რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აუქციონით 16 მილიონ ლარად გადაეცა
ქართული წარმოშობის რუს ბიზნესმენს, შალვა ბრეუსს აუქციონის წესით, 16 მილიონ ლარად თბილისის ცენტრში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი — მიხაილოვის ყოფილი საავადმყოფოს შენობა გადაეცა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.
უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს ჰანსმა გაიმარჯვა. საპრივატიზაციო თანხა 16 020 000 ლარია. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კი სწორედ შალვა ბრეუსია.
ტერიტორია 20 610 კვადრატული მეტრის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ რამდენიმე შენობას მოიცავს.
აუქციონში ჩადებულია პირობა, რომ ინვესტორმა მომავალი 6 წლის განმავლობაში ტერიტორიაზე ხელოვნების ცენტრები, საგამოფენო დარბაზები და მსგავსი სივრცეები უნდა შექმნას. ბიზნესმენი ვალდებულია, ამ წლების განმავლობაში არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
ვინ არის შალვა ბრეუსი
შალვა ბრეუსი ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენია. ის როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეა. ბრეუსს რუსეთში რუსული კულტურის დიდ მხარდაჭერად მიიჩნევენ.
ბრეუსი 1989 წლიდან კერძო სექტორში საქმიანობდა. 1998 წელს ის კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის, გენერალ ალექსანდერ ლებედის მოადგილე გახდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბრეუსი ბიძინა ივანიშვილთან სწორედ გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიის დროს გადაიკვეთა — მაშინ ივანიშვილი ლებედს აფინანსებდა. ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ რუსული მედია ბრეუსის ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტში მოხვედრასაც განიხილავდა.
2012 წელს BBC ერთ-ერთ მასალაში ბრეუსზე წერდა, რომ მან ქონება რუსეთში საგამომცემლო ინდუსტრიაში იშოვა.
აღასანიშნავია, რომ მიხაილოვის ყოფილი საავადმყოფოს შენობა და მიმდებარე მიწის ნაკვეთები სახელმწიფომ საპრივატიზაციოდ წარსულში ოთხჯერ გამოიტანა — მყიდველის არ არსებობის გამო აუქციონი არცერთ შემთხვევაში შედგა. ბოლოს, 2021 წელს ქონების ეროვნული სააგენტო ამ ლოტს 39,8 მილიონ ლარად აფასებდა. როგორც აღმოჩნდა, ერთი წლის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ მიხაილოვის ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორია თითქმის 24 მილიონი ლარით ნაკლებად გაყიდა.
კომენტარები