როგორ გაჩნდა დედამიწაზე ჟანგბადი?
დღესდღეობით დედამიწის ატმოსფეროს შემადგენლობაში 21 პროცენტი ჟანგბადს უკავია, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო.
ჩვენი პლანეტის აირადი გარსი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყალიბდებოდა. დაახლოებით 4.6 მილიარდი წლის წინ ის ისეთ მატერიას აერთიანებდა, რომლის მსგავსიც ვულკანების ამოფრქვევის შედეგად გამოიყოფა. ასეთია ნახშირორჟანგი, გოგირდწყალბადი, მეთანი და ა.შ.
ეს დედამიწის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე პერიოდი იყო, რადგან მის შიგნით აქროლადი ნივთიერებები ირეოდა, ხშირად გვეჯახებოდა ცივი კოსმოსური ობიექტები, რომელთაც აქ ახალი სუბსტანციები ჩამოჰქონდა. მსგავსი კატასტროფების გავლენით ცხელდებოდა ციური სხეულის ზედაპირიც, რაც ნებისმიერ ტენს აქრობდა და გაუსაძლის სიცხეს განაპირობებდა.
როდის გაჩნდა დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადი?
4.3 მილიარდი წლის წინ ყველაფერი შეიცვალა, პლანეტა შედარებით გაცივდა და ასტრონომიული სხეულების შემოტევებმაც იკლო. წყალი უკვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნარჩუნდებოდა, რამაც სხვადასხვა გეოქიმიურ რეაქციას შეუწყო ხელი და სქელი ატმოსფერო წარმოქმნა, რომელიც უმეტესწილად ნახშირორჟანგსა და აზოტს შეიცავდა. ვულკანური აქტიურობისას ამა თუ იმ რეგიონში ჟანგბადი უკვე ფიქსირდებოდა, მაგრამ მალევე ქრებოდა. ასე გაგრძელდა 1 მილიარდი წელი.
ასევე, იხილეთ: რა მოცულობის წყალს იტევს დედამიწის ატმოსფერო?
მიუხედავად იმისა, რომ ორგანული მატერიის შექმნის მცდელობისას მზის ენერგიის გამოყენება მოლეკულებმა ადრევე დაიწყეს, ჟანგბადი მაინც არასაკმარისად გამოიყოფოდა. დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ კი პრიმიტიულ მიკრობებს ფოტოსინთეზის შესაძლებლობა მიეცათ. თუმცა, ოკეანეებში არსებული O2 მეტეორიტების აირად ნარჩენთან შედიოდა რეაქციაში.
2.4 მილიარდი წლის წინ ჟანგბადის კონცენტრაცია საგრძნობლად გაიზარდა და დიდი ოქსიგენაციის სახელით ცნობილ მოვლენას დაედო საფუძვლად.
რა გავლენა იქონია ჟანგბადის გაჩენამ ადრეულ სიცოცხლეზე?
ჟანგბადი საკმაოდ რეაქციული ელემენტია. ორგანულ მოლეკულებს იმ პოტენციური ზიანისგან, რომლის მიყენებაც ჟანგბადს შეუძლია, სპეციალური ფერმენტები იცავს. შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია, რა მოუვიდოდათ ცოცხალ ორგანიზმებს მსგავსი ადაპტაციის გარეშე.
არაა გამორიცხული, რომ ამის გამო ისინი მასობრივად განადგურებულიყვნენ. იმ პერიოდიდან შემორჩენილი მინერალების იზოტოპთა ანალიზის საფუძველზე, ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ მიკრობების სიკვდილმა ჟანგბადის უეცარი შემცირებაც კი გამოიწვია, მაგრამ მათი კოლეგები ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებენ.
დაკარგავს თუ არა ოდესმე დედამიწა ჟანგბადს?
ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში ჟანგბადის რაოდენობამ 21 პროცენტი დაახლოებით 600 მილიონი წლის წინ შეადგინა. სწორედ აღნიშნულ პერიოდში განვითარდა აქ კომპლექსური სიცოცხლე, რა როლი შეასრულა ამაში O2-მა, ძნელი სათქმელია, თუმცა დღეს მის გარეშე მრავალი ცხოველის არსებობა უბრალოდ წარმოუდგენელია.
სანამ მზე ანათებს, მცენარეები ყვავის და ფოტოსინთეზი მიმდინარეობს, დედამიწას უჟანგბადობა არ ემუქრება.
როდემდე გაგრძელდება ეს? სამწუხაროდ, არა სამუდამოდ.
მოგეხსენებათ, ჩვენი მზე, სხვა ვარსკვლავების მსგავსად, სიკვდილისთვისაა განწირული. 1 მილიარდ წელში მისი გამოსხივება იმდენად გაიზრდება, რომ ნახშირორჟანგს გაანადგურებს. ამ აირის გარეშე კი ენერგიის გარდაქმნა შეუძლებელი გახდება. შედეგად, ჟანგბადის კონცენტრაცია საგანგაშო ნიშნულამდე შემცირდება.
კომენტარები