წარმატებული საინვესტიციო პორტფელის შექმნა ბევრ ადამიანს სურს, თუმცა უმეტესობამ არ იცის, საიდან დაიწყოს. მათთვის, ვისაც ჯერ საინვესტიციო ანგარიში არ გაუხსნია და ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ თეორიულ მასალებს ეცნობა, მსოფლიოს წამყვანი ინვესტორების რჩევები საინტერესო უნდა იყოს.

ამ სტატიაში ინვესტორების, ექსპერტებისა და ამ საქმეში კარგად ჩახედული ადამიანების რჩევებზე გიყვებით, რომლებმაც ინვესტირების ფასი კარგად იცოდნენ და იციან.

ბაზარზე სიტუაცია ხშირად იცვლება, თუმცა ეს რჩევები მარადიულია და აქტუალობას არასდროს კარგავს.


1. "ინვესტიციის განხორციელებას 4-წლიანზე მცირე პერსპექტივით არ უნდა შეხედო, ამ საქმეში მინიმუმ 10-15 წლით უნდა ჩაერთო" — ჯიმ როჯერსი.

როცა საქმე ფულის დაბანდებას ეხება, აქ დროითი ჰორიზონტის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გაიხედე შორს და შექმენი დაბალანსებული პორტფელი — ეს ანგარიშგასაწევ ინვესტორად გაქცევს და, რაც მთავარია, შემოსავლებს გაგიზრდის.


2. "მე გეტყვი როგორ გამდიდრდე. დახურე კარი. შეშინდი, როცა სხვები ხარბები იქნებიან და იყავი ხარბი, როცა სხვები შეშინდებიან" — უორენ ბაფეტი.

ბაფეტი გვირჩევს, არ ავყვეთ ბაზრის პანიკას — არც აღმავლობისას და არც დაღმავლობისას. ინვესტორს უნდა შეეძლოს, იაფად იყიდოს და ძვირად გაყიდოს.


3. "ისტორია წარსულის და აწმყოს უკეთ გააზრების საშუალებასა და მომავლის გეგმების დასახვის შესაძლებლობას გვაძლევს" — კარლოს სლიმ ჰელიუ.

ამ სფეროში წარსულის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, შეხედეთ კრიზისების პერიოდს, როდესაც ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი შემცირდა — ამ დროს ინვესტორთა ნაწილი პანიკამ მოიცვა. თუმცა ყველა დაღმავალ პერიოდს აღმავლობა მოჰყვა, რამაც ინვესტორთა ის ნაწილი ახეირა, რომლებმაც ეს კრიზისები შესაძლებლობებად აქციეს.


4. "მთავარი ის კი არ არის, გადაწყვეტილებების მიღებისას მართალი ხარ თუ მტყუანი — მთავარია რამდენს გამოიმუშავებ, როდესაც მართალი ხარ და რამდენს კარგავ, როცა ცდები", — ჯორჯ სოროსი.

საკუთარი გადადგმული ნაბიჯები შედეგებით უნდა გაზომო. მითუმეტეს, როდესაც საქმე ფულს ეხება, იმის დადგენა სწორი ნაბიჯი გადადგი თუ შეცდი, ძალიან მარტივია.


5. "ნუ ეძებ ნემსს თვის ზვინში, უბრალოდ მთლიანი ზვინი იყიდე"— ჯონ ბოგელი.

ამ ხატოვანი გამონათქვამის უკან საკმაოდ პრაქტიკული ნაბიჯი იგულისხმება, რაც ინდექს ფონდში ინვესტირებას გულისხმობს. ამ დროს ყიდულობ ფონდის წილს, რომელიც კონკრეტულ ინდექსს მიყვება. ამგვარ ინვესტირებას განსაკუთრებით დამწყებ ინვესტორებს ურჩევენ ხოლმე.

ფოტო: Jack Daly / Dribbble


6. "7-ფუტიან წინაღობებს არ ვეძებ, რათა გადავახტე — მე მხოლოდ 1 ფუტზე შემიძლია ახტომა" — უორენ ბაფეტი.

საკუთარი თავის მიმართ გადაულახავი წინაღობების შექმნამ საქმე შესაძლებელია გაართულოს. სწორედ ამიტომ, საკუთარი შესაძლებლობები ჯეროვნად უნდა შეაფასო.


7. "საფონდო ბირჟა სავსეა ადამიანებით, რომლებმაც იციან ყველაფრის ფასი, თუმცა არ იციან არაფრის ღირებულება" — ფილიპ ფიშერი.

ფიშერი იმისკენ მიანიშნებს, რომ ინვესტირებისას კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ვიდრე ფულს აქციებში დააბანდებ, სიღრმისეული კვლევა უნდა ჩაატარო.


8. "ინვესტირებაში რაც კომფორტულია, იშვიათად არის მომგებიანი" — რობერტ არნოტი.

აქ საუბარია იმაზე, რომ ხშირად კომფორტის ზონის დატოვება აუცილებელია, რათა წარმატებას მიაღწიო. იცოდე, სად გადის შენი კომფორტის ზონის საზღვრები და ხშირად იზრუნე მის დატოვებაზე.


9. "რამდენ ადამიანს იცნობთ, რომელიც შემნახველ ანგარიშებზე თანხის დადებით გახდა მილიონერი?" — რობერტ ალენი.

შემნახველ ანგარიშებს, რომლებსაც ჩვენში ანაბრებს ვეძახით, საკუთარი, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ — მოგიტანონ სტაბილური, თუმცა შედარებით მცირე შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ სადეპოზიტო ანგარიშები საუკეთესო ადგილია გადაუდებელი დახმარების ფონდის შესანახად.


10. "ინდივიდუალურმა ინვესტორმა უნდა იმოქმედოს თანმიმდევრულად და არა როგორც სპეკულანტმა" — ბენ გრაამი.

შენ ხარ ინვესტორი და არა წინასწარმეტყველი. მიიღე ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და გადადგი გაანალიზებული ნაბიჯები.

ფოტო: Xiyong Li / Dribbble


11. "გამბედაობამ მასწავლა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ღრმაა კრიზისი, კარგ ინვესტიციას მოგება საბოლოოდ მაინც მოაქვს" — კარლოს სლიმ ჰელუ.

კრიზისები ინვესტირების ნაწილია. როდესაც ინვესტირება გააზრებულად, კვლევაზე დაფუძნებით არის განხორციელებული, ის საკუთარ საქმეს მაინც შეასრულებს და მოგებას მოიტანს.


12. "იცოდე, რას ფლობ და რატომ" — პიტერ ლინჩი.

საინვესტიციო პორტფელი არ შეიძლება იყოს სტატიკური რამ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მისი გადაფასება საჭიროა.


13. "ფინანსური სიმშვიდე მოაქვს იმის სწავლას, როგორ ვიცხოვროთ იმაზე ნაკლები ფულით, ვიდრე გამოვიმუშავებთ — ეს საშუალებას მოგცემს, დააბანდო ფული ინვესტიციებში" — დეივ რემზი.

დიახ, ფინანსებში დაზოგვა მნიშვნელოვანია, რამდენსაც არ უნდა გამოიმუშავებდე. ეს ფინანსური სტაბილურობის მიღწევისა და უზრუნველი საპენსიო პერიოდის გატარების საშუალებას მოგცემს.

ფოტო: Pixel True / Dribbble


14. "ინვესტირება უნდა ჰგავდეს იმას, როგორ შრება ნახატი, ან როგორ იზრდება ბალახი — თუ გართობა გსურს, აიღე ფული და წადი ლას ვეგასში" — პოლ სამუელსონი.

თუ ინვესტირებას როგორც აზარტს შეხედავ, ამან შესაძლებელია პრობლემების წინაშე დაგაყენოს. ეს საქმე გააზრებას, დაგეგმვასა და მოთმინებას ითხოვს.


15. "თუ არ ხართ მზად, რომ რეცესიისას ბაზარი დაეცემა, არ ხართ მზად ინვესტირებისთვის" — პიტერ ლინჩი.

ისტორია აჩვენებს, რომ ეკონომიკას ციკლურობა ახასიათებს. ყველა დაღმავალ პერიოდს აღმავლობა მოსდევს — ამიტომ, ამისთვის მზად უნდა იყო.


ახლა, როცა აშშ-ის წამყვანი კომპანიების აქციების ყიდვა პირდაპირ მობილბანკით არის შესაძლებელი, ამ საქმით დაინტერესება ნამდვილად ღირს. აქვე უნდა ითქვას, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილი კვლევის ჩატარებაა რეკომენდებული.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.

თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.