ასტრონომებმა იუპიტერის ზომის უჩვეულო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც "გვემალება"
თუ ორბიტული გამოთვლები სწორია, ეგზოპლანეტა ტელესკოპებში მომდევნო ჯერზე თებერვალში გამოჩნდება.
პროფესიონალი და მოყვარული ასტრონომებისგან შემდგარმა გუნდმა შორეულ მზის სისტემაში იუპიტერის ზომის მქონე უჩვეულო ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, რომლის კვალიც ერთადერთი ტრანზიტის შემდეგ გაქრა. ამის მიუხედავად, მეცნიერებმა მისი მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს და ვარაუდობენ, რომ ობიექტს მომდევნო ჯერზე თებერვალში იხილავენ.
ეს ციური სხეული აირის გიგანტია, TOI-2180 b-ს სახელითაა ცნობილი და ჩვენგან 379 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. ის რამდენიმე მიზეზის გამოა გამორჩეული. მაგალითად, გამოთვლების თანახმად, საკუთარ ორბიტაზე გადაადგილებას 261 დღეს ანდომებს, რაც მსგავსი ეგზოპლანეტებისთვის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია და იშვიათობაა.
სპეციალისტებმა მისი არსებობის შესახებ NASA-ს კოსმოსური ტელესკოპის TESS მონაცემების ანალიზის შედეგად შეიტყვეს. ეს ობსერვატორია ეგზოპლანეტებს ტრანზიტის მეთოდით ეძებს, ანუ მნათობთან მათი ჩავლით გამოწვეულ ცვლილებებს აფიქსირებს.
მეცნიერებმა მიღებული ინფორმაცია სხვა ხელსაწყოების მეშვეობითაც გადაამოწმეს და დაადასტურეს, თუმცა TOI-2180 b-ს მიერ ვარსკვლავის სიკაშკაშის დაბლოკვის მომსწრენი აღარ გამხდარან.
გამოცემაში Astronomical Journal გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, ზემოხსენებული ციური სხეული სიდიდით იუპიტერს ჰგავს, მაგრამ მასზე თითქმის 3-ჯერ მასიურია (დედამიწაზე დაახლოებით 105-ჯერ მასიური). ის, ასევე, წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ქიმიურ ელემენტებს შეიცავს.
აღსანიშნავია, რომ TOI-2180 b-ს საშუალო ტემპერატურა მხოლოდ 77℃ გახლავთ, რაც სხვა ამგვარ ობიექტებთან შედარებით, რომელთაც ცხელ იუპიტერებს უწოდებენ, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ეს სწორედ მისი ორბიტული პერიოდითაა განპირობებული.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამ ეგზოპლანეტას უკეთ შეისწავლიან და გაიგებენ, აქვს თუ არა რგოლები ან რამდენი ბუნებრივი თანამგზავრი მოძრაობს მის ირგვლივ.
კომენტარები