გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთში მთავრობის კრიტიკოსების ათობით ნათესავი გაიტაცეს
ჩეჩნეთში 22 დეკემბერს დაწყებული გატაცებების მასობრივი ტალღის შედეგად, შესაძლოა, მთავრობის კრიტიკოსების 50-მდე ნათესავი გაიტაცეს. ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა გატაცებების შესახებ ცნობები აღიარა, თუმცა ეს შეაფასა, როგორც პოტენციური ანგარიშსწორება "პირადი შეურაცხყოფების" წინააღმდეგ.
22 დეკემბერს შვედეთში ემიგრაციაში მყოფი ჩეჩენი ბლოგერი, ტუმსო აბდურახმანოვი პირველი იყო, ვინც საკუთარი ნათესავების გატაცების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
მოგვიანებით, საკუთარი ოჯახის წევრების გატაცებების შესახებ ჩეჩნეთის ხელისუფლების სხვა კრიტიკოსებმაც განაცხადეს, მათ შორის, შვედეთში შექმნილი ჩეჩნეთის ადამიანის უფლებების ორგანიზაციის დამფუძნებელმა და ბლოგერმა, მანსურ სადულაევმა.
ოჯახის წევრების გატაცებების შესახებ საუბრობენ გერმანიაში მყოფი მინკაილ მალიზაევი და ასლან არტსუევი, ასევე, ხასან ხალიტოვი, რომელიც ახლა თურქეთში ცხოვრობს.
25 დეკემბერს რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ჩრდილო კავკასიის ფილიალის ადვოკატმა, აბუბაქარ იანულბაევმა განაცხადა, რომ გროზნოსა და სოფელ გოიტიში რამდენიმე მისი ნათესავი გაიტაცეს. მისივე თქმით, იცოდა სულ მცირე, 40 ადამიანის გატაცების შესახებ.
იანულბაევის თქმით, გატაცებები განხორციელდა კადიროვის ერთგული რუსეთის უშიშროების ძალების მიერ, რომელიც ცნობილია, როგორც "კადიროვცი". მისი ვარაუდით, შესაძლოა, გამტაცებლები ტელეგრამის არხ 1ADAT-თან მის მონაწილეობაზე ეჭვობდნენ, თუმცა მან ეს კავშირი უარყო.
ამასთან, როგორც ჩეჩენი ბლოგერი, მინკაილ მალიზაევი ირწმუნება, მას დედისა და დის შიშველი ფოტოები გამოუგზავნეს, მუქარით, რომ შეეწყვიტა ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკა. მან მედიასა და ადამიანის უფლებების აქტივისტებს ღიად სთხოვა დახმარება.
24 დეკემბერს აბდურაკმანოვმა თქვა, რომ ადრე გატაცებული რამდენიმე მისი ნათესავი გათავისუფლდა. მომდევნო დღეს, მან ცოლის დედისა და დის გატაცების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
სამართალდამცავ ორგანოებში გატაცებების ცნობების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა კი გატაცებების შესახებ დასმულ კითხვას 27 დეკემბერს პრესკონფერენციაზე ორაზროვნად უპასუხა.
მისი თქმით, ამის შესახებ ცნობები ნახა და როსგვარდიასა და FSB-ს ჰკითხა, თუმცა მათ არაფერი იციან. კადიროვის განცხადებით, თუ ეს ადამიანები გაიტაცეს, ისინი მათ მოძებნიან.
"მათ [ოპოზიციურმა ბლოგერებმა] უნდა გაიგონ, რომ თუ ჩემი ოჯახის ღირსებას შეეხებიან, ამ ადამიანის მშვიდად არასდროს დავტოვებ. სავარაუდოდ, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენეს, ისინი წაიყვანდნენ მათ ნათესავებს", — თქვა კადიროვმა.
ჩეჩნეთის ადამიანის უფლებების ასოციაციამ, Vayfond-მა საერთაშორისო მედიას, პოლიტიკოსებს, საჯარო ფიგურებს ღია წერილი მიმართა და ჩამოთვალა 50 ადამიანი, რომელიც, მათი ვარაუდით, გაიტაცეს.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები