5 ნამუშევარი, რომლებიც ახმატოვას პოეზიის ინტიმურ და პოლიტიკურ მხარეებს გვანახებს
ანა ახმატოვა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი პოეტია, რომლის შემოქმედებასაც დღემდე არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს. მისი თანამედროვე, მარინა ცვეტაევა მას "სრულიად რუსეთის ტკბილად მოუბარი ანას" სახელით მოიხსენიებს — ეს სიტყვები ეხმიანება ახმატოვას ზებუნებრივ უნარს, გაეხმოვანებინა მთელი ერის გრძნობები. დღესდღეობით ის რუსული ვერცხლის ხანის ყველაზე ცნობილ ფიგურათა შორისაა — ქვეყნის იმ შემოქმედებითად ნაყოფიერი პერიოდის წარმომადგენელია, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის დასასრული და მეოცე საუკუნის პირველი სამი დეკადა მოიცვა. მაგრამ რამდენადაც ყვაოდა ნახსენები დროის სახელოვნებო სცენა, იმდენად კონტრასტული სიბნელე ჩამოწვა, როცა სტალინის გამოჩენამ და საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებულმა რეპრესიებმა ინდივიდუალური თავისუფლება შეზღუდა და ინტელექტუალებისთვის ყოფა საოცრად სახიფათო გახადა.
ახმატოვას პოეზია სიტყვებით გადმოსცემდა მილიონობით ადამიანის ტანჯვას და ამ გზით უხილავი წინააღმდეგობის იარაღს სთავაზობდა მათ, ვინც თავისუფლებას სტალინის დიქტატურისგან იცავდა.
1889 წელს ოდესაში დაბადებულმა ანა ანდრეევნა გორენკომ ფსევდონიმით წერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მამამ, მოკრძალებული ბურჟუაზიული წარმომავლობის საზღვაო ინჟინერმა, "პატივსაცემი სახელის" გამოყენება აუკრძალა. დედისეული თათრული ფესვები პოეტის ლიტერატურული ფსევდონიმის შთაგონების წყარო გახდა: ანას ბებია ამტკიცებდა, რომ ხან ახმატის შთამომავალი იყო, ამ უკანასკნელს კი თავად ჩინგიზ-ყაენი ეკუთვნოდა წინაპრად.
ახმატოვას ცხოვრება და მოღვაწეობა თვალსაჩინო მტკიცებულებაა იმ საშინელებებისა, რომლებიც მე-20 საუკუნეს სდევდა თან. იგი ორ ომს, რევოლუციას, ლენინგრადის ბლოკადას გადაურჩა და უახლოესი მეგობრების თუ ოჯახის წევრების გადასახლების, დაპატიმრებისა და დახოცვის მომსწრე გახდა.
ახმატოვას შვილის, ლევის განმეორებითმა დაკავებამ და საბოლოოდ გულაგში გადასახლების განაჩენმა პოეტ ქალს წერაზე უარი ათქმევინა: ანა შიშობდა, რომ მისი პოეზია მეტ ზიანს მოუტანდა შვილს. ამას თან დაერთო მის ნამუშევრებზე არაოფიციალურად დაწესებული აკრძალვა. შედეგად კი მან თითქმის ოცი წლით გაჩუმება ამჯობინა. ახმატოვას უნარი, გამოხატოს ისტორიული ტრაგედია პირველ პირში, მის შემოქმედებას განსაკუთრებულად უნიკალურს და დღევანდელობისთვისაც რელევანტურს ხდის.
ეს სტატია იმ ხუთ ნამუშევარში გამოგზაურებთ, რომლებიც პოეტის შემოქმედებით სამყაროს ასახავენ — ინტიმურიდან პოლიტიკურამდე.
1. საღამო
პოეტის პირველმა კრებულმა, საღამო, რომელიც 1914 წელს გამოიცა, მას მყისიერი აღიარება მოუტანა. ლექსთწყობის კლასიკურმა ფორმამ თუ სათქმელის სიცხადემ ახმატოვა განასხვავა და გამიჯნა სიმბოლისტებისგან, რომელთათვისაც მისტიციზმი და მეტისმეტი სიტყვაუხვობა იყო დამახასიათებელი. ამის შედეგად, 1912 წელს ახმატოვა ქმართან, ნიკოლაი გუმილიოვთან და მეგობრებთან, სერგეი გოროდესკისთან და ოსიპ მანდელშტამთან ერთად, აარსებს აკმეიზმს — მოძრაობას, რომელიც ეფუძნება ძველბერძნულ ცნებას, "აკმე", რაც მეორენაირად "ადამიანის საუკეთესო ასაკს" ნიშნავს. ეს უკანასკნელი სიმბოლურად გამოხატავს პოეტების მიერ დიონისესეული სიგიჟის უარყოფას და აპოლონისეული სიცხადისთვის უპირატესობის მინიჭებას.
საღამოს მკითხველი იმ ახალგაზრდა პოეტის ინტიმურ სამყარომდე მიჰყავს, რომელსაც ჯერ არ შეუბიჯებია "რეალურ მეოცე საუკუნეში" — დროში, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე არ დაინდო. ამასთან, საღამო იმ მცირერიცხოვან კრებულთა შორისაა, რომელში გაერთიანებულ ლექსებს ავტორმა თავადვე მოუყარა თავი — მის მიერ მოგვიანებით შექმნილი ნამუშევრები უკვე საბჭოთა ცენზურას გადიოდა. კრებული ერთდროულად მარტივად გასაგებიცაა და ღრმაც. ძირითადი ფოკუსი აქ ბუნებაზე, სიყვარულზე, გულგატეხილობაზეა გაკეთებული, რადგან პოეტი თავისი პირველი ქორწინების ჩამოშლაზე რეფლექსირებს. ყველა ლექსი მოკლე და ძალიან პირადია და მათში ნათლად იკვეთება ახმატოვასეული რითმის შეგრძნება და მუსიკალურობა.
2. რეკვიემი
ახმატოვამ რეკვიემზე მუშაობა შვილის, ლევ გუმილიოვის და ყოფილი პარტნიორის, ნიკოლაი პუნინის დაპატიმრების შემდეგ, 1935 წელს დაიწყო. რეკვიემი შემაძრწუნებლად ნაცნობი საბჭოური ტერორის — საყვარელი ადამიანების სრულიად უსაფუძვლო პატიმრობის შესახებ გვიყვება. მისი ცნობილი "წინათქმის ნაცვლად" აღგვიწერს ქალს, რომელიც პატიმრის საპყრობილის კედელთან ასობით ადამიანის გვერდით დგას და ელოდება, თუ როდის გაიღება კარები, რათა პატიმრებს ამანათები გადასცენ. ქალი შეიტყობს, რომ ახმატოვა პოეტია და ეკითხება, შეუძლია თუ არა სიტყვებით გადმოსცეს ის საშინელება, რომელსაც იმ მომენტში განიცდიან. ახმატოვა დადებითად უპასუხებს და აცნობიერებს, რომ თავისი ლექსით ის არა მხოლოდ პირად ისტორიას ჰყვება, არამედ "ასმილიონიანი ერის მოთქმას" გადმოგვცემს.
რეკვიემი იმ ხუთი წლის განმავლობაში იწერებოდა, როდესაც ახმატოვას არაოფიციალურად აეკრძალა ლექსების გამოქვეყნება. კრებული ერთგვარი ჩვენებაა იმისა, თუ როგორ უყვარდა პოეტს თავისი ქვეყანა და ქალაქი, სადაც იგი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ცხოვრობდა — სანქტ-პეტერბურგი, რომელიც ახმატოვას ცხოვრების უმეტესი ნაწილის განმავლობაში ლენინგრადად მოიხსენიებოდა. მიუხედავად თავსდამტყდარი ტრაგედიებისა, ახმატოვას არასოდეს დაუტოვებია რუსეთი (გარდა იმ პერიოდისა, როცა იგი მეორე მსოფლიო ომის დროს, ლენინგრადის ბლოკადისას იძულებით გადაასახლეს შუა აზიაში). ამ პოზიციით ახმატოვა თავისი ბევრი თანამედროვისგან განსხვავდებოდა, რომლებმაც ქვეყანა თავიანთი ნებით დატოვეს. ის წერს: "გადასახლებულისადმი სიბრალულს ვგრძნობ, / როგორც ვიღაც ავადმყოფისადმი ან პატიმრისადმი. / ლტოლვილს ბნელ გზაზე გავლა უწევს, / უცხო პურს კი მწარე გემო აქვს".
კონკრეტულ ადგილზე აქცენტის გაკეთებამ და პოეზიის კლასიკურმა ფორმამ უზრუნველყო მისი, როგორც სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ტრადიციის გამგრძელებელი პოეტის რეპუტაცია. რეკვიემი კი ის ზედროული პოემაა, რომელიც დღემდე არაერთ ადამიანს უყვარს და ზეპირადაც კი იცის.
3. ამადეო მოდილიანი
ახმატოვას გავლენა ლიტერატურის მიღმაც უდიდესია. პოეტის მაღალმა, არისტოკრატული აღნაგობის ფიგურამ არაერთ მხატვარს გაუჩინა მის პორტრეტზე მუშაობის სურვილი. ახმატოვას პორტრეტებს შორის ყველაზე ცნობილი ალბათ იტალიელი მხატვრის და მოქანდაკის, ამადეო მოდილიანის ნამუშევარია. ისინი პირველად 1910 წელს პარიზში, ანას და ნიკოლაი გუმილიოვის თაფლობის თვის მოგზაურობის დროს შეხვდნენ. მომდევნო წელს კი პოეტი რამდენიმე თვით, ამჯერად მარტო დაუბრუნდა პარიზს. მან სწორედ მეორე მოგზაურობის დროს აღმოაჩინა "ჭეშმარიტი პარიზი", სადაც ქალები "ცდილობდნენ შარვლების მორგებას". აქ კულტურული სცენაც მეტად მრავალფეროვანი და უხვი იყო — დიაგილევის ბალეტებიდან და იდა რუბინშტეინის სალომეს ინტერპრეტაციიდან დაწყებული, ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ჩარლი ჩაპლინით და პაბლო პიკასოთი დასრულებული.
პოეტმა ცხოვრების ეს სამახსოვრო მომენტი 50 წლის შემდეგ აღწერა, როდესაც მოდილიანისთან ურთიერთობას შთამბეჭდავი ესე მიუძღვნა. აღნიშნული ნაწარმოები ახმატოვას მეტად მცირე რაოდენობის პროზაულ ნამუშევრებს შორისაა და ის იდეალურად წარმოგვიჩენს ორი ბრწყინვალე გონების და მათი გულების შეხვედრას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი პიროვნება ერთ ენაზე არ მეტყველებდა, ხელოვანებმა მაინც იპოვეს საკომუნიკაციო გზა: "ის, რაც მას ჩემში ყველაზე მეტად აღაფრთოვანებდა, იყო ჩემი უნარი, სწორად გამომეცნო მისი აზრები, მცოდნოდა მისი ოცნებების და სხვა წვრილმანების შესახებ". ღრმა აღტაცება მხატვრის და მისი ნამუშევრების მიმართ და ორი ხელოვანის მიერ ერთმანეთით მოხიბვლა აშკარად ჩანს იმ ერთადერთ წერილობით წყაროში, ურომლისოდაც მათი ურთიერთობის შესახებ არაფერიც არ გვეცოდინებოდა.
4. პოემა უგმიროდ
ეს გრძელი, ეპიკური პოემა, რომელიც მთელ მის ცხოვრებას აჯამებს, ახმატოვას შედევრადაა მიჩნეული. "1940 წელს მომხდარ მოვლენებს ისე ვაკვირდები, როგორც კოშკი, რომელიც ყველაფერს ზემოდან გადმოჰყურებს", — წერს ის შესავალში. პოეტმა ამ ლექსს თავადაც უწოდა "პირადი შემოქმედების მწვერვალი". დევიზით, წინათქმით, სამი მიძღვნით, შესავლით, სამი ნაწილით და ბოლოსიტყვით პოემა მისი შემოქმედების პირველ თაყვანისმცემლებს, მეგობრებს და იმ თანამოქალაქეებს ეძღვნება, რომლებიც ლენინგრადის ბლოკადას ვერ გადაურჩნენ და რომელსაც თავად პოეტმა გაუძლო. მთლიანობაში, ლექსი თავის მსმენელს მომხდარი ტრაგედიის დამახსოვრების პასუხისმგებლობას ანიჭებს.
პოემა ახმატოვას პირველად 1940 წელს "გამოეცხადა" — ის საკუთარი ნამუშევრის ერთგვარ გარე დამკვირვებლად იქცა. მის დასრულებას 20 წელზე მეტი დასჭირდა, ხოლო მისი ოთხი განსხვავებული ვერსია ახმატოვას უკომპრომისო წერის პროცესზე მიგვანიშნებს. თავდაპირველი სტრუქტურა დროთა განმავლობაში ახმატოვასთან შთაგონებით მისული ლექსებით, პროზაული პასაჟებით და ციტატებით გამდიდრდა. პოემა უგმიროდ იმის მცდელობაა, რომ გაიდოს ხიდი პოეტის პირად წარსულს ("მიპასუხო ნეტა იმაზე: სინამდვილეა, / რომ ისეთი ადამიანი, როგორიც შენ ხარ, / ოდესღაც ცხოვრობდა დედამიწაზე?") და რუსეთის ტრაგიკულ აწმყოს შორის ("სასჯელის ყოვლისმომცველობისა და / მისი გარდაუვალობის მცოდნემ, / ხელების გრეხითა და არიდებული მზერით, / რუსეთმა ჩემ თვალწინ მიაშურა აღმოსავლეთით").
მრავალრიცხოვანი გადაძახილები მწერლებთან, მოაზროვნეებთან და პოეტებთან — იქნება ეს ახმატოვას საყვარელი რუსი პოეტი, ალექსანდრე პუშკინი თუ ანგლოამერიკელი ტომას ელიოტი — კიდევ უფრო აფართოებს პოეტის სამყაროს, რადგან ის გამუდმებით ეხმიანება და განავრცობს თავისი წინამორბედების ხმებს. ამ მხრივ, პოემა უგმიროდ საშუალებას გვაძლევს, მისი რთული და მრავალშრიანი შემოქმედებითი ცხოვრება მთელი სისავსით შევიგრძნოთ.
5. დღიურები ახმატოვაზე
ახმატოვას მემკვიდრეობა ასევე შემორჩენილია მისი ახლო მეგობრის, ლიდია ჩუკოვსკაიას 1938-1942 წლების დღიურებში, სადაც იგი დეტალურად იწერდა თავიანთ ყოველდღიურ საუბრებს. სწორედ ამ პერიოდში ახმატოვა სრულ სიმარტოვეში ცხოვრობდა, გაუარესებული ჯანმრთელობით და საკუთარი შვილის ბედზე მუდმივი დარდებით. რამდენიმე ერთგული მეგობარი მასთან საკვების მისატანად და გულის გადასაყოლებლად ყოველდღიურ ამბებზე სასაუბროდ მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ დღიურები თავად ახმატოვას არ დაუწერია, მათი კითხვა მაინც შთამბეჭდავია — ეს ნაწერები წარმოაჩენს ჩუკოვსკაიას უნარს, დაგვანახვოს როგორც ახმატოვას ცხოვრების ინტიმური დეტალები, ასევე თავისი გულწრფელი აღფრთოვანება პოეტის მიმართ. "ზედმეტად ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ცხოვრებაში ამის გამოცდა დამცალდა", — წერს ჩუკოვსკაია მას შემდეგ, რაც მოისმინა, როგორ წაიკითხა ხმამაღლა ახმატოვამ საკუთარი ლექსი.
ახმატოვას საცხოვრებელი პირობების აღწერისას ჩუკოვსკაია წერს: "ოთახი მოუვლელად, ქაოსურად გამოიყურებოდა". იგი ასევე იხსენებს "მეგობრულ კამათს ქურთუკზე", როდესაც ლიდიამ ციხის კედლებთან შვილისთვის ამანათის მისაწოდებლად ხანგრძლივად მომლოდინე პოეტს იქ მის ნაცვლად დგომა და მცირე შესვენება შესთავაზა.
ლიდიას სამტომეულში ყველაზე მეტად ღირებული ალბათ ის ადგილებია, რომლებიც მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ აფასებდა ახმატოვა საკუთარ პოეზიას. იმ პოეტის სასოწარკვეთა, რომელიც ვერ აქვეყნებს ნაშრომებს, რეგულარულად იჩენს თავს: "ოდესმე გინახავთ პოეტი, რომელიც საკუთარი პოეზიის მიმართ აბსოლუტურად ინდიფერენტულადაა განწყობილი? [...] მაინც არაფერი გამოვა... არავინ არაფერს არ გამოაქვეყნებს... და ამით თავს ვერ შევიწუხებ".
ჩუკოვსკაიას დღიურები არა მხოლოდ პოეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში გვახედებს, არამედ იმ სამყაროში შემორჩენილ მეგობრობაზე და თავდადებაზეც გვიყვება, რომელშიც ყოფითი ურთიერთობებისთვის ადგილი აღარ იყო დარჩენილი.
კომენტარები