ჰომოფობიური სიძულვილის ენის ზრდა აზერბაიჯანში
მაშინ, როცა აზერბაიჯანში მედია პოლიტიკოსებსა და ცნობილ ადამიანებს ჰომოფობიური განცხადებებისთვის პლატფორმას უთმობს, აქტივისტები ქვიარ ადამიანებისთვის სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად იბრძვიან.
ბოლო თვეებში Instagram ინფლუენსერმა, სევინჯ ჰუსეინოვამ აზერბაიჯანში ქვიარ ადამიანების მიმართ ძალადობრივი მოწოდებები გააჟღერა. მისი განხილვების ერთ-ერთ სამწუხარო თემად ტრანსგენდერი ქალი, ნურეი იქცა — ჰუსეინოვამ მას საქორწილო კაბის ჩაცმის გამო დასცინა.
ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ბაქოში, გარადაღის რაიონში ნურეის დამწვარი ცხედარი იპოვეს.
ამ ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტმა, ავაზ ჰაფიზლიმ აზერბაიჯანულ მედიაში სიძულვილის ენა დაგმო და შედეგად, განხილვის საგნად თავადაც იქცა — ჰუსეინოვამ მას სექსუალური ორიენტაციის გამო დასცინა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ, რაც ინფლუენსერის სამიზნე გახდა, მისი ცხოვრება გართულდა, ოჯახის წევრებმა უარყვეს და მიატოვეს.
"ჩემი ოჯახი ძალიან მენატრება, თუმცა მათ ნახვას უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ".
ჰუსეინოვა არ არის დიდი გავლენის მქონე ერთადერთი პირი, რომელიც აზერბაიჯანში ქვიარ ადამიანებს ერჩის.
აზერბაიჯანში სიძულვილის ენის გამოსაკვლევად, OC Media-მ 2015 წლიდან მოყოლებული ის მაგალითები გააანალიზა, რომლებიც საჯარო პირებს ეკუთვნით.
ინტერნეტში სხვადასხვა ჰომოფობიური განცხადებისა თუ ცნობილი ჰომოფობების ძებნის შედეგად, შემდგომი დაკვირვებისთვის სიძულვილის ენის შემცველი 100 ყველაზე სერიოზული მაგალითი შეირჩა.
მასში მოხვდა 65 პოლიტიკოსი, 23 ცნობილი ადამიანი, არასამთავრობო ორგანიზაციის 5 წარმომადგენელი და 7 სხვა პროფესიის მქონე პირი, მათ შორის, გამოჩენილი ფსიქოლოგი, სოციოლოგი და ა.შ.
ქვიარ ადამიანების მიმართ ზოგად დამოკიდებულებაში ძალიან ბევრი მსგავსება დაფიქსირდა, მათ შორის, ტენდენცია, რომ ქვიარობა "ამორალური პოლიტიკური თამაში" და დასავლეთის მიერ შექმნილი "დესტრუქციული ძალაა", რომელიც აზერბაიჯანის ღირებულებებს იღებს მიზანში.
შერჩეული მაგალითებიდან 88% პროსამთავრობო მედიასაშუალებებზე გამოქვეყნდა, 12% — დამოუკიდებელი მედიის მიერ. 50-ზე მეტმა პროსამთავრობო გამოცემამ გააშუქა ინტერვიუები, რომლებიც აზერბაიჯანში ქვიარ ადამიანებს ეხებოდა.
სიძულვილის ენა პოლიტიკაში
ამ ნიმუშებიდან ნათელია, რომ სიძულვილის ენა განსაკუთრებით შესამჩნევია პოლიტიკაში. მაგალითები მოიცავს 31 ყოფილ თუ მოქმედ დეპუტატს, პარტიების 26 და მთავრობის 8 წარმომადგენელს.
მაგალითად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 2019 წელს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას ქვიარფობიური განცხადებები გააკეთა.
პრეზიდენტის განცხადებები ქვეყნის წამყვანმა პოლიტიკურმა ლიდერებმაც გაიმეორეს, მათ შორის, პარტია თანამედროვე მუსავათის თავმჯდომარემ, ჰაზიფ ჰაჯიევმა. მან თქვა, რომ ქვიარ ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ.
თეთრი პარტიის თავმჯდომარემ, ტურალ აბასლიმ ბოლო ორი წლის განმავლობაში, სულ მცირე, 6 ჰომოფობიური განცხადება გააკეთა — მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ქვიარ ადამიანებს მხარს არ უჭერს და ეს "ეროვნულ მორალურ ღირებულებებს" ეწინააღმდეგება.
ერთ-ერთ ინტერვიუში აბასლიმ ევროპული გავლენა აზერბაიჯანში ქვიარ ადამიანების უფლებებს დაუკავშირა.
ამასთან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ტაჰირ კარიმლიმ მის ოფისთან ნურაის მკვლელობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია დაგმო.
ცნობილი ადამიანები, რომლებიც სიძულვილის ენის ზრდას ხელს უწყობენ
პოლიტიკური სფეროს გარეთ, ალიევის კომენტარების შემდეგ, არაერთ ცნობილ ადამიანსა და საჯარო ფიგურას შეუტანია თავისი წვლილი. მათ შორისაა ცნობილი მსახიობი, რასიმ ბალაიევი, რომელმაც ინტერვიუში ალიევის განცხადებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
2019 წლის ივლისში ტელეწამყვანმა, ილგარ მიქაილოღლუმ Facebook-ზე ხალხს ქვიარ ადამიანების "განადგურებისკენ" მოუწოდა, მას შემდეგ, რაც ვიდეო თამაშში ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით საკითხს გადააწყდა.
იმავე წელს აზერბაიჯანის სახალხო არტისტმა, შერიხ აბდულ მაჰმუდოვმა ადგილობრივ ტელევიზიაში განაცხადა, რომ გეი ხალხი უნდა დახვრიტონ.
თემის საპასუხო ბრძოლა
ქვიარ საკითხებზე მომუშავე QueeRadar-ის ანგარიშის თანახმად, სიძულვილის ენასთან დაკავშირებულმა მსგავსმა ინციდენტებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა.
ანგარიშის თანაავტორი, ლეილა ჰასანოვა ვარაუდობს, რომ ამან აზერბაიჯანში 2017 წლის შემდეგ ქვიარ აქტივიზმის ზრდაც გამოიწვია.
"რაც უფრო მეტ ზეწოლას ახდენ საკითხზე, ის მით უფრო დიდ რეაქციას იწვევს. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს საკუთარ თავს, მით უფრო მეტად განიცდიან ისინი ზეწოლას", — თქვა მან.
ჰასანოვას თქმით, არაეთიკურია, როცა ჟურნალისტები ქვიარ თემებზე სასაუბროდ იმ ადამიანებს უკავშირდებიან, რომლებსაც ქვიარ საკითხებზე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ.
მისი განცხადებით, როცა ქვიარების ცხოვრებას საჯარო კომენტარებისთვის ხდი ღიას, ამით მათ სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ უფლებებს ართმევ:
"თითქოს ყველას შეუძლია ისაუბროს და გადაწყვიტოს ყველაფერი, რაც ქვიარ ადამიანების ბედს და ცხოვრებას ეხება — სად და როგორ იცხოვრონ, რა სოციალურ-პოლიტიკური საკითხები უნდა იყოს მათთვის ხელმისაწვდომი".
ორგანიზაციის მონაცემები ქვიარ ადამიანებზე ძალადობრივი თავდასხმების მაღალ მაჩვენებელსა და პოლიტიკოსების დისკრიმინაციული განცხადებების სიხშირეს ეფუძნება.
ადვოკატის, ემინ აბასოვის განცხადებით, ქმედებები, რომელიც მიმართულია ეროვნული, რასობრივი, სოციალური თუ რელიგიური სიძულვილის გაღვივებისკენ აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლით ისჯება.
"ეს მუხლი ადგენს, რომ ქმედებები, რომლებიც ჩადენილია ძალის გამოყენებითა და მუქარით, ასევე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უფრო მკაცრად ისჯება", — ამბობს ის.
თუმცა სოციალურ მედიებში სიძულვილის ენის შემთხვევებს, როგორც ჩანს, ხელისუფლება არაფრად აგდებს.
ნურაის გარდაცვალებისა და ჰომოფობიური განცხადებების ზრდის შემდეგ, ადგილობრივმა აქტივისტებმა 283-ე მუხლში გათვალისწინებულ "სოციალურ ჯგუფში" ქვიარ ადამიანების ჩართვის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართეს.
მათგან მხოლოდ გულნარა მეჰდიევა დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და უთხრეს, რომ ქვიარ ადამიანების სოციალურ ჯგუფად კლასიფიცირებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.
მეჰდიევას მიაჩნია, რომ სიძულვილის ენის ეს ფორმა კრიმინალიზებული უნდა იყოს. მისი თქმით, ავტორიტეტის მქონე საჯარო ფიგურები მომავალი თაობების აზრების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ.
"სიკვდილისკენ მოწოდებები ან უმიზეზოდ ჯგუფის თავიდან მოშორება, ჩემი აზრით, დანაშაულად უნდა ჩაითვალოს. ამ ადამიანებს კულტურული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები