რა ხდებოდა ჩვენ თავს — 10 მთავარი ტექნოლოგიური ამბავი 2021 წლიდან
არ იქნება გასაკვირი, თუ 2021-ს პანდემიის მეორე წლად მოვიხსენიებ. 2020-ში ბევრ რამესთან ვადაპტირდით, იქნებოდა ეს დისტანციური მუშაობა/სწავლა თუ ის ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებიც ზემოხსენებულს შესაძლებელს ხდის.
თუ 2020-ის განმავლობაში ტექგიგანტები პანდემიით განპირობებულ გამოწვევებთან გამკლავებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, 2021-ში მათგან სრულიად ახალი ინიციატივები და ამბიციები ვიხილეთ. სოციალურმა ქსელებმა და ზოგადად, ტექნოლოგიებმა, პანდემიასთან ერთად, უკვე სამუდამოდ შეცვალა ის, თუ როგორ ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვურთიერთობთ თუ ვერთობით. ციფრული ტრანსფორმაციის შემდეგ კი ტექნოლოგიური გიგანტები, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ჩვენთვის ახალი სამყაროს შეთავაზებას აპირებენ.
მეტავერსი, ომნივერსი, Clubhouse, კრიპტოვალუტები, რედიტორების "ფინანსური რევოლუცია", NFT, TikTok — ეს მხოლოდ ნაწილია იმ სიტყვებისა და ამბებისა, რომლებიც 2021-ში ჩვენ თავს ხდებოდა. ამ სტატიაში კი სწორედ 10 ასეთ ნარჩევ ტექნოლოგიურ ამბავს მოგიყვებით.
კრიპტოვალუტების რეკორდი და ილონ მასკის ტვიტები, სადაც ყველაფერზე პასუხს იპოვით
2021 წელი ბიტკოინის რეკორდით დაიწყო. ჯერ კიდევ იანვარში კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს უპრეცედენტო მაჩვენებელი იყო ამ ბაზრისთვის, რომლის სტაბილურობაზეც, როგორც 2021 წელს გავიგეთ, მხოლოდ ერთ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს გავლენა, უბრალოდ, ეს ადამიანი ილონ მასკი უნდა იყოს.
ილონ მასკის ტვიტები 2021-ში სიახლე ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა საინტერესო იყო იმის ცხადად დანახვა, თუ როგორ შეუძლია მის ერთ ტვიტს აქციების ფასებზე იქონიოს გავლენა და მსოფლიოში უამრავ ახალ დისკუსიას დაუდოს საფუძველი. ასე მაგალითად, ხუმრობით შექმნილი კრიპტოვალუტა DogeCoin-ის ღირებულება სწორედ მასკის ტვიტის შემდეგ 24 საათში 500%-ით გაიზარდა. ხოლო მსოფლიო შიმშილის პრობლემის შესახებ დიდი დისკუსია სწორედ მასკის ტვიტის შემდეგ დაიწყო.
ბიტკოინის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მასკის სხვა განცხადებებიც. მაგალითად ის, რომ Tesla-მ 1,5 მილიარდის ბიტკოინი იყიდა და განაცხადა, რომ სამომავლოდ მისი ავტომობილების ყიდვა ბიტკოინის მეშვეობითაც იქნებოდა შესაძლებელი. ამ სიახლემ ბიტკოინის ფასი, ერთ ღამეში, 17%-ით გაზარდა. ეს თებერვალში იყო, ხოლო მაისში მასკი უკვე სხვა აზრზე გახლდათ — კლიმატის ცვლილებაზე ნეგატიური გავლენის გამო, ტესლამ ბიტკიონით ანგარიშსწორება შეაჩერა. ფაქტობრივად, ამ ნაბიჯით მასკი კრიპტოვალუტებს დაუპირისპირდა, ამან კი ბიტკიონის ფასი 10%-ით შეამცირა. ამჟამად კი, ამ საკითხზე მასკის მიდგომა ასეთია — თუ მაინერების მიერ განახლებადი ენერგიის მოხმარება 50%-ზე მეტი იქნება, Tesla ისევ მიიღებს კრიპტოვალუტას.
კრიპტოვალუტის გამომუშავება მსოფლიოს დიდ ენერგიად უჯდება, რაც კლიმატის ცვლილების პირობებში, მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომაა უამრავი გარემოსდამცველი თუ აქტივისტი კრიპტოვალუტის წინააღმდეგ, სხვადასხვა ქვეყანა კი მისი გამომუშავებისთვის განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე მუშაობას იწყებს. ასეთია მაგალითად სალვადორი, რომელიც პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად მიიღო და მისი მაინინგისთვის ენერგიის წყაროდ ვულკანს იყენებს.
ახალი სოციალური ქსელი Clubhouse — სამ თვეში ჩატეული ბუმი და კრახი
თებერვლისკენ მსოფლიო ახალმა სოციალურმა ქსელმა შეაფორიაქა. მას ახალ სიტყვასაც უწოდებდნენ ციფრულ კომუნიკაციებში და მომავლის სოციალურ ქსელადაც აფასებდნენ. თუმცა, სულ რაღაც სამი თვე გახდა საჭირო იმისათვის, რომ მისდამი ინტერესი ყველას დაეკარგა, მათ შორის Android-ის მომხმარებლებსაც, რომლებიც მათი ოპერაციული სისტემისთვის აპლიკაციის გაშვებას დიდი ხანი ელოდნენ.
თავდაპირველად სოციალური ქსელი მხოლოდ iOS-ის მომხმარებელთათვის იყო ხელმისაწვდომი, ანუ მათთვის, ვინც Apple-ის პროდუქციას იყენებს. გარდა ამისა, Clubhouse-ში მხოლოდ სხვისი პერსონალური მოწვევის მიღების შემდეგ თუ ამოყოფდით ყურს. ყურს იმიტომ, რომ ეს იყო აუდიო კომუნიკაციის პლატფორმა, სადაც სხვადასხვა "ოთახში" შესვლა, სხვადასხვა საკითხზე დისკუსიების რეალურ დროში მოსმენა და მასში ჩართვაც კი შეგეძლოთ. ვამბობდით, რომ ეს იყო რეალურ დროში მიმდინარე პოდკასტების პლატფორმა, რომელშიც თანამონაწილეობა ნებისმიერს შეუძლია. სოციალური ქსელის მაშინდელი წარმატება იმანაც განაპირობა, რომ აქ სპიკერებად ილონ მასკი და მარკ ცუკერბერგიც კი მოგვევლინნენ. ტექნოლოგიური გიგანტების სათავეში მყოფი ადამიანების მხრიდან ამ ახალბედა პლატფორმის გამოყენება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მისი ამ მოკლეხნიანი წარმატებისთვის. უნდა ითქვას, რომ ამ დროში Clubhouse-მა მოახერხა სოციალური მედიის გიგანტებისთვის დისკომფორტის შექმნა — ამდენად დიდი დაინტერესების შემდეგ, Facebook-მა თუ Twitter-მა აუდიო კომუნიკაციის საშუალებებზე მუშაობა დაიწყეს. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამის საჭიროება არ იყო.
Clubhouse-ის გამოყენების ექსკლუზიურობის განცდამ მალე გადაგვიარა, ხოლო Android-ის მომხმარებლებისთვის მაისში გამოსული აპლიკაცია აღფრთოვანების მეორე ტალღის წინაპირობად ვერ იქცა. ასე დავივიწყეთ "სოციალური ქსელი დიდი პერსპექტივით" და ისევ ჩვეულ კომუნიკაციის ფორმებს დავუბრუნდით. მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი ისევ Facebook გახლავთ, რომელსაც ახლა Meta ჰქვია.
ყველაზე მასშტაბური ონლაინ აქტივიზმი — ფინანსური რევოლუციის სათავეებთან?
2021-ში გავიგეთ, თუ რა ძალა შეიძლება ჰქონდეს ონლაინ აქტივიზმსა და რედიტორებს, რომლებიც ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებიან. მათ შეძლეს და Wall Street-ს მილიონები დააკარგინეს, ეს ყველაფერი კი შემდეგნაირად მოხდა:
რედიტზე r/WallStreetBets პოპულარული საბრედიტია, სადაც ადამიანები ერთმანეთს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის გამოცდილებას უზიარებენ და ხშირად, რთულ ვითარებაში მყოფ კომპანიებს აქციების შესყიდვით ეხმარებიან. უნდა აღინიშნოს, რომ აქ დიდ საფინანსო კომპანიებს არ სწყალობენ.
Wall Street-ზე აქციები მეტწილად ავტომატიზირებულად იყიდება, ამის გარდა აქ ერთგვარი კატალიზატორი მოქმედებს, სადაც კომპანიები სხვა კომპანიების წარუმატებლობაზე ფსონებს დებენ. ერთ-ერთი კომპანიის GameStop-ის აქციების ფასის ვარდნას ყველა ელოდა, რადგან ის ფიზიკურად, მაღაზიებში ყიდდა ვიდეოთამაშებს, პანდემიის პირობებში კი წარუმატებლობისთვის იყო განწირული. ყველა ლოგიკის მიხედვით, უდიდესმა მოთამაშეებმა მილიონობით დოლარი GameStop-ის აქციების გაუფასურებაზე დადეს. თუმცა, სოციალური ქსელის Reddit-ის რიგითმა მომხმარებლებმა ეს შენიშნეს და GameStop-ის აქციების შესყიდვა დაიწყეს. მალე მოძრაობას მილიონობით ადამიანი შეუერთდა, რამაც გაკოტრების პირას მისული კომპანიის აქციები კოლოსალურად გაზარდა.
GameStop-ის ღირებულება, 200 მილიონი დოლარიდან, 28 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მან ვინც GameStop-ის აქციებში 50 ათასი დოლარი ჩადო, 40 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო. ხოლო უდიდესმა მოთამაშეებმა ამით ათობით მილიარდი დოლარის დანაკარგი განიცადეს.
არის თუ არა ეს ფინანსური რევოლუციის ნიშნები და რა შეუძლია ონლაინ აქტივიზმს, თვითონ განსაზღვრეთ. ჩვენს პოდკასტში ამ ამბავს "საფონდო ტახტის თამაშები" ვუწოდეთ და შეგიძლიათ მას აქ მოუსმინოთ — შემდეგი პოდკასტი: საფონდო ტახტის თამაშები — Wall street VS r/WallStreetBets
NFT — წლის მთავარი სიახლე?
ზოგი ტექმიმომხილველი NFT-ებს წლის ტექნოლოგიურ სიახლედ მიიჩნევს და ერთი მხრივ, ეს ასეც არის. ეს არის არამხოლოდ ხელოვნების გაციფრულების, არამედ ციფრული ხელოვნების ნიმუშების კომერციალიზაციის გზაც. მთელი წელი გვესმოდა, თუ როგორ გამოიმუშავა 12 წლის არტისტმა NFT-ით $1,6 მილიონი, ან როგორ მიჰყიდა 12 წლის ბავშვმა იდიოტებს 400 000 დოლარის NFT ვეშაპები. Nike-მა კი NFT ბოტასებზე მომუშავე სტარტაპი შეიძინა, რომელმაც მეტავერსისთვის ციფრული ბოტასები უნდა დაგვიმზადოს. რა არის მეტავერსი და რას გვიმზადებს ქვემოთ მოგიყვებით, მანამდე კი გეტყვით, რომ NFT-ები მეტავერსში ძალიან გამოსადეგი იქნება.
NFT ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ესა თუ ის ციფრული პროდუქტი ჩვენი საკუთრება იყოს, სხვები კი მის გამოყენებაში ფულს გადაგვიხდიან. ჩვენ შეგვიძლია NFT-ების კოლექციაც გვქონდეს და დაველოდოთ დროს, როცა მათ უფრო მაღალ ფასში გავყიდით.
ამ ეტაპზე, NFT-ს ბევრი ხელოვანი თუ ტექენთუზიასტი ფულის შოვნის მარტივ გზად აღიქვამს, თუმცა, არ ვიცით რა იქნება მომავალში. ჩაცხრება ეს ტალღა თუ უფრო დიდ ცვლილებებს გამოიწვევს, ვიდრე ერთეული არტისტების გამდიდრებაა.
უფრო ვრცლად: როგორ გავყიდით პოსტებსა თუ GIF-ებს მილიონებად — ყველაფერი, რაც NFT-ზე უნდა იცოდე
ქართული სტარტაპის დიდი წარმატება — PulsarAI-ის გლობალური EXIT
რამდენად შეუძლია საქართველოში შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს მსოფლიო დონის კომპანიისთვის გამოსადეგი იყოს? ამ კითხვაზე პასუხი დაჩი ჭოლაძეს აქვს, PulsarAI-ის თანადამფუძნებელს. PulsarAI ქართული სტარტაპია, რომელიც 2021 წლის მაისში გლობალურმა კომპანია SpinCar-მა შეიძინა, ახლა კი მისი ღირებულება ათობით მილიონი დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის ეს ისტორიული და ჯერჯერობით, უდიდესი მომენტია. დღეს საქართველოში შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც Conversational AI ჰქვია, აშშ-ის ბაზარზე, მილიონობით ადამიანი იყენებს, Pulsar AI-ის გუნდი კი საქართველოში განაგრძობს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროდუქტზე მუშაობას. ეს ქართული სტარტაპების გლობალურ პოტენციალზე ბევრ რამეს ამბობს და გვიჩენს იმედს, რომ დროთა განმავლობაში, მსოფლიო ტექნოლოგიურ ბაზარზე საკუთარი სიტყვის თქმა შეგვეძლება. ეს კი, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ კეთილდღეობასაც უკავშირდება.
აქვე გთავაზობთ ვიდეობლოგსაც, სადაც გიყვებით, რატომ უნდა გადარდებდეთ ქართული სტარტაპების ბედი:
ღორიდან მაიმუნამდე — Neuralink-ისა და ზოგადად, ტვინის იმპლანტების პროგრესი
2020 წელს ილონ მასკმა სამი ღორი გვაჩვენა, რომელთაგანაც ერთს Neuralink-ის ნეირონული ინტერფეისი ჰქონდა ჩადგმული. ერთ წელიწადში კი Neuralink-ის ტვინის იმპლანტის მქონე მაიმუნი ვიხილეთ, რომელიც გონებით მარტივი კომპიუტერული თამაშის — Pong-ის თამაშს ახერხებდა. მასკის თქმით, შემდეგი ადამიანი იქნება, უფრო სწორად კი, Neuralink-ის იმპლანტს ადამიანზე 2022 წელს გამოცდიან. მასკი ცნობილია არარეალისტური დედლაინების დაწესებითა და მათი მუდმივად დარღვევის ტენდენციით. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ გვაქვს, რაც Neuralink-თან დაკავშირებულ მასკის მოლოდინებს რეალისტურად მოგვაჩვენებდა. ხმამაღალი განაცხადი ბევრია, მაგალითად ის, რომ ეს Neuralink ნეირონული ინტერფეისი ფსიქიკურ აშლილობებთან გამკლავებაში დაგვეხმარება, ასევე, პარალიზებულ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იმაზე სწრაფად დატვიტონ რამე, ვიდრე ამას ჩვეულებრივი ადამიანები საკუთარი სმარტფონებისა და თითების გამოყენებით აკეთებენ. თუმცა, ჯერჯერობით, კომპანიისგან მხოლოდ ღორი და მაიმუნი გვყავს ნანახი, ზოგი მეცნიერი კი მასკის განცხადებების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.
ტვინის იმპლანტებზე მხოლოდ მასკი არ მუშაობს და უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით მუშაობა მეცნიერებს მასკის იდეის შემდეგ ნამდვილად არ დაუწყიათ. ეს ტექნოლოგია ათწლეულებია ლაბორატორიაში იცდება და იხვეწება. ამ წელს კი რამდენიმე მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა. მაგალითად, 16-წლიანი უსინათლობის შემდეგ, ქალმა გარემო ტვინის იმპლანტის დახმარებით დაინახა, ავსტრალიურმა კომპანია Synchron-მა კი ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის მქონე 62 წლის პაციენტს ახალი შესაძლებლობები შესძინა. პაციენტმა შეძლო და ტვინის იმპლანტის გამოყენებით, თავისი ფიქრები ტვიტად აქცია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვინმემ შეძლო შეტყობინებების დაწერა სოციალურ მედიაში პირდაპირ ტვინის კომპიუტერული ინტერფეისის გამოყენებით. გარდა ამისა, 2021 წელს ტვინის იმპლანტით დეპრესიის მქონე ქალს პირველად უმკურნალეს, ასევე შექმნეს ნეირომარცვლები, რომლებიც იმპლანტების კუთხით ახალ ხედვას გვთავაზობს.
ასევე: ახალი სიტყვა გონებით კონტროლირებად ტექნოლოგიაში — ტვინის მიკროიმპლანტი
ნეირონული ინტერფეისების კუთხით პროგრესი შესამჩნევია, ისევე, როგორც განსხვავებები მისი შემქმნელი კომპანიების მიზნებში. თუ სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის/ინსტიტუტის მეცნიერებს ტვინის იმპლანტებზე მუშაობა ადამიანთა ფიზიოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად უღირთ, Neuralink-ის მიზანი უფრო ფართო და ზოგადია — ილონ მასკს ამ კომპანიის დახმარებით უნდა ნეირონული ინტერფეისები მასობრივი მოხმარების პროდუქტად აქციოს, ჩაანაცვლოს სმარტფონები და კომპიუტერები. მას უნდა ჩვენს ყოველდღიურობაში არსებული გარე მოწყობილობები ჩვენს ტვინში, ერთი პატარა ჩიპის სახით შევიტანოთ. ეს პოსტჰუმანისტური ხედვაა, პოსტჰუმანიზმზე კი შეგიძლიათ აქ მოისმინოთ: შემდეგი პოდკასტი: პოსტჰუმანიზმი — კაცობრიობის მომავალი.
Facebook-იდან Meta-მდე — რას გვიმზადებს მეტავერსი
თუ ილონ მასკს მსოფლიოს შეცვლა ჩვენთვის ნეირონული ინტერფეისების შემოთავაზებით უნდა, მარკ ცუკერბერგს სხვა ხედვა აქვს. Facebook 2021 წლის ოქტომბრის მიწურულს Meta-დ იქცა, ეს ცვლილება კი მის ახალ მიზანს — მეტავერსის შექმნას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ილონ მასკს ეს ხედვა არ მოსწონს და ამტკიცებს, რომ გაფართოებული რეალობის სათვალე მოუხერხებელი გაჯეტია, ტვინის იმპლანტთან შედარებით, რაც ნამდვილად ასეა. თუმცა, არ ვიცით ვის მიერ წარმოდგენილი სამყარო იქნება უფრო რეალისტური და რაც მთავარია, სასარგებლო.
ერთი შეხედვით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უამრავი შიშის გავლენით, რთულია იმის დაჯერება, რომ ან ერთს, ან მეორეს საზოგადოებაზე მხოლოდ პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ორი მილიარდერი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. მასკი უფრო ნოვატორია, ვიდრე ბიზნესმენი და პირიქით — ცუკერბერგი მეტად ბიზნესმენი, ვიდრე ნოვატორი.
ასევე იხილეთ: რა არის მეტავერსი — "ინტერნეტის მომავლის" მოკლე მიმოხილვა
ასეა თუ ისე, უკვე ცხადად ვხედავთ, საით მივყავართ Facebook-ს — სოციალურ ქსელს, რომლისთვისაც პროდუქტი მომხმარებელია. ფეისბუქის ბიზნეს მოდელი ასეთია — რაც შეიძლება კარგი პირობები ჰქონდეს ბიზნესს იმისათვის, რომ ჩვენამდე რეკლამა მოიტანოს. ახლა კი მას უნდა ახალი რეალობა შემოგვთავაზოს:
მეტავერსი არის ვირტუალური სამყარო, სადაც შეგიძლია ითამაშო, ადამიანებს შეხვდე, შეეხო, ივაჭრო, გქონდეს ბიზნესი, გაერთო და სოციალური ინტერაქციის ყველა მოთხოვნილება სახლიდან გაუსვლელად, თავზე ჩაფხუტჩამოცმულმა დაიკმაყოფილო. ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ იდეაა, საცდელი მეტავერსები უკვე არსებობს, მათ შორის თამაშ Fortnite-ში, სადაც ტრევის სკოტის კონცერტს სწორედ ასეთი VR სათვალეებით აღჭურვილი ადამიანები ესწრებოდნენ.
ზოგი პროგნოზით მეტავერსის სრულად შექმნას წლები დასჭირდება, შეიძლება 10 წელიც კი. ამისთვის ფეისბუქი გეგმავს მომდევნო 5 წლის განმავლობაში 10 000 თანამშრომელი აიყვანოს და მზადაა სხვა კომპანიებთანაც ითანამშრომლოს (რაც საინტერესო პრეცედენტია, რადგან თანამშრომლობის ნაცვლად აქამდე კომპანია ყველა კონკურენტს პირდაპირი მნიშვნელობით ყლაპავდა).
მეტავერსის პირველადი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ მეტავერსი სრულად უკვე შექმნილია. ამისთვის ძალიან ბევრი დეტალი ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა. მაგალითად, ტაქტილური ხელთათმანი, რომელიც მეტავერსში შეხების შეგრძნების საშუალებას მოგვცემს. ვნახოთ რა იქნება მომავალში, ამ ეტაპზე კი Meta-ს მეტავერსის საცდელ ვერსიაში სექსუალური შევიწროების პირველი ფაქტი უკვე დაფიქსირებულია.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: მეტავერსი — ინტერნეტის მომავალი
ომნივერსი NVIDIA-სგან, ციფრული ტელეპორტაციის შესაძლებლობით
როცა Facebook მეტავერსის, ანუ ერთგვარი ვირტუალური რეალობის სამყაროს შექმნას აანონსებს, Nvidia საკუთარი ომნივერსის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ომნივერსი გახლავთ პლატფორმა, რომელიც დეველოპერებსა და სხვა მომხმარებლებს საქმიანი პროცესებისთვის სამგანზომილებიან სასიმულაციო სივრცეს სთავაზობს. Nvidia-ში ამბობდნენ, რომ კომპიუტერული გრაფიკის პიონერები 30 წლის წინ სწორედ ამაზე ოცნებობდნენ.
აღნიშნულ სერვისში ხელოვნური ინტელექტის, ავატარის ინტერფეისებისა და სუპერკომპიუტერული შესაძლებლობების გარდა, ყველაზე შთამბეჭდავი ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც ციფრული ორეულების შექმნის საშუალებას იძლევა. ციფრული ორეულები ნამდვილი ფიზიკური სტრუქტურების, გარემოსა თუ მოვლენების ზუსტი ასლებია, თუმცა ჩვენ მათ სურვილისამებრ ვცვლით, ანუ "სუპერძალებს" ვიძენთ, რომელთა მეშვეობითაც ალტერნატიულ რეალობას ვქმნით და ვხედავთ.
"შეგიძლიათ ტელეპორტირდეთ — თუ გაქვთ საწარმოს, დედამიწის ან ქალაქის მოდელი, რომელშიც მანქანები მოძრაობენ, ნებისმიერი ერთი წერტილიდან მეორეში გადაინაცვლებთ. ამას კი ისე იგრძნობთ და აღიქვამთ, თითქოს მართლა იქ ხართ", — აცხადებენ კომპანიაში.
Nvidia-ს წარმომადგენელთა თქმით, მსგავს სიმულაციებს პოტენციალი აქვთ, რომ გარკვეულწილად დროშიც გვამოგზაურონ. მაგალითად, წარსულში მომხდარს უკან გადავახვევთ. ასევე, გავიგებთ, რა იქნება მომავალში ან მის ალტერნატიულ ვერსიაში.
ციფრული ორეულები ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლის ეფექტიანი გზების მოძებნაშიც დაგვეხმარება. ამის გარდა, ახალი ტექნოლოგიის საშუალებით 5G ინფრასტრუქტურას უკეთ დავაგეგმარებთ და ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებს დავხვეწთ.
მოკლედ, თუ NEXT.On.ge-ის ერთ-ერთი რედაქტორის, დათო სამნიაშვილის მსგავსად თქვენც გაწუხებთ კითხვა — ვცხოვრობთ თუ არა კომპიუტერულ სიმულაციაში, NVIDIA ზუსტად ის კომპანიაა, რომელსაც ეს უნდა კითხოთ.
თვითგამრავლების უნარის მქონე რობოტები
2020 წელს მეცნიერებმა ქსენობოტები წარგვიდგინეს. ეს იყო მცირე ზომის ბიოლოგიური "რობოტები", რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ, ზოგი მათგანი კი მცირე ზომის "ტვირთის" გადატანასაც ახერხებდა. 2021 წელს კი გავიგეთ, რომ ქსენობოტებს გამრავლება შეუძლიათ, ეს პროცესი კი მკვეთრად განსხვავდება გამრავლების ყველა იმ ფორმისაგან, რომელიც მცენარეებსა თუ ცხოველებს ახასიათებთ.
ქსენობოტების ტექნოლოგია, ჯერჯერობით, ძალიან ადრეულ ეტაპზეა (1940-იანი წლების კომპიუტერი რომ წარმოიდგინოთ) და პრაქტიკულადაც ვერ გამოვიყენებთ. მიუხედავად ამისა, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მოლეკულური ბიოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის ამგვარი კომბინაცია შესაძლოა, სხეულსა და გარემოსთან დაკავშირებულ არაერთ საქმეს წაადგეს, მათ შორის ოკეანეებში მიკროპლასტიკების შეგროვებას, ფესვთა სისტემების დათვალიერებასა და რეგენერაციულ მედიცინასაც კი.
2021-ში TikTok უფრო ხშირად მოინახულეს, ვიდრე Google...
Cloudflare-ის მონაცემებით, TikTok-მა გადაუსწრო Google-ს და ახლა ის 2021 წლის ყველაზე პოპულარული დომეინია. აღსანიშნავია, რომ Google-ში მხოლოდ საძიებო სისტემა არ იგულისხმება, ეს მოიცავს Google-ის აპლიკაციების კომპლექტს, როგორიცაა რუკები, თარგმანი, ფრენების დაჯავშნა, სიახლეები, ფოტოები და მრავალი სხვა.
იყო დრო, ინტერნეტი იმის გამო იყო მნიშვნელოვანი და გამოსადეგი ადგილი, რომ აქ ინფორმაციის დამოუკიდებლად, ინტერესისამებრ მოძიება შეგვეძლო. ეს იყო სწორედ ის ნიშანი, რაც ინტერნეტს ტელევიზიისგან განასხვავებდა და განასხვავებს. თუმცა, როგორც ჩანს სხვის მიერ მოწოდებული და ალგორითმის მიერ თქვენთვის მოსაწონად მიჩნეული მოკლე ვიდეოები თანამედროვე სამყაროსთვის მეტად მიმზიდველი ჩანს, ვიდრე ინფორმაციის მოძიება.
უნდა ითქვას, რომ დაგუგვლა ხშირად შეცდომაში შემყვანიც კია, განსაკუთრებით მაშინ, როცა იმ სიმპტომებზე მეტის გაგებას გადავწყვეტთ, რომლებიც გვაწუხებს. თუმცა, ეს მაინც რჩება მეტის გაგების საშუალებად და სხვა თუ არაფერი, კითხვების დასმის ჩვევის გამოსამუშავებლადაც გამოდგება. ამას ვერ ვიტყვით TikTok-ზე — სოციალურ ქსელზე, რომელმაც უმეტეს შემთხვევაში, გონებაში გაუცნობიერებლად აკვიატებულ უშინაარსო სიმღერებს თუ დაგიტოვებთ და მაქსიმუმ იმის დაფიქსირების შანსს, რომ ამ ფერადი და სექსუალიზებული ვიდეოების სქროლვაში რამდენიმე საათი დაკარგეთ.
ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ TikTok 2021 წლის ყველაზე ხშირად მონახულებადი სერვისია. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მარკეტერებისთვის, თუმცა, აქვე მნიშვნელოვან ტენდენციას აჩვენებს...
შესაბამისად, შეჯამებას ძალიან პოზიტიურადაც ვერ ვასრულებ, თუმცა, 2022 წელი ბევრ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ შესაძლებლობას გვიმზადებს. ჩვენთვის კი, რაც დრო გადის სულ უფრო გამოსადეგი უნარია — ვისწავლოთ, როგორ გამოვიყენოთ ნებისმიერი ახალი ტექნოლოგია ისე, რომ მისგან უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ, ვიდრე ზიანი. უდავოა, ნებისმიერი ახალი გამოგონება თუ პროდუქტი ჩვენგან ამის დაბალანსებას მოითხოვს. ამისათვის კი სპეციფიკური ცოდნა დაგჭირდებათ, რომლითაც NEXT.On.ge-ის გუნდი მომავალ წელსაც აქტიურად მოგამარაგებთ.
კომენტარები