Facebook-ზე კრიტიკული პოსტის გამო, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს 15-დღიანი პატიმრობა მიესაჯა
სოციალურ მედიაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოსტის გამო, აზერბაიჯანელ აქტივისტსა და ჟურნალისტს, ანარ აბდულას 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმროჩილებლობის ბრალდებით სხდომა აბდულას წინააღმდეგ მედიისთვის დახურულ ფორმატში, 6 ოქტომბერს გაიმართა.
აბდულა, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის შესახებ სასაუბროდ, პოლიციაში 5 ოქტომბერს დაიბარეს. განყოფილებაში ნებაყოფლობით მისვლისთანავე კი, მას ხელბორკილები დაადეს.
საუბარია მის მიერ 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც აქტივისტი აზერბაიჯანში ბოლო პერიოდში გაზრდილ ფასებს აპროტესტებდა.
"რეგიონული ხელმძღვანელები ატყუებენ ილჰამ ალიევს და ალიევი ჩვენ გვაიძულებს გადახდას", — ნათქვამია მის პოსტში.
აბდულას ადვოკატმა, ზიბეიდა სადიგოვამ OC Media-ს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მის მიმართ წაყენებული ორივე ბრალდება უარყო.
"პოლიციელმა სასამართლოს განუცხადა, რომ ანარ აბდულაევი ნარიმანოვის რაიონის პოლიციის განყოფილებაში სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით პროფილაქტიკური გასაუბრების მიზნით დაიბარეს. პოლიციის განცხადებით, ანარ აბდულა განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლების ბრძანებას არ დაემორჩილა და უმისამართოდ იგინებოდა, ამიტომ მის წინააღმდეგ პროტოკოლი შედგა. ის სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნებისათვის დაიბარეს და პოლიციის განყოფილებაში სცემეს", — თქვა სადიგოვამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ აბდულაზე პოლიციის განყოფილებაში ზეწოლა მოხდა.
"ბრალდებები, რომ აბდულაევზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, არის უსაფუძვლო და არ შეესაბამება რეალობას", — განუცხადა სააგენტოს პრესმდივანმა, ელშად ჰაჯიევმა საინფორმაციო სააგენტო თურანს.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გამოქვეყნდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები