რა უნდა ვიცოდეთ ინტერნეტ თაღლითებისგან თავის დასაცავად
დღევანდელ რეალობაში ადამიანები ინტერნეტ სივრცეში ძალიან დიდ დროს ვატარებთ. კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ადამიანების სამუშაო გარემო კიდევ უფრო შეიცვალა და უმეტესობა ჩვენგანი დღეს დისტანციურად მუშაობს.
ინტერნეტის მომხმარებელთა ზრდასთან ერთად იზრდება ჰაკერებისა და თაღლითების რაოდენობაც. ალბათ, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოგსვლიათ შეტყობინება, facebook-ზე თვალში მოგხვედრით შეთავაზება რომელიც გაუწყებთ, რომ თქვენ ძალიან დიდი ფულის ან ძვირადღირებული სხვა ნივთისმოგება შეგიძლიათ. ამ ყველაფრის უკან თაღლითები დგანან და თქვენი მოტყუება სურთ. ასეთ ლინკებს ფიშერებს ვეძახით. თუ მათ გახსნით, ერთი შეხედვით სერიოზულ და სანდო საიტზე გადახვალთ. მეტიც, შეიძლება თქვენ ფეისბუქის ან გუგლის ყალბ გვერდზე აღმოჩნდეთ, რომელიც ვიზუალურად ორიგინალის იდენტურად გამოიყურება, თუმცა სხვაობა მისამართში იქნება და ის იმდენად შეუმჩნეველია, რომ ფიშერების მსხვერპლი ყოველდღიურად უამრავი ადამიანი თუ კომპანია ხდება.
ფიშინგის ამოსაცნობად მხოლოდ დაკვირვებულობა გვმართებს. თაღლითების ამოცნობა არც ისე რთულია, მთავარია რამდენიმე წესი მუდმივად დავიცვათ.
მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ კიბერდამნაშავეები საკმაოდ ჭკვიანები არიან და მათ ჩვენს მოსატყუებლად უამრავი გზა აქვთ, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებული რამდენიმე ხერხია — ფიშინგ ვებგვერდები, თაღლითური მეილები, თაღლითური მოკლეტექსტური მესიჯები და სატელეფონო ზარები ან უბრალოდ ფეიქ ფეიჯები სოციალურ ქსელებში.
ფიშინგ ვებგვერდები
ფიშინგ ვებგვერდების ნამდვილებისგან განსხვავება, ერთი შეხედვით, ძნელია. ჩვენ პირველ რიგში ლინკს უნდა დავაკვირდეთ და მის სისწორეში დავრწმუნდეთ. შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ ვებგვერდის დიზაინს, ემთხვევა თუ არა ის იმ გვერდს, სადაც გვინდა შესვლა ან უნდა დააკვირდეთ, ვისი სახელით მოგივიდათ მეილი. ეს მეტად საყურადღებო მაშინაა, როდესაც ინტერნეტ ბანკის ვებგვერდზე შევდივართ და იქ ჩვენი პირადი მონაცემები შეგვყავს. თუ მაინც შეიყვანეთ მონაცემები ყალბ გვერდზე, დააკვირდით ბანკიდან მოსულ გამაფრთხილებელ SMS შეტყობინებას, დააკვირდით ემთხვევა თუ არა შეტყობინებაში მითითებული მოწყობილობა იმ მოწყობილობას, რომლითაც სარგებლობთ.
თაღლითური მეილები
თაღლითური მეილები, ალბათ, ფიშინგის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დარწმუნებული ვარ თქვენი მეილის Spam განყოფილება გადავსებულია. იქ უამრავი ისეთი იმეილი ხვდება, რომელიც ჩვენთვის შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს. ასეთ დროს იმეილს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ზედმეტად მიმზიდველი შემოთავაზებები არასდროს არის რეალური. ერთი იმეილის მიღებით მილიონობით დოლარს ნამდვილად ვერ მოვიგებთ, თუ ეს იმეილი Facebook-ის, ამაზონის ან რომელიმე ბანკის სახელითაა გამოგზავნილი, მეტად სავარაუდოა, რომ თაღლითები თქვენგან სწორედ ამ კომპანიების ანგარიშების მითვისებას ცდილობენ. ასევე, დააკვირდით როგორი ენითაა დაწერილი მეილი, რადგან თაღლითები ხშირად გაუმართავი ინგლისურით ან ქართულით წერენ.
თაღლითური მოკლეტექსტური შეტყობინებები
თაღლითური მოკლეტექსტური მესიჯები და სატელეფონო ზარები პირადი მონაცემებისა თუ თანხების მისათვისებლად კიბერთაღლითებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა, თუმცა, ამ ხერხით ჩვენი მოტყუება, წესით, ყველაზე რთული უნდა იყოს. ის ადამიანები, ვინც სატელეფონო ზარით რაიმე ნივთის შეძენაში გარწმუნებენ, უმეტესწილად თაღლითები არიან. SMS-ების შემთხვევაში ხშირად სწორედ ისეთ ტექსტებს ვხვდებით, როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები. ასეთი მესიჯებისა თუ სატელეფონო ზარებისგან თავის ასარიდებლად, უბრალოდ უნდა დავაიგნოროთ და წავშალოთთ ისინი.
ფიშინგი სოციალურ ქსელებში
რაც შეეხება სოციალურ ქსელებს:
- პირველ რიგში დააკვირდით გვერდის ავთენტურობას. აუცილებლად შეამოწმეთ არის თუ არა ის ნამდვილი, ყავს თუ არა ბევრი გამომწერი, არის თუ არა ვერიფიცირებული და ა.შ.
- ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის, Google-ის საძიებო ველში რომელიმე კონკრეტული კომპანიის სახელით მოძებნის ნაცვლად, მისამართის ველში პირდაპირ აკრიფეთ ამ კომპანიის ვებგვერდის მისამართი;
- მობილური ტელეფონით საბანკო ოპერაციების განხორციელებისას ისარგებლეთ მობილბანკის აპლიკაციით;
- ნურასდროს ენდობით ისეთი გვერდებიდან მოსულ მესიჯებს, რომელთა სინამდვილეშიც დარწმუნებული არ ხართ.
აქვე, მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ თაღლითები დროდადრო აუმჯობესებენ და ხვეწენ იმ გზებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი მოტყუება სურთ. თაღლითებმა შეიძლება გამოასწორონ და დახვეწონ თავიანთი საკომუნიკაციო ენა, ან უბრალოდ რომელიმე საიტის იდეალური რეპლიკით შეგვაცდინონ.
ამიტომ, ყურადღება არასდროს უნდა მოვადუნოთ. ინტერნეტი ძალიან სწრაფად ფართოვდება და კიბერდანაშაულების რიცხვიც იმატებს, თუმცა თუ იმ ყველაფერს გაითვალისწინებთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს რისკები საგრნობლად შემცირდება.
კომენტარები