ისტორიული მომენტი ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის — Identomat-მა $3.2 მილიონის ინვესტიცია მიიღო
Identomat-ის აღმასრულებელ დირექტორთან ინტერვიუს გზით გიყვებით სტარტაპის მიერ განვლილი გზისა თუ იმის შესახებ, რა მიმართულებებს მოხმარდება მოზიდული 3.2 მილიონი დოლარი.
ქართულმა სტარტაპმა Identomat 3.2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. Identomat დისტანციური იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებებს ერგება და ის უკვე პირველი ქართულ-ამერიკული კომპანიაა, რომელმაც Seed რაუნდში 3.2 მილიონი დოლარი მოიზიდა.
აღნიშნულის შესახებ Identomat-ის CTO — რეზო იმნაძე ჯერ კიდევ DataFest Tbilisi 2021-ზე საუბრობდა. ახლა კი უფრო ვრცლად შეგვიძლია Identomat-ის მიერ, დაფინანსებამდე გავლილ გზასა და დაფინანსების შედეგად გაჩენილ გეგმებზე ვისაუბროთ.
"ჩვენი გუნდისთვის ამერიკული ვენჩურული ფონდისგან ინვესტიციის მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია. იდენტომატის გზა ამ ნიშანდობლივი შედეგისკენ საკმაოდ დატვირთული გამოდგა. საინვესტიციო ფონდების ყურადღება მივიქციეთ მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მივიღეთ TechCrunch-ის Pitches & Pitchers-ში, 2020 წელს. ამ ღონისძიებამ დიდი გავლენა იქონია ჩვენი მომხმარებლის ბაზის გაფართოებაზე. შემდეგ ჩავერთეთ მსოფლიოში ყველაზე მსხვილ Fintech შოუში — Money 20/20 USA. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საკრედიტო ბიუროსთან — Equifax-თან სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადებამ და NXTSTAGE-ის ფინალისტობამაც მისცა ბიძგი ინვესტორის მხრიდან ინტერესის ზრდას", — მიყვება Identomat-ის CEO, დავით ლომიაშვილი.
პროდუქტზე მუშაობის დაწყება და პირველი მომახმარებელი
იდენტომატის გუნდის ცნობით, პროდუქტზე მუშაობა მათ 2019 წლის მიწურულს დაიწყეს, 2020-ის დასაწყსიში კი სისტემის საწყისი ვერსია უკვე საწარმოო ტესტირებას გადიოდა. ამ პერიოდს კორონავირუსის პანდემიის დაწყებაც დაემთხვა, რამაც, ციფრულ სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის კვალდაკვალ, ბუნებრივია, მსგავსი ტიპის პროდუქტის განვითარების დაჩქარება გამოიწვია.
"ტექნოლოგიური ფუნქციონალების შექმნის პარალელურად, მოვიპოვეთ საინფორმაციო უსაფრთხოების შესაბამისობის სერთიფიკატი — ISO-2700 და გავიარეთ Liveness-ის შეღწევადობის აუდიტი ISO-30107-ის შესაბამისად. სიტემა ასევე თავსებადია GDPR (General Data Protection Regulation) პირობებთან, რაც მოიაზრებს დამუშავებული ინფორმაციის სწორად და უსაფრთხოდ შენახვის და ბიომეტრიული სისტემების შეუღწევადობის გარანტიებს", — ამბობს დავითი.
რაც შეეხება პირველ პარტნიორ კომპანიებს, Identomat-ის პირველი თანამშრომლობა "ალდაგთან" შედგა, რომელსაც სტარტაპი 2020 წლის მაისში, მომხმარებელთათვის გაციფრულებუული პროდუქტების შეთავაზებაში დაეხმარა. რაც შეეხება სხვა ქართულ კომპანიებს, რომლებთანაც იდენტომატი თანამშრომლობს, ესენი არიან: საქართველოს ბანკი, TBC Insurance, Space, Crocobet, Beeline, Imedi L, Lazika Capital, მიკროსაფინანსო და საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და ა.შ.
Identomat-ის მოდულური არქიტექტურა
Identomat დისტანციური ვერიფიკაციისა და იდენტიფიკაციისთვის შექმნილი სტარტაპია, შესაბამისად, ის ერგება ნებისმიერ ინდუსტრიას, რომელიც სერვისების გაციფრულებასა და დისტანციური იდენტიფიკაციის საჭიროების წინაშე დგას. ეს შეიძლება იყოს: ფინანსური სექტორი, ჯანდაცვა, სადაზღვევო კომპანიები, Online აზარტული თამაშები, ტელეკომუნიკაცია, ტურიზმი, ასაკობრივი შეზღუდვის მქონე მომსახურების გაყიდვა და ა.შ.
"ჩვენი პროდუქტები მუდმივად მზარდია. ვცდილობთ, მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის ისეთი ფუნქცნიონალის შეთავაზებას, რომელიც გაზრდის ნდობას და გაამარტივებს ვერიფიცირების პროცედურებს. ეს ყველაფერი შესაძლებელია იდენტომატის მოდულური არქიტექტურის საფუძველზე, რომლის ძირითადი მოდულებია: უფლებამოსილი სტრუქტურების მიერ გაცემული დოკუმენტებიდან ინფორმაციის ავტომატური წაკითხვა და მათი ვალიდურობის შემოწმება, საბუთის წარმომდგენისა და საბუთზე არსებული პირის შედარება, სიცოცხლიანობის (Liveness) შემოწმება, ასაკის ვერიფიცირება, დოკუმენტის ვადიანობის შემოწმება, მისამართის დადასტურება, ვინაობის გაყალბების მცდელობის აღკვეთა (anti-fraud), სანქცირებული პირების სიების შემოწმება, პოლიტიკურად აქტიური პირების შემოწმება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ინსტრუმენტები (AML), სხვადასხვა რისკების შეფასება (scoring), თავსებადია ყველა ოპერაციულ სისტემასთან და აპლიკაციასთან, შესაძლებელია დეცენტრალიზებული ჩაშვება და ინტეგრაციის გარეშე (no-code) გამოყენება", — ამბობს დავით ლომიაშვილი.
Identomat-ის მომავალი — რა მიმართულებებს მოხმარდება 3.2 მილიონი დოლარი
"ამ რესურსის საშუალებით, ჩვენ კიდევ უფრო დავხვეწთ ჩვენს სისტემას და ევროპასა და ა.შ.-ში ბიზნეს ოპერაციებს გავაფართოებთ. ჩვენ უკვე უზრუნველყოფთ მომხმარებელთა ვერიფიკაციას 50-ზე მეტი მსხვილი ორგანიზაციისთვის, მსოფლიოს 15 სხვადასხვა ქვეყანაში. ამასთანავე, იდენტომატის სერვისებზე დიდი ინტერესია კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინ კომპანიებისგან. ამ მხრივაც, ვაპირებთ კიდევ უფრო გავზარდოთ ფოკუსი ბლოკჩეინ მომხმარებლების ვერიფიკაციის სფეროზე. 2023 წლისთვის გვინდა ფოკუსირება მოვახდინოთ ამერიკულ კომპანიებზე და მოვიზიდოთ 50 ახალი კლიენტი", — ამბობს დავით ლომაშვილი.
იდენტომატის გუნდის ნაწილი საქართველოდან მუშაობს, ნაწილი კი აშშ-შია და ამ ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზრის შესწავლისა თუ ახალი თანამშრომლობების კუთხით აქტიურად მუშაობს. 3.2 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ, გუნდი ჰორიზონტის კიდევ უფრო გაფართოებას აპირებს, ამაში კი იგულისხმება ახალი პარტნიორების მოძიება და სხვადასხვა ტიპის მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. იდენტომატის მიზანია, დაეხმაროს ბიზნესებს ოპერაციული ხარჯების შემცირებაში, თაღლითობის პრევენციაში, ასევე, მომხმარებელთა გამოცდილების გაადვილებასა და გაუმჯობესებაში. ეს უკანასკნელი კი მომხმარებელთა შენარჩუნებისა თუ ზრდისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
"მზადყოფნას ვაცხადებთ სხვადასხვა ინდუსტრიებში მოქმედი იმ სტარტაპების დასახმარებლად, რომლებიც საჭიროებენ ჩვენს ინდივიდუალიზირებულ KYC და იდენტობის ვერიფიკაციის სერვისს. ვიმედოვნებთ, რომ იდენტომატის წარმატება კარგი მაგალითი იქნება სხვა სტარტაპებისთვისაც, რომ ყურადღება და ფიქრები მიმართონ გლობალურ პლატფორმებისკენ. ჩვენი კომპანია მუდმივად ღიაა ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად", — ამბობს დავით ლომიაშვილი.
ქართული სტარტაპის მსგავსი წარმატება ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. როგორც უკვე ვახსენე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართულ-ამერიკულმა კომპანიამ ინვესტირების Seed რაუნდში 3.2 მილიონი დოლარი მოიზიდა. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიანიშნებს ქართული სტარტაპების პოტენციალზე, შექმნან გლობალური ბაზრისთვის საინტერესო და კონკურენტუნარიანი პროდუქტები, შესაბამისად კი, საქართველოში ამ ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ.
კომენტარები