უკრაინული NGO-ები ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აკეთებენ
10 ნაბიჯი ენერგიის სექტორში პუტინის რეჟიმის დასამხობად
ენერგიის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე რთულად სანქცირებადია. ერთი მხრივ, რუსეთი ენერგორესურსების ექსპორტზე დიდადაა დამოკიდებული, მეორე მხრივ კი ბაზარზე რუსული გაზის მარაგების შემცირება ამ უკანასკნელის ფასის ზრდას გამოიწვევს, ამით კი მოგებული ისევ ოკუპანტი დარჩება.
წლების განმავლობაში უკრაინელი ექსპერტები საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი გერმანიას აქტიურად მოუწოდებდნენ, ენერგიის წყაროების რეალური დივერსიფიკაცია დაეწყოთ. სამწუხაროდ ეს წინადადება აქამდე არავის გაუთვალისწინებია. ახლა კი, იმისთვის, რომ რუსეთს უკრაინისა და ევროკავშირის წინააღმდეგ თავისი ენერგიის რესურსების, როგორც იარაღის გამოყენების საშუალება აღარ მიეცეს, რთული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.
ახლა არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთს ინფრასტრუქტურაზე, ფონდებზე, ენერგეტიკის მიმართულებით პოტენციურ ახალ კონტრაქტებსა და პროპაგანდის გავრცელების საშუალებებზე შეეზღუდოს წვდომა. ამაზე დაწვრილებით ქვემოთ მოგიყვებით:
იმპორტიორმა ქვეყნებმა რუსული წარმოშობის ენერგიის შესყიდვა მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ. OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია), მათ შორის აშშ-მ და კანადამ, ბაზრიდან რუსული ნავთობის თანდათან ამოღებისთვის, ამ რესურსის წარმოება უნდა გაზარდონ. ამ გარდამავალ პერიოდში, რუსეთთან ვაჭრობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა დაინერგოს "საკვები ნავთობის სანაცვლოდ" პოლიტიკა.
1. რუსეთისთვის ბუნებრივი რესურსების განვითარების ახალი ტექნოლოგიების გაზიარების თავიდან ასაცილებლად, ნავთობისა და გაზის გიგანტებმა რუსული პროექტების დატოვება უნდა განაგრძონ. რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის BP-მ, Equinor-მა და Exxon-მა რუსეთი უკვე დატოვეს. მნიშვნელოვანია, რომ იგივე გაიმეორონ სხვა დიდმა კომპანიებმაც, განსაკუთრებით კი იმ ფირმებმა, რომლებიც ოკუპანტთან თანამშრომლობის გაწყვეტას, ან, უბრალოდ, ინვესტიციების გაყინვას არ ჩქარობენ. ასეთები არიან Total, Wintershall, Trafigura და სხვები. ამის შეხსენება მნიშვნელოვანია არადასავლური კომპანიებისთვისაც, რომლებიც რუსულ პროექტებში ფლობენ აქციებს. მათ შორის არიან ინდური კომპანია ONGC Videsh, იაპონური SODECO, JOGMEC, NEXI, Mitsui და Mitsubishi.
2. ევროკავშირმა საკუთარ ტერიტორიაზე არსებული იმ გაზის საცავების მართვაზე აიღო პასუხისმგებლობა, რომლებიც Gazprom-ს ეკუთვნის. ეს ნაბიჯი ევროპას იმ მდგომარეობის თავიდან აცილებაში დაეხმარება, რაც ზამთარში მარაგების არასაკმარისად შევსების შედეგად შეიქმნა. 2021 წელს Gazprom-ს საცავები ბოლომდე არ შეუვსია, რამაც ამ დროს ევროპაში ბუნებრივი აირის ფასის ზრდა გამოიწვია. მდგომარეობა 2022 წლის თებერვალშიც კრიტიკული იყო, რუსეთის ხელისუფლება ევროკავშირისთვის გაზის ფასების მომატებით ისევ იმუქრება.
აუცილებელია ევროკავშირთან ერთად უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტაციის სისტემისა და ევროპისთვის სარეზერვო საცავის უზრუნველყოფა. ასევე, მნიშვნელოვანია უკრაინაში ბუნებრივი აირის საბადოების აღმოჩენა და განვითარება (ქვეყანა ბუნებრივი აირის რეზერვებით ევროპაში მეორე ადგილს იკავებს), ასევე, რუსეთის ევროკავშირის ბაზრიდან გაძევებისთვის პრიორიტეტის მინიჭება.
3. ევროკავშირმა რუსეთის ენერგო-კომპანიების მფლობელობაში მყოფი აქტივების კონფისკაცია უნდა მოახდინოს, ან ისინი დროებით მართვაში გადასცენ. ეს მოიცავს გაზსადენებს (OPAL, Nord Stream, Yamal=Europe-ის ნაწილი), ქიმიური მრეწველობის ობიექტებს, ელექტროენერგიის წარმოებას და ნავთობის გამწმენდ ქარხნებს. რუსული კომპანიების აქციების წილი ევროპულ შუამავლებთანაც უნდა გაიყინოს. მოლდოვას მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მარტივად მანიპულირებს რუსეთი თავისი უცხოური აქტივებით ქვეყნის ადგილობრივ მმართველობაზე.
4. მთელი მსოფლიოს ქვეყნებმა Rosatom-თან და მის შვილობილ კომპანიებთან თანამშრომლობა უნდა შეწყვიტონ. რუსეთის ბირთვულ ენერგიაზე დამოკიდებულობა იგივეა, რაც ოკუპანტის გაზის სექტორზე დამოკიდებულობა. სლოვაკეთმა მსგავს თანამშრომლობაზე უარის თქმა დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ მისი მაგალითი სხვა ქვეყნებმაც გაიზიარონ. ასევე საჭიროა სანქციების დაწესება რუსეთისთვის ურანის მიწოდებაზეც. რუსული ენერგორესურსების ჩასანაცვლებლად მნიშვნელოვანია უკრაინაში ატომური ელექტროსადგურის ამოქმედება..
5. საერთაშორისო PR სააგენტოებმა უნდა შეწყვიტონ ისეთ რუსულ ენერგო-კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიცაა Gazprom. ევროპაში Nord Stream 2 მილსადენის გაყვანის მხარდაჭერა ნათელად გვიჩვენებს, თუ რამდენად ბევრ ფინანსებს ხარჯავდნენ რუსები პროპაგანდაში მათი ენერგო-კომპანიების გამოყენებით. მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელების მხარდაჭერა უნდა შეწყდეს.
6. ევროკავშირმა რუსეთს ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაცია და მისთვის ცენტრალური აზიის ქვეყნების ბუნებრივი აირის მარაგებზე წვდომის დაშვება უნდა აიძულოს. ევროკომისიამ ენერგო კავშირის (Energy Union) ფარგლებში რუსეთიდან ენერგიის მიწოდების შაბლონური ხელშეკრულება უნდა შექმნას. ეს ევროკავშირს საშუალებას მისცემს, Gazprom-ის მიერ მისი ქვეყნების მანიპულაცია აიცილოს თავიდან. ასეთი შაბლონი ასევე უნდა მოიცავდეს მოთხოვნას იმის შესახებ, რომ რუსეთმა ევროპული კანონმდებლობით იხელმძღვანელოს.
თუ ასეთ ნორმებს ევროკავშირში დაფუძნებული შემსყიდველებისთვის თანადროულად დააწესებენ, რუსეთს თანხმობის გარდა სხვა არჩევანი აღარ ექნება. დამატებითი ფაქტორი შეიძლება იყოს ევროკავშირის მიერ 2021-2022 წლებში ევროპაში ბუნებრივი აირის ფასებზე რუსეთის გავლენის კვლევის განახლება.
7. ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკამ რუსული ენერგო კომპანიებისგან უფრო გამჭვირვალე ანგარიშგება უნდა მოითხოვონ. ოპერაციების გამჭვირვალობის ნაკლებობა და ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და ხელმძღვანელობის) სტანდარტების უგულებელყოფა სწორედ ის ფაქტორებია, რამაც რუსეთში ომის მოსამზადებლად მილიონების დაზოგვა, ხელისუფლების გამდიდრება, კორუფციის აყვავება და სხვა ქვეყნების ტერიტორიების უკანონოდ დაკავება გახადა შესაძლებელი. თითოეული ლიცენზიის ანგარიშების საჯაროდ გამოქვეყნება სტანდარტების შესაბამისად ენერგო კომპანიებთან ნებისმიერი დიალოგის აბსოლუტური მოთხოვნა უნდა გახდეს. ეს რუსეთისთვის არა არჩევანის საგანი, არამედ სავალდებულო პირობა უნდა იყოს.
8. ქვეყნებმა, რომლებსაც ბიზნესის წარმოებისთვის სპეციალური პირობები გააჩნიათ (ოფშორული ზონები), რუსეთის ბენეფიციარებისთვის ყველა ოფშორული კომპანია უნდა დაიკეტოს. რუსული ფულის დამალვას საჯარო კონტროლისგან სწორედ ოფშორული კომპანიების საშუალებით ახერხებენ, ეს კი, თავის მხრივ, კორუფციას, უკანონო გამდიდრებას და სხვა ქვეყნებში ომის წარმოებას უწყობს ხელს. ამ ნაბიჯის გადადგმა ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანი იქნება სხვა ავტორიტარული მმართველობის ქვეყნებისთვისაც.
9. იმპორტიორმა ქვეყნებმა რუსეთიდან ენერგიის იმპორტი ნულამდე უნდა დაიყვანონ. ყველა ქვეყანას არ აქვს იმის რესურსი, რომ რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ერთიანად თქვას უარი, თუმცა, ყველა ქვეყანას ერთად შეუძლია რუსეთი ენერგიის მომწოდებელთა სიის ბოლოში დააყენოს.
ასევე, შესაძლებელია ნავთობისა და გაზისთვის გადახდებიც შეყოვნდეს. სანქციების გათვალისწინებით უფრო და უფრო მეტი დასავლური ბანკი ამბობს უარს გადახდების რუსეთში გადარიცხვაზე. ეს ბაზარზე დამატებით ზეწოლას არ მოახდენს, თუმცა რუსეთს არ მისცემს შესაძლებლობას, მსოფლიოში ნავთობისა და გაზის გაყიდვებში სრულად იყოს წარმოდგენილი. ყველა სიკეთესთან ერთად, ოკუპანტს აგრესიული ომის საწარმოებლად საკმარისი რესურსები აღარ ექნება.
10. აშშ-მ, ევროკავშირმა, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა ბანკებს სესხების გაცემა უნდა აუკრძალონ რუსული ენერგო პროექტებისთვის, ან იმ ენერგო პროექტებისთვის, რომლებიც რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობენ. ასევე უნდა აიკრძალოს რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტი. ნებისმიერი ახალი ინიციატივა ან ტექნოლოგია, რომლის იმპლემენტაციაც რუსეთს უნდა, უნდა დაიბლოკოს, რათა რუსეთმა სანქციებისთვის გვერდის ავლა და მანიპულაციების შესაძლებლობები აღარ მიეცეს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უნივერსალური მექანიზმის შექმნას, რომელიც უცხოელ პოლიტიკოსებს რუსულო ფონდებიდან დაფინანსების მიღებასა და რუსულ კომპანიებში თანამდებობების დაკავებაში შეუშლის ხელს.
ორგანიზაციები:
Асоціація енергоефективних міст України
Всеукраїнська агенція інвестицій та сталого розвитку
Інститут соціально-економічної трансформації
Економічна експертна платформа
Трансперенсі Інтернешнл Україна
Центр соціально-економічних досліджень CASE-Ukraine
Співзасновник Українського інституту майбутнього Анатолій Амелін
კომენტარები