რატომ არ აქვთ ავიაკომპანიებს პარაშუტები მგზავრებისთვის? – მიზეზები, რომელიც უნდა იცოდეთ
ხმამაღლა თუ არ გითქვამთ, ალბათ გულში ერთხელ მაინც გაგივლიათ კითხვა: თვითმფრინავის მგზავრებს რატომ არ აქვთ პარაშუტი, რათა ავარიულ სიტუაციაში მოახერხონ გადმოხტომა და უსაფრთხოდ დაშვება? თავიდანვე გეტყვით, რომ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, მიზეზები კი შემდეგია:
პარაშუტით ხტომას სჭირდება პროფესიონალიზმი
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პარაშუტით ხტება, გადის, როგორც მინიმუმ, 4-5-საათიან მომზადებას პროფესიონალ სქაიდაივერთან. დამწყები, მამაცი სქაიდაივერები, რომლებსაც არ სურთ ამდენი ხნის განმავლობაში ინსტრუქციების სწავლა, ხშირად ამჯობინებენ ინსტრუქტორთან ერთად გადმოხტომას. ამ დროს ისინი მიმაგრებულნი არიან ინსტრუქტორს და რეალურად, ყველა საჭირო მოქმედებას გადმოხტომის შემდეგ, სწორედ ინსტრუქტორი ასრულებს. თუმცა, ამ გადმოხტომამდეც საჭიროა მინიმუმ ნახევარსაათაინი მომზადება. ამის გარეშე პარაშუტით ვერ გადმოხტებით.
დამწყებ სქაიდაივერს თუ სურს მარტო გადმოხტომა, მას რამდენიმე საათი ინტენსიურად ამზადებენ, ასწავლიან სხეულის ფლობის წესებსა და ჟესტებს. ამ შემთხვევაში ისინი, მართალია, ინსტრუქტორის სხეულზე არ არიან მიმაგრებული და დამოუკიდებლად ხტებიან, თუმცა, მათთან ერთად ხტება ინსტრუქტორიც, ეს აუცილებელია.
პარაშუტით ხტომის სიმაღლე და სიჩქარე
როგორც წესი, როდესაც მცირე ზომის თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტებიან, ამ დროს თვითმფრინავის სიჩქარე 80-180 კმ/სთ-მდე მერყეობს. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანის ერთად გადმოხტომისას, მკაცრად არის განსაზღვული მათ ვარდნას შორის ინტერვალი, რათა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.
არსებობს პარაშუტით ხტომის რამდენიმე ფორმა - ე.წ. სტატიკური და თავისუფალი ვარდნა. სტატიკური ხტომის სიმაღლე დაახლოებით ათასი მეტრია. ამ სიმაღლიდან გადმოხტომისას პარაშუტი ავტომატურად იხსნება. რაც შეეხება თავისუფალ ვარდნას, ამას 3-4 ათასი მეტრის სიმაღლიდან აკეთებენ. ამ დროს სქაიდაივერი თავისუფალი ვარდნით ეშვება მიწისკენ და გარკვეული პერიოდის მერე, საჭირო დროს ხსნის პარაშუტს. არიან თავზეხელაღებული, პროფესიონალი სქაიდაივერები, რომლებიც თავისუფალი ვარდნის რეჟიმში 4 500 მეტრი სიმაღლიდან ხტებიანთ, თუმცა, ასეთ სიმაღლეზე, ჟანგბადის ნაკლებობის გამო, შესაძლოა მათ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას და არ არის გამორიცხული, ყველაფერი ფატალურად დასრულდეს. ამიტომ, მსგავს შემთხვევაში, მათ თან აქვთ ჟანგბადის ბალონები, რათა სუნთქვის პრობლემა გამოირიცხოს.
რატომ არის გამორიცხული თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტომისას გადარჩენა?
როგორც ზემოთ ვახსენეთ, პარაშუტით დამოუკიდებლად ხტომისთვის საჭიროა რამდენიმესაათიანი ინტენსიური ტრენინგი, რაც თვითმფრინავის ყველა მგზავრს, ფიზიკურად ვერ ექნება გავლილი.
მაგალითად რომ ავიღოთ ყველაზე პოპულარული სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737, მისი ფრენის სიმაღლე, დაახლოებით, 10 ათასი მეტრია, სიჩქარე კი - 900 კმ/სთ. ასეთ სიმაღლეზე ჰაერის ტემპერატურა -40 გრადუსს აჭარბებს ცელსიუსით. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ამ სიმაღლეზე პარაშუტით გადახტით თვითმფრინავიდან:
- მომენტალურად გაიყინება თქვენი თვალები, სახე და შემდეგ სხეული;
- ჟანგბადის არარსებობის გამო ასევე მომენტალურად დაზიანდება თქვენი ფილტვები, რაც გამოიწვევს წამიერ სიკვდილს;
- ასეთი სისწრაფით მიმავალი თვითმფრინავიდან გადმოხტომისას, ძლიერად შეეჯახებით ჰაერის ტალღას, რაც ასევე დააზიანებს თქვენს სხეულს, შინაგან ორგანოებს და გადარჩენის შანსს არ დაგიტოვებთ.
დავუშვათ, რომ თვითმფრინავიდან გადმოხტომისას გიკეთიათ სპეციალური ნიღაბი ჟანგბადისთვის, ჩაფხუტი, გაცვიათ სპეცტანსაცმელი – ეს მაინც არ არის გამოსავალი, რადგან ამ დროს იგივე ფაქტორად რჩება თვითმფრინავის სიჩქარე, რაც წარმოუდგენელს გახდის თქვენს მანევრირებას და ცოცხლად გადარჩენას 10 კილომეტრის სიმაღლეზე.
მსგავსი ბუნებრივი, ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე წინაღობები დაძლეული რომც იყოს, სამგზავრო თვითმფრინავის თითოეული მგზავრის პარაშუტით აღჭურვა წარმოუდგენელია ბიზნესის თვალსაზრისითაც – პარაშუტების ფასი 6–დან 9 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს. სრულიად წარმოუდგენელია, რომ რომელიმე ავიაკომპანიამ გაიღოს ხარჯი ისეთი აღჭურვილობისთვის, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, პარაშუტისა და მისი აღჭურვილობის წონა 18 კილოგრამს აღწევს და თუ თეორიულად დავუშვებთ მისი გამოყენების შესაძლებლობას, მაშინ ყველა მგზავრს მორგებული უნდა ჰქონდეს ეს მოწყობილობა და ასე იმგზავროს, რათა საჭიროების შემთხვევაში უცებ გადმოხტეს თვითმფრინავიდან. ალბათ, წარმოგიდგენიათ რა მოხდება, ავარიულ სიტუაციაში, როცა ყველა წამი გადამწყვეტია, თვითმფრინავის 200–მა (ან მეტმა) მგზავრმა ერთდროულად რომ დაიწყოს პარაშუტის აღჭურვილობის მორგება. წინასწარ მორგებული პარაშუტით კი, დამერწმუნეთ, არცერთ თქვენგანს არ მოუნდება რამდენიმესაათიანი მგზავრობისას გაუნძრევლად თვითმფრინავში ჯდომა. ესეც მორიგი არგუმენტი პარაშუტების საწინააღმდეგოდ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი თვითმფრინავის მგზავრებისთვის პარაშუტებით სარგებლობის საწინააღმდეგოდ, შემდეგია: ზემოთ განხილული ყველა თეორიული ვარიანტი ეხებოდა შემთხვევას, როცა თვითმფრინავი მაქსიმალურ სიმაღლეზე მიფრინავს, რა დროსაც კატასტროფა იშვიათობაა. ავიაკატასტროფების 90 პროცენტი აფრენა–დაშვებისას ფიქსირდება, რა დროსაც პარაშუტს, რა თქმა უნდა, ვერ გამოიყენებთ.
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რის შემდეგაც საბოლოოდ უნდა ამოიგდოთ თავიდან თვითმფრინავით მგზავრობისას პარაშუტის გამოყენებაზე ფიქრი: თვითმფრინავი დღესდღეობით პლანეტის ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია. თქვენ გაქვთ უფრო მეტი შანსი, დაიღუპოთ სახლიდან აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე, ვიდრე ავიაკატასტროფისას. სტატისტიკურად, ხუთი მილიონი რეისიდან, ერთს აქვს კატასტროფის ალბათობა, ავტომობილებში ეს რისკი ბევრად მაღალია – ხუთი ათასიდან ერთი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ავიაკატასტროფაში მოხვედრილი მგზავრების ჯამური რაოდენობის 95 პროცენტი ცოცხალია. ბოლო 20 წელია, ავიაკატასტროფებში დაღუპულთა რაოდენობა წელიწადში ათასს არ აჭარბებს, რაც შეეხება ავტოავარიებს, მსოფლიოში ყოველ წელს 1,2 მილიონამდე ადამიანი იღუპება.
კომენტარები