როგორ აზიანებს პლასტმასი გარემოს და რატომ არ არის გადამუშავება პასუხი პრობლემაზე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

შესავალი

რამდენიმე წლის წინ, როდესაც პლასტმასის მოხმარების შემცირებაზე დავიწყე ფიქრი, აშკარად დავინახე, რომ ამ ამ ნივთიერებისთვის სრული პროტესტის გამოცხადება დღეს ქალაქში თუ სოფელში მცხოვრები ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას პლასტმასთან ყოველდღიურად გვიწევს შეხება, მისი მოხმარების შედეგად უდიდესი რაოდენობის ნარჩენი წარმოიქმნება.

ამ დროს შეიძლება წყლის ბოთლზე მიხატული ისრებიანი სამკუთხედი გაგახსენდეთ და იფიქროთ, რომ პლასტმასის დიდი ნაწილი გადამუშავდება, ამიტომ პოლიეთილენის თუ პლასტმასის პროდუქტზე უარის თქმა უბრალოდ მეოცე საუკუნის კლიშეა და ვერ ხვდებით, რატომ არ უნდა გამოიყენოთ ეს ძალიან მოსახერხებელი და იაფი ნივთიერება.

სინამდვილეში საქმე ასე მარტივად არაა. ამ სტატიაში იმაზე გიამბობთ, თუ რატომ წარმოადგენს პლასტმასით დაბინძურება თანამედროვე მსოფლიოს პრობლემას, როგორ მოვედით ამ მდგომარეობამდე და რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში მასთან ბრძოლისთვის.

როგორ მოვედით აქამდე

ფოტო: plasticoceans.uk

პირველი სინთეტური პოლიმერი 1869 წელს ჯონ უესლი ჰაიატმა შექმნა, რომლის შთაგონების წყარო New York ფირმის შეთავაზება იყო — ისინი $10 000-ს ჰპირდებოდნენ ადამიანს, რომელიც სპილოს ძვლის შემცვლელის შექმნას შეძლებდა. ბილიარდის პოპულარობის ზრდამ ბუნებრივი სპილოს ძვლის მარაგის შემცირება გამოიწვია, რომელსაც ველური სპილოების მოკვლის შედეგად მოიპოვებდნენ.

ბამბის ბოჭკოდან მიღებული ცელულოზას ქაფურით დამუშავებით ჰიატმა აღმოაჩინა პლასტმასი, რომლითაც მრავალნაირი ფორმის მიღება და ბუნებრივი მასალების — სპილოს ძვლის, ცხოველის რქებისა თუ კუს ბაკნის შემცვლელების დამზადება იქნებოდა შესაძლებელი.

1907 წელს ლეო ბეიკელენდმა ბეიკელიტი შექმნა — პირველი სრულად სინთეტური პლასტმასი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ბუნებაში არსებულ არც ერთ მოლეკულას არ შეიცავდა.

ჰიატის და ბეიკელენდის წარმატებამ ქიმიურ ნივთიერებებზე მომუშავე მსხვილი კომპანიების ყურადღება მიიქცია და ახლა მათაც დაიწყეს ახალი პოლიმერების შექმნაში ინვესტიციის ჩადება, მალე კი ცელულოიდსა და ბეიკელიტს ახალი ტიპის პლასტმასები შეუერთდნენ.

ხალხმა პლასტმასის სასარგებლო თვისებები მალევე აღმოაჩინა და კომპანიებმა მასობრივად დაიწყეს მისი წარმოება მის უარყოფით მხარეებზე ფიქრის გარეშე. ნივთიერებამ განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის დროს მოიპოვა, რა დროსაც მხოლოდ აშშ-ში მისი წარმოება 300%-ით გაიზარდა. ომის დამთავრების შემდეგ პლასტმასის ინდუსტრიამ აქტიურად დაიწყო მარკეტინგული კამპანიების ჩატარება. მისი მოხმარება განსაკუთრებით გაიზარდა 1950-იან წლებში, როდესაც ბაზარზე პოლიესტერი და პოლიპროპილენი გამოჩნდა.

პლასტმასის ნარჩენები ოკეანეში პირველად 1960-იან წლებში შეამჩნიეს — ათწლეულში, როდესაც ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს გარემოსდაცვითი პრობლემების გაცნობიერება. მსგავსი ინფორმაციის გავრცელების პარალელურად იზრდებოდა ხალხის უკმაყოფილება პლასტმასით დაბინძურების გამო. ცოტა ხანში პლასტმასი იაფფასიანი მორჩილების, სიყალბისა და ზედაპირულობის სიმბოლოდ იქცა.

პლასტმასის რეპუტაცია განსაკუთრებით დაეცა 1970-იან და 1980-იან წლებში, როდესაც ნარჩენების მზარდი რაოდენობისა და გარემოს დაბინძურების პრობლემა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. იგი სპეციალურ სამიზნედ იქცა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასის პროდუქტების დიდი ნაწილი ერთჯერადი გამოყენებისაა, ეს ნივთიერება გარემოში საუკუნეების მანძილზე რჩება, მისი გადამუშავების შესახებ კი პირველი წინადადება სწორედ პლასტმასის ინდუსტრიამ წამოაყენა.

თუმცა, 1980-იანი წლებიდან 30-40 წლის გასვლის შემდეგ ვხედავთ, რომ ეს პრობლემა არა თუ გაქრა, არამედ გაიზარდა — პლასტმასი დაუმორჩილებელ და უმართავ მხეცად იქცა, რომელსაც ვეღარ ვუმკლავდებით.

მხოლოდ აშშ-ში ერთ ადამიანზე ყოველწლიურად 106 კილოგრამი პლასტმასს აწარმოებენ. ყოველ წუთას 1 მილიონზე მეტი პლასტმასის ცელოფანი გამოიყენება, რომელთა მოხმარების საშუალო ხანგრძლივობა 15 წუთია. ყოველწლიურად მსოფლიოში 500 მილიარდ პლასტმასის ცელოფანს იყენებენ — არა ზოგადად პლასტმასისგან დამზადებულ ნივთს, არამედ მხოლოდ ცელოფანს.

2013 წელს პლასტმასის ინდუსტრიამ ბაზარზე 260 მილიარდი დოლარის ღირებულების 78 მილიარდი ტონა პლასტმასი გამოიტანა. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის რიცხვი ჩვენს ისედაც დაბინძურებულ და გამოფიტულ დედამიწაზე ზრდას განაგრძნობს, სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელიც იმატებს.

არსებობს მოლოდინი, რომ 2025 წლისთვის ოკეანეში ყოველ 3 ტონა თევზზე 1 ტონა პლასტმასის ნარჩენები მოვა, 2050 წლისთვის კი ამ უკანასკნელის რაოდენობა თევზების რაოდენობას გადააჭარბებს. კვლევების მიხედვით, მსოფლიოს ზღვის ეკოსისტემებზე პლასტმასით მიყენებული სრული ეკონომიკური ზარალი 13 მილიარდ დოლარს წარმოადგენს.

ამ ყველაფრის ფონზე, პლასტმასის ყველა ნაწარმიდან, რაც აქამდე შეუქმნიათ, მხოლოდ 12% გადამუშავდება, უდიდესი ნაწილი კი ნაგავსაყრელებზე, ან გარემოში ხვდება.

გადაგდების კულტურა და გარემოსდაცვითი კამპანიები

გადაგდების კულტურა მეოცე საუკუნის ფენომენია, რომელიც ხალხს ომებისა და გაჭირვების დროს ნელ-ნელა მოახვიეს თავს. პლასტმასის ინდუსტრიის მარკეტინგული კამპანიები მიზნად ისახავდა ხალხის დარწმუნებას, რომ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარება იყო არამხოლოდ შესაძლებელი, არამედ მისაღები და, მეტიც, საჭირო.

ამ ყველაფერმა კი იქამდე მიგვიყვანა, რომ დღეს ჩვენთვის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრების სწრაფ ტემპს არიან მიჩვეულნი და ყოველთვის მოსახერხებელ ალტერნატივებს ირჩევენ, პლასტმასის გარეშე ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია.

გადაგდების კულტურა გარემოსთვის ნამდვილად საზიანოა, თუმცა პლასტმასის საწარმოებისთვის მისი დანერგვა საკმაოდ მომგებიანი სტრატეგიაა — იმ შემთხვევაში, თუ ინდუსტრიას გაყიდვების გაზრდა უნდა, მაშინ მან მომხმარებელს არსებულის გადაგდება და ახლის შეძენა უნდა ასწავლოს.

პლასტმასის მწარმოებლების კიდევ ერთ ეფექტიან სტრატეგიას გარემოსდაცვითი კამპანიები და გარემოს დაბინძურებისთვის მთელი ბრალეულობის ხალხზე გადატანა წარმოადგენს.

გარემოსდაცვითი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლო — გადამუშავების ლოგო პლასტმასის ინდუსტრიის მიერ ჩატარებული კონკურსის ფარგლებში შეიქმნა. ამ ნიშნით კომპანიები მომხმარებელს არწმუნებენ, რომ შეგვიძლია იმდენი პლასტმასი მოვიხმაროთ, რამდენიც გაგვიხარდება, რადგან ამ პროდუქტებს საბოლოოდ მაინც გადაამუშავებენ და ჩვენი ქმედებით გარემოს ზიანი არ მიადგება. სინამდვილეში ასე არ ხდება — ყოველ შემთხვევაში, დედამიწაზე მაინც. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პლასტმასის უდიდესი ნაწილი ისევ ნაგავსაყრელებზე და გარემოში ხვდება, სადაც წლების მანძილზე რჩება, ხვდება კვებით ჯაჭვში და აზიანებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე ბუნებრივ ეკოსისტემებსაც.

იმ შემთხვევაში კი, თუ პლასტმასი არ გადამუშავდება, მთელი პასუხისმგებლობა არა მწარმოებელს, არამედ მომხმარებელს ეკისრება. პლასტმასის ინდუსტრიის გარემოსდაცვითი კამპანიები კი მომხმარებლებს დანაშაულის გრძნობას უჩენს დედამიწის დაბინძურებისთვის, რომლებსაც სწორედ ამ კორპორაციების მასობრივი წარმოება იწვევს.

ეს ყველაფერი, იმის გათვალისწინებით, რომ პლასტმასის უდიდესი ნაწილი — 88% საერთოდ არ გადამუშავდება, ამ სისტემის კრახზე მიუთითებს.

პლასტმასის გავლენა გარემოსა და ველურ ბუნებაზე

როგორც ზემოთ აღვნიშნე, პლასტმასი ბიოდეგრადირებადი არაა. სანაცვლოდ, იგი ნელ-ნელა უფრო და უფრო პატარა ზომის ფრაგმენტებად — მიკროპლასტმასად იშლება, რომლის მოცილება გარემოდან კიდევ უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს.

გარემოში მოხვედრისას პლასტმასი ბლოკავს წყალსადენებს, იჭედება საკანალიზაციო არხებში და კარგ გარემოს ქმნის მწერების გამრავლებისთვის, რაც თავის მხრივ დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის.

შედარებით ღარიბ ქვეყნებში მას საკვების მოსამზადებლად წვავენ, რის შედეგადაც ადამიანის გარემოში ტოქსიკური ნივთიერებები გაიფრქვევა და უარესდება ჰაერის ხარისხი.

ფოტო: www.iflscience.com

წყალში მოტივტივე პლასტმასის ნარჩენები ერთგვარ გადაადგილების საშუალებას წარმოადგენს ცოცხალი ორგანიზმებისთვის, რომლებიც ამ ნივთების საშუალებით მათთვის უცნობ ადგილებში ხვდებიან, იქცევიან ინვაზიურ სახეობებად და ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას უქმნიან საფრთხეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პლასტმასის დასამზადებლად წიაღისეული საწვავი — ბუნებრივი აირი და ნავთობი გამოიყენება. შესაბამისად, ეს ინდუსტრია არაპირდაპირი გზით აბინძურებს ატმოსფეროსაც.

რაც შეეხება ზღვის ცხოველებს, აქამდე ჩატარებული კვლევების ფარგლებში მეცნიერებმა ცხოველებში პლასტმასით მიღებული დაზიანებების, პლასტმასის მიღების შემდეგ სიკვდილის ან ამ ნივთიერებებში გადახლართვის უამრავი შემთხვევა გამოავლინეს. ავსტრალიის მთავრობის სამეცნიერო სააგენტოს — CSIRO-ის თანამედროვე მიმოხილვების მიხედვით კი, 80 სხვადასხვა სახეობის ცხოველი, მათ შორის კუები პლასტმასის გადაყლაპვის შედეგად იხოცებიან.

ზღვის ცხოველებს, როგორებიც არიან კუები და დელფინები, პლასტმასის ფრაგმენტები ხშირად საკვებში ერევათ. მკვლევრების თქმით ოკეანეში პლასტმასის არსებობა ევოლუციურ ადაპტაციებს იწვევს, რომლებიც ერთ დროს ამ ქმნილებებს გარემოსთან წარმატებით შეგუებაში ეხმარებოდა, ახლა კი მათ რისკის ქვეშ აყენებს.

პლასტმასის ფრაგმენტები ნაპოვნია ზღვის კუების 86%-ში, ზღვის ფრინველების 44%-ში და ზღვის ძუძუმწოვრების 43%-ში.

აღსანიშნავია, რომ პენოპოლისტიროლის პროდუქტები, რომლებიც ისეთ შესაძლო კარცეროგენებს შეიცავენ, როგორებიცაა ბენზოლი და სტიროლი, ცხოველის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევიან — აზიანებენ ფილტვებს, ნერვულ სისტემასა და რეპროდუქციულ ორგანოებს. ცხოველში მოხვედრილი ქიმიური ნივთიერებები კი, შესაძლოა, შემდეგ კვებით ჯაჭვში მოხვდეს და, საბოლოოდ, ჩვენს თეფშზე აღმოჩნდეს.

პლასტმასის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

პლასტმასით დაბინძურება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ უკვე მთელი რიგი მომავალი თაობების პრობლემასაც წარმოადგენს. მიკროპლასტმასისა და ამ ნივთიერებების დამუშავებისას გამოყენებული ქიმიური ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრა არამხოლოდ კუების და დელფინების, ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.

ამისთვის პირდაპირი მნიშვნელობით პლასტმასის გადაყლაპვა არაა საჭირო — პლასტმასის პატარა ნაწილაკები ხვდებიან წყალში, საკვებსა და ჰაერშიც. მიკროპლასტმასი პლასტმასის ბოთლებში დაფასოებული წყლის 90%-სა და ონკანის წყლის მთელ 83%-შია აღმოჩენილი.

მიკროპლასტმასი ოკეანეში

მიკროპლასტმასი ოკეანეში

ფოტო: youmatter.world

რაც შეეხება მომავალ თაობებს, უნდა ითქვას, რომ მიკროპლასტმასი აღმოჩენილია ახალშობილის პლაცენტასა და სისხლშიც — აქედან გამომდინარე, ეს საზიანო ნივთიერებები დედის ორგანიზმიდან შვილებსაც გადაეცემა.

ცნობილია, რომ პლასტმასში გამოყენებული ბევრი ქიმიური ნივთიერება აზიანებს ენდოკრინულ სისტემას, იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა უნაყოფობა და ჰორმონალური დისბალანსი, ასევე ზრდის კიბოს განვითარების რისკს.

გამოსავლის ძიება და სამომავლო სტრატეგიები

მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასით დაბინძურება ჯერ კიდევ მზარდ პრობლემას წარმოადგენს, ბოლო წლებში ამ საკითხის მიმართ გამოჩენილი ყურადღება ბევრად გაიზარდა — მსოფლიოს ქვეყნებში უკვე დაიწყეს სხვადასხვა ზომების მიღება ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის აკრძალვისა და გადამუშავებაზე წვდომის გაზრდის მიზნით.

დღეს პლასტმასის პრობლემა მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, მათ შორის კი განვითარებულ ქვეყნებში ისევ დაურეგულერებელი რჩება. პანდემიამ ერთჯერადი ნივთების მოხმარების წახალისებით კიდევ უფრო შეუწყო ხელი ამ პრობლემის გამწვავებას.

თუმცა, ამ მიმართულებით დადებითი ტენდენციებიც შეინიშნება. სურსათის მაღაზიებში შემოთავაზებული პოლიეთილენის პარკები აქტივისტების სამიზნედ იქცა, რომლებიც მის აკრძალვას მოითხოვენ. ამერიკის რამდენიმე ქალაქში ამ ერთჯერადი ცელოფნების მოხმარება უკვე აკრძალულია. აქტიურად ხდება მსოფლიოში მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების წახალისება. ამერიკაზე საუბრისას ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს კონგრესმა ფედერალური აქტი შემოიღო, რომელიც ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტებში პლასტმასის მიკროგრანულების არსებობას კრძალავს.

რაც შეეხება შვედეთს, აქ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების მხოლოდ 4% ხვდება, დანარჩენი კი ან გადამუშავდება, ან ელექტრო სადგურებში ენერგიის მისაღებად საწვავის სახით გამოიყენება. ამ მიმართულებით შვედეთის წარმატების შემდეგ ნარჩენების ენერგიად გადაქცევის ინიციატივა გაჩნდა სხვა ქვეყნებშიც.

პლასტმასით დაბინძურება საკმაოდ დიდი პრობლემაა, თუმცა არსებული მდგომარეობის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია, გარკვეულწილად მაინც. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზას ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება და პლასტმასის გადასამუშავებლად უფრო ეფექტიანი ტექნოლოგიების შექმნა წარმოადგენს, ასევე არასაჭირო ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის წარმოების შემცირება და პროდუქტის შეფუთვის დიზაინის ბიოდეგრადირებადი მასალით შეცვლა.

ასევე ეფექტიან პრაქტიკას წარმოადგენს ოკეანეების სანაპიროების დასუფთავება იქ, სადაც ხელი მიგვიწვდება. არსებობენ კომპანიები, რომლებიც გარემოში შეგროვებულ პლასტმასის ნარჩენებს ისეთი ნივთების დასამზადებლად იყენებენ, როგორებიც სამაჯურებია. არაერთი ბრენდი იყენებს გადამუშავებულ პლასტმასს გარემოს დაბინძურების პრობლემის შემსუბუქების მიზნით. მათ შორისაა Adidas, Parley და Nike — 2018 წლის მონაცემებით ამ უკანასკნელის პროდუქტების 75% გადამუშავებულ პლასტმასს შეიცავს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად პლასტმასის მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულების ზრდისა, ეს ნივთიერებები ჩვენი თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენენ, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ელექტრონული მოწყობილობებისა და მედიცინის განვითარებას. იგი ხელს უწყობს წიაღისეული საწვავის დაზოგვას, რომელსაც გათბობისთვის და ტრანსპორტისთვის იყენებენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პლასტმასის მოხმარებამ გამოიწვია ცხოვრების დონის აწევა და ბუნებრივი მასალების ჩანაცვლებით ყოველდღიური გამოყენების ნივთები უფრო ხელმისაწვდომი, მსუბუქი და უსაფრთხო გახადა.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ალტერნატიული მასალების შექმნა გარემოში, პლასტმასთან შედარებით, უფრო დიდი რაოდენობით ემისიების გაფრქვევას იწვევს და უფრო მეტად აბინძურებს ატმოსფეროს.

იქიდან გამომდინარე, რომ პლასტმასს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში, დღეს ბევრი მეცნიერი მუშაობს მისი გარემოსთვის უფრო უსაფრთხო და მდგრადი ალტერნატივების შექმნაზე, ზოგიერთი მათგანი ბიოპლასტმასს ქმნის, რომელიც გარემოსთან უფრო მეგობრული ნივთიერებებითაა დამზადებული, სხვები უფრო ეფექტიანი გადამუშავების გზებს ეძებენ. პლასტმასის მოხმარება საუკეთესო გამოსავალი არაა, თუმცა იგი ჩვენი მომავლის მნიშვნელოვან და საჭირო ნაწილს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასის მოხმარების ბოლომდე აღმოფხვრა წარმოუდგენელია, შეგვიძლია თუნდაც პატარა ნაბიჯები გადავდგათ და გარკვეულწილად მაინც შევამციროთ ერთჯერადი პროდუქტების მოხმარება. იქიდან გამომდინარე, რომ პლასტმასით დაბინძურება დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, ჩვენ ყველას, განსაკუთრებით კი პლასტმასის მწარმოებლებსა და საკანონმდებლო ორგანოებს ამ პრობლემის მოგვარების პასუხისმგებლობა გვაკისრია. გლობალური პრობლემის მოგვარებას გლობალური პასუხი სჭირდება, ამიტომ ყველამ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ საკითხის გადაჭრაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ