დედამიწიდან გადაღებული მთვარის ყველაზე მაღალი გარჩევადობის სურათი — კრატერი ტიხო
აშშ-ის ნაციონალურ სამეცნიერო ფონდში მომუშავე სპეციალისტებმა დედამიწიდან მთვარის ყველაზე მაღალი გარჩევადობის სურათი გადაიღეს. ეს მათ ახალი სარადარო სისტემისა და დასავლეთ ვირჯინიის შტატში განლაგებული რადიოტელესკოპების მეშვეობით შეძლეს.
რადიოლოკაციურ გამოსახულებაზე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ მაღალმთიან რეგიონში არსებული კრატერი ტიხოა აღბეჭდილი, რომელსაც ეს სახელი დანიელი ასტრონომის, ტიხო ბრაჰეს საპატივცემულოდ უწოდეს. ის ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად, დაახლოებით 108 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა.
მკვლევრების მიერ მოპოვებული სურათი ამ ღრმულს და მის მახლობელ, უსწორმასწორო ზედაპირის მქონე არეალს უპრეცედენტო დეტალებში გვიჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ კრატერი ჩვენგან ასობით ათასი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ფოტო ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ის ახლოდანაა დაფიქსირებული.
ტიხოს დიამეტრი 86 კილომეტრს შეადგენს, მისი სიღრმე კი 4.8 კილომეტრი გახლავთ. რაც შეეხება ფოტოს მონაცემებს, მისი ზომა 5 მეტრი 5 მეტრზეა. ის დაახლოებით 1.4 მილიარდ პიქსელს აერთიანებს, ეს კი მის საკმაოდ მაღალ გარჩევადობას განაპირობებს.
მეცნიერებმა მიზნის მისაღწევად გრინ ბენკის ტელეკოპი გამოიყენეს, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკული კომპანიის Raytheon Intelligence & Space მიერ შექმნილი რადარით აღიჭურვა. ახალი ტექნოლოგია ღია კოსმოსში სიგნალის გაგზავნის საშუალებას იძლევა, რომელიც მთვარის ზედაპირიდან ისევ უკან ბრუნდება და აშშ-ის სახელმწიფო რადიოასტრონომიული ობსერვატორიის კუთვნილ ხელსაწყოებს გადაეცემა. ეს მკვლევრებს გამოსახულების მიღებაში ეხმარება.
აღნიშნული ტექნოლოგიით მათ თავდაპირველად ეკიპაჟიანი მისიის Apollo 15 ფარგლებში მთვარეზე გაშვებული კოსმოსური ხომალდის დაშვების ადგილი აღბეჭდეს, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ "ობიექტივში" კრატერი ტიხო მოხვდა.
იქიდან გამომდინარე, რომ გადამცემები, დედამიწის თანამგზავრი და მიმღები მოწყობილობები სივრცეში მუდმივად გადაადგილდებიან, ციური სხეულიდან დაბრუნებული სიგნალები მეტ ინფორმაციას შეიცავენ. ისინი ობიექტს სხვადასხვა კუთხიდან გვაჩვენებენ, რაც მეტი დეტალის გამოკვეთას ხდის შესაძლებელს.
კომენტარები