ჩვენ ყოველდღიურად ძალიან დიდ დროს ვატარებთ სხვადასხვა საიტსა და თუ აპლიკაციაში. მათმა შემქნელებმა ამაზე კოლოსალური დრო და ენერგია დახარჯეს. დეველოპერები თავდაზოგავად შრომობენ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვირტუალურ სივრცეში ვეხებით, გამართული იყოს, ხოლო იმისათვის, რომ ვებსაიტები თუ აპლიკაციები ლამაზადაც გამოიყურებოდეს, დიზაინერები უამრავ ენერგიას ხარჯავენ.

თანამედროვე სამყაროში მომხმარებლები უამრავ დეტალს აქცევენ ყურადღებას, ეს შეიძლება უნებლიეთ ხდებოდეს. თქვენ შეიძლება ვერც კი ამჩნევდეთ მცირე დეტალებს ონლაინ სივრცეში, თუმცა ამაზე ვიღაცამ იფიქრა და თქვენამდე ისე მოიტანა, რომ თქვენ პროდუქტზე დამოკიდებული გაგხადათ.

მომხმარებელს გარკვეული საიტი თუ აპლიკაცია განსაკუთრებით მაშინ მოსწონს, როდესაც ის მარტივი გამოსაყენებელია, ინტუიტიურია და ადვილად დასამახსოვრებელი. თუ დააკვირდებით მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, მაგალითად Apple-ს, მიხვდებით, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ქმნიან, ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ეს ცუდი არ არის. დააკვირდით iOS-ს, iPadOS-ს, MacOS-ს, ისინი ერთმანეთს გვანან და არა იმიტომ, რომ Apple-მა განსხვავებული დიზაინი ვერ შექმნა, არა — მათ უკან დიზაინ სისტემა დგას.

რა არის დიზაინ სისტემა?

დიზაინ სისტემა ერთგვარი ბიბლიოთეკაა, რომელიც დიზაინისა თუ დეველოპმენტისათვის აუცილებელ ელემენტებს აერთიანებს და მათი გამოყენებით შეიმუშავებენ ახალ ციფრული პროდუქტებს.

ამ ყველაფერს, საბოლოოდ, იმ შედეგამდე მივყავართ, რომ პროდუქტები მეტად ინტუიტიური ხდება მომხმარებელთათვის. მაგალითად, თუკი გარკვეული კომპანიის საიტიდან მობილურ აპლიკაციაში გადასვლა მოგვიწევს, იქ არ დაგვხვდება სხვა ღილაკები სხვა ვიზუალით, რომლებმაც შეიძლება დაგვაბნიოს.

ციფრულ პროდუქტებს ერთმანეთის მსგავსი ვიზუალი უნდა ჰქონდეს და ელემენტებს გამოყენებისას ერთმანეთის მსგავსი ქცევა, რათა მომხმარებელთათვის მარტივი აღსაქმელი და გამოსაყენებელი იყოს. სწორედ ამისთვის იქმნება დიზაინ სისტემა.

დიზაინ სისტემა აერთიანებს ყველა დიზაინერულ კომპონენტს, რომელიც საიტისა თუ აპლიკაციის შემუშავებისთვისაა საჭირო. ასეთ ბიბლიოთეკაში ერთიანდება ყველა დეტალი, რომელიც გარკვეული კომპანიის იდენტობის მახასიათებელია.

ბრენდის ლოგო, ტიპოგრაფია, ღილაკების ფორმები, ის ფერები, რაც სხვადასხვა ადგილას უნდა იქნას გამოყენებული, ხატულები თუ სხვა — ეს ის დეტალებია, რომლებიც დიზაინ სისტემაშია გათვალისწინებული.

პირველი ქართული კომპანია, რომელმაც დიზაინსისტემის ორგანიზაციულ დონეზე, მაშტაბურად დანერგვა დაიწყო, საქართველოს ბანკი იყო. თუ დააკვირდებით, მათი საიტები და აპლიკაციები ერთმანეთს ძალიან ემსგავსება, რაც სწორედ დიზაინ სისტემის დამსახურებაა, რადგანაც ახალი პროდუქტები დიზაინსისტემის გამოყენებით იქმნება და ეტაპობრივად ხდება უკვე არსებული პროდუქტების განახლებაც.

კომპანიის სხვადასხვა პროდუქტის ერთმანეთთან მსგავსება მომხმარებლისთვის მათ გამოყენებას ამარტივებს. თუ ერთი პლატფორმიდან მეორეზე გადასლვა მოგვიწევს, არ გაგვიჭირდება მივხვდეთ, როგორ სრულდება ესა თუ ის ოპერაცია.

დიზაინ სისტემის არსებობა ხელს უწყობს დეველოპმენტის პროცესსაც. გუნდებისთვის გაცილებით მარტივია მზა კომპონენტების გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში მათი გაუმჯობესება, ვიდრე მათი ხელახლა შექმნა. დიზაინ სისტემის მიზანია ორგანიზაციაში ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს, დაიხვეწოს და დაჩქარდეს სამუშაო პროცესები, რაც მეტი ახალი პროდუქტის შექმნის საშუალებას იძლევა.

რომ შევაჯამოთ — დიზაინ სისტემა არის მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკა, რომლის თითოეული ელემენტიც შექმნილია ბრენდის საერთო სტილის, კონცეფციისა და წესების გათვალისწინებით, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატური კვლევის ანალიზით არის გამყარებული.