სავარაუდოდ, რუსეთი გლობალური ინტერნეტიდან გათიშვისთვის ემზადება
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში რუსულენოვანი დოკუმენტი გავრცელდა, რომლის მიხედვით რუსეთის ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ გარე ინტერნეტზე წვდომა შეწყვიტოს. ეს ნიშნავს, რომ 11 მარტიდან კომპანიებს მათი ვებგვერდების რუსეთში ფუნქციონირებისთვის .ru დომენის მიღება მოეთხოვებათ.
გლობალური ინტერნეტქსელი აქტიურად გამოიყენება იმ კანონებისთვის თავის ასარიდებლად, რომლებიც ზოგ ქვეყანაში გარკვეულ ქმედებებსა თუ კონკრეტულ ვებგვერდებზე წვდომას კრძალავს. 2019 წელს რუსეთის "სუვერენული ინტერნეტის" კანონი შევიდა ძალაში, რაც მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას, კიბერშეტევების შემთხვევაში ქვეყანა გლობალური ინტერნეტიდან გათიშოს. კანონის მიზანი იყო, ქვეყანა კიბერშეტევებისგან დაეცვა და ინტერნეტზე წვდომა შეენარჩუნებინა იმ შემთხვევაშიც, თუ მათ უცხოური ინფრასტრუქტურის გამოყენებას შეუზღუდავდნენ. ქვეყნის ხელისუფლების თქმით, ეს იყო პასუხი აშშ-ის ეროვნული კიბერუსაფრთხოების აგრესიულ სტრატეგიაზე.
ზემოთ აღნიშნული კანონი ასევე მიზნად ისახავს დაადგინოს ვებ ტრაფიკისა და მონაცემების მარშრუტი რუსეთში გარკვეული წერტილებიდან, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებს. ასევე ნათქვამია, რომ კანონი მოიცავს "ეროვნული დომენური სახელის სისტემის" (DNS) შექმნას იმისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს ინტერნეტის გამოყენება მაშინაც, თუ რუსეთს გლობალური ინტერნეტიდან გათიშავენ.
2019 წლის დადგენილებაზე ინფორმაციას მოწმობს 2021 წლის 22 ივლისს გამოქვეყნებული Reuters-ის სტატიაც, სადაც ვკითხულობთ, რომ დომენის დატესტვის დროს ქვეყანამ გლობალური ინტერნეტიდან სრულად გათიშვა მოახერხა. ასე რომ, ქვეყნისთვის გარე ინტერნეტზე დამოკიდებულების შეწყვეტა საკმაოდ რეალურია.
Reuters-ის მიხედვით, 2019 წელს აღნიშნული შემოწმებების ჩატარების მიზანი იმის განსაზღვრა იყო, შეძლებდა თუ არა ქვეყანა ინტერნეტზე წვდომის შენარჩუნებას იმ შემთხვევაშიც, თუ იგი კიბერშეტევების სამიზნედ იქცეოდა, ან რაიმე სხვა საფრთხე დაემუქრებოდა.
ასევე იხილეთ: მეცნიერება ინტერნეტს მიღმა — როგორ მუშაობს გლობალური კომპიუტერული ქსელი
ინტერნეტის კვლევის ინსტიტუტის მთავარი ანალიტიკოსის, კარენ კაზარიანის მიხედვით, ამ პროცესის გასაიდუმლოების გამო მათთვის ძნელია იმის დაზუსტებით თქმა, თუ რა ხდებოდა დატესტვის პროცესში.
ამ დროისთვის არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია იმის დასაზუსტებლად, მართლად გეგმავს თუ არა რუსეთი 11 მარტიდან გლობალურ ინტერნეტზე დამოკიდებულების შეწყვეტას. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს სიმართლეა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამისთვის მზადება 2019 წლიდან დაიწყო, ასე რომ, სავარაუდოდ, ამ ნაბიჯის გადადგმა რუსეთს არ გაუჭირდება და, პირიქით, მათ საკუთარი მოსახლეობის "დაცვასა" და დიქტატურის გამყარებაში შეუწყობს ხელს.
კომენტარები