აფხაზეთში ძალადობრივ საპროტესტო აქციას სისხლის სამართლის გამოძიება მოჰყვა
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".
სამშაბათს, 21 დეკემბერს, აფხაზეთში საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა. პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
ოთხშაბათს, 22 დეკემბერს, გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ იძიებენ მასობრივი არეულობის ორგანიზების, მონაწილეობისა და ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობის ფაქტს, რასაც თან ახლდა საკუთრების განადგურებაც.
სამშაბათის დემონსტრაცია სოხუმის ცენტრში ოპოზიციის ლიდერებისა და სხვა ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული.
დემონსტრაციის ბოლოს საპროტესტო ლიდერებმა გამოაცხადეს მოთხოვნების სია, მათ შორის, პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადაყენების პროცედურების დაწყება, საკონსტიტუციო რეფორმები, რომელიც პარლამენტს აძლევს უფლებამოსილებას დანიშნოს მთავრობა და მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ერთი წლით გახანგრძლივება.
საპარლამენტო არჩევნები ამჟამად 12 მარტს არის დანიშნული.
ბოლო თვეების განმავლობაში პროტესტი გამძაფრდა ელექტროენერგიის ნაკლებობის, პრივატიზაციის პერსპექტივისა და პრეზიდენტ ასლან ბჟანიას კომენტარის გამო, როდესაც მან განაცხადა, რომ აფხაზეთს სჭირდება "სუვერენიტეტის გაზიარება" რუსეთთან.
ძალადობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბჟანიამ უარი განაცხადა აქციის ლიდერების მოთხოვნებზე — ეღიარებინათ, რომ საჯარო შეკრებებზე დაწესებული შეზღუდვები გამოწვეული იყო პამდემიის გამო. ბჟანიამ თქვა, რომ სიტუაციის განმუხტვის შემდეგ მათ კითხვებს სხვა ფორმატში უპასუხებდა.
ბჟანიას უარის შემდეგ, მომიტინგეები გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ, რომელიც ავტობუსებით იყო გარშემორტყმული და პოლიცია მკაცრად იცავდა. მომიტინგეებმა გადააბრუნეს ავტობუსი, უშიშროების ძალებმა კი გამოიყენეს კვამლის ბომბები და ყუმბარები.
აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებზე თავდასხმა დაიწყეს. დაშავდა აფხაზეთის ტელევიზიის ოპერატორი და მძღოლი, ასევე რუსული სააგენტოს, Sputnik-ის ოპერატორი.
ძალადობის შემდეგ პრეზიდენტი ბჟანია შეხვდა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს — გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერ ადგურ არძინბას, ვეტერანთა ორგანიზაცია Aruaa-ს თავმჯდომარე ტიმურ გულიასა და ახრა ბჟანიას, რომელიც ხელმძღვანელობს Akhatsa-ს საზოგადოებრივ ორგანიზაციას. მათ თან ახლდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ სანგულია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრემიერმინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, ვიცე პრეზიდენტი ბადრა გუნბა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალხას კვიცინია.
შეხვედრის შემდეგ აქციის ლიდერებმა წარმოადგინეს მოთხოვნების სია:
- სამართლებრივი პროცესის ინიციატივა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით;
- ყველანაირი საკუთრებისა და საგარეო პოლიტიკური ინიციატივების გაყინვა პროცესის დასრულებამდე;
- საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გულისხმობს შერეული სისტემითა და პროპორციული ელემენტით დეპუტატების არჩევას;
- პრემიერმინისტრის პოსტის გაუქმება;
- პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცების მოთხოვნა;
- პანდემიის გამო მოქმედი პარლამენტის ერთი წლით გახანგრძლივება.
ბჟანია ზეწოლის ქვეშ
პროტესტამდე ერთი დღით ადრე აფხაზეთის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ საზოგადოება დაარწმუნა, რომ მთავრობა ღიაა "კონსტრუქციული დიალოგისთვის" და აღიარა, რომ "ბევრი პრობლემა გადაუჭრელი რჩება".
მიუხედავად ამისა, ბჟანიამ საზოგადოება გააფრთხილა, რომ აფხაზეთის პრობლემების გადალახვა შეუძლებელია სუსტი ეკონომიკითა და არასტაბილური მდგომარეობით, რომელიც შერყეულია პოლიტიკური კრიზისების სახიფათო სიხშირით.
ბჟანიამ მოუწოდა ხალხს, თავი შეიკავონ "კიდევ ერთი უპასუხისმგებლო" ქუჩის საპროტესტო აქციისგან, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოს განადგურებამდე მიიყვანს".
იმავე დღეს, ანალოგიური განცხადებები გააჟღერეს აფხაზეთის ეროვნულმა ფრონტმა, ამცახარამ და აიტაირამ.
20 დეკემბერს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვალტერ ბუტბამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, რობერტ კიუტმა საზოგადოებას მიმართეს, არ მიეღოთ მონაწილეობა "არაკანონიერ" შეკრებებში და გააფრთხილეს, რომ ორგანიზატორები პასუხისმგებელნი იქნებიან ნებისმიერ "შესაძლო შედეგზე".
15 დეკემბერს პრეზიდენტმა ასევე მიმართა აფხაზებს, მონაწილეობა არ მიეღოთ ქუჩის დემონსტრაციაში, სადაც ოპოზიციის ლიდერი, კან კვარჩია ხალხს თვითშეიარაღებისკენ მოუწოდებდა.
სექტემბრის ბოლოდან ხელისუფლება გაძლიერებულ ზეწოლას განიცდის პოლიციასა და დეპუტატებს, ალმასხან არძინბასა და გარი კოკაიას შორის დაპირისპირების გამო. 17 დეკემბერს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას შუამდგომლობას არძინბასა და კოკაიას იმუნიტეტის ჩამორთმევის შესახებ. პროკურორი კოკაიას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობისა და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფისთვის, ხოლო არძინბას ხულიგნობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის სისხლისსამართლებრივ დევნას გეგმავდა. აგრბამ დეპუტატების გადაწყვეტილებას "კანონიერი, მაგრამ უსამართლო" უწოდა.
აგრეთვე, ბჟანია მწვავე კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 13 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელიც მხარს უჭერდა რუსების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვას და მიწაზე, რომელზეც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, "გაზიარებული სუვერენიტეტის" შეთავაზებას.
სტატია თავდაპირველად OC Media-ზე გამოქვეყნდა.
კომენტარები