დედამიწის ბირთვში ქიმიური ელემენტები შესაძლოა, უცნაურ "სუპერიონურ" მდგომარეობაში იყოს
დედამიწის ქერქის დაბლა, სქელი მანტიისა და თხევადი გარეთა ბირთვის შიგნით, 1 220-კილომეტრიანი სფეროსებრი მატერიაა, რომელიც მეცნიერებს აქამდე მყარი ეგონათ. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ის შესაძლოა, "სუპერიონურ" მდგომარეობაში იყოს, ანუ თხევადსა და მყარს შორის გარდამავალ ფაზაში.
იქიდან გამომდინარე, რომ 6 371 კილომეტრ სიღრმეზე, ჩვენი პლანეტის ცენტრის სტრუქტურის შესასწავლად ჩასვლა წარმოუდგენელია, მის შემადგენლობას სეიმური ტალღების მეშვეობით ვავლენთ. ამის მიუხედავად, ძალზე ცხელი და მკვრივი შიდა ბირთვის ზუსტი მახასიათებლები დღემდე გამოცანად რჩება.
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, ის "რბილია" და მეორეული, იგივე S ტალღების დაბალი სიჩქარე გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მატერია მყარი რკინა ან მისი შენადნობი ვერ იქნება. ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე სპეციალისტების თქმით, საქმე შეიძლება სინამდვილეში სულ სხვა რამესთან გვქონდეს.
"ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ შიდა ბირთვის პირობების გავლენით, წყალბადი, ჟანგბადი და მჭიდროდ განლაგებული ექვსკუთხა (HCP) რკინა სუპერიონურ მდგომარეობაში გადადის, რაც თხევადი სუბსტანციის მსგავს, მაღალ დიფუზიურ კოეფიციენტს გვიჩვენებს", — ამბობენ გამოცემაში Nature გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები.
უკეთ რომ გავიგოთ, მაგალითად, სუპერიონურ წყალში მაღალი ტემპერატურა და წნევა მოლეკულებს შლის და ჟანგბადის იონებს აცალკევებს, რომლებიც ერთგვარ სიმყარეს ქმნის, წყალბადის იონები კი თხევადი ფორმით ნარჩუნდება.
სეისმური ტალღების კომპიუტერული სიმულაციების მიხედვით, დედამიწის გულში არსებულ რკინის შენადნობებში, ნახშირბადში, წყალბადსა და ჟანგბადში, იგივე პროცესები მიმდინარეობს. კერძოდ, რკინის ატომები უფრო მყარია და კრისტალური ბადისებრი სტრუქტურის სახითაა წარმოდგენილი, ხოლო დანარჩენი ელემენტების მოლეკულები მეტად თხევადია.
"შიდა ბირთვის საზღვრის მიმდებარედ რკინის გამყარება მსუბუქი ელემენტების გადაადგილებას არ აფერხებს, რის შედეგადაც იქ მათი კონვექცია უწყვეტად მიმდინარეობს", — აცხადებენ მეცნიერები.
კომენტარები