გადაჭარბებული ოცნება — როცა ფანტაზიების სამყაროს თავს ვერ აღწევ
ზვიად სპასალართან მის ჩვევაზე — ნერვიულობისას წინადადებას "არათი" რომ ამთავრებს — შუა დიალოგში ვიყავი, სადღაციდან ხმა როცა მომესმა. მივხვდი, ეს ჩემი მუდამ აქტიური წარმოსახვის უნარის ნაწილი არ იყო, რამაც რეალობაში დამაბრუნა. უკან მიბრუნებულს, ხელს შემრჩა თვალებგაფართოებული მეზობელი, რომელიც ფანჯრის მეორე მხარეს, ეზოდან მიყურებდა და მეკითხებოდა, "შვილო, მარტო ლაპარაკობ?" დარცხვენილმა უცებ მოვიფიქრე ტყუილი, რომ ტელეფონით მეგობართან ვსაუბრობდი, შემდეგ კი ისე გამოვიქეცი სამზარეულოდან, რომ არც გამხსენებია სადილი, რომელსაც ვამზადებდი — კი, საბოლოო ჯამში, კერძი ამ ინციდენტს ვერ გადაურჩა და დამეწვა.
ეს მომენტი გონებაში ბევრჯერ გავიმეორე. მახსენდებოდა, როგორ დავდიოდი ოთახის ერთი თავიდან მეორეში, როგორ ვიღიმოდი, ხელებით ჟესტიკულაციას ვაკეთებდი — ისე, თითქოს რეალურ ადამიანს ველაპარაკებოდი. მეზობელი ქალის გაოცებული სახის მიხედვით გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი არ იყო "ნორმალური".
ამ დღის შემდეგ ვცდილობ, ჩემი წარმოდგენები ჩამოფარებული ფარდის მიღმა გავმართო, რადგან არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, რომ "რაღაც მჭირს". მე ხომ ვიცი, რომ ის ადამიანები ნამდვილები არ არიან, ჩემი "სამყაროები" უბრალოდ ფანტაზიაა და სხვა არაფერი. შესაბამისად, ამას ჰალუცინაციებთან და ამ სიმპტომთან დაკავშირებულ მენტალურ აშლილობებთან ვერ დავაკავშირებ. მაგრამ, აბა, რა არის ეს?
"ეს" ფსიქიკური მდგომარეობაა, რომლის შესახებაც მხოლოდ ახლახან დაიწყეს საუბარი. მისი იდენტიფიკაცია 2002 წელს კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორმა ხაიფის უნივერსიტეტიდან, ელი სომერსმა მოახდინა და მას Maladaptive Daydreaming უწოდა, რაც ქართულად "გადაჭარბებულ ოცნებად" შეგვიძლია ვთარგმნოთ.
მეოცნებეების მიერ საკუთარ გონებაში შექმნილი სამყარო ფილმს მოგვაგონებს. აქ ვხვდებით საკუთარი ორიგინალური ისტორიების მქონე სხვადასხვა პერსონაჟს და მრავალი დეტალით შემკულ სიუჟეტებს. ოცნება ანაცვლებს რეალობას, რაც სცენარის ავტორს საშუალებას აძლევს, თავი ისეთ სიტუაციაში წარმოიდგინოს, როგორშიც სინამდვილეში ისურვებდა ყოფნას, თუმცა არ შეუძლია. მეოცნებეები აქედან იღებენ მათთვის საჭირო გრძნობებს — ვალიდაციას, ძლიერ ემოციურ კავშირებს და საკუთარი თავისადმი პოზიტიურ განწყობას.
ფანტაზიებისათვის ბიძგის მიმცემად ხშირად სწორედ ფილმები, წიგნები ან მუსიკა იქცევა. ამ სტიმულატორების საშუალებით, ოცნებები მეტად მრავალფეროვანი და რეალისტური ხდება. ეს კი უფრო ართულებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას, რადგან რაც უფრო მეტის მომცემია ოცნება, მით უფრო დიდია სურვილი, დაუბრუნდე მას.
გადაჭარბებული ოცნების აშლილობის მქონე ადამიანებს ახასიათებთ წარმოდგენის დროს ჟესტიკულაცია, სახის მიმიკების ცვლილება, ჩურჩული ან ლაპარაკი — თანაც ამ გამოვლინებებს ხშირად თავად ინდივიდი ვერ აცნობიერებს.
"ოცნების აშლილობა", როგორც მას ასევე მოიხსენიებენ, ჯერჯერობით მენტალურ აშლილობათა ოფიციალურ სიაში არ არის შეტანილი. თუმცა, ბევრი ფსიქიატრი მიიჩნევს, რომ ის ნამდვილად აშლილობაა, რადგან ადამიანებზე რეალური და საზიანო ეფექტები აქვს.
რა განასხვავებს ჩვეულებრივ ოცნებასა და გადაჭარბებულ ოცნებას?
რა თქმა უნდა, წარმოდგენებისა და ოცნებების ქონა ადამიანის სავსებით ნორმალური და ჯანსაღი თვისებაა. დამღლელი დღის შემდეგ საკუთარ გონებაში სასიამოვნო სცენარის დადგმა განტვირთვის საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც წარმოდგენების ქონა პრობლემადაა ქცეული.
ეს ოცნებები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვაგვარად აბრკოლებთ — მაგალითად, ზოგჯერ გადაჭარბებული ოცნება საათების განმავლობაში გრძელდება და მეოცნებეს ამაზე კონტროლი არ აქვს. ასეთ დროს ხშირად ადამიანები ვერ ახერხებენ, შეასრულონ საკუთარი მოვალეობები და პასუხისმგებლობები და საჭიროზე ნაკლებ დროს უთმობენ სამუშაოს, სწავლას თუ რეალურ ურთიერთობებს. 2016 წელს CNN-მა ერთი მეოცნების მსგავსი ამბავი მოგვითხრო. ის არაერთი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ხშირად ჰქონდა ყურადღება გაფანტული, იყო ნერვიული და ქრონიკულად დამგვიანებელი. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ეს ადამიანი საკუთარ ფანტაზიებში იკარგებოდა.
გადაჭარბებულად მეოცნებისაგან განსხვავებით, რიგითი ადამიანი წარმოდგენას მაშინ წყვეტს, როცა მოესურვება და ამ დროს საკუთარი თავისაგან წინააღმდეგობას არ აწყდება. ამის გარდა, ოცნებასა და გადაჭარბებულ ოცნებას შორის სხვა განსხვავებებიც არსებობს:
მეოცნებისთვის
- ოცნება განტვირთვის საშუალებაა;
- წარმოდგენის დასრულება ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული;
- წარმოდგენას რეალურ ცხოვრებაზე უმნიშვნელო გავლენა აქვს;
- ოცნება დროის გაყვანის საშუალებაა;
- ოცნება გრძელდება მცირე ხანს;
- ოცნება ხშირად გამოიყენება მიზნების დასახვისთვისა და პროდუქტიულობის გაზრდისათვის;
- ოცნებაში შექმნილი მეგობრული/რომანტიკული კავშირები რეალურ ადამიანებთან ურთიერთობის სურვილს ვერ აკმაყოფილებს.
გადაჭარბებულად მეოცნებისთვის
- ოცნება წარმოადგენს რეალობისა და ემოციებისაგან გაქცევის საშუალებას;
- წარმოდგენის დასრულება ადამიანის სურვილს არ ექვემდებარება;
- წარმოდგენას ისეთივე ან იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს, როგორიც რეალურ ცხოვრებას;
- წარმოდგენა სიამოვნებისა და კმაყოფილების მიღწევის გზაა;
- ოცნება შეიძლება გაგრძელდეს საათების განმავლობაში;
- ოცნება ამცირებს პროდუქტიულობას;
- ოცნებაში შექმნილმა ურთიერთობებმა შეიძლება რეალური ურთიერთობები ჩაანაცვლოს.
გადაჭარბებული ოცნების ფესვები
მკვლევრების აზრით, გადაჭარბებული ოცნება ბავშვობაში გადატანილი ტრავმის ბრალი შეიძლება იყოს. სავარაუდოდ, მეოცნებეებს უწევდათ მარტოსულობასთან, ძალადობასთან, კონფლიქტთან ან დაძაბულ გარემოსთან გამკლავება, საიდანაც ერთადერთი გასაქცევი საკუთარი წარმოსახვის უნარი იყო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთ დროს ოცნებები დამცავ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც ბავშვობაში წარმოიშვა და ზრდასრულობაშიც გრძელდება.
რადგან გადაჭარბებული ოცნება ტრავმიდან შეიძლება მომდინარეობდეს, გასაკვირი არ არის, რომ მასთან ერთად მეოცნებეს სხვა მენტალური აშლილობაც ჰქონდეს. შესწავლილ შემთხვევებზე დაყრდნობით, ხშირად ეს აშლილობებია დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებები, დისოციაცია, ყურადღების დეფიციტის სინდრომები და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები. ეს მდგომარეობები ერთგვარ "ჰარმონიაში" თანაარსებობენ — ისინი გადაჭარბებულ ოცნებას ხელს უწყობენ, რადგან ყველა მათგანი მეოცნებეს რეალობისა და სოციუმისგან გაქცევისაკენ უბიძგებს.
იმის გამო, რომ "დღის სიზმრები" არ კლასიფიცირდება მენტალურ აშლილობად და აქამდე მასზე თითქმის არანაირი ცნობა არ არსებობდა, ფსიქიატრები ხშირად პაციენტს შიზოფრენიის დიაგნოზს უსვამდნენ, რაც არასწორია, რადგან შიზოფრენიის მქონე ადამიანი ვერ ასხვავებს სინამდვილესა და გამოგონილს, მეოცნებისთვის კი ეს ზღვარი ნათელია.
გადაჭარბებულ ოცნებას OCD-სთანაც აკავშირებენ, რადგან მეოცნებეს შეიძლება ჰქონდეს კომპულსიური, დაუოკებელი სურვილი, დაუბრუნდეს თავის წარმოსახვით სამყაროს.
მკურნალობის გზები
ოფიციალური მკურნალობის მეთოდი ოცნების აშლილობისათვის არ არსებობს, რადგან ის ოფიციალურ აშლილობად არ არის აღიარებული. რადგან გადაჭარბებული ოცნება ხშირად ტრავმის შედეგია, ამიტომ გამოჯანმრთელების ერთ-ერთ ეფექტიან გზად ამ ეტაპზე კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია მიიჩნევა. თუმცა ზოგჯერ, კონკრეტული შემთხვევის თავისებურებიდან გამომდინარე, მედიცინის დარგის ექსპერტმა მედიკამენტური მკურნალობაც შეიძლება დანიშნოს.
თერაპიისა და მედიკამენტების გარდა, ამ აშლილობის მქონეებს შეგვიძლია, დამოუკიდებლადაც გადავდგათ ნაბიჯები მდგომარეობის შესამსუბუქებლად. თვითდახმარების საშუალებებია: მეტი სოციალიზაცია, რეალურ ურთიერთობებზე მუშაობა და მათი გაუმჯობესება, რათა გამოგონილი ადამიანური კავშირები ნაკლებად მიმზიდველი იყოს. ასევე გონივრულია, შევამციროთ იმ აქტივობებით დაკავება, რომლებიც ჩვენი ფანტაზიის უნარის მასტიმულირებელია. პროფესორი სომერსი გვირჩევს, ონლაინ ფორუმებზე, რომლებიც სწორედ გადაჭარბებული მეოცნებეებისთვისაა შექმნილი, დავუკავშირდეთ ჩვენ მსგავს ადამიანებს და მათგან მხარდაჭერა და რჩევები მივიღოთ.
შესაძლებელია, ყველა მეოცნებეს არ სურდეს წარმოდგენებისაგან გათავისუფლება. ზოგადად, ადამიანებს თავიანთ დამცავ მექანიზმთან განშორება უჭირთ, თანაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის მეოცნებისთვის სიამოვნების მომტანიცაა. ამიტომ ზოგ, შედარებით მსუბუქ შემთხვევებში ალბათ საუკეთესო გამოსავალი ოცნების კონტროლი, და არა — აღკვეთა, იქნებოდა. მაგალითად, ჩემი, სტატიის ავტორის, საყვარელი მოგონებები ოცნებებსა და გონებაში წარმოდგენილ სცენარებს უკავშირდება და იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაჭარბებული ოცნება საკმაოდ ხელის შემშლელია, მისგან სრულად გათავისუფლება ძალიან გამიჭირდებოდა. ამასთან ერთად, მას დადებითი მხარეც აქვს: კრეატიულობა. ოცნება ხომ შთაგონების წყაროა შემოქმედებისათვის — განსაკუთრებით, მწერლებისა და მხატვრებისათვის.
კომენტარები