ჩინეთში ახალი რაკეტა შექმნეს, რომელიც ნიუ-იორკიდან პეკინამდე 1 საათში ჩაგიყვანთ
ჩინური საავიაციო-კოსმოსური ფირმა Space Transportation "ფრთიან რაკეტას" ქმნის, რომელიც, კოსმოსურ ტურიზმთან ერთად, დედამიწაზე სწრაფი მგზავრობისთვისაც გამოდგება.
Space.com-ის უწყებით, მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი საშუალებას მოგვცემს, დედამიწაზე სუბორბიტული ფრენის საშუალებით ნებისმიერ ადგილას სწრაფად ჩავიდეთ.
Space Transportation-ის ვებსაიტზე განთავსებულ სიმულაციაში ვხედავთ, რომ იგი უზარმაზარ სამკუთხა ფრთაზეა მიმაგრებული, რომელსაც ორი დიდი სასტარტო ძრავა აქვს. ხომალდი ფრთას შორდება და სუბორბიტული სივრცისაკენ მიფრინავს, რის შემდეგაც ფრთა დედამიწაზე უსაფრთხოდ ეშვება, საფრენი აპარატი კი დანიშნულების ადგილისაკენ განაგრძობს სვლას. ადგილზე ჩაღწევის შემდეგ იგი ვერტიკალურად ეშვება, ამისათვის კი SpaceX-ის Falcon 9-ის დაშვებებისას გამოყენებულის ანალოგიურ მეთოდს მიმართავს.
"სწრაფი, პირდაპირი ტრანსპორტირებისთვის ფრთიან რაკეტას ვქმნით, რომელიც სატელიტების გადამტან რაკეტებზე იაფი და ტრადიციულ თვითმფრინავებზე სწრაფი იქნება", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა The Yicheng Times-თან ინტერვიუში.
კომპანიის ვებსაიტზე დაყრდნობით, კოსმოსური ხომალდი დაახლოებით 4 184 კმ/სთ სიჩქარით — კონკორდზე ორჯერ სწრაფად — იმოძრავებს და, თეორიულად, ნიუ-იორკიდან ლონდონამდე დაახლოებით ერთ საათში ჩავა.
Space Transportation-ში აცხადებენ, რომ 2023 წლისთვის ტესტირებები მიწაზე ჩატარდება, პირველი სატესტო გაფრენა კი — 2024 წელს, რის შემდეგაც ეკიპირებული ფრენა უკვე 2025 წელს შედგება.
ჯერ კიდევ 2017 წელს მსგავსი კონცეფცია, სახელად Earth to Earth, ილონ მასკის SpaceX-მაც შემოგვთავაზა. კომპანია იუწყებოდა, რომ ერთი ქალაქიდან მეორეში მგზავრების გადასაყვანად Starship-ის ახალ რაკეტებს გამოიყენებდნენ და მგზავრებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში ერთ საათზე ნაკლებ დროში გადაიყვანდნენ, თუმცა იდეის გამხელის შემდეგ SpaceX-ისგან ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი აღარაფერი გვსმენია.
კოსმოსურ ხომალდებს კომპანია Virgin Galactic-იც იყენებს, რომელმაც ახლახან მისი აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ბრენსონი და სხვა მგზავრები კოსმოსური ტურიზმის ფარგლებში სუბორბიტულ სივრცეში გაგზავნა. ტექნოლოგიას ამჟამად მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები თუ გასწვდებიან, თუმცა, დიდი ალბათობით, შემდეგ ათწლეულში სუბორბიტული სივრცისაკენ მეტ და უფრო იაფ ფრენას ვიხილავთ.
კომენტარები