NASA-მ მარსზე ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა — კვლევა
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში (NASA) მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთან წითელი პლანეტის ზედაპირზე აქამდე უცნობი ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს. ეს მათ მარსმავალ Curiosity-ის მეშვეობით ჩატარებული ექსპერიმენტის წყალობით მოახერხეს.
NASA-ს მიერ მარსზე დღემდე საერთო ჯამში 9 ზონდი და 6 როვერია გაგზავნილი, რომელთა საშუალებითაც სააგენტო ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე და იქ სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობაზე მეტი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს. ამ მისიების განმავლობაში კოსმოსურმა აპარატებმა წითელ პლანეტას სხვადასხვა კამერით მრავალი სურათი გადაუღეს, ბოლოს კი მისი გრუნტის გაბურღვა და იქიდან ნიმუშების მოპოვება დაიწყეს.
მათი მიზანი მარსის ზედაპირის შემადგენელი ქიმიური ნივთიერებების შესწავლაა, კერძოდ კი იმის დადგენა, რამდენად შეიცავს ის ორგანულ მოლეკულებს. ეს უკანასკნელი შესაძლოა, პლანეტაზე ძველად ან ამჟამად მობინადრე ცოცხალ ორგანიზმებზე მიანიშნებდეს.
როვერებს მსგავსი მოლეკულებისთვის აქამდეც მიუგნიათ, თუმცა მათი რაოდენობა საკმარისი არ იყო იმის სათქმელად, რომ ისინი ცოცხალმა არსებებმა წარმოქმნეს. ამის მიუხედავად, კვლევა გრძელდება. Curiosity-იმ მარსის გრუნტის ბურღვა 2017 წელს დაასრულა, რის შემდეგაც მეცნიერებმა მისი მონაწილეობით ექსპერიმენტი ჩაატარეს.
Curiosity-ზე დამონტაჟებულია ხელსაწყო, რომელიც ნიმუშების ანალიზისთვის განკუთვნილი 74 სათავსოს სახითაა წარმოდგენილი. მათი უმრავლესობა უმეტესწილად ცარიელია 9 ერთეულის გარდა, რომელშიც სპეციალური მიქსტურაა ჩასხმული. მკვლევრებმა გრუნტი სწორედ მათში მოათავსეს, რის შედეგადაც მომხდარმა ქიმიურმა რეაქციამ ორგანული მოლეკულები გამოავლინა.
გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მიგნება ციურ სხეულზე მობინადრე ორგანიზმებზე არაფერს გვეუბნება, თუმცა ამის გასარკვევად ახალ მეთოდს გვთავაზობს, რომელიც სხვა პლანეტებზეც შეგვიძლია გამოვიყენოთ.
კომენტარები