისტორიის ნაწილი, რომელიც ახლაც ვითარდება. სსრკ-ის დაშლის შემდგომ საწყის ეტაპზე ბევრს უკვირდა, რამდენად მშვიდობიანად მოხდა ეს — ვთქვათ, იუგოსლავიის დაშლასთან შედარებით", — აღნიშნავს ის, — "მაგრამ საბჭოთა კავშირმა დატოვა ბევრი კვანძი, როგორიცაა სასაზღვრო პრობლემები, დიასპორები, ეთნიკური უმცირესობები, შერეული მოსახლეობები. ყველა მათგანი ფეთქებადსაშიშია იმ ეთნიკური სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც ეს მემკვიდრეობით მიიღეს".
მწერალი მა ჯიანი კონტინენტური ჩინეთიდან დევნილი 1987 წლიდანაა, როცა მან ტიბეტში მოგზაურობის შესახებ დაწერილი მოთხრობების კრებული გამოსცა. წიგნი მაშინვე აიკრძალა. მისი თქმით, 2008 წლამდე მისი რომანები იბეჭდებოდა ჰონგ-კონგში, მაგრამ ამ წლის შემდეგ ისინი ხელმისაწვდომი მხოლოდ ტაივანშია. როდესაც მან დაასრულა თავისი უახლესი რომანი, ჩინეთის ოცნება (2018 წელი) ჰონგ-კონგის მიწისქვეშა წიგნის მაღაზიებიც კი, რომლებსაც ჩუმად შემოჰქონდათ მისი ნამუშევარი, დაიხურა. "ჰონგ-კონგის ყველა გამომცემელმა, რომელსაც მივმართე, ჩინეთის ოცნების დაბეჭდვაზე უარი მითხრა. მათ თქვეს, რომ გამოცემის შემთხვევაში სამუშაოს დაკარგავენ და, ამასთან, ჰონგ-კონგში აღარც დარჩენილიყო წიგნის მაღაზია, რომელიც მის გაყიდვას გაბედავდა".
ასეთი საერთაშორისო მაგალითები იმის ავისმომასწავებელი მინიშნებებია, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს აშშ ცენზურის ზრდამ, ამბობს ნოსელი. "მე-20 საუკუნეში სამხრეთ აფრიკის აპართეიდის სისტემამ აკრძალა 12 ათასი წიგნი და ერთი პერიოდი ფოლადის ქარხნის ღუმელიც აამუშავა, რათა დაგმობილი ტექსტები დაეწვა. 1930-იან წლებში კი ნაცისტური პარტია პროტესტს უცხადებდა არაგერმანულ წიგნებს და ებრაულ, მარქსისტულ, პაციფისტურ და სექსუალურად ექსპლიციტურ ლიტერატურას წვავდა".
2021 წელს უნგრეთში მიღებული კანონის საფუძველზე, "ბავშვების დაცვის" სახელით სკოლებში აიკრძალა ყველა წიგნი, რომელიც ჰომოსექსუალობას ეხება. 2014 წელს რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც ნაცისტურ პროპაგანდას უმატებს იმ თემებს, რომლებსაც კრძალავს და ზღუდავს — "ამ თემებს შორისაა ლგბტ თემატიკა, ტრადიციული ღირებულებების შეურაცხყოფა და სახელმწიფოს კრიტიკა", — ამბობს ნოსელი, — "წიგნების გამყიდველებს იმდენად ეშინოდათ კანონისთვის წინააღმდეგობის გაწევის, რომ წიგნის გარეკანზე გამოსახული სვასტიკის გამო შპიგელმანის MAUS მაღაზიებიდან გააქრეს — მიუხედავად მისი ძლიერი ანტიფაშისტური გზავნილისა".
"ეს არის წიგნი მოგონებებზე", — განაცხადა მაშინ შპიგელმანმა, — "ჩვენ არ გვსურს, კულტურებმა წაშალონ მეხსიერება, რადგან შემდეგ ისინი კვლავ გააკეთებენ იმავეს".
აკრძალვების ამგვარი სიმეტრია რუსეთსა და აშშ-ს შორის გასაოცარია. როგორც ოსკარ უაილდი წერდა, "წიგნები, რომლებსაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, ის წიგნებია, რომლებიც მსოფლიოს საკუთარ სირცხვილს უჩვენებენ".
კომენტარები