"ზეციური საქართველო": როგორ გამოჩნდებოდა ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ციურ სხეულზე
დედამიწაზე ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მცირე არეალი უკავია — საქართველო 69 700კმ2 ფართობზეა განთავსებული და მისი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. შედარებისთვის, ჩვენი პლანეტის მთლიანი ფართობი 510.1 მილიონ კმ2-ს შეადგენს.
მზის სისტემაში ბევრი ციური სხეულის ზომა დედამიწისას საგრძნობლად აღემატება, ზოგისა კი შესამჩნევად ჩამოუვარდება. გიფიქრიათ, რა მოხდება თუ საქართველოს რუკას სხვადასხვა პლანეტაზე ან მათ ბუნებრივ თანამგზავრზე გადავიტანთ? როგორ გამოჩნდება ჩვენი ქვეყანა მათ ზედაპირზე? წარმოგიდგენიათ ის თავად მზეზე?
ამ სტატიაში სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე მიიღებთ პასუხს. ამაში Engaging Data-ს ვირტუალური გლობუსი დაგვეხმარება, რომლის მეშვეობითაც ვიზუალურ შედარებებს წარმოგიდგენთ.
მზე
დავიწყოთ ჩვენს სისტემაში არსებული ყველაზე დიდი ობიექტით — მზით, უზარმაზარი ვარსკვლავით, რომლის ფონზეც არათუ საქართველო, არამედ მთლიანად დედამიწაც დაიჩრდილებოდა. პლაზმის ამ გავარვარებულ სფეროზე მოხვედრას, რა თქმა უნდა, არავინ ისურვებდა, მაგრამ საინტერესოა, რამდენად პატარა გამოჩნდებოდა ჩვენი ქვეყანა მსგავსი მასშტაბების სხეულზე.
ასევე, იხილეთ: როდის "ჩაქრება" ჩვენი მზე?
ამ მნათობის ასაკი 4.6 მილიარდი წელი გახლავთ. მისი დიამეტრი 1.39 მილიონი კილომეტრია, ამით ის ჩვენს პლანეტას 109-ჯერ აღემატება და მასზე 330 000-ჯერ მასიურია.
მაშ ასე, იხილეთ “მზიური” საქართველო (ვირტუალური გლობუსი):
მთვარე
გადავიდეთ ჩვენი პლანეტის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე, მთვარეზე, რომელიც მასთან შედარებით, ბევრად პატარაა. კერძოდ, ამ უკანასკნელის დიამეტრი 3 474 კილომეტრია, ხოლო დედამიწის — 12 742. მის წარმოშობას მეცნიერები ჰიპოთეზურ პლანეტა თეიას უკავშირებენ, რომელიც 4.5 მილიარდი წლის წინ ჩვენს მშობლიურ ციურ სხეულს შეეჯახა, კატასტროფის შედეგად გამოყოფილი ნარჩენებისგან კი ახალი ობიექტი ჩამოყალიბდა.
საქართველო მთვარის მასშტაბების ფონზე უფრო დიდად გამოჩნდებოდა, ვიდრე დედამიწაზე (ვირტუალური გლობუსი):
მერკური
მერკური მზის სისტემაში არსებული ყველაზე პატარა პლანეტაა (მთვარეზე ოდნავ დიდია) და ვარსკვლავთან იმაზე მცირე მანძილი აშორებს, ვიდრე დანარჩენ 7 ციურ სხეულს. ის საკუთარ ორბიტაზე ბუნებრივი თანამგზავრის გარეშე გადაადგილდება და კრატერიანი ზედაპირით ძალიან წააგავს მთვარეს, მაგრამ მნათობთან სიახლოვის გამო, უფრო ცხელია.
მისი ფართობი 74.8 მილიონი კმ2-ია, საიდანაც საქართველო 69 700კმ2-ს დაიკავებდა (ვირტუალური გლობუსი):
ვენერა
მზისგან სიშორით რიგით მეორე პლანეტა ვენერა, მერკურის მსგავსად, ვარსკვლავის გარშემო ეულად, უთანამგზავროდ მოძრაობს. ღამის ცაზე დაკვირვებისას მისთვის, ალბათ, ხშირად მოგიკრავთ თვალი — კაშკაშა წერტილისთვის, რომელიც მთვარეს უმშვენებს გვერდს და მის შემდეგ, შეუიარაღებელი თვალისთვის, ყველაზე ნათელი ბუნებრივი ობიექტია (დედამიწიდან დანახული). აღსანიშნავია, რომ იქ მზე დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლეთით ჩადის.
ვენერას დიამეტრი 12 104 კილომეტრია, ანუ თითქმის დედამიწის ზომისაა. შესაბამისად, იქ ჩვენი ქვეყნის ვიზუალური მასშტაბები დიდად არ შეიცვლებოდა (ვირტუალური გლობუსი):
მარსი
და, აი, წითელი პლანეტის ჯერიც მოვიდა, რომელიც მერკურის მერე, ზომით ყველაზე პატარაა. არსებობს მტკიცებულება, რომ ძველად იქ თხევადი წყლის რეზერვუარები მრავლად იყო, რისი კვალიც ჯეზეროს კრატერში აღმოაჩინეს, სადაც ადრე ტბა მდებარეობდა. აქედან გამომდინარე, მარსის წარსული მეცნიერებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ისინი კოსმოსური ზონდებისა თუ მარსმავლების მეშვეობით, აქტიურად ცდილობენ.
ასევე, იხილეთ: რამდენ ხანში ერთხელ დგება ახალი წელი სხვადასხვა ციურ სხეულზე
მარსის ფართობი 144.8 კმ2-ს შეადგენს, საქართველო კი მასზე ასე გამოჩნდებოდა (ვირტუალური გლობუსი):
იუპიტერი და ევროპა
მოგეხსენებათ, ჩვენს მზის სისტემაში ყველა პლანეტა მყარი არაა. ზოგიერთი მათგანი აირისგანაა შედგენილი და უზარმაზარი ზომითაც გამოირჩევა. სწორედ ასეთია იუპიტერი, რომლის მასაც დანარჩენი ციური სხეულების საერთო მასას 2.5-ჯერ აჭარბებს. ამის გამო, ის ღამის ცაზე მარტივად შესამჩნევიცაა.
იუპიტერის ფართობი 61.42 მილიარდი კმ2-ია. საქართველო მის ზედაპირზე? თავად ნახეთ (ვირტუალური გლობუსი):
უნდა ვახსენოთ მისი გალილეისეული თანამგზავრებიდან ერთ-ერთი — ევროპა, რომელიც ზომით მთვარეს ოდნავ ჩამოუვარდება. სპეციალისტთა ვარაუდით, მისი ყინულოვანი ფენის ქვეშ უზარმაზარი ოკეანეა, სადაც, შესაძლოა, სიცოცხლისთვის თავსებადი გარემო იყოს. საქართველო მასზე ასე გამოჩნდებოდა (ვირტუალური გლობუსი):
სატურნი და ტიტანი
კიდევ ერთი აირის გიგანტი სატურნია, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 95-ჯერ მასიურია. ამ სახელის გაგონებაზე ყველას მისი რგოლები გვახსენდება, რომლებიც სატურნს ყველასგან გამორჩეულს ხდის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მის გარშემო შეჯგუფებული ყინულოვანი ნაწილაკების ეს წყება 300 მილიონ წელში გაქრება, რადგან მათ პლანეტის გრავიტაცია იზიდავს.
სატურნის დიამეტრი 116 460 კილომეტრია, ანუ ის საქართველოს უბრალოდ “ჩაყლაპავდა” (ვირტუალური გლობუსი):
რაც შეეხება მის ყინულოვან თანამგზავრ ტიტანს, ის მზის სისტემაში მსგავს ობიექტებს შორის სიდიდით მეორეა (მერკურიზე დიდია), თხელი ატმოსფერო აქვს და თხევადი ნახშირწყალბადის ტბებითაც მდიდარია. ჩვენი ქვეყნის საზღვრების კონტურს მასზე ცხადად დავინახავთ (ვირტუალური გლობუსი):
ურანი
მომდევნო პლანეტა ყინულის გიგანტი ურანია. მას და ნეპტუნს ასე მოიხსენიებენ, რადგან თითოეული მათგანი წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ქიმიურ ელემენტებს შეიცავს. მისი ატმოსფერო ყველაზე ცივია, გარს კი რგოლების სისტემა არტყამს, თუმცა არ სატურნისნაირი მასშტაბური.
ურანის ფართობი 8.083 მილიარდი კმ2-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ საქართველოს წარმოსადგენად სიტყვები ზედმეტია (ვირტუალური გლობუსი):
ნეპტუნი
ჯერი მზის სისტემის უკანასკნელ და უშორეს პლანეტაზე, ნეპტუნზე მიდგა, რომელიც, როგორც უკვე ვახსენეთ, ყინულის გიგანტია. ის მნათობისგან იმხელა მანძილითაა დაშორებული, რომ საკუთარ ორბიტაზე გადაადგილებას 164.8 წელს ანდომებს.
ნეპტუნი დაახლოებით ურანის ზომისაა, 7.612 მილიარდი კმ2 ფართობით, ასე რომ, საქართველო აქაც იმგვარად ჩანს (ვირტუალური გლობუსი):
პლუტონი
არ დავივიწყოთ ჯუჯა პლანეტა პლუტონი, რომელიც კოიპერის სარტყელში მდებარეობს. ამ რეგიონში მისნაირი მრავალი სხეულია, სწორედ ამიტომ, 2006 წელს, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის გადაწყვეტილებით, პლუტონს მზის სისტემის მეცხრე პლანეტის სტატუსი ჩამოერთვა.
მისი დიამეტრი 2 376 კილომეტრია. იქ საქართველოს ასე დავინახავდით (ვირტუალური ტელესკოპი):
ცერერა
ბოლოს, მინდა, თვალი ცერერას შევავლოთ, რომელიც ასევე ჯუჯა პლანეტა გახლავთ. ის მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდთა სარტყელში უდიდესი ობიექტია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ იქ შესაძლოა, ადრე ოკეანე ყოფილიყო, ხოლო თხევად წყალს, სავარაუდოდ, ახლაც შეიცავს.
ცერერა დედამიწაზე 13.4-ჯერ პატარაა, ანუ საქართველო მისი ნახევარსფეროს საკმაოდ დიდ ნაწილს დაიკავებდა (ვირტუალური გლობუსი):
კომენტარები