წამება და გადარჩენა ჩეჩნეთში
გადასახლებულმა ჩეჩენმა ადამიანის უფლებათა აქტივისტმა და დისიდენტმა, ახმედ გისაევმა OC Media-ს მისი გატაცების, წამებისა და საბოლოოდ რუსეთიდან გაქცევის შემზარავი ისტორია უამბო.
"სანამ საკუთარი სამშობლოდან განმდევნიდნენ, ჩეჩნეთში ჩემი ცხოვრებაც ისეთივე იყო, როგორიც სხვების", — უთხრა ნორვეგიაში გადასახლებულმა ახმედ გისაევმა OC Media-ს.
გისაევი ერთ დროს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიაში, მისი დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. 1999 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებამდე თვეებით ადრე, სამართალდამცავ ორგანიზაციას, მშვიდობა და ადამიანის უფლებებს შეუერთდა.
მუშაობას აგრძელებდა მაშინაც, როცა ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო დაიბომბა და რუსმა სამხედროებმა ჩეჩნეთზე, უბან-უბან დაიბრუნეს ხელახალი კონტროლი.
"ყოველ დღე ტერორში ვცხოვრობდი, რომელიც ერთი შეხედვით უვნებელი ტერმინით "გაწმენდითი ოპერაციით" იყო შენიღბული", — იხსენებს ის.
გისაევი უფლებადამცველობით საქმიანობას აგრძელებდა და ომის მესამე წელს მუშაობდა ახალგაზრდა კაცის საქმეზე, რომელიც რუსმა სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, სავარაუდოდ, აწამა და მოკლა.
გისაევი იხსენებს, რომ კაცის დაკრძალვის შემდეგ, მასთან ჭაღარათმიანი, ასაკოვანი პირი მივიდა და საგამოძიებო კომიტეტში გაყოლა სთხოვა — იქ მკვლელობაზე გამოძიება უკვე დაწყებული იყო.
"როცა ოფისში შევედით, მის სავარძელში მიწოლილმა დეტექტივმა მითხრა: "საერთოდ თუ გესმის, რაში გინდა, რომ თავი გაყო? მისმინე, ეს არ არის ხუმრობა, ეს სპეცნაზია".
მაგრამ გისაევმა ეს "პრინციპის საკითხად" მიიჩნია და საქმეზე მუშაობის შეწყვეტაზე უარი თქვა. დეტექტივთან შეხვედრიდან სულ რამდენიმე დღეში, ის გაიტაცეს.
"ზედმეტად ჭკვიანი ხარ, მე სულელად გაქცევ"
"2003 წლის 23 ოქტომბერს, სპეცრაზმის ჯარისკაცები, აშკარად ნასვამები, ჩემი ბინის ეზოში შემოცვივდნენ. თოფები დამიმიზნეს და დაიყვირეს, "არ გაინძრე", — იხსენებს გისაევი.
ის ადგილზე გაშეშდა. იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა მოუვიდოდა მის ოჯახს.
ჯარისკაცებმა სახლი გაჩხრიკეს, თავდაყირა დააყენეს და როცა მორჩნენ, გისაევს უთხრეს, რომ მათ გაჰყოლოდა. დამორჩილების გარდა, სხვა არჩევანი არ ჰქონია.
"ერთადერთი რამ ვითხოვე — დედაჩემთან დამშვიდობების შანსი მოეცათ", — თქვა მან.
სპეცრაზმმა დედამისის სახლში მიიყვანა. მიუხედავად შემოდგომის სიცივისა, ფეხსაცმელები და თბილი სამოსი არ ეცვა, ამის უფლება არ მისცეს. დედამისს, რომელიც შვილის წაყვანის გამო ტიროდა, გისაევი დაჰპირდა, რომ "ყველაფერი კარგად იქნებოდა".
იქ შევლის შემდეგ, გისაევი ოპერატიულ სამძებრო ბიურო #2-ში წაიყვანეს, სამართალდამცავ განყოფილებაში, რომელიც, მისი სიტყვებით, რუსეთის გენერალური პროკურორის ოფისისთვის "სპეციალურ დავალებებს" ასრულებდა.
გისაევი შენობის მეოთხე სართულზე, იმ ოფისში აიყვანეს, "რომლის ფანჯრებიც ტომრებით სრულად იყო დაბურული" და ხელბორკილებით რადიატორზე მიაბეს.
"მომღიმარი სახეებით მითხრეს, რომ გამტეხდნენ. შემდეგ უნდა მეღიარებინა, რომ მხარს ვუჭერდი ასლან მასხადოვს, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის გადაყენებულ მესამე პრეზიდენტს".
ბიუროს თანამშრომლები დასცინოდნენ. ერთ-ერთმა გისაევის თითებს შეხედა და დაადანაშაულა, რომ ჩეჩენი მეამბოხე მეთაური იყო, რადგან მისი თითები "ზედმეტად რბილი", ხელები კი "ზედმეტად მოვლილი" იყო.
"ამ ხელებით თხრილები არ გაგითხრია, ალბათ დიდი სამიზნე ხარ", — იხსენებს გისაევი ერთ-ერთი აგენტის ნათქვამს.
გისაევმა დაცინვა მოითმინა — საპასუხოდ უთხრა, რომ გატაცებულის სტატუსი ჰქონდა, რადგან მისთვის არც დაკავების ბრძანება და არც მის წინააღმდეგ აღძრული ბრალდებები არ წარუდგენიათ. საუბრის მეტად გაგრძელებაზე უარი თქვა.
მის შეურიგებლობას ხელკეტების დარტყმის კორიანტელი მოჰყვა, რომელიც მზის ჩასვლის შემდეგაც არ წყდებოდა — ისინი ღამის ცვლამ ჩაანაცვლა.
"შებინდებისას ხუთი თუ ექვი ადამიანი მოვიდა ჩემთან. თავი წებოვანი ლენტით შემიხვიეს, ბორკილები მომხსნეს და ოთახის შუაგულში მიმაგდეს", — თქვა გისაევმა.
იმას, რაც შემდეგ მოხდა, მისმა დამტყვევებლებმა "მარშმელოუს" წამება უწოდეს. ამაში იგულისხმებოდა წიხლებით, ხელკეტებით ცემა და მსხვერპლის ზურგზე ხტომა. მათ გისაევს უთხრეს, რომ მსგავსი ძალადობის შემდეგ, ადამიანის სხეული ისეთივე რბილი ხდება, როგორც "მარშმელოუ".
როცა "მარშმელოუს" წამება ბოლოს და ბოლოს მორჩა, დაიწყო ძილის იძულებით აღკვეთა. მილი, რომელზეც გისაევი ჰყავდათ მიბმული, ცხელი იყო, მას არც წყალს აძლევდნენ. როგორც კი თვლემას იწყებდა, მცველები უყვიროდნენ და ისევ აღვიძებდნენ.
მომდევნო დღეს ცემა განახლდა. გისაევის მოგონების მიხედვით, იმ დღეს კაცი, რომელიც მისი აზრით, FSB-ს პოლკოვნიკი იყო, არაერთ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად, განუწყვეტლივ თავში ურტყამდა და ეუბნებოდა:
"ზედმეტად ჭკვიანი ხარ, მე სულელად გაქცევ".
დანაშაულის აღიარებაზე გისაევის მუდმივმა უარმა მისი დამპყრობლები გააბრაზა.
"ვინც ყველაზე დიდხანს აქ გაძლო, ჩეჩენი მებრძოლი იყო — დღენახევარი დასჭირდა მის გატეხას", — იხსენებს ის ერთ-ერთი მცველის ნათქვამს, რომელიც მთვრალი იყო და "ჰაშიშის სუნით ყარდა".
მცველმა უთხრა, რომ თუ წინააღმდეგობის მოძრაობასთან კავშირს აღიარებდა, წამება შეწყდებოდა და უბრალოდ ციხეში წაიყვანდნენ.
"ამ სიტყვების შემდეგ, მავთულები დამამაგრა და ელექტროშოკით დაიწყო ჩემი წამება", — თქვა გისაევმა.
წამების 12 დღე დატბორილ სარდაფში
"იმ დროისთვის ჩემმა ოჯახმა უკვე იცოდა, ვინ გამიტაცა. ისინი ორგანიზაციის მთავარი შესასვლელის წინ იდგნენ, ხოლო ოპერატიული სამძებრო ბიურო #2-ის თანამშრომლები მათ ნერვიულად უვლიდნენ გვერდს", — ამბობს გისაევი.
აღმოჩნდა, რომ ეს ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევდა, ამიტომ ხანმოკლე დროით მისი წამება შეაჩერეს. მცველებმა შავი ტომარა თავზე გადააფარეს, მანქანაში ჩააგდეს და ბიუროდან წაიყვანეს.
შემდეგი დანიშნულების ადგილი ხანკალას სამხედრო ბაზა იყო, რომელიც გროზნოს გარეუბანში მდებარეობს. გისაევი იხსენებს, რომ მთელი გზა მისი დამტყვევებლები უკრაინელი პოპ ვარსკვლავისა და დრაგ ქუინის, ვერკა სერდუჩკას მუსიკას უსმენდნენ.
"დღემდე მახსოვს ის მუსიკა", — თქვა მან.
როცა ბაზაზე მივიდნენ, მანქანაში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მორალურობა სცადა.
"ბრალდებები რომ გეღიარებინა, როგორც გთხოვეთ, მაშინ ციხეში მოიხდიდი სასჯელს და ცოცხალი დარჩებოდი. მაგრამ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ — მე შენი დახმარება მინდოდა", — იხსენებს გისაევი კაცის ნათქვამს.
მანქანიდან დამოუკიდებლად გადმოსვლა ვერ შეძლო, 72-საათიანი წამების შემდეგ, მისი სხეული თითქმის განადგურებული იყო. გადმოათრიეს, ხრეშიან ეზოში გაატარეს და სარდაფში შეიყვანეს.
იქ თოკებზე დაკიდებულის ელექტროშოკით წამება და ცემა გაგრძელდა. ერთ მომენტში, რესპირატორი დაუმაგრეს და ამონიუმის ქლორიდით დატუმბეს, რამაც ცხვირი და ყელი დაუწვა.
"ხუთი თუ ექვსი მათგანი წრეში დგებოდა და რაც ხელში მოჰყვებოდათ, ყველაფრით მცემდნენ. სიგარეტით დამიწვეს მკლავები, კვამლისა და დამწვარი სხეულის სუნს იგრძნობდი — დღემდე ცუდად ვხდები, როცა შემწვარი ხორცის სუნი მცემს", — აღნიშნა გისაევმა.
წამება გრძელდებოდა, როცა წყალმა სარდაფსა და აუზში გაჟონვა დაიწყო. გისაევი იხსენებს, რომ რაღაც დროს, მისმა დამტყვევებლებმა აგურები მოიტანეს, რათა შემაღლებული ბილიკი აეგოთ და ფეხები მშრალად ჰქონოდათ.
როდესაც მარტო დატოვეს, გარემოს შეავლო თვალი. ტყვიის ნახვრეტებს გაევსო სისხლის წვეთებით შეღებილი კედლები, იატაკი სავსე იყო სისხლით გაჟღენთილი მაისურებით, ფლოსტებით და ელექტრო მავთულებით.
სწორედ მავთულების დანახვისას გადაწყვიტა გისაევმა, რომ მისი გაქცევის ერთადერთი მცდელობა დაეგეგმა.
"გარკვეული ძალისხმევით მავთულის ნაწილებს მივწვდი. პატარა ნაწილის მოკვნეტა ვცადე, რომ ბორკილების გახსნა მეცადა, მაგრამ ვერ შევძელი. ამის ნაცვლად კბილი გავიტეხე", — თქვა მან.
როცა დამტყვევებლებმა ცემებს შორის შესვენება აიღეს და გარეთ გავიდნენ, გისაევს მათი საუბარი ესმოდა. ისინი ასი ათასობით დოლარზე საუბრობდნენ, ევროც ახსენეს.
"ვიცოდი, რომ მათი ხელფასი ევროში არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ გატაცებული ჩეჩნების გამოსასყიდს განიხილავდნენ", — აღნიშნა მან.
გისაევი სარდაფიდან დღის შუქზე მე-12 დღეს გამოათრიეს. ის თავის მთავარ მწამებელთან პირისპირ აღმოჩნდა — მას ცხვრის გამომეტყველება ჰქონდა.
"ძალით ჩამომართვა ხელი და მითხრა, "მაპატიე, არ მინდოდა ამ ყველაფრის გაკეთება — მათ მაიძულეს, მე აქ გამომგზავნეს. აქ აღარასოდეს მოვალ, ბოდიში", — იხსენებს გისაევი.
გისაევი ბაზის სხვა შენობაში გადაიყვანეს, სადაც პატარა, მშრალ ოთახში ბორკილებით საწოლზე მიაბეს. რამდენიმე საათი იქ მარტო იყო და იმაზე ფიქრობდა, რატომ გამოიყვანეს სარდაფიდან.
მალევე ფიქრები ამ კითხვაზე პასუხმა შეაწყვეტინა.
გარეთ ხრეშებზე საბურავების ხმა გაიგო — ბაზაზე რამდენიმე მანქანა მოვიდა.
შემდეგ იყო ყვირილი.
გაიგონა, როგორ ყვიროდა ერთი კაცი, "მოაშორეთ აქაურობას!". შემდეგ მიხვდა, რომ იქიდან გამოიყვანეს, რადგან სარდაფის დაცარიელება ახალი მკვიდრისთვის სჭირდებოდათ.
"მთელი ღამე მესმოდა ხელკეტების ყოველი დარტყმა მის სხეულზე. საშინელი კივილი იყო — ვფიქრობდი, რომ ვერ გადარჩებოდა. აბსოლუტურ უმწეობას ვგრძნობდი. ტკივილს ვერ ვუმსუბუქებდი, ვერ ვეხმარებოდი", — თქვა გისაევმა.
მომდევნო დღეს, გისაევის ოთახში რამდენიმე კაცი შევიდა. ხელბორკილი საწოლიდან მოხსნეს, შავი ტომარა გადააფარეს და კვლავ მანქანით წაიყვანეს. როცა ტომარა მოხსნეს, ადგილი იცნო — ის ოპერატიულ სამძებრო ბიურო #2-ში იმყოფებოდა.
მაგრამ წამების ნაცვლად, უცნაური "თავაზიანობის" წინაშე აღმოჩნდა — მისი დამტყვევებლები რბილად ეკითხებოდნენ, ხომ არ შიოდა ან სწყუროდა.
მათ ქმედებებს აბსურდული გამართლებებიც მოუძებნეს.
"ხომ იცი, ეს ყველაფერი ჩვენ არ გვინდოდა, არ გვსურდა შენი წამება, მაგრამ გაგვიგე, გთხოვ. ჩვენ უბრალოდ ამერიკის, ევროპისა და ისრაელის იარაღები ვართ", — იხსენებ მათ ნათქვამს. ყველას რუსული სამხედრო და შინაგან საქმეთა სამინისტროს ნიშნები ეკეთა.
მეტიც, გისაევი შეაქეს კიდეც.
"წაგიყვანეთ, მაგრამ კაცივით გაართვი თავი", — უთხრა ერთ-ერთმა.
ბიუროში ყოფნის დროს, ცდილობდნენ გისაევი დაერწმუნებინათ, რომ მეზობლის დაბეზღების გამო გაიტაცეს. მათ არ დაუჯერა.
"განსაკუთრებით სცადეს, რომ ჩემი ხალხის მიმართ ნდობა ჩამეკლა. მაგრამ მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ჩეჩენი საზოგადოება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და შეკრულია", — ამბობს ის.
რამდენიმე საათში გისაევს ბორკილები მოხსნეს და ეზოში გაიყვანეს. აქ მას უშიშროების სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი და ღია კარი დახვდა.
"გროზნოს ცენტრში, ამ ავბედითი ორგანიზაციის შესასვლელთან, ავტოსადგომზე სხვა პირს გადამცეს. მან "თავაზიანად" მომაფარა თავისი პიჯაკი და სახლში წამიყვანა", — იხსენებს ის.
ბოლოს და ბოლოს თავისუფალი
2003 წლის 8 ნოემებრს საკუთარი სახლის წინ იდგა. დაზარებამდე პიჯაკის სახელოები ჩამოიწია, რათა სილურჯეებისა და დამწვრობების ნაწილი მაინც დაემალა.
როცა მშობლებმა კარი გააღეს, მათი შვილი სხვა ადამიანს ჰგავდა. 20 კილო დაეკლო, ჩვეულებრივ გაპარსულ სახეზე, უხეში წვერი ამოსვლოდა და ძლივს დადიოდა.
გისაევის გამოჯანმრთელების გზა გრძელი იყო. სხეულის მოძრაობა მტანჯველ ტკივილს ჰგვრიდა, საკვების პატარა ნაჭრის ჭამაც კი შიგნიდან "წვავდა". შიშიც დარჩა — უშიშროების სამსახურის მხრიდან შევიწროება ხშირი იყო.
კარგა ხანი ოჯახი ერთი ნათესავის სახლიდან მეორესთან მალულად ატარებდა, ვაითუ, კვლავ გაეტაცებინათ ან მოეკლათ.
მართალია, ბიუროსა და სარდაფისგან თავისუფალი იყო, მაგრამ მისი მრავალი უფლება შეზღუდული რჩებოდა. მისი პასპორტი და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები წაღებული ჰქონდათ, ამიტომ მათ აღდგენამდე, ჩეჩნეთში ყოფნის გარდა, სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
თუმცა გისაევი უბრალოდ არ მჯდარა. როგორც კი სიარული ისევ შეძლო, გადაწყვიტა, რომ უშიშროების სამსახურისთვის საპასუხო დარტმა მიეყენებინა და რუსეთში დაფუძნებულ ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას, მემორიალს ესტუმრა. ისინი დათანხმდნენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელში შეტანაში დაეხმარებოდნენ.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობას გისაევის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა ემოქმედა. რა თქმა უნდა, გისაევს თავად რუსეთის სახელმწიფოსგან სჭირდებოდა დაცვა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამ უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან შევიწროება შეაჩერა — დროებით მაინც.
მემორიალთან ვიზიტის შემდეგ, გისაევს რუსული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები დაუკავშირდნენ. მათ ყველაფერი უამბო.
"ხალხს ეშინია ილაპარაკოს წამებასა და იმ უკანონო მექანიზმებზე, რომლებსაც აქ იყენებენ. შედეგად, ყველაფერი ფარული რჩება და უწყვეტად მეორდება. ამაზე საუბარი აუცილებელია, რადგან მათი საშინელებების საჯაროდ გამოტანა შეაჩერებს კრიმინალებს", — აღნიშნა მან.
2007 წელს მემორიალში სამსახური შესთავაზეს — დათანხმდა. ის გატაცებისა და ძალადობის სხვა მსხვერპლებთან, ასევე, გაუჩინარებული და სასამართლოს მიღმა სიკვდილით დასჯილი პირების ნათესავებთან ერთად იმუშავებდა.
ერთი წლის შემდეგ, მისი საქმიანობა გაფართოვდა. ცნობილი რუსი-ჩეჩენი ადამიანის უფლებათა აქტივისტი, ნატალია ესტემიროვა, რომელიც საკუთარი უსაფრთხოებისთვის ბრიტანეთში ემიგრაციაში ცხოვრობდა, ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნდა.
ესტამიროვასთან ერთად, გისაევმა, სავარაუდოდ, რუსული უშიშროების ძალების მიერ ცეცხლის წაკიდების თავდასხმები გამოიძია — ისინი ამ ტაქტიკას, როგორც ჩანს, კოლექტიური დასჯის ფორმად იყენებდნენ.
მათ, ასევე, გამოიძიეს წამების, მკვლელობებისა და გასახლებების შემთხვევები.
კიდევ ერთი გატაცება
2009 წლის აპირლში კრემლმა ჩეჩნეთში ომისა და "კონტრტერორისტული ოპერაციის" დასრულება გამოაცხადა. ბევრისთვის ეს მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ ცხოვრება ბევრად უფრო საშიში გახდა.
მთელი რეგიონის ძალაუფლება ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელში გადავიდა, რომელსაც ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი მართავდა, რომელსაც არ დაუშურებია დრო, რომ მისი მმართველობის მიმართ განსხვავებული აზრი და წინააღმდეგობა აღეკვეთა.
ადგილობრივ უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებულმა გატაცებებმა და გაუჩინარებებმა ისეთ პიკს მიაღწია, რომ უფლებადამცველებსაც კი უჭირდათ თვალის დევნება.
ივნისის ბოლოს ახმედ გისაევი და ნატალია ესტემიროვა რუსეთის უშიშროების ძალების მიერ აპტი ზაინალოვის სავარაუდო გატაცებას იძიებდნენ.
მის ადგილსამყოფელს აღმოსავლეთ ჩეჩნეთში, აჩხოი-მარტანის საავამდყოფოში მიაკვლიეს. მისი მდებარეობის დადგენის შემდეგ, ესტამიროვამ საკუთარ თავზე აიღო მოსკოვის ოლქის პროკურორ იური პოტანინთან და FSB-სთან დაკავშირება, რათა ზაინალოვი გაეთავისუფლებინათ.
რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი პირიქით მოხდა.
15 ივლისს ესტემიროვა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. როგორც მოწმეები ჰყვებოდნენ, გაიგონეს, რომ ის დახმარებას ითხოვდა, როცა უცნობი კაცები მანქანაში ტენიდნენ. იმავე დღეს, მისი ცხედარი ინგუშეთში იპოვეს. ნატალიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავისა და მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
მემორიალმა, რომლის საბჭოს წევრიც იყო ესტემიროვა, ამას უშიშროების სამსახურის მიერ განხორციელებული "სასამართლოს მიღმა სიკვდილით დასჯა" უწოდა.
მისი მეგობრისა და კოლეგის მკვლელობის მიუხედავად, გისაევმა ზაინალოვის საქმეზე მუშაობა გააგრძელა. აჩხოი-მარტანის საავადმყოფოშიც კი მიბრუნდა, რათა მტკიცებულები მოეპოვებინა.
"კამერა გამოვიყენე, რომ ზაინალოვის მათ კლინიკაში ყოფნის შესახებ მთავარი ექიმის მოადგილის აღიარება ჩამეწერა. იქ წამების შემდეგ მიიყვანეს, რათა ჭრილობები შეხორცებოდა და მისი წამება გაეგრძელებინათ", — იხსენებს ის.
2009 წლის 15 აგვისტოს გისაევთან კვლავ მივიდნენ უშიშროების სამსახურიდან. სახლში მიდიოდა, როცა რამდენიმე შეიარაღებულმა კაცმა გააჩერა — იარაღი დაუმიზნეს და მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი ძალის გამოყენებით წაიღეს.
ამის შემდეგ, მემორიალმა მას უთხრა, რომ ჩეჩნეთში მისი გაჩერება უსაფრთხო აღარ იყო. 16 აგვისტოს გისაევი მოსკოვში გაფრინდა, საიდანაც ექიმის აღიარებითი ჩვენების ჩანაწერი გაუგზავნა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტს.
მომდევნო რამდენიმე კვირაში მემორიალის ჩეჩნეთის ოფისი რუსეთის ხელისუფლებამ ძალით დახურა. გისაევი მიხვდა, რომ თუ რუსეთში დარჩებოდა, ვერ გადარჩებოდა.
2009 წლის 30 სექტემბერს ის ნორვეგიისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდა.
გადასახლება
ნორვეგიაში გისაევმა სამსახური არაკომერციულ ადამიანის უფლებათა ორგანიზაციაში, ნორვეგიული ჰელსინკის კომიტეტში იპოვა. ის იურიდიულ დახმარებას უწევდა ადგილობრივ ლტოლვილებს და ჩრდილოეთ კავკასიის საქმიანობას დისტანციურად აგრძელებდა — ძირითადად, რეგიონში მყოფი უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის დაცვის მექანიზმების გეგმას ადგენდა.
გისაევი კვლავ ხმამაღლა გამოთქვამდა თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას პუტინის მთავრობაზე და ჩეჩნეთში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობაზე.
2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის სახელმწიფომ ვერ აღკვეთა წამება, დაარღვია გისაევის თავისუფლებისა და ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება და ზარალის ასანაზღაურებლად 55 000 ევრო დააკისრა.
2015 წლის სექტემბრიდან გისაევი ადამიანის უფლებათა ანალიტიკურ ცენტრს მართავს, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ჩეჩენ ლტოლვილებს ეხმარება — განსაკუთრებით მათ, ვინც რუსეთში დეპორტაციის წინაშე დგას.
ის თავისი საქმიანობით ამაყობს.
"ძალიან მოხარულები ვართ შეგატყობინოთ, რომ ჩვენ ვახერხებთ ადამიანების გადარჩენას, ფაქტობრივად, მათი საქმის ბოლო ეტაპზე, რუსეთის ფედერაციაში დეპორტაციამდე, სადაც მათ უდავოდ ელოდებათ შეთითხნილი ბრალდებები, გატაცება, წამება და სასამართლოს მიღმა სიკვდილით დასჯა", — ამბობს ის.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები