რა გავლენას იქონიებს აშშ-სა და რუსეთზე ნავთობის იმპორტის აკრძალვა
თეთრი სახლის პრესრელიზის მიხედვით, გუშინ აშშ-ს მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხოდ, ისინი რუსეთიდან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირორჟანგის იმპორტს კრძალავენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა აღმასრულებელ ბრძანებას მოკავშირეებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მოაწერა ხელი.
მიუხედავად დაწესებული სანქციებისა, როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში თავისი "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შეწყვეტას არ აპირებს. ნავთობზე, ბუნებრივ აირსა და ქვანახშირზე სანქციების დაწესებით აშშ რუსეთს აქილევსის ქუსლში ურტყამს, რადგან ამ რესურსების ექსპორტი რუსეთის ეკონომიკის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.
ბაიდენის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთიდან ნავთობის თხევადი ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტს კრძალავს. გარდა ამისა, იგი უკვე ხელმოწერილი კონტრაქტების შესაჩერებლად 45-დღიან ვადას უზრუნველყოფს. ბრძანება ამერიკელებსა და აშშ-ში დაფუძნებულ კომპანიებს უკრძალავს რუსულ ენერგიის სექტორში ინვესტირებას, ან იმ კომპანიების დაფინანსებას, რომლებიც ამ სექტორში ინვესტირებას ისახავენ მიზნად.
რამდენადაა აშშ დამოკიდებული რუსულ ნავთობზე
თეთრი სახლის განცხადებით, გასულ წელს აშშ-მ რუსეთიდან, საშუალოდ, დღეში 700 000 ბარელი ნავთობი შემოიტანა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს აშშ-ში იმპორტირებული ნავთობის მხოლოდ 10%-ს შეადგენს, ეს არც ისე მაღალი მაჩვენებელია.
New York Times-ის მიხედვით, 2020 წელს ნავთობის ყველაზე დიდი მწარმოებელი აშშ იყო, მესამე ადგილს კი რუსეთი იკავებდა, რომელიც, აშშ-სთან შედარებით, დაახლოებით ნახევარი მოცულობის ნავთობს აწარმოებდა.
აშშ-სთან შედარებით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე უფრო მეტადაა დამოკიდებული გაერთიანებული სამეფო, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ იგი რუსეთიდან იმპორტს წლის ბოლომდე შეაჩერებს. იმ ევროპულ ქვეყნებს კი, რომლებსაც დიდად არიან დამოკიდებულნი რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე, მსგავსი სანქციების შესახებ ჯერ არაფერი განუცხადებიათ.
რა გავლენას მოახდენს იმპორტის შეწყვეტა აშშ-ის ეკონომიკაზე
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნედლი ნავთობის ფასმა მნიშვნელოვნად იმატა. თეთრი სახლის განცხადების შემდეგ, ამ მაჩვენებელმა კიდევ 6%-ით მოიმატა და ბარელზე თითქმის 130 დოლარს მიაღწია, მოგვიანებით კი, იმავე დღის ბოლოს ისევ შემცირდა.
როგორც Reuters იუწყება, ამ ყველაფრის საპასუხოდ, რუსეთმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასი ბარელზე, შესაძლოა, 300 დოლარამდე გაზრდილიყო და დაიმუქრა, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტდა.
ნედლი ნავთობის მზარდი ფასი უკვე საწვავის ფასებზეც აისახა. აშშ-ში საწვავის საშუალო ფასმა უკვე 4 დოლარს გადააჭარბა და რეკორდი დაამყარა. ფასის მატების შედეგი, შესაძლოა, აშშ-ში მალე უფრო შესამჩნევი გახდეს, რადგან, New York Times-ის მიხედვით, ამ თვეში, შესაძლოა, ინფლაციამ 8%-ს გადააჭარბოს.
უახლოეს წარსულში აშშ-მ მზარდი ფასების საპასუხოდ ნავთობის სტრატეგიული მარაგის გამოყენება დაიწყო, რათა სტაბილური ენერგიის მარაგი უზრუნველყონ და გაზის ფასების მატებას შეუშალონ ხელი.
სავარაუდოდ, ხანმოკლე პერსპექტივაში, გლობალურად მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, ნავთობის წარმოება აშშ-ში კიდევ უფრო შეიზღუდება, ამ ყველაფრის ფონზე კი პრეზიდენტმა ბაიდენმა, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შესამცირებლად და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად სუფთა ენერგიაზე გადასვლის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
როგორ აისახება მსგავსი სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე
კრიტიკოსების თქმით, ენერგიის ექსპორტზე სანქციების დაწესება საუკეთესო და, სავარაუდოდ, ერთადერთი გზაა, რომელმაც შეიძლება რეალურად გამოიღოს შედეგი და რუსეთს უკან დახევა აიძულოს.
სრული ემბარგო, რა თქმა უნდა, უფრო ეფექტიანი გამოსავალი იქნებოდა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილისთვის მთავარ ენერგეტიკულ საყრდენს რუსეთი წარმოადგენს, ამიტომ, სავარაუდოდ, ეს ახლო მომავალში არ მოხდება.
იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთისთვის ნავთობის ექსპორტში აშშ-ის წილი საკმაოდ დაბალია, ოკუპანტი ამ ნავთობს სადმე სხვაგან გაყიდის, მაგალითად ჩინეთში, ან ინდოეთში. მიუხედავად ამისა, რუსეთს ნავთობის ფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს, რადგან უფრო და უფრო ნაკლები ქვეყანა თანხმდება ამ რუსული ნავთობის შესყიდვას.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს გლობალური მარკეტიდან საბოლოოდ გათიშავენ, მაშინ, შესაძლოა, ნავთობის შეძენა ისეთი ქვეყნებისგან მოგვიწიოს, როგორებიც ვენესუელა და ირანი არიან. შესაბამისად, ასეთმა დამატებითმა წყაროებმა, შესაძლოა, ფასები დასტაბილურებას შეუწყოს ხელი.
ანალიტიკოსების გაფრთხილებით, სანქციების ფონზე ნავთობის ფასმა ბარელზე, შესაძლოა, 160$-ს, ან 200$-საც კი მიაღწიოს. აღნიშნული ტენდენციის შედეგად, აშშ-ში საწვავის ფასი, შესაძლოა, 5$-მდე გაიზარდოს, ამ სცენარის თავიდან აცილებას კი ბაიდენი და სხვა პოლიტიკოსები უიმედოდ ცდილობენ.
კომენტარები