მეცნიერებმა მოიფიქრეს გზა, თუ როგორ შეიძლება შევუნარჩუნოთ სიცოცხლე თავკომბალებს მაშინ, როცა მათ სუნთქვის შესაძლებლობას წავართმევთ.

როგორც The Scientist-ი იუწყება, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა თავკომბალებში მაფოტოსინთეზებელი წყალმცენარეები შეიყვანეს, ამით კი სიმბიოზური ურთიერთობა (სხვადასხვა სახეობის ორი ორგანიზმის თანაცხოვრება, რაც სასარგებლოა თითოეული მათგანისათვის) დაამყარეს ამფიბიასა და მიკრობს შორის, რომელიც გარემოში არსებული ჟანგბადის გარეშე უნარჩუნებს ამფიბიებს სიცოცხლეს.

შესაძლოა, უცნაურ ექსპერიმენტს მნიშვნელოვანი სამედიცინო ღირებულება ჰქონდეს — მაგალითად, ადამიანისათვის სიცოცხლის შენარჩუნება მაშინ, როცა ინსულტის შედეგად ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება — თუმცა ბიოლოგიურ ექსპერიმენტირებაში იგი თავისთავადაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ახალი ჰიბრიდის გამოცდის მიზნით, მეცნიერებმა თავკომბალებს ჟანგბადი წაართვეს, სანამ მათი ტვინები მთლიანად არ გაითიშებოდა. შემდეგ მათ წყლის ავზს შუქი მიანათეს, რითაც წყალმცენარეები გაააქტიურეს და ჟანგბადის წარმოქმნისაკენ უბიძგეს. ამის შემდეგ, თავკომბალათა ტვინები კვლავად გააქტიურდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ წყალმცენარეებმა ახალ მასპინძელს სიცოცხლე წარმატებით შეუნარჩუნეს. კვლევა ჟურნალ iScience-ში გამოქვეყნდა ოთხშაბათს.

რაიან კერნიმ, გეტისბურგის კოლეჯის ბიოლოგმა, რომელსაც ამ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია, The Scientist-თან საუბრისას განაცხადა, რომ მეცნიერები, მათ შორის თვითონაც, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ცდილობდნენ ხელოვნური სიმბიოზური ურთიერთობების დამყარებას წყალმცენარეებთან, რათა ცხოველის ფიზიოლოგია შეეცვალათ ან გაეუმჯობესებინათ.

მან დაამატა, რომ გასარკვევი ჯერ კვლავაც ბევრია, სამეცნიერო სფერო რეგულაციების შემაშფოთებელ ნაკლებობას განიცდის და საზიანო წყალმცენარეებთან დაკავშირებული რისკებიც არსებობს.

"თუმცა ამის შესაძლო შედეგებზე მსჯელობაც კი უაღრესად საინტერესოა", — დაამატა კერნიმ — "შეგვიძლია თუ არა სუნთქვას თავი ისე დავაღწიოთ, რომ ტვინმა მუშაობა განაგრძოს?

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.