რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ
10 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო. ექსპრეზიდენტი ითხოვდა სტრასბურგს საქართველოს მთავრობისთვის მისი მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა დაევალებინა.
რა გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლომ
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ, მხარეთა ინტერესების შესაბამისად და სასამართლო პროცედურების სწორად წარმართვისთვის, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე, გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა აცნობოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, ისევე როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში და ზოგადად, ასევე, გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდეგ გამოჯანმრთელების დროს.
ამ თემაზე სააკაშვილის ადვოკატების განცხადების პარალელურად, Facebook პოსტი გამოაქვეყნა იუსტიციის მინისტრმა. ის აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა, სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას არ ითხოვდნენ და სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ. მისივე თქმით, მართალია, სასამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ეს მხოლოდ კერძო კლინიკაშია შესაძლებელი.
მინისტრი ამტკიცებდა იმასაც, რომ სასამართლომ სააკაშვილს "მოსთხოვა" შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ამავე პოსტში წერდა, რომ სასამართლომ მას "დაჟინებით მოუწოდა" შიმშილობის შეწყვეტისკენ. პასუხად გვარამიამ განმარტა, რომ სასამართლო მოქალაქეს მოუწოდებს და არა მოითხოვს. დღევანდელ ბრიფინგზე რატო ბრეგაძეს "მოთხოვნა" აღარ უხსენებია და "დაჟინებით მოწოდებაზე" საუბრობდა.
როგორ კითხულობენ გადაწყვეტილებას სააკაშვილის ადვოკატები
ბრიფინგზე ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ საკითხი 6 საათში განიხილეს. მისივე თქმით, დოკუმენტის მიხედვით, გადაწყდა, რომ ექსპრეზიდენტის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე, მხარეებს კი მიეცათ გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად.
"ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას ეყოფა საღი აზრი, გამბედაობა და საბოლოოდ არ შეაგდებს სასწორზე ქვეყნის ამ შემთხვევაში უკვე საერთაშორისო სამართლებრივად ყოფნა- არყოფნის საკითხს და არ მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მხოლოდ რუსეთი იღებს ამ კონვენციის მონაწილეთაგან. გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს სახელმწიფოს მხრიდან იმიტომ, რომ ის ვალდებულია. რაც შეეხება სააკაშვილს, მას მსგავსი ვალდებულება არ აქვს, ამიტომაც მოუწოდებს და არა ავალდებულებს სასამართლო", — თქვა ადვოკატმა.
მისივე განმარტებით, მათი სარჩელის მხოლოდ ნაწილი იყო სააკაშვილის გადაყვანის საკითხი სამოქალაქო კლინიკაში. გვარამიას თქმით, ვინაიდან იყო მოსაზრება, რომ კერძო კლინიკაში ამის უზრუნველყოფა შეიძლებოდა, გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში კი არა, ამის გათვალისწინებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასახელა არა კლინიკა, არამედ სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
"საუბარია ადეკვატურ მკურნალობაზე, როგორც ციხეში, ისე ზოგადად, შესაბამისად სახელმწიფოს რისკზეა. სტრასბურგის სასამართლო ამ წუთში, 24 საათში ვერ დაადგენს სრული მოცულობით იმას, სახელმწიფოს მკურნალობა ადეკვატურია თუ არა. ჩვენ ყოველდღიური განახლებადი რეჟიმი გვაქვს, შესაბამისად სახელმწიფომ თვითონ უნდა განსაზღვროს ამ რისკის ქვეშ დარჩება თუ არ დარჩება.
მას აქვს დავალებული, რომ პატიმარი უნდა იყოს ჯანმრთელი და უსაფრთხო პირობებში. თუ მისი გადაწყვეტილება ისევ გაგრძელდება გლდანის ციხის მიმართულებით, სახელმწიფო ამ საქმეს წააგებს. საბოლოო ვადამდე, 24 ნოემბრამდე, უმძიმესი პრობლემის წინაშე დადგება იმიტომ, რომ უბრალოდ, ვერ შესრულდება ეს გადაწყვეტილება", — ამბობს გვარამია.
როგორ კითხულობს გადაწყვეტილებას სახელმწიფო
მთავრობა აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მათ სააკაშვილის პირდაპირ კერძო კლინიკაში გადაყვანა არ მოსთხოვა და სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. "ტერმინოლოგიური გაუგებრობა" ერთ დღეში მოგვარდა და მოთხოვნა დაჟინებულ მოწოდებად იქცა, თუმცა მთავრობის მესიჯბოქსი უცვლელი დარჩა.
მეტიც, იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობისა და ევროპული სასამართლოს სულისკვეთება სრულიად ემთხვევა ერთამენთს.
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა. უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ უწყებაში არსებული მაღალი სტანდარტი", — განაცხადა დღეს იუსტიციის მინისტრმა.
ბრეგაძე პირობას იძლევა, რომ 24 ნოემბრამდე სასამართლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას გაუგზავნიან და ამტკიცებს, რომ სააკაშვილზე მზრუნველობას გააგრძელებენ.
"ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და, ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, 24 ნოემბრისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე და, რა თქმა უნდა, ასევე, გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას", — განაცხადა მან.
როგორ კითხულობენ გადაწყვეტილებას იურისტები
იურისტებმა "გაუგებრობის" პირველივე ეტაპზე დაიწყეს განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და ვის რას ავალდებულებს ის სინამდვილეში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა მიაწოდოს ცნობები სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილებას მხარეებისგან სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ მიიღებს.
მისივე თქმით, მართალია, ეს ის არაა, რაც სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
"ამდენად, ვერ მესმის იუსტიციის მინისტრის სიხარული, რადგან ეს წერილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარად არ შეგვიძლია განვიხილოთ, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე", — წერს სიმონიშვილი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, თამთა მიქელაძეც ამბობს, რომ სინამდვილეში, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე ნამდვილად გამოიყენა დროებით ხასიათის ღონისძიება.
"დროებითი ღონისძიების მექანიზმის ფარგლებში, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება მოსთხოვა, სააკაშვილს კი შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამ საქმეს ევროპულმა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა", — განმარტავს იურისტი.
მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ პატიმრობის პირობებთან დაკავშირებულ დავებზე ეს არის დროებითი ღონისძიების გამოყენების სტანდარტული პირობა, როდესაც საკითხის შესწავლას სასამართლო ინფორმაციის მიღებით იწყებს და ეს ეტაპი უკვე არის ზედამხედველობის ფორმა.
"ყველა შემთხვევაში ამ პროცესზე ევროპული სასამართლოს ზედამხედველობა მნიშვნელოვანი პროცესია სააკაშვილის უფლებების და უსაფრთხოების დაცვის და ამ თემით პოლიტიკური სპეკულირების შეკავებისთვის", — აცხადებს მიქელაძე.
განმარტება გააკეთა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნონა წოწორიამაც. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის მთავარი დანიშნულებაა მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილებები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. წოწორია აღნიშნავს, რომ 39-ე წესის განხილვისას სასამართლო არ არის შეზღუდული მხარის პოზიციით და უფლებამოსილია თავად დაადგინოს ის ზომები, რაც მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიაჩნია.
მისივე თქმით, რა ინტერპრეტაციაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, უმთავრესი სწორედ მისი სიცოცხლის დაცვაა.
"მთავრობამ სააკაშვილს უნდა გაუწიოს სათანადო (appropriate) სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში. ცნობილია, რომ შიმშილობის შეწყვეტა განსაკუთრებულად სამართავი პროცესია. ამ მითითებით სასამართლო ხაზს უსვამს სახელმწიფოს სპეციფიურ ვალდებულებაზე. სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში რამდენად იქნება გაწეული მკურნალობა კონვენციის შესაბამისი და მიიჩნევა თუ არა მე-18 დაწესებულება "სათანადოდ", მომავალი გვიჩვენებს", — ამბობს ყოფილი მოსამართლე.
წოწორიას განმარტებით, სამოქალაქო ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის საკითხი ღიად არის დატოვებული და კონკრეტული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაზე არმითითება სასამართლოს სტანდარტული მიდგომაა.
მისივე განმარტებით, სააკაშვილის ადვოკატებს სრული საფუძველი ჰქონდათ იმისა, რომ ადეკვატურ სამედიცინო დაწესებულებად მხოლოდ სამოქალაქო ტიპის ჰისპიტალი მიეჩნიათ და ამ მოთხოვნით მიემართათ სასამართლოსთვის.
"თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. სასამართლო 39-ე წესის აღსრულების ყველა საკითხს, მ.შ. საავადმყოფოს ნაწილს, მხარეების მიერ 24 ნოემბრისთვის წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიუბრუნდება. ცხადია, მას უფლება აქვს დროებითი ღონისძიების პირობები შეცვალოს", — ამბობს ის.
GDI-ს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, მარი კაპანაძე On.ge-სთან აცხადებს, რომ დროებითი ღონისძიება არსებობს სწორედ იმისათვის, რათა სასამართლომ თავიდან აიცილოს გამოუსწორებელი ზიანის დადგომა მომჩივანი ადამიანების მისამართით და სწორედ მსგავსი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართეს სააკაშვილის ადვოკატებმაც.
"სასამართლომ გამოსცა ეს დროებითი ღონისძიების ამსახველი დოკუმენტი და პირდაპირ წერია, რომ მან მიიღო დროებითი ზომები, შევიდა ამ მსჯელობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტადაც მიიჩნია სააკაშვილის საქმე და მზად არის, რომ ძალიან მჭიდროდ მიადევნოს თვალი ამ საქმეზე განვითარებულ მოვლენებს და დამატებითი ვალდებულებები დააკისროს სახელმწიფოს, რათა თავიდან იქნას აცილებული სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევა", — ამბობს ის.
რაც შეეხება მოსაზრებებს იმაზე, დაავალა თუ არა სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, GDI-ს წარმომადგენლის თქმით, დოკუმენტში მითითებული სათანადო სამედიცინო დახმარება თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ სააკაშვილს შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მოწყობილობებით აღჭურვილ დაწესებულებაში უნდა უმკურნალონ.
"ამ ეტაპზე ასეთ მოკლე დროში სასამართლო არ ჩასულა იმ სიღრმეებამდე, რომ გაერკვია გლდანის ციხე არის თუ არა ასეთი ტიპის დაწესებულება. იმისთვის, რომ ამაზე კონკრეტული ვალდებულებების დაწესება შეძლოს, მან დაავალა სახელმწიფოს, მიაწოდოს ინფორმაცია ყველა ამ საკითხის შესახებ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმ ინფრასტრუქტურის შესახებ, სადაც ის იმყოფება, რამდენად არის შესაძლებელი ამ ტიპის დაწესებულებაში ამ ვალდებულებების შესრულება", — ამბობს კაპანაძე.
გარდა ამისა, მარი კაპანაძე აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინტერპრეტაცია იმაზე, თითქოს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა "მოსთხოვა", მანიპულაციურია, ვინაიდან კონკრეტულ ინდივიდს, პიროვნებას სტრასბურგის სასამართლო ვერაფერს დაავალებს.
"კონკრეტულ ადამიანს, ინდივიდს ვერავინ დაავალებს ამას. სასამართლომ უბრალოდ მოუწოდა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ. სიტყვა "მოთხოვნა" ამ შემთხვევაში არასწორია, თუმცა სტრასბურგი მოსთხოვს კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას ხელისუფლებას", — ამბობს GDI-ს წარმომადგენელი.
იურისტების განმარტებით, ახლა ყველა თვალი და ყური 24 ნოემბრის გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფის დავალება სახელმწიფომ 10 ნოემბრის გადაწყვეტილებითაც მიიღო.
კომენტარები