კამიუ და სარტრი: მტრად ქცეული მეგობრები
ჟან-პოლ სარტრი და ალბერ კამიუ მე-20 საუკუნის ფრანგული ლიტერატურული წრისა და ეგზისტენციალიზმის გამორჩეული წარმომადგენლები არიან. თუ ვიტყვით, რომ დღეს, მათი მოღვაწეობიდან ათწლეულების შემდეგაც, ისინი ყველგან გვხვდებიან, გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება: მათ წიგნებს გადააწყდებით მსოფლიოს ყველა წერტილში გახსნილ წიგნის მაღაზიებში, ხოლო მათი ნააზრევი მხატვრული და ფილოსოფიური ლიტერატურის სფეროს ცდება და პოლიტიკურ დებატებშიც კი ხშირად იჩენს თავს.
ალბერ კამიუს შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილი რომანები უცხო და შავი ჭირია, ხოლო ჟან-პოლ სარტრს ფართო საზოგადოება, ძირითადად, ისეთი ნაწარმოებებით იცნობს, როგორებიცაა ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია და გულისრევა. მათ ამ და სხვა მრავალ ფილოსოფიურ თუ პუბლიცისტურ ტექსტში მრავლად იპოვით საერთო თემებს — იქნება ეს მიზნისა და ღირებულებების გარეშე ცხოვრების აბსურდულობაზე ხაზგასმა თუ ავთენტური ცხოვრებით ცხოვრებისკენ მოწოდება. თუმცა ეს არაა ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ამ ორ მოაზროვნეს ხშირად ტანდემში განიხილავენ — საქმე ისაა, რომ მათ პირადი ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორიაც აკავშირებთ.
კამიუსა და სარტრის ბავშვობის წლებს თვალს თუ გადავავლებთ, უცნაურიც კი შეიძლება გვეჩვენოს, რომ მოგვიანებით ამ ორი ადამიანის ცხოვრება ასე მჭიდროდ გადაიკვეთა. ისინი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნებები იყვნენ, რაც მეტწილად მათი ოჯახების სოციალურმა სტატუსმა და აღზრდის თავისებურებებმა განაპირობა. მამით ობოლი ალბერი, წერა-კითხვის უცოდინარი და სმენადაქვეითებული დედის მიერ გაზრდილი ბიჭი იყო. იგი ფრანგულ საჯარო სკოლაში დადიოდა, რომლის დასრულების შემდეგ ოჯახის სარჩენად ფიზიკური სამუშაოს შესრულება მოუწევდა. რომ არა მისი მასწავლებლის, ლუი ჟერმენის დაჟინებული მოთხოვნა, მას სწავლა ლიცეუმში გაეგრძელებინა, ალბათ დღეს არ ვისაუბრებდით კამიუსეულ აბსურდიზმსა თუ ამბოხზე. ჟან-პოლ სარტრი კი ბურჟუაზიულ ოჯახში დაიბადა. განებივრებულ სარტრს უმაღლესი განათლების მიღებისა და რეალიზების შესაძლებლობა უპრობლემოდ ჰქონდა. ამის მიუხედავად კამიუს და სარტრის პირველმა შემთხვევითმა შეხვედრამ ახლო მეგობრობას დაუდო დასაბამი.
ისინი ერთმანეთს პირველად 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში შეხვდნენ. ორივე მათგანი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი მოღვაწე იყო. ამ დროისათვის სარტრის ლიტერატურულ მოვლენად შეფასებული რომანი, გულისრევა ხუთი წლის გამოქვეყნებული გახლდათ, ხოლო კამიუს უცხო და სიზიფეს მითი, რომლებმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს, მათ შეხვედრამდე ერთი წლით ადრე გამოიცა. მათ ერთმანეთი სარტრის პიესის, ბუზების თეატრალური დადგმის გახსნაზე გაიცნეს. სარტრი ფოიეში იდგა, როდესაც მასთან შავგვრემანი ახალგაზრდა მივიდა და თავი გააცნო: "მე კამიუ ვარ".
იმავე წლის ნოემბერში კამიუმ სარტრის გამომცემელთან, გალიმარისთან, დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში დაედო საფუძველი მათ მეგობრობას და ისინი დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდნენ საუკეთესო მოკავშირეებად. მაგრამ ალბათ სიყვარულსა და სიძულვილს — ისევე, როგორც მეგობრობასა და მტრობას — შორის ნამდვილად ერთი ნაბიჯია. ეგზისტენციალისტთა ცნობილი დუეტი რამდენიმე წელში დაიშალა — მეტიც, ეს ურთიერთობა მწვავე ქიშპობაში გადაიზარდა.
მათ შორის პიროვნული უთანხმოების გაჩენის ისტორია ჩვენამდე რამდენიმე ანეკდოტური ამბით არის მოღწეული. მაგალითად, როგორც რონალდ არონსონი თავის წიგნში, კამიუ და სარტრი — ისტორია მეგობრობასა და მისი დამასრულებელი შუღლის შესახებ, გვიყვება, ერთ საღამოს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ სარტრს კამიუსთვის უთქვამს: "მე შენზე უფრო ჭკვიანი ვარ, არა?! მეტად ჭკვიანი". რაზეც კამიუ დასთანხმებია. მართალია, ეს ინციდენტი უკონფლიქტოდ გადაიჭრა, თუმცა მეგობრებს შორის გარკვეული კონკურენციის არსებობაზე ნამდვილად მოწმობს.
მეგობრობაში კიდევ ერთი ბზარი შეიძლება გაეჩინა სიმონ დე ბოვუარის კამიუსადმი დაინტერესებას. გადმოცემის თანახმად, ბოვუარს, რომელსაც სარტრთან ხანგრძლივი და ჩახლართული რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა, კამიუმ იმავე ინტერესით არ უპასუხა, თუმცა ეს უხერხული ინციდენტი დიდი შანსია, მაინც დაღად დასმოდა მათ მეგობრობას.
იდეოლოგიური შუღლი
მართალია, პირადი ურთიერთობების მსგავსი დეტალების სანდოობაზე თავს ვერავინ დადებს, თუმცა იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ სარტრისა და კამიუს შორის მზარდ უთანხმოებას განსხვავებული ფილოსოფიური და პოლიტიკური შეხედულებები ედო საფუძვლად.
ყველაფერი კი 1951 წელს დაიწყო, როცა ალბერ კამიუს ნაშრომი, ამბოხებული ადამიანი გამოქვეყნდა. ამ მოცულობით ესეში ავტორი უპირისპირდება კეთილშობილების სახელით ჩადენილ მასობრივ მკვლელობებს — კონკრეტულად კი, მარქსის, ლენინისა და სტალინისეულ კაცობრიობის სრულყოფის იდეოლოგიას.
კამიუს აზრით, რევოლუციური ნიჰილიზმი, რომელიც საბჭოთა კავშირის შექმნითა და გერმანიაში ნაციზმის აღზევებით რეალიზდა, უაღრესად შემაშფოთებელი იყო. ახალი რეალობის შექმნის სახელით, მეოცე საუკუნის შუა წლების დიქტატორულ რეჟიმთა მმართველებმა თავიანთი მიზნების მისაღწევად დასაშვებად მიიჩნიეს შიმშილი, მონური შრომა, სიკვდილი. მწერალი გამოთქვამდა აზრს, რომ აბსოლუტური სამართალი ყოველგვარი წინააღმდეგობების ჩახშობით მიიღწევა და ამიტომ ის თავისუფლებას ანადგურებს. კამიუს არ სურდა, ამ ყველაფრის ნაწილი გამხდარიყო.
სარტრმა ამბოხებული ადამიანი პირად შეურაცხყოფად აღიქვა და სათავეში ჩაუდგა მის კრიტიკას, რომელიც Les temps modernes, უაღრესად გავლენიანი და მის მიერ რედაქტირებული ჟურნალის გვერდებზე გამოაქვეყნა. თავდაპირველად სარტრმა თავისი მოსწავლე, ფრენსის ჟანსონი ჩართო ამ კრიტიკაში. ორ მეგობარს შორის განხეთქილება მედიის სენსაციად იქცა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სარტრის მიერ გამოქვეყნებული ამბოხებული ადამიანის კრიტიკული განხილვის შემცველი ნომრის ტირაჟის სამჯერ განახლება გახდა საჭირო. კამიუს მეგობრის ქმედება უყურადღებოდ არ დაუტოვებია და რედაქტორს წერილი გაუგზავნა, რომელსაც თავად სარტრმა 10 000 სიტყვით უპასუხა. მართალია, კამიუმ დაწერა პასუხის პასუხი, თუმცა მას ის არასოდეს გაუგზავნია.
სარტრი ღია წერილში წერდა: "ძვირფასო კამიუ, ჩვენი მეგობრობა ადვილი არ იყო, მაგრამ მე ის მომენატრება" და ადანაშაულებდა თავის ყოფილ მეგობარს "ფილოსოფიურ არაკომპეტენტურობაში".
ალბათ გაინტერესებთ, რამ აღაშფოთა ჟან-პოლ სარტრი ისე, რომ მრავალწლიანი მეგობრობაც კი დაივიწყა და საჯარო პოლემიკაში ჩაება.
როგორც ჟურნალისტი, სემ დრესერი წერს, სარტრის პოზიციები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. როგორც ეგზისტენციალისტი, ის ამბობდა, რომ ადამიანები განწირულნი არიან თავისუფლებისათვის, ხოლო როგორც მარქსისტი, ის ფიქრობდა, რომ კაპიტალიზმი არ ტოვებს დიდ სივრცეს თავისუფლებისათვის, ამიტომ მისი მოსპობა ყველა მეთოდით გამართლებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ სარტრი არასოდეს ყოფილა საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი, ის განაგრძობდა ამ იდეოლოგიის დაცვას 1956 წლამდე (მანამ, სანამ ბუდაპეშტში განთავსებულმა საბჭოთა ტანკებმა საბოლოოდ არ დაარწმუნა სსრკ-ს უპერსპექტივობაში).
დრესერისვე შეფასებით, ის ჩამოყალიბდა ისეთ კომუნისტად, რომელიც კამიუს ყველაზე მეტად სძულდა: არა მხოლოდ სამართლიანობის ყველა შესაძლო გზით დამყარების იდეის მხარდამჭერად, არამედ სიცოცხლის ღირებულებისადმი ინდიფერენტულ, საზარელ ცინიკოსადაც. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ სარტრისათვის, მისი თანამედროვე მრავალი სხვა მემარცხენის მსგავსად, კომუნიზმს რევოლუციური ძალადობა სჭირდებოდა არსებული წესრიგის გასარღვევად. ამბოხებული ადამიანის გამოქვეყნებით კი კამიუმ იდეალად დასახა მშვიდობიანი სოციალიზმი, რომელიც არ მიმართავდა რევოლუციურ ძალადობას. ის შეძრწუნებული იყო სსრკ-ს გამოცდილებით: ეს იყო არა გაერთიანებული პროლეტარების ქვეყანა, რომელიც თავისუფლად ცხოვრობდა, არამედ ქვეყანა, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა თავისუფლება. ამის პარალელურად, სარტრი რჩებოდა მემარცხენეების ძლიერ ხმად მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში და არასოდეს უარუყვია იდეა, რომ რევოლუციური ძალადობა შესაძლოა გამართლებული იყოს.
დღეს ჟან-პოლ სარტრი და ალბერ კამიუ მეტად ცნობილები არიან თავიანთი მტრობით, ვიდრე მეგობრობით. კამიუს სიკვდილიდან თხუთმეტი წლის შემდეგ, 70 წლის სარტრს Les Temps Modernes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კვლავ ჰკითხეს კამიუსთან ურთიერთობის შესახებ, რაზეც მან უპასუხა: "კამიუ ალბათ ჩემი ბოლო კარგი მეგობარი იყო". მაგრამ ფაქტია, რომ ამ მეგობრობამ პოლიტიკურ-ფილოსოფიურ ხედვებში განსხვავებას ვერ გაუძლო. სარტრი რევოლუციისთვის ძალადობას დასაშვებად მიიჩნევდა, კამიუ კი არა — და აზრთა ამ სხვაობამ მეგობართა გზები სამუდამოდ გაყარა.
კომენტარები