ინსპექტორმა სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო სამინისტრო და პენიტენციური დააჯარიმა და წაშლა დაავალა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა.
მათი გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.
წვენებისა და თაფლის შესახებ ინფორმაცია
ინსპექტორის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტების (ნატურალური წვენების, თაფლის) შესახებ ინფორმაციის (2021 წლის 8 ოქტომბერს) გასაჯაროებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, დაარღვია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "ბ" (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისთვის) და "გ" (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების ფონზე, საზოგადოებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ინტერესი ნამდვილად არსებობდა. თუმცა, საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენდა არა მის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი და მიღებული პროდუქტების სახეობა და რაოდენობა, არამედ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
"სახელმწიფო ინსპექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ შედეგებზეც, რაც აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა, კერძოდ მიხეილ სააკაშვილმა უკან დააბრუნა შეძენილი პროდუქტები და შეწყვიტა საკვები დანამატების მიღება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ისიც, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო მასთან დაცული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, ვინაიდან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ, პოლიტიკური განცხადებების ფარგლებში, გაჟღერებული ინფორმაცია ემთხვეოდა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხის მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების შესახებ დაცულ ინფორმაციას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
წნევის, პულსის, სატურაციის, გლუკოზის მონაცემები
სამსახურის ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2021 წლის 10 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება იყო კანონიერი. მათი განცხადებით, იმ პირობებში, როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების თაობაზე და მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა გაასაჯაროვა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საზოგადოების ინფორმირებისთვის გამოყენებული საშუალება — მიხეილ სააკაშვილის ნორმაში არსებული სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ ზოგადი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება — ლეგიტიმური საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების პროპორციულ საშუალებად ჩაითვალა.
კვების რაციონის შესახებ ინფორმაცია
ინსპექტორის განცხადებით, 2021 წლის 5 და 6 ნოემბერს კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "ბ" (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის), "გ" (მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი) და "დ" (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსმა (რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდა საკვებს, რომელიც არ იყო სამედიცინო დანიშნულების) საზოგადოების ნაწილში შექმნა მცდარი აზრი მისი მოჩვენებითი შიმშილობის შესახებ, მაშინ როდესაც, საპირისპირო დასტურდება სამედიცინო დოკუმენტებით — ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა შეწყვეტილი არ ჰქონდა და კონსილიუმის წევრების მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, იგი სამედიცინო პუნქტში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით, ექიმების მეთვალყურეობით, იღებდა სხვადასხვა სახის წვენებსა და პიურეებს.
"შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვები დანამატების მიღების შესახებ, ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, იმ მნიშვნელოვანი დეტალის გარეშე, რომ აღნიშნული ხორციელდებოდა ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციით, ვერ იქნება მიჩნეული კანონიერად. მით უფრო, იმ წინასწარ განჭვრეტადი შედეგის გათვალისწინებით, რაც გამოიწვია არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებამ — მოშიმშილე პირმა (მიხეილ სააკაშვილმა) უარი განაცხადა ყოველგვარი საკვები დანამატის მიღებაზე, რამაც შექმნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფრთხე", — აღნიშნავენ სამსახურში.
სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ პაციენტის შესახებ ასეთი ინფორმაციის გავრცელება, ერთი მხრივ, საფრთხეს უქმნის მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, აყალიბებს უნდობლობას პაციენტსა და სამედიცინო მუშაკს შორის, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია სათანადო მომსახურების გასაწევად.
"საკვების" მიღების კადრები
მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალის (2021 წლის 6 ნოემბერს) გასაჯაროებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "ა" (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), "ბ" (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის), "გ" (მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი) და "დ" (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
ამასთან, სამსახურის ცნობით, სამედიცინო ოთახში ვიდეოთვალთვალი და აღნიშნულ სივრცეში ვიდეოთვალთვალის განხორციელების მიზნები კანონიერად იქნა მიჩნეული.
რაც შეეხება ფოტო-ვიდეომასალის გასაჯაროებას, სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა არ მიუთითებდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებდა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სამედიცინო მომსახურების ხარისხში.
"შესაბამისად, ბუნდოვანია, რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ოთახში ექიმის მეთვალყურეობით, კონსილიუმის რეკომენდაციის შესრულების ამსახველი ფაქტებისა და ფოტომასალის გასაჯაროება. ამასთან, ფოტოსურათისა და ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება იმ კონტექსტში, რომ ეს წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველ უტყუარ მტკიცებულებას, იმ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების გარეშე, რომ მათი მიღება იყო რეკომენდირებული ექიმების მიერ და ნებადართული შიმშილობის დროს, აჩენდა მიხეილ სააკაშვილის მიერ მოჩვენებითი შიმშილობის განცდას, რაც როგორც უკვე აღინიშნა, არ წარმოადგენდა ობიექტურ ინფორმაციას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია ისიც, რომ სამედიცინო ოთახში მოხვედრილ პირს, სამედიცინო ხასიათის პერსონალური მონაცემების განსაკუთრებული ხასიათის გათვალისწინებით, აქვს ასეთ სივრცეში გაკეთებული ვიდეოჩანაწერის ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობისაგან დაცულობის სამართლიანი მოლოდინი. გარდა ამისა, პირის ფოტო-ვიდეოგამოსახულება განსაკუთრებით არის დაცული პირადი ცხოვრების უფლებით. შესაბამისად, ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებშიც, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეეძლო პირადი ცხოვრების სხვა, ნაკლებ შემზღუდავი საშუალებით.
"სახელმწიფო ინსპექტორმა, ყურადღება ასევე გაამახვილა ვიდეოჩანაწერისა და ფოტომასალის შინაარსის მნიშვნელოვან დეტალებზე. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ასახულია პრივატულ ფორმაში. ფოტოსურათზე კი, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტავს, ასახულია მის მიერ მიღებული საკვები დანამატები — გარკვეული ხილფაფები და პიურეები, რომლებიც საზოგადოებაში ფართოდ გამოიყენება ბავშვთა საკვების სახით. ამ გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციის გავრცელების ფორმა და შინაარსი საზოგადოებაში ქმნიდა არასწორ განცდას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მოჩვენებითი ხასიათის შესახებ, ინფორმაციის გასაჯაროება უნდა შეფასდეს მოშიმშილე პირის ღირსების შელახვად", — ვკითხულობთ განცხადებაში.
რუსთავის ციხის დატოვების კადრები
ინსპექტორის სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მიერ #12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის, მისი #18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და #12 პენიტენციური დაწესებულებიდან #18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერის (2021 წლის 8 და 11 ნოემბერს) გასაჯაროებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "ა" (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), "ბ" (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის), "გ" (მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი) და "დ" (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
მათივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომონიტორინგი #12 და #18 პენიტენციურ დაწესებულებებში კანონიერად იქნა მიჩნეული, ვინაიდან იგი ხორციელდებოდა კანონით დადგენილი წესით და აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო მონაცემთა სუბიექტი. თუმცა, ინსპექტორი აღნიშნავს, რომ გამოვლინდა გარკვეული ნაკლოვანება რეანომობილში აუდიო-ვიდეო გადაღების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინფორმირებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღქმადი იყო აუდიო-ვიდეო გადაღების ფაქტი და აღნიშნულთან დაკავშირებით მას არ გამოუთქვამს პრეტენზია, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჩაწერის დაწყებამდე უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ ვის მიერ და რა მიზნით ხდებოდა აუდიო-ვიდეოჩაწერა.
რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ #12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება იმის დემონსტრირებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად საკუთარი ნებით დატოვა დაწესებულება, ვერ ჩაითვლება კანონიერად, ვინაიდან საპირისპირო დასტურდება შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის #18 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი იძულებით შესახლებისა და რეანომობილში გადაღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით. ინსპექტორის თქმით, ბუნდოვანია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა და რატომ იყო აუცილებელი ამ სახის ინფორმაციის გავრცელება.
#18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორმა განმარტა, რომ მისი პოლიტიკური სტატუსის (საქართველოს მესამე პრეზიდენტი), ცნობადობის, მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ), ვიდეოჩანაწერის შინაარსისა (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს იგი ხელში აწეული, იძულებით გადაჰყავთ წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში) და გასაჯაროების წინასწარ განჭვრეტადი შედეგების (აღნიშნული კადრები გავრცელდა მედიაში (და არა მხოლოდ საქართველოში) გათვალისწინებით, მისი ამგვარ ფორმაში და ვითარებაში ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, უნდა იქნას მიჩნეული მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ფორმით მონაცემების დამუშავებად.
"ღირსების უფლება განამტკიცებს იმგვარ წესრიგს, რომელშიც მთავარი ღირებულება არის ადამიანი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. კონფლიქტი ღირსების უფლებით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, იმთავითვე და უპირობოდ უნდა გადაწყდეს ადამიანის ღირსების სასარგებლოდ.
შესაბამისად, რეანომობილის პენიტენციური დაწესებულების კორპუსთან გაჩერების, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო ტექნიკის დაზიანებისა და დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტების დემონსტრირებისთვის, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ჩანაწერის გასაჯაროება და ამ ფორმით საზოგადოების ინფორმირება, ვერ იქნება განხილული კანონიერი მიზნით მონაცემების დამუშავების შემთხვევად, ასევე, რაიმე ლეგიტიმური მიზნის, მათ შორის, საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისათვის გამოყენებულ პროპორციულ და ადეკვატურ საშუალებად", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სამსახურის ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კანონიერი მიზნის მიღწევის თანაზომიერ და ადეკვატურ საშუალებად არ იქნა მიჩნეული ასევე რეანომობილში გადაღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ აუდიო-ვიდეოგადაღების თაობაზე მიხეილ სააკაშვილი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული.
სახელმწიფო ინსპექტორმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ რეანომობილში მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ექიმების დაკვირვების ქვეშ, სადაც მონაცემთა დაცულობის მოლოდინი ბევრად მაღალია. ამასთან, 2021 წლის 9 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უკვე დაწყებული იყო გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. შესაბამისად, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული გამოძიების და არა ცალკეული აუდიო-ვიდეოჩანაწერის მიმართ.
ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), მას სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა ჯარიმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რაც მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევას გულისხმობს.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა ჯარიმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალათ Facebook-ზე, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა.
-
გადახედვაევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა
-
გადახედვააქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს
-
გადახედვასოხუმი თბილისთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს სოხუმი თბილისთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს
-
გადახედვაევროპარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგში გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს ევროპარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგში გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ
-
გადახედვარა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა
-
გადახედვა"ხელოვნების სახლი" გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს ნაომარ ქალაქზე ინსტალაციას უკავშირებს "ხელოვნების სახლი" გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს ნაომარ ქალაქზე ინსტალაციას უკავშირებს
-
გადახედვაოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვს
-
გადახედვაკომპანიების უარის გამო, შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა კომპანიების უარის გამო, შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა
-
გადახედვაკიტ კელოგი იანვარში კიევსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს კიტ კელოგი იანვარში კიევსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს
-
გადახედვადავით ზედელაშვილი: ბატონ თადუმაძეს არ გააჩნია არსებითი უფლება, რომ მოითხოვოს ან მოლოდინი ჰქონდეს, რომ ლიეტუვამ ის თავის ტერიტორიაზე დაუშვას დავით ზედელაშვილი: ბატონ თადუმაძეს არ გააჩნია არსებითი უფლება, რომ მოითხოვოს ან მოლოდინი ჰქონდეს, რომ ლიეტუვამ ის თავის ტერიტორიაზე დაუშვას
-
გადახედვარობინ ვაგენერი: გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას რობინ ვაგენერი: გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას
-
გადახედვაანდრიუს კუბილიუსი: ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ ანდრიუს კუბილიუსი: ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ
-
გადახედვაზელენსკი: არ იქნება სამართლიანი, ყველამ რომ დაიწყოს ლაპარაკი, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ ზელენსკი: არ იქნება სამართლიანი, ყველამ რომ დაიწყოს ლაპარაკი, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ
-
გადახედვააფგან სადიგოვი: რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი აფგან სადიგოვი: რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი
-
გადახედვამიხაილ როთი: EU-ში უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების გარდა მოკავშირეები აღარ ჰყავთ! სირცხვილი ირაკლი კობახიძეს! მიხაილ როთი: EU-ში უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების გარდა მოკავშირეები აღარ ჰყავთ! სირცხვილი ირაკლი კობახიძეს!
-
გადახედვაარასამთავროები: ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ პირად ნივთებს, აიძულებდნენ ექოთ "ხარება" არასამთავროები: ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ პირად ნივთებს, აიძულებდნენ ექოთ "ხარება"
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
-
გადახედვაევროპული საბჭოს მდივანი, ალან ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდება ევროპული საბჭოს მდივანი, ალან ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
-
გადახედვა20 დეკემბერს ენერგეტიკოსების მსვლელობა გაიმართება 20 დეკემბერს ენერგეტიკოსების მსვლელობა გაიმართება
-
გადახედვაპრეზიდენტის ადმინისტრაცია: [საზმაუ] ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული, ობიექტური მედია და პირდაპირ ეთერში არ აშუქებს ევროპარლამენტში პრეზიდენტის მიმართვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია: [საზმაუ] ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული, ობიექტური მედია და პირდაპირ ეთერში არ აშუქებს ევროპარლამენტში პრეზიდენტის მიმართვას
კომენტარები