1917 წლის რუსეთის რევოლუცია: ქვიარების მოკლეხნიანი თავისუფლების ისტორია
1921 წლის იანვარში რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტის მეზღვაურმა, აფანასი შაურმა პეტროგრადში ექსტრაორდინარული გეი ქორწილი გადაიხადა.
სტუმრებში, არმიის 95 ყოფილ ოფიცერთან ერთად, არმიისა და ფლოტის დაბალი რანგის სამხედროებიც შედიოდნენ. ცერემონიას ესწრებოდა ერთი ქალიც, რომელიც კაცის კოსტიუმში იყო გამოწყობილი.
ქალაქს მსგავსი რამ არასდროს ენახა.
შაურს ქორწილის ორგანიზებისას ძალ-ღონე არ დაუშურებია, რადგან შიშობდა, რომ უბრალო წვეულებაზე არავინ ესტუმრებოდა. მან სწორად ივარაუდა, რომ ტრადიციული რუსული ქორწილის ცდუნებას — თავისი პურის და მარილის მირთმევის წეს-ჩვეულებით, მშობლებისგან დალოცვის მიღებით და ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი კონცერტით — ცოტა თუ გაუძლებდა.
იმ პერიოდისთვის რუსეთში სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებს მცირე ხნით ტოლერანტულ გარემოში ცხოვრებით ტკბობის საშუალება მიეცათ. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა ქვეყნის კანონმდებლობა თავიდან დაწერეს. 1922 და 1926 წლებში მათ ორი კონსტიტუცია შეადგინეს — ორივე მათგანიდან ამოღებული იყო კანონი, რომელიც გეი კაცებს შორის სექსს კრძალავდა.
თუმცა ქორწილი პეტროგრადში (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგი) სულაც არ იყო ის, რაც გარედან ჩანდა.
აფანასი შაური რეალურად საიდუმლო პოლიციის თანამშრომელი გახლდათ. დღის ბოლოს კი ყველა სტუმარი დააპატიმრეს. როგორც აღმოჩნდა, შაურმა ეს ყველაფერი იმისთვის მოაწყო, რომ უფროსების მოწონება დაემსახურებინა. მან განაცხადა, რომ ეს ყოფილი ჯარისკაცები კონტრრევოლუციონერები იყვნენ და წითელი არმიის შიგნიდან განადგურებას ცდილობდნენ.
შაურის დიდი მცდელობების მიუხედავად, მისი ბრალდებები არ დამტკიცდა. საქმე დაიხურა და "კონტრრევოლუციონერები" სახლში შეშინებულები გაუშვეს.
როგორ ცნობდნენ "თავისიანებს"
გეი კაცები იატაკქვეშა საზოგადოების ნაწილი რუსეთის რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე იყვნენ. ისინი ერთმანეთს მოდის "საიდუმლო ენით" ცნობდნენ. სანქტ-პეტერბურგში ზოგი წითელ ჰალსტუხს ატარებდა, ზოგიც — წითელი შალის შარფს, რომლებზეც შარვლის უკანა ჯიბეს აკერებდნენ. დანარჩენები სახეზე ფერუმარილს იდებდნენ და წამწამებზე ტუშს ისვამდნენ.
რევოლუციის შემდეგ "მუნჯი ფილმის ვარსკვლავის ესთეტიკა", რომელიც მსგავს მაკიაჟსაც მოიაზრებდა, ფართო საზოგადოებაში გავრცელდა. შესაბამისად, ეს სტილი აღარ იყო მხოლოდ ახალგაზრდა გეებისათვის. ამასთან, რევოლუციითა და სამოქალაქო ომით გამოწვეული რთული პერიოდის დროს გეი კაცებს, ევროპაში მცხოვრებთა საპირისპიროდ, აღარ ჰქონდათ გლამურული ტანსაცმლისა და ძვირფასი აქსესუარების მორგების საშუალება.
ლეგალური, თუმცა დევნილი
ბოლშევიკებზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინა გერმანელმა მეცნიერმა, მაგნუს ჰირშფელდმა, რომელმაც ბერლინში სექსოლოგიის ინსტიტუტი დააარსა. ჰირშფელდი საჯარო გამოსვლებს ხშირად აწყობდა. ის საუბრობდა თავის რწმენაზე, რომ ჰომოსექსუალობა არ არის ავადმყოფობა, არამედ — ადამიანის სექსუალობის ბუნებრივი გამოვლინება.
თუმცა, მართალია, 1920-იანი წლების კონსტიტუცია აღარ კრძალავდა გეი კაცებს შორის სექსს, მაგრამ ამ სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს მაინც დევნიდნენ. გეი კაცებზე ხშირად ფიზიკურად ძალადობდნენ, მათ აშანტაჟებდნენ და სამსახურებიდან უშვებდნენ.
ამ ადამიანთაგან ზოგი თავის უკანასკნელ იმედად ფსიქიატრ ვლადიმერ ბეხტერევს მიიჩნევდა და მას გულწრფელ წერილებს უგზავნიდა. ისინი ამ წერილებში თავიანთ განცდებზე დაუფარავად ჰყვებოდნენ და სთხოვდნენ ბეხტერევს, დეპრესიასთან გამკლავებაში და ზოგჯერ "დაავადებისგან განკურნებაშიც" კი დახმარებოდა.
ეს წერილები და სხვა დოკუმენტები ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები საოცრად მამაცნი იყვნენ — ზოგიერთი ქალის ტანსაცმელსა და კორსეტებს ირგებდა და გრძელ თმას ატარებდა.
"არისტოკრატები" და "უბრალო ხალხი"
რაც უნდა უცნაური იყოს, მართალია, რევოლუციამ კლასობრივი დაყოფა აკრძალა, თუმცა გეი კაცები განსხვავებულ სოციალურ ფენებს მაინც მიეკუთვნებოდნენ. რუსეთში ორი გეი საზოგადოება არსებობდა და მათი წევრები ერთმანეთში იშვიათად ირეოდნენ.
ერთი კლასი "არისტოკრატებისა" იყო — ესენი იყვნენ ინტელიგენციისა და დიდგვაროვნების წარმომადგენლები, თანამდებობის პირები, ცარისტული არმიისა და ფლოტის ოფიცრები. მეორე თემი კი "უბრალო" იყო (სახელი, როგორც ჩანს, "არისტოკრატებმა" მოიფიქრეს). ის ჯარისკაცებისა და მეზღვაურებისაგან შედგებოდა — ადამიანებისაგან, რომლებიც არც რევოლუციამდე და არც მის შემდეგ სანქტ-პეტერბურგის მოდური სალონების სასურველი სტუმრები არ ყოფილან.
1920-იან წლებში გერმანული ტრავესტი — თეატრი, სადაც კაცები ქალის ტანსაცმელში ეწყობიან და პირიქით — საბჭოთა კავშირის გეი კაცებში პოპულარული გახდა. განსაკუთრებული სიყვარულით ჰანსი შტურმი — ბერლინის ღამის კლუბ ელ დორადოს ვარსკვლავი — სარგებლობდა. "არისტოკრატები" თავიანთ გრანდიოზულ წვეულებებზე იშვიათად თუ პატიჟებდნენ კაცებს "უბრალო" კლასიდან, თუმცა იმ მსახიობებს, რომლებიც ქალის ტანსაცმელში იმოსებოდნენ, კლასობრივი ნიშნით არ ზღუდავდნენ.
ისინი ვარსკვლავები გახდნენ და ისეთ ადამიანებს განასახიერებდნენ, როგორიც ცნობილი ბალერინა მატილდა კშესინსკაია იყო, რომელიც ნიკოლოზ მეორის საყვარელიც გახლდათ.
ხელოვანი რუსი გეი კაცების გარდერობი პროფესიონალი მკერავების მიერ შექმნილი ულამაზესი კოსტიუმებისაგან შედგებოდა. ისინი ამ სამოსს პეტროგრადის ცნობილი მკერავისგან, ლეიფერტისგან ქირაობდნენ ან პირდაპირ შეკვეთით აკერვინებდნენ. რევოლუციამდე ლეიფერტი სამეფო კარს ამარაგებდა სამოსით და მარიინსკის თეატრის მოცეკვავეების კოსტიუმების შემქმნელი იყო.
და მერე ყველაფერი დასრულდა
აფანასი შაურის გეგმის — გამოეჭირა "კონტრრევოლუციონერები" გასაოცარი გეი ქორწინების ცერემონიალით — ჩაშლის შემდეგ, 1920-იან წლებში მსგავსი გახმაურებული გეი ქორწინებები ან დაჭერები აღარ ყოფილა.
იმისდა მიუხედავად, რომ ოფიციალურად ჰომოსექსუალიზმისადმი სახელმწიფო ტოლერანტული იყო, 1930-იანებში ამ ადამიანებმა თავისუფლება ეტაპობრივად დაკარგეს.
1933 წლის ივლისში 175 გეი კაცი დააკავეს, რასაც შემდეგ "ლენინგრადის ჰომოსექსუალების საქმე" დაერქვა. საქმის დეტალები დღემდე კლასიფიცირებული ინფორმაციაა, თუმცა ცნობილია, რომ დაკავებულებს პატიმრობა სხვადასხვა ბრალდებით მიესაჯათ — იქნებოდა ეს ბრიტანელების ჯაშუშად მუშაობა, კონტრრევოლუციური ქმედებები თუ "წითელი არმიის მორალური გადაგვარების" მცდელობა.
ბევრი მიიჩნევს, რომ შაურის "ქორწილმა" დიდი როლი ითამაშა ამაში. საიდუმლო პოლიციას არ დავიწყებია მისი ის ბრალდება, რომ "სოდომისტები არმიასა და ფლოტს რყვნიდნენ".
ამგვარი შეხედულება 1930-იანების დასაწყისში ხელახლა გამოითქვა, რასაც საიდუმლო პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით ჩამორთმეული აღიარებებიც დაერთო.
"ლენინგრადის ჰომოსექსუალების საქმეს" 1934 წელს იმ კანონის დაბრუნება მოჰყვა, რომელიც ჰომოსექსუალიზმს არალეგალურს ხდიდა. და ასე დასრულდა გეი უფლებებისადმი რუსეთის ხანმოკლე ტოლერანტობის ისტორიაც.
კომენტარები