დაბომბილი დილა — როგორ გათენდა რუსული ომის მე-6 დღე
უკრაინაში ახალი დღე ბომბების და არტილერიის გრუხუნის ფონზე გათენდა — რუსული ომი მე-6 დღესაც გრძელდება. უკრაინელები პოზიციებს მაქსიმალურად ინარჩუნებენ, თუმცა დილიდან ვრცელდება ცნობები ათობით დაშავებულსა და დაღუპულზე.
პრეზიდენტი ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალები უკრაინელებში პანიკის გასავრცელებლად ინტენსიურად ბომბავენ ქალაქებს, მათ შორის, დასახლებულ ტერიტორიებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
აი, რა უნდა იცოდე, პირველი მარტის დილას მოკლედ:
გამთენიისას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახტირკაში, სამხედრო ნაწილში ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 70 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
"მტრის არტილერიამ სამხედრო ნაწილი დაბომბა. ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად მოხალისეებიც მუშაობენ. ბევრია დაღუპული. ახლა სასაფლაოზე 70 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცისთვის ამზადებენ ადგილს", — თქვა მან.
მისივე თქმით, გარდაცვლილები არიან რუსი სამხედროებიც.
გარდა ამისა, უკრაინის ქალაქ ხერსონში რუსეთის ჯარი შევიდა. ამაზე ქალაქის მერმა ისაუბრა და თქვა, რომ რუსულმა არმიამ ხერსონის შესასვლელებთან საგუშაგოები ააგო.
მოგვიანებით კი გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ისინი საცხოვრებელ კორპუსებს ესვრიან.
პირველ მარტს საოკუპაციო ძალებმა ხარკოვში თავისუფლების მოედნისკენ რაკეტები ისროლეს და ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავდა 20-მდე ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვია. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავშესაფრები არ დატოვონ.
საგანგებომ დილით თავდასხმის ვიდეო გაავრცელა და აღნიშნა, რომ დარტყმები იყო ხარკოვის სახელმწიფოს რეგიონალური ადმინისტრაციაზე, ოპერის თეატრზე, ფილარმონიის შენობებსა და საცხოვრებელ კორპუსებზე.
ხარკოვის მერის განცხადებით, დაბომბვას მსხვერპლი მოყვა და არიან დაჭრილები. მისივე თქმით, საქალაქო სამსახურები აგრძელებენ მუშაობას და ცდილობენ აღადგინონ ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება, დაარიგონ პროდუქტები იმის მიუხედავად, რომ მანქანებს ცეცხლს უხსნიან.
"ჩვენ ვაგრძელებთ. ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენ ცოცხლები ვართ, ჩვენ ვუძლებთ. ხარკოვი გაიმარჯვებს, ჩვენ ერთად ვართ", — ამბობს ის.
ამას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე გამოეხმაურა და თავდასხმა ბარბაროსულად შეაფასა. მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს და მისი სრულად იზოლირება მოხდეს.
"ბარბაროსული რუსული სარაკეტო თავდასხმა ხარკოვში თავისუფლების ცენტრალურ მოედანსა და საცხოვრებელ დასახლებებში. პუტინი უკრაინის გატეხვას ვერ ახერხებს. გაბრაზების გამო სამხედრო დანაშაულებს სჩადის, ხოცავს უდანაშაულო მოქალაქეებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა გააკეთოს უფრო მეტი. გაზარდეთ ზეწოლა, მოახდინეთ რუსეთის სრული იზოლირება!".
ასე გამოიყურება ხარკოვის ცენტრი დაბომბვის შემდეგ:
ქალაქის მერის თქმით, ოკუპანტებმა დაბომბეს ვასილკოვიც, საერთო საცხოვრებელი — დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 3 დაჭრილია.
დაიბომბა ქალაქ ბუჩას ხიდიც, რომელიც ახლა ასე გამოიყურება:
უკვე რამდენიმე დღეა დაბომბვის სამიზნეა ქალაქი მარიუპოლიც — მერმა ისაუბრა, რომ დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქეები და დაზარალდა ინფრასტრუქტურა. იგივე წერია რეგიონალურ ოფიციალურ არხზეც, სადაც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია საზოგადოებას ჩრდილოეთ ტერიტორიის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ვიტალი კირილოვმა დაუდასტურა. დამატებითი დეტალები უცნობია.
ამ ამბის გავრცელებამდე ბელტამ გამოაქვეყნა ლუკაშენკოს ციტატა, რომ არ აპირებენ მონაწილეობა მიიღნ უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციაში". ლუკაშენკოს თქმით, მათი არმია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებდა და არც იღეს და რუსეთს ეს მათთვის არ მოუთხოვია.
ბოლო ცნობებით, ქალაქ სუმში ქუჩის ბრძოლების საფრთხე გაიზარდა. ამასთან, როგორც ბელარუსში მოქმედი მედია წერს, ბელორუსის ჯარები ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ.
UNIAN-მა გაავრცელა კადრები, რომლებზეც წერს, რომ ოკუპანტებმა ტანკებით გადაუარეს მანქანას და მძღოლს, რომელიც კოლონის შეჩერებას ცდილობდა.
დილიდან გრძელდება საერთაშორისო ზეწოლა.
ტაივანის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ტაივანი რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვის გადაწყვეტილებას უერთდება. მისი თქმით, ისინი გმობენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას. რუმინეთი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.
ამასთან, აშშ-მ გაეროს 12 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. კერძოდ, გაეროში აშშ-ს მისიამ რუს დიპლომატებს "დაზვერვის ოპერატორები" უწოდა, რომლებიც ჩართული იყვნენ ჯაშუშურ საქმიანობაში, რაც მათი თქმით, ზიანს აყენებდა ეროვნულ უსაფრთხოებას.
გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება 7 მარტამდე სთხოვეს. მან ასევე თქვა, რუსეთი ამ გადაწყვეტილებას დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად უპასუხებს.
გარდა ამისა:
- პუტინს ტაეკვანდოს შავი ქამარი ჩამოართვეს;
- რუსეთში ბეტმენის ჩვენება აიკრძალა;
- Netflix რუსული არხების ტრანსლირებაზე უარს ამბობს;
- Walt Disney-ის ფილმები რუსეთის კინოთეატრებში აღარ გავა;
- Google ევროპაში RT-ისა და Sputnik-ის YouTube არხებს ბლოკავს.
თავდაცვის სამინისტრომ უკვე განაახლა ინფორმაცია ომის დაწყებიდან დღემდე რუსების დანაკარგის შესახებ. უწყების ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 5 710 სამხედრო, ხოლო ტყვედ ჰყავთ — 200.
მათივე ინფორმაციით, პირველი მარტის მდგომარეობით რუსეთმა დაკარგა:
- 29 თვითმფრინავი;
- 29 ვერტმფრენი;
- 198 ტანკი;
- 8 846 BBM / APV ერთეული;
- 77 საარტილერიო სისტემა;
- 305 სატრანსპორტო საშუალება;
- გემების 2 დანაყოფი.
პარალელურად, ქვეყნის ლიდერები არ ივიწყებენ, რომ საზოგადოება გაამხნევონ. თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა დილით ფოტო გამოაქვეყნა და უკრაინელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რუსების არმიას წინააღმდეგობა ომის მეხუთე დღესაც თავდაჯერებით გაუწიეს. "უკრაინა გაიმარჯვებს", — წერს ის.
უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სამსახურმა კი გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: "უკრაინელები მსოფლიოს "უძლიერესი არმიის" ტყვეების აყვანას აგრძელებენ".
ნახეთ რამდენიმე ვიდეო, რომელიც უკრაინელების შემართებას ასახავს:
უკრაინელების რეაქცია ოკუპანტების ვერტმფრენის ჩამოგდებაზე
კიევის ბომბსაცავში ბავშვი მღერის
კუპიანსკის მოქალაქეები წინ გადაუდგნენ რუსულ მანქანას, რომელიც მათ მშვიდობიან მოქალაქეებს წაართვეს
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
კომენტარები