ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სწორედ ამ დროს დღიურს წერდა, რომლის ფურცლებზე არაერთი აუხდენელი ნატვრა დარჩა. ყვებოდა ემოციებზე, სწავლაზე, წიგნებზე, მოგზაურობასა და მომავალ პროფესიაზე. ფიქრობდა პოლიტიკაზე და ქალების უფლებებზე, გვიზიარებდა წუხილს საქართველოს ბედზე.

რამდენიმე რვეული ჰქონდა. ზოგჯერ თავისი ჩანაწერების მიმართ დამოკიდებულება ეცვლებოდა — 1919 წელს იხსენებს, რომ 1917 წელს, მაშინ, როცა მე-5 და მე-6 კლასში იყო, სულ სხვა აზრები და შეხედულებები ჰქონდა.

"დიდი განსხვავებაა წინანდელ "მე"-ს და ეხლანდელ "მე"-ს შორის", — წერდა ის. თუმცა იყო საკითხები, რაც მაროს ზუსტად ჰქონდა წარმოდგენილი და აზრი არ შუეცვლია.

მარო მაყაშვილის დღიური გვერდი

ფოტო: ლიტერატურის მუზეუმის ციფრული ვერსია

1918 წლის 16 ივნისს საკუთარ თავზე გვიყვება. თურმე ახალ დღიურში იმიტომ დაიწყო წერა, რომ ძველი ეზიზღებოდა. იქ მისთვის არასასიამოვნო ამბები და გრძნობები იყო, რომელთა დავიწყებაც გადაეწყვიტა.

"მართლა, ხომ დავწვი, რასაც წინათ თაყვანს ვცემდი. უფრო ცუდი, სულ წავჯღაბნე ისე, რომ მარტო შავი ხაზები დარჩა დაწერილ სიტყვებს მაგივრად. როცა ვშლიდი, აი, სწორედ მაშინ სურვილი მქონდა, დღიური მთლად დამეხია, მაგრამ თავი შევიკავე, რადგანაც იქ ბევრი სხვა რამ მქონდა საისტორიულო და უფრო საინტერესო. და ამიტომ ისე დავირჩინე".

მექნება სასიამოვნო სახლი, სულ უბრალოდ, მაგრამ ლამაზად მოწყობილი.

მარო ოცნებობდა საკუთარ სახლ-კარზე. ხშირად წარმოიდგენდა როგორ იცხოვრებდა, როცა სწავლას დაასრულებდა. უნდოდა ლამაზი სახლი, დიდი ბაღი, ძველებურ სტილზე.

"უჰ. ნუთუ მეღირსება", — იკითხავდა ხოლმე.

ჯერ კიდევ ბავშვობიდან ნატრობდა, სოფელში მიწა ჰქონოდა, რომელსაც ძმასთან, შალიკოსთან ერთად სამოთხეს დაამსგავსებდა. წუხდა ამის საშუალება რომ არ ჰქონდათ და იმედს იტოვებდა, თუ მშობლები არ შეიძენდნენ, თავად ეცდებოდა.

"ოჰ! ღმერთო, აგვისრულე ეს მცირე თხოვნა. გაგვიგრძელე სიცოცხლე, მოგვე ძალ-ღონე და თუ ადამიანს მოუნდა, ყველაფერს შესძლებს. ნათქვამიც არის, რომ შეუძლებელს, თუ ადამიანს მოუნდა, შესაძლებელს გახდის. ეხლა ჩვენ ვიჯექით და ვლაპარაკობდით იმაზედ, თუ რა ბედნიერია ადამიანი, ვისაც თავისი სახლ-კარი აქვს. იქნება, როგორმე ჩვენს გაგვიღიმოს ბედმა".

მინდა საზღვარ გარედ, ძალიან და ძალიან

ასევე, ოცნებობდა საფრანგეთში სამეურნეო კურსების გავლაზე. იქ წასვლასა და მოგზაურობაზე დღიურში ძალიან ბევრს წერდა. ერთხელ სიზმარიც კი ნახა, რომ პარიზში მეგობრებთან ერთად გააცილეს. დაწვრილებით ჰქონდა აღწერილი, როგორი იქნებოდა ადგილი, სადაც გაჩერდებოდნენ.

"მშვენიერი ორი დიდი ოთახი. ერთ ძალიან დიდ ოთახში ოთხი თეთრი საწოლი სუფთათ. ყოველ საწოლთან პატარა შკაფები და ჩამოსაკიდი. ერთ კედელთან დიდი სარკის შკაფი და კომოდი [...] შუაში დიდი მაგიდა, კედელთან ტახტი, კრესლოები, პატარა მაგიდები ყვავილებით".

"პალტო და ქალის ბერძნული ტანისამოსი, თხელი და რბილი, კრემის ფერ აბრეშუმი კრეპდენიშისგან" — ჩანახატი მაროს დღიურში

ფოტო: ლიტერატურის მუზეუმის ციფრული ვესია

მისი პატარ-პატარა ნატვრები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, გამოცდებს თუ კარგად ჩააბარებდა, სწრაფად მორჩებოდა საშუალო სკოლას, უმაღლესში ისწავლიდა და შემდეგ უსათუოდ წავიდოდა საზღვარგარეთ. უნდოდა, ფულიც მოეგროვებინა.

"ისე მინდა გავაკეთო, რომ მამამ ბევრი არ მიგზავნოს, ჩემიც მქონდეს. ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუ თუ რამე შემიშლის ხელს?"

საფრანგეთის გარდა, ოცნებობდა ინგლისში, ამერიკასა და აფრიკაში მოგზაურობაზე. წარმოიდგენდა დღეს, როცა ბარგს შეკრავდა და წავიდოდა. ამაზე დიდი ბედნიერება რა იქნებაო, ჰკითხავდა ხოლმე საკუთარ თავს.

"იმაზედაც დავსთანხმდები, თუ მარტო ამერიკაში წავიდე. არა, იტალიის და საბერძნეთის ნახვაც ძალიან მინდა. ოჰ, ფულო, ფულო, რათა გაქვს მაგისთანა ძალა, რომ შენ წინაშე ყველა კარები ღიაა? ვეცდები გულით და სულით და იქნება, ჩემი უდიდესი განძრახვა როდისმე შევასრულო".

გუშინ ველაპარაკებოდი დედას: უსათუოდ ევროპა უნდა მოვიარო მეთქი. ჩაიცინა, მერე ფულიო? აქაც ფული.

მომავალი ისე ჰქონდა დაგეგმილი, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შესძლებოდა — თუ დავოჯახდები, ქმრის კისერზედ არასგზით არ ვიქნებიო, აღნიშნავდა მარო.

"ჩემით ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს მე შევიძენ. რა სამართალია სხვის ამაგით ცხოვრება. ეხლა, როცა ვხედავ, რა გასაჭირშია მამა, გული მეწვის. ერთი ის მუშაობს 6 კაცზე. რათა? განა ეგ დავალებული აქვს? მე მაგის წინააღმდეგი ვარ".

მარო ოცნებობდა ენების კარგად შესწავლაზეც. მისი ნატვრა იყო, ეთარგმნა წიგნები, რომლებიც იქმნებოდნენ "იმ უდიდეს სახელმწიფოებში, იმ აყვავებულ წალკოტში, ხელოვნების ტაძარში, ეგ ინგლისში".

ეჰ, რამდენი ფიქრები ტრიალებს თავში, არ იცის ადმიანმა, რომელს მოანდომოს დრო.

მოგვიანებით, მწერლობის შესაძლებლობაზეც წერდა: "მე მსურს, ისე შევისწვალო ენები, რომ მეტი წილი ფრანგების და ინგლისელი მწერლები სამშობლო ენაზე გადმოვთარგმნო. ეს იყოს ჩემი პირველი ნაბიჯი მწერლობაში. იქნებ მას მოჰყვეს ჩემი საკუთარი ნაწერები.

პოეტი არასოდეს არ ვიქნებოდი. არც მაქვს რიფმის ნიჭი, მაგრამ რომანისტი კი ძალიან და ძალიან შესაძლებელია".

ტკბილია ოცნება მყუდროებაში.

მის გონებაში იბადებოდა ყველანაირი ფიქრი, რაზეც შეიძლება დამოუკიდებლობაში მცხოვრებ, მაგრამ მაინც გულდამძიმებულ ადამიანს ეფიქრა, რომელსაც ადარდებდა სამშობლოს ბედი. ფიქრობდა ცხოვრებაზე, ქალებზე, სიყვარულზე — ყველაფერზე ეძებდა პასუხს.

"ბოლოს იმ აზრს დავადექი, რომ ბევრს არაფერს წარმოადგენს ადამიანი. იგი ხეხილივით ხარობს, მხოლოდ უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს მით, რომ ის აზროვნებს და მოქმედებს, დანარჩენით კი, ისიც იბადება, იკვებება და ბოლოს, როგორც ყველა, ხმება. და ეს ყველაფერი იქცევა არაფრათ და ამ არაფერზე ისევ მისი მსგავსი დაიბადება და ასეა".

"ის" უნახავს ქეთოს დღეს, მე კი — არა.

წერდა ერთ მე-7 თუ მე-8 კლასელზე, რომელიც გიმნაზიაში სწავლობდა და ერთხელაც თეთრ ჩოხაში ენახა. გვიყვებოდა მის წრფელ გრძნობებზე, "ტკბილსა და საამოზე".

"ამას წინად, აი, მე-5 შემხდა "ის". არ ვიცი არც მისი სახელი და არც გვარი. ძალიან მომწონს. კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა, გავიცნო. როგორც შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს, არ ვიცი, რისთვის. იმიტომ, რომ ვწითლდები თუ... ღმერთო, გამაგებინე, ვინ არის".

თუმცა ჯეროდა, რომ "ამისთანა ტიპებს, როგორც წიგნებშია" იშვიათად თუ შევხვდებოდით ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში, მე არსად მინახავსო ამბობდა:

"არ ვიცი, იქნება, ჯერ ადრეა ჩემთვის და მოვესწრები".

მაროს დღიურში ჩადებული ილუსტრაციები

ფოტო: ლიტერატურის მუზეუმის ციფრული ვესია

ხშირად სვამდა კითხვას იმაზე, რას წარმოადგენს ადამიანი და თავად სცემდა პასუხს, რომ ის დედამიწის სტუმარია, რომელიც აქ "ლხინობს მასთან ერთად, იტანჯვის და მერე ისევ შორდება".

"მანამ ადამიანში ნაპერწკალი ღვივის, იგი ხარობს და ტანჯობს. როცა იგი ჩაქრება, ყველაფერი ისპობა და ქრება. ესე რომ, რაც გინდა, გონიერი და ნიჭიერი ადამიანი იყოს, თუ ჩაქრა ნაპერწკალი, ისიც ქრება. ადამიანის ფსიხოლოგია სულ მასზედ არის დამყარებული, ამ ერთ ბეწო ნაპერწკალზე".

ჯერ კიდევ 1919 წელს ბრაზობდა იმ დამოკიდებულებებსა და მოლოდინებზე, ქალების მიმართ რომ ჰქონდათ შექმნილი. ამბობდა საშინელებაა, რომ ქალს სამზარეულოს გარეშე არაფერი არ უნდა აინტერესებოდესო და ამას "დიდათ შემცდარ აზრს" უწოდებდა.

მე მაგ კვალზე არ წავალ. მითხრეს, კაცი ქალში კარგ დიასახლისს ხედავს და ბავშვების გამზდელსო მარტო. ტყუილია. ქალსაც აქვს უფლება ისეთივე ცხოვრებაზე, როგორც კაცს. ამისთანა ვიწრო შეხედულებანი ეკუთვნით გაუწვრთლელ, დაბალ, და, თუ შეიძლება ითქვას, სუსტი ჭკუის მქონე ადამიანებს — ვიტყვი ამას ყოველთვის, ეხლაც და მერეც.

სამშობლოზე ძალიან წუხდა. ამბობდა, იქნება, სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, სრულად ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლებაო. სჯეროდა, რომ მაშინ იქნებოდა აუწერელი ბედნიერება, ყოველი ადამიანი მას აღტაცებით მიეგებებოდა, როგორც მშობელს.

აგრე ადვილი არ ყოფილა თავისუფლების მიღებაო, წერდა დღიურში მარო და ქართველი ერის სრულ გამოფხიზლებას ელოდა. ამბობდა, როგორც ბუნებამ გაიღვიძა, ისე ქართველი ერიც იფშვნეტს თვალსო.

"1 წელი საქართველოს დამოუკიდებლობისა, მართლაც რომ, იშვიათი მოვლენაა. უღელი გადატყდა და თავისუფალი კისერი აღმართა ქართველმა, დადაგულმა და დაჩაგრულმა ერმა. რა მოგველის, ჯერ ძნელია თქმა".

ერთხელაც საკუთარ თავს დაუსვა კითხვა ცხოვრების მიზანთან დაკავშირებით და რამდენიმე დღეში თავადვე უპასუხა:

დღეს მივხვდი, რა არის მიზანი ცხოვრებისა. სამშობლოსთვის მუშაობა.


რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დაწყებისთანავე, მარო მეგობრებთან ერთად წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით გაემართა. 1921 წლის 19 თებერვალს, მას რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი კეფაში მოხვდა და დაიღუპა.

მის გარდაცვალებას, იქვე მყოფი იუნკერი, მიხეილ დადიანი ასე იხსენებდა: "შტაბის აივანზე იდგა და სრულიად დამშვიდებული უსმენდა არტილერიის ყუმბარების აფეთქებას, რომლებიც სულ ახლოს ეცემოდნენ შტაბთან. სჩანდა, რომ მათ სწორედ ის დუქანი ჰქონდათ მიზანში ამოღებული, სადაც გენერალ ანდრონიკაშვილის შტაბი იყო. პოლკოვნიკი ჩხეიძე გამოვიდა შტაბიდან და დაინახა მარო, რომელსაც მე ველაპარაკებოდი; უთხრა მას ახლავე დაბრუნებულიყო თბილისში. მარო ჩაჯდა სასანიტარო ორთვალაში და თბილისისაკენ დაეშვა, სულ ნახევარი კილომეტრი არ ჰქონდა გავლილი, რომ მტრის ყუმბარა ორთვალას მოხვდა და მარო იმსხვერპლა".