EPA-მ მილიარდობით გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოს გაშვების გეგმა დაამტკიცა
უსიამოვნო ქავილის გარდა, მოგეხსენებათ, ზოგიერთი კოღოს ნაკბენს დაავადებების გამოწვევაც შეუძლია. მათ შორისაა ყველასთვის ცნობილი დენგე, ზიკა და ყვითელი ციებ-ცხელება. ახლა კი კომპანია Oxitec ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს და მას აშშ-ს მთავრობაც მხარს უჭერს.
აშშ-ის გარემოსდაცვითმა სააგენტომ (EPA) Oxitec-ის გეგმა დაამტკიცა, რომლითაც ბიოტექ კომპანია ფლორიდასა და კალიფორნიაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გაშვებას გეგმავს. მისი მიზანი დაავადების გადამტანი კოღოების პოპულაციისა და, შესაბამისად, ამ დაავადებების გავრცელების შემცირებაა. Oxitec 2022 და 2024 წლებში, ჯამში, 2.4 მილიარდ გენმოდიფიცირებულ კოღოს გაუშვებს.
ეს კოღოები მამრი Aedes aegypti-ები არიან, რომლებიც ისე არიან გენეტიკურად მოდიფიცირებულები, რომ ცილა tTAV-OX5034 წარმოქმნან. რეპროდუქციის შემდეგ ველურ დედალ კოღოებთან ცილა შთამომავლობასაც გადაეცემა და იგი დედალ ნაშიერებს სრულწლოვანების ასაკამდე მიღწევის საშუალებას არ აძლევს, შესაბამისად, კომპანიაში ფიქრობენ, რომ პოპულაცია დროთა განმავლობაში გაქრება და ასევე შემცირდება დაავადების შემთხვევებიც.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი კოღოებით გადამდები დაავადებების გავრცელებას აღმოფხვრის და მოსახლეობას დაიცავს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ერთი შეხედვით შესანიშნავ იდეას ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ემხრობა.
ექსპერიმენტის წინააღმდეგ გარემოსდაცვითი აქტივისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები გაერთიანდნენ. ჩრდილო კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის გენური ინჟინერიისა და საზოგადოებრივი ცენტრის თანა-დირექტორის, ჯენიფერ კუზმას თქმით, Oxitec ადგილობრივებს არჩევანის გაკეთების უფლებას არ აძლევს, იმის შესახებ, უნდათ თუ არა ამ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება.
მეცნიერების თქმით, რომლებიც ექსპერიმენტში არ მონაწილეობენ, EPA-ს Oxitec-ისგან არ მოუთხოვია გამოკვლევების ჩატარება დახურულ გარემოში, რაც რეალურად აჩვენებდა, თუ რამდენად იმუშავებდა ეს ექსპერიმენტი კონტროლირებად გარემოში იქამდე, სანამ მათ ველურ პირობებში გაუშვებდნენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდებოდა, მაშინ ეს კომპანიას შეცდომების დანახვის და პრობლემების გამოსწორების საშუალებას მისცემდა იქამდე, სანამ რეალურად ექნებოდათ რაიმეს გამოსწორების შანსი.
"მეცნიერებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გენეტიკური მასალა საკმაოდ დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს ველურ პოპულაციებშიც, რაც ნიშნავს, მოდიფიცირებული კოღოები სტერილურები არ არიან. აქედან გამომდინარე, გარემოში მათი ჯგუფის გაშვებამ, შესაძლოა, არაერთი ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი პრობლემა გამოიწვიოს", — განაცხადა დანა პერლსმა, დედამიწის მეგობრების (FOE) საკვებისა და ტექნოლოგიების პროგრამის მენეჯერმა და კალიფორნიის მკვიდრმა. "EPA-მ პოტენციური რისკები რეალურად უნდა შეაფასოს და შეწყვიტოს ოპოზიციის უგულებელყოფა".
ყველა სიკეთესთან ერთად, ჯერ დანამდვილებით ისიც კი არაა ცნობილი, შეამცირებს თუ არა ეს ექსპერიმენტი დაავადების გადატანას, თუ უბრალოდ ისედაც ინვაზიური სახეობის კოღოს გაამრავლებენ გარემოში. კუზმას აზრით, არსებობს შესაძლებლობა, რომ Oxitec-ის კოღოებისა და ველური კოღოების ჰიბრიდებმა უფრო აქტიურად შეუწყონ ხელი დენგეს გავრცელებას.
"ეს ექსპერიმენტი არამხოლოდ სახიფათო, არასაჭიროცაა, რადგან კალიფორნიაში ზიკას, დენგეს, ყვითელი ციებ-ცხელებისა და ჩიკუნგუნიას ადგილობრივად შეძენილი შემთხვევები არ დაფიქსირებულა", — დაამატა ჯეიდი ჰენსონმა, ტექნოლოგიების შეფასების საერთაშორისო ცენტრისა და საკვების უსაფრთხოების ცენტრის პოლიტიკის დირექტორმა. "მილიარდობით გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოს გაშვების შედეგად, შესაძლოა, მდედრები პოპულაციას გამოეყონ და უფრო აგრესიული ჰიბრიდული კოღოები შექმნან.
კრიტიკის საპასუხოდ, Oxitec დაჟინებით ამტკიცებს, რომ მათი ექსპერიმენტები უსაფრთხოა როგორც ადამიანისთვის, ასევე სხვა მწერების პოპულაციებისთვის, და რომ კოღოებით გადამტანი ამ დაავადებების აღმოფხვრის აბსოლუტური აუცილებლობა დგას.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2013-15 წლებში Oxitec-მა მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარა ბრაზილიაში. იელის უნივერსიტეტისა და ბრაზილიის რამდენიმე დაწესებულების მეცნიერებმა ჟურნალ Nature-ში კვლევა გამოაქვეყნეს, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ კოღოების ნაწილი შეჯვარდა და გენეტიკური ჰიბრიდების ახალი პოპულაცია შექმნა. ისინი ველურ პირობებშიც თავისუფლად ცხოვრობდნენ, ასე რომ, ამ ექსპერიმენტს წარმატებულს ვერ დავუძახებთ და, შესაბამისად, ვერც Oxitec-ს ვენდობით მხოლოდ სიტყვაზე.
ასევე იხილეთ: აშშ-ში გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გაშვებას იწყებენ — რას ნიშნავს ეს
კომენტარები