უკვე ცნობილია, რა იწვევს "კოვიდ თითების" სიმპტომს — კვლევა
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მალევე ინფიცირებულ პაციენტებში უჩვეულო სიმპტომმა იჩინა თავი — მათ ფეხის თითები ზუსტად ისე უწითლდებოდათ, როგორც მოყინვისას, რასაც "კოვით თითებად" მოიხსენიებენ. დერმატოლოგები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეს ანთებით ან სისხლის შენადედებით იყო განპირობებული, თანაც მსგავსი რამ სხვა ვირუსულ დაავადებებსაც ახასიათებთ, მაგალითად წითელას.
ამის მიუხედავად, მეცნიერთა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კიდურებზე არსებული კანის სიწითლის მიზეზი სულ სხვა რამაა. გამოცემაში British Journal of Dermatology გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა დაადგინეს, რომ ფეხის და ზოგჯერ ხელის თითების ამგვარი დაზიანება პათოგენის მიმართ ორგანიზმის გადაჭარბებული იმუნური რეაქციის ბრალია, რა დროსაც სხეული საკუთარ ქსოვილს უტევს.
სპეციალისტებმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე წმინდა ლუის სახელობის საავადმყოფოს დერმატოლოგიური განყოფილებიდან 50 პაციენტის მონაცემები მოიპოვეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში 2020 წლის აპრილში მოხვდნენ.
აღმოჩნდა, რომ მათ უმეტესობას ორგანიზმში დიდი რაოდენობით ჰქონდა ავტოანტისხეულები, რომლებიც ქსოვილის წინააღმდეგ არიან მიმართულნი. ასევე, ჯანმრთელ ინდივიდებთან შედარებით, ზემოხსენებული პირების შემთხვევაში, პირველი ტიპის ინტერფერონის მაღალი აქტიურობა აღინიშნებოდა. ამ ცილებს პათოგენთან საბრძოლველად საჭირო გენები მოჰყავთ ფუნქციონირებაში, თუმცა მსგავს პროცესს, შესაძლოა, ვირუსების გარდა, სხეულის შემადგენელი უჯრედებიც შეეწიროს.
მეცნიერებმა ისიც შენიშნეს, რომ კვლევის მონაწილეთა სისხლძარღვების შიდა საფარველი დაზიანებული იყო. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ფეხის თითებზე მოწითალო-მოიისფრო ლაქების გაჩენაში წვლილი ამასაც მიუძღვოდეს.
"კოვიდ თითების" სიმპტომი კორონავირუსით ინფიცირებიდან 1-4 კვირაში ჩნდება. ამ დროს, შესაძლოა, ჩვენს სხეულში ცოცხალი ვირუსი უკვე აღარ იყოს. უმეტესწილად, სიწითლე მედიკოსთან ჩარევის გარეშე ქრება. მკვლევართა აზრით, ახალი მიგნება იმ ადამიანთა მკურნალობაში დაგვეხმარება, რომლებიც ამ სიმპტომს ძნელად აღწევენ თავს.
კომენტარები