Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში გამოსაყენებლად უსაფრთხოა — კლინიკური კვლევის შედეგი
ბიოტექნოლოგიური კომპანიების, Pfizer-ისა BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად უსაფრთხო და ეფექტიანია. ამას კლინიკური ტესტირების შედეგები მოწმობს.
ცდაში მონაწილეობა 2,268 მცირეწლოვანმა მიიღო, რომელთაც მედიკოსებმა ორგანიზმში პრეპარატის შედარებით მცირე დოზები შეუყვანეს, ვიდრე 12 წელს ზემოთ ასაკის პირებს. კერძოდ, მათ 21 დღის შუალედით 10 მიკროგრამი ვაქცინის შემცველი 2 ინიექცია გაუკეთეს. შედეგად, 1 თვეში ბავშვებს კორონავირუსის მიმართ ისეთივე იმუნიტეტი ჩამოუყალიბდათ, როგორც მათზე მოზრდილებს, რომლებიც კონტროლ ჯგუფს წარმოადგენდნენ.
კვლევის ფარგლებში მწვავე გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა. დაფიქსირდა მხოლოდ ისეთი სტანდარტული უკუჩვენებები, როგორიცაა ნანემსრის შესიება, ტკივილი ამ მიდამოსა და თავის არეში, მაღალი ტემპერატურა და ციება.
კომპანიები ამჟამად გეგმავენ, რომ ეს მონაცემები სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს წარუდგინონ. მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების მედიკამენტებისა და სურსათის ხარისხის კონტროლის სააგენტო, სამედიცინო პროდუქტების ევროპული სააგენტო და ა.შ. როგორც ცნობილია, სპეციალისტთა მიერ კლინიკური ტესტირების ხარისხისა და ვაქცინის უსაფრთხოების შეფასებას სულ რამდენიმე კვირა დასჭირდება, რის შემდეგაც გადაწყდება, დაუშვებენ თუ არა მას 5-11 წლის ბავშვებში გამოსაყენებლად.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატს ისინი 2 თვიდან 2 წლამდე და 2-დან 5 წლამდე ასაკის ინდივიდებშიც ცდიან. ამის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებას მიმდინაწე წლის ბოლოს უნდა ველოდოთ. საერთო ჯამში Pfizer-BioNTech-ის კვლევებში მონაწილეობა 4,500-მა მცირეწლოვანმა მიიღო, რომლებიც აშშ-ში, ფინეთში, პოლონეთსა და ესპანეთში ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის დელტა შტამი უმეტესწილად სწორედ ბავშვებში ვრცელდება, ამიტომ ამ ფარმაცევტულ კომპანიებს მათი იმუნიზაცია მნიშვნელოვან ნაბიჯად მიაჩნიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სკოლებში სასწალო პროცესის დაწყებამ სიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს.
კომენტარები