როდის "ჩაქრება" ჩვენი მზე?
სამყაროში ყველაფერს აქვს დასასრული და მრავალწლიანი მათემატიკური თუ ასტრონომიული გამოთვლების თანახმად, გამონაკლისი არც ჩვენი მზეა. უზარმაზარი ვარსკვლავი, რომლის გარშემოც დედამიწა და მისი მეზობელი პლანეტები მოძრაობენ, შორეულ მომავალში "ჩაქრება" და კოსმოსის ამ უმცირეს ნაწილს, რომელიც ჩვენთვის ასეთი ძვირფასია, უსიცოცხლო, ბნელ ადგილად აქცევს.
როგორც მიხვდით, აღნიშნული მოვლენა გარდაუვალია, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, გავიგოთ, როდის მოხდება ეს.
მზე და მასთან ერთად ჩვენი სისტემა 4.6 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. ის მთავარი მიმდევრობის მნათობთა კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ მისი სიცოცხლის ეს ეტაპი დიდხანს არ გაგრძელდება. ობიექტის ცენტრში მიმდინარე წყალბადის თერმობირთვული რეაქცია დიდძალი ენერგიის გამოყოფას უზრუნველყოფს, რომელიც საკმარის წნევას ქმნის, რათა ვარსკვლავი კოლაფსისგან დაიცვას. თუმცა, ამ ქიმიური ელემენტის ამოწურვის შემდეგ, დაახლოებით 5 მილიარდ წელში, ყველაფერი შეიცვლება.
მზე წითელ ჯუჯად გადაიქცევა. მისი ბირთვი შეიკუმშება და არასტაბილური გახდება, გარეთა ფენა კი გაფართოვდება, რაც 1 მილიარდ წელს გასტანს. შედეგად, პლაზმაში მოექცევა, როგორც მერკური, ასევე, ვენერა.
მისგან მომავალი დამუხტული ნაწილაკები დედამიწის მაგნიტურ ველსა და ატმოსფეროს გაანადგურებენ. ამ დროს აქ სიცოცხლე, დიდი ალბათობით, აღარ იარსებებს. მნათობის მომატებული სიკაშკაშის გამო, ჩვენს პლანეტაზე ყველა ოკეანე 1-1.5 მილიარდ წელში აორთქლდება, ცოტა ხანში კი ციური სხეულის მყარი მატერიაც შთაინთქმება.
ამის შემდეგ მზე ჰელიუმის ჟანგბადთან და ნახშირბადთან შერევას დაიწყებს მანამ, სანამ მისი ბირთვი საბოლოოდ კოლაფსირდება, რაც პლანეტური ნისლეულის ფორმირებას განაპირობებს. ეს უკანასკნელი მხოლოდ 10 000 წელი იქნება ხილული.
მზე სიმკვრივით გამორჩეული, მცირე ზომის თეთრი ჯუჯის სახით შენარჩუნდება, რომელიც მომდევნო ტრილიონობით წლის განმავლობაში ნელ-ნელა გაცივდება და იქცევა ობიექტად, რომელიც აღარ გაანათებს.
კომენტარები