გამოავლინეს გენები, რომლებიც მცენარეებს 500 მილიონი წლის წინ ხმელეთის "დაპყრობაში" დაეხმარა
დიდ ბრიტანეთში მდებარე ბრისტოლისა და ესექსის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა გამოავლინეს გენები, რომელთა დახმარებითაც მცენარეებმა 500 მილიონზე მეტი წლის წინ ხმელეთი "დაიპყრეს". სპეციალისტებმა ეს უდიდესი გენეტიკური მონაცემთა ბაზის შესწავლის გზით მოახერხეს.
უკანასკნელი ასობით მილიონი წლის განმავლობაში მიწაზე მცენარეთა ევოლუციამ ჩვენი პლანეტის გამწვანება განაპირობა და სიცოცხლის მრავალფეროვნებას შეუწყო ხელი. ისინი გარემოსთან ადაპტაციას განიცდიდნენ, მაგალითად, უვითარდებოდათ ფესვები და ფოთლები, რისი მეშვეობითაც წყლის ათვისებისა და აორთქლების, ანუ ტრანსპირაციის მექანიზმები ჩამოუყალიბდათ. ზოგიერთი ასეთი ადრეული ფუნქციური დეტალი დღეს ერთდროულად გვხვდება, როგორც პაწაწინა ხავსებში, ასევე, უზარმაზარ ხეებში, რომლებიც კომპლექსურ ეკოსისტემებს ქმნის.
ამ ყველაფერზე მეტის გასაგებად, მკვლევრებმა მცენარეთა 532 სახეობის გენები ერთმანეთს შეადარეს, რათა მათგან ძველისა და ახლის დანიშნულება გაეანალიზებინათ. კერძოდ, ყურადღება ისეთ 218 გენზე გაამახვილეს, რომელიც მთავარ ევოლუციურ ცვლილებას უკავშირდება.
გამოცემაში New Phytologist გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ხმელეთის უძველესი მცენარეებისთვის აუცილებელი ნაწილები, მაგალითად, ბაგეები, რომელთა საშუალებითაც ისინი "სუნთქავენ", ახალ გენებთან ერთად წარმოიქმნა. შედარებისთვის, უფრო მოგვიანებით ფორმირებული ფესვები და გამტარი ქსოვილები უკვე არსებული გენების შეცვლის შედეგია.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ორგანიზმების მიერ სითხის ათვისების გენეტიკური საფუძვლების შესწავლა მარცვლეულის ისეთ მოდიფიკაციაში დაგვეხმარება, რომელიც მათ გვალვის მიმართ გამძლეს გახდის და წყლის საჭიროებას შეამცირებს. ეს კი გლობალური დათბობის პირობებში, საკმაოდ მნიშვნელოვანია.
კომენტარები