Boston Dynamics-ის რობოძაღლს ახალი მისია აქვს და ახლა ის პომპეის იცავს
უძველესი ლეგენდის თანახმად რომის დაფუძნება მგელთან არის დაკავშირებული. ახლა, 2 700 წლის შემდეგ, უძველესი ცივილიზაციის შემონახულ ქალაქს მფარველად ძაღლი ჰყავს, ოღონდ ამჯერად ის რობოტია.
გაიცანით, სპოტი. ოთხფეხა რობოტი "ძაღლი" Boston Dynamics-ისგან. მას ახალი დავალება აქვს: პომპეის ნარჩენების დაცვა.
რობოძაღლი 2015 წელს შექმნეს, თავდაპირველად ის შეიმუშავეს საძიებო და სამაშველო მისიებისთვის, ისეთი ადგილების ასათვისებლად, სადაც ადამიანებს მოძრაობა ურთულდებათ. ის მყარად დგას ფეხებზე და ახლა პომპეიში მიაჩნიათ, რომ ამ ახალი საქმისთვის იდეალურია.
"მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობის ფარგლებში გვსურს გამოვცადოთ რობოძაღლი არალეგალურ მიწისქვეშა გვირაბებში, სადაც მოძრაობა ადამიანებისთვის საშიშია. საფლავის მძარცველების მიერ გათხრილი გვირაბებში ხშირია უსაფრთხოების პრობლემები, ასეთი სივრცის ათვისება ჩვენთვის მნიშვნელოვანია", — ამის შესახებ პომპეის არქეოლოგიური პარკის გენერალურმა დირექტორმა გაბრიელ ზუხტრიგელმა განაცხადა.
სპოტი არ არის ერთადერთი მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც უძველეს არქეოლოგიურ ობიექტში შეგხვდებათ: მკვლევრებმა უკვე გამოსცადეს Leica BLK2FLY. ეს მფრინავი ლაზერული სკანერია, რომელსაც შეუძლია ავტონომიურად ჩაატაროს 3D სკანირება. მიუხედავად იმისა, რომ სპოტსაც აქვს მსგავსი ფუნქცია, მას ასევე შეუძლია დაუკავშირდეს BLK2FLY-ს და მასთან ერთად ჯგუფურად იმუშაოს.
ერთად, სპოტი და BLK2FLY წარმოადგენენ ავტონომიური რობოტების პირველ მაგალითს, რომლებიც გამოიყენება არქეოლოგიურ ადგილებში. პომპეიში იმედი აქვთ, რომ სპოტი და მისი მეწყვილე BLK2FLY ანტიკურ ქალაქს კარგად დაიცავენ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები