Inverse-ის ინტერვიუში არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კლაუს ლაკნერი მის მექანიკურ ხეებზე მოგვითხრობს და CO2-ის (ნახშირორჟანგი) პირდაპირ ჰაერიდან გამოცალკევების მომავალს მიმოიხილავს. მეთოდი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ემსახურება.

"ეს ქიმიური ფისით დაფარული დისკოების მაღალი, ვერტიკალური სვეტებია, დაახლოებით 1.5 მ დიამეტრის. დისკოები დაახლოებით 5 სანტიმეტრითაა დაშრებული ერთმანეთისგან", — აღწერა ხეები ლაკნერმა — "ჰაერის შედინებისას დისკოების ზედაპირი CO2-ს ისრუტავს. დაახლოებით, 20 წუთის შემდეგ ისინი უკვე სავსეა და ქვემოთ მოთავსებულ კასრში ეშვება. შიგნით წყალსა და ორთქლს ვუშვებთ, რათა CO2 დახურულ გარემოში გამოთავისუფლდეს".

ASU-მ ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში გვაუწყა, რომ ლაკნერმა CO2-ის გამოცალკევების ტექნიკაზე სამუშაოდ ენერგიის დეპარტამენტისგან 2,5 მილიონი დოლარი დაფინანსება მოიპოვა. ამ დროს იგი სამი ფერმის აშენებას გეგმავდა, რომელიც დღიურად ათას ტონა CO2-ს შთანთქავდა. Inverse-ს თუ დავეყრდნობით, პირველი ასეთი ფერმა წელს, აპრილში გაიხსნება.

ლაკნერის ინტერვიუდან ისიც იკვეთება, რომ გლობალური დათბობის შემცირებისათვის განკუთვნილი ტექნოლოგიები იდეალურისგან ძალიან შორსაა. მან აგვიხსნა, მექანიკური ხეები სხვა პროექტებთან შედარებით ნაკლებ ენერგიას გამოიყენებს, თუმცა იმაზეც გაგვაფრთხილა, რომ ნახშირბადის შენახვის ტექნიკების დახვეწა მაინც უმნიშვნელოვანესი საკითხია — შენახული ნახშირბადის გამოთავისუფლების შემთხვევაში მომდევნო თაობებს მოუწევთ ბრძოლა. ლაკნერს ენერგიის დეპარტამენტის მიდგომაც ანაღვლებს.

"ისე იქცევიან, თითქოს ტექნოლოგია უკვე მზად იყოს. მას შემდეგ, რაც საკითხი 30 წლის განმავლობაში იყო უყურადღებოდ, ასე უბრალოდ ვერ ვიტყვით, რომ კომპანიებმა ამის გაკეთება იციან, ჩვენ კი მხოლოდ ბიძგის მიცემაღა დაგვრჩენია. Climeworks-ი უდიდესი კომპანიაა, რომელიც პირდაპირ გამოცალკევებას კომერციულად ეწევა და თითო ტონა CO2-ს დაახლოებით 500-1000 დოლარად ყიდის. ეს ძალიან ძვირია".

ამჟამად არსებულ ეკომეგობრულ მეთოდებს, ჯერჯერობით, არაერთი დადებითი თუ უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა, თუკი სრულყოფილებაზე წინ პროგრესს დავაყენებთ, ადრე თუ გვიან, დედამიწის გადასარჩენად უკეთესი ტექნოლოგიების შექმნასაც შევძლებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.