10 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელსაც Studio Ghibli-ს ჯადოსნური სამყარო გასწავლის
მოჩვენებების მიერ გატაცებულნი Studio Ghibli-ს პირველი ანიმე იყო, რომელიც ვნახე. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ამიტომ ამ საოცარ ნამუშევარში დამალული დეტალები და სიმბოლოები ვერ გავიაზრე, თუმცა ამას ნამუშევრის მიერ ჩემს მოჯადოებაში ხელი ნამდვილად არ შეუშლია. დისნეისა და პიქსარის ანიმაციებზე გაზრდილმა ჩიჰიროსთან ერთად სრულიად ახალი სამყარო აღმოვაჩინე და არც უსახო არსების შემშინებია. ასე გადავდგი პირველი ნაბიჯები Studio Ghibli-ს თვალწარმტაც სამყაროში.
მოჩვენებების მიერ გატაცებულნი, რა თქმა უნდა, ამ საოცარი მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. Studio Ghibli-ს ანიმეებმა ანიმაციების სამყარო სულ სხვა თვალით დამანახა და ეს სიყვარული დღემდე მომყვება. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ქვეყნის, ჟანრისა თუ სტილის ანიმაციური ფილმი და სერიალი მინახავს, ის ემოციები, რომლებიც Studio Ghibli-ის ნამუშევრების პირველად ნახვისას განვიცადე, განუმეორებლად რჩება.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, წლების განმავლობაში დაგროვებული ემოციები ცხოვრებისეულ გაკვეთილად ვაქციო, რომელიც Studio Ghibli-მ მასწავლა.
1. ქალიც შეიძლება იყოს გმირი, რომელიც სხვებს გადაარჩენს
"ჩემს უამრავ ფილმში მთავარი პერსონაჟი ქალია — მამაცი, დამოუკიდებელი გოგონები, რომლებიც ზედმეტი ფიქრის გარეშე იბრძვიან იმისთვის, რისიც მთელი გულით სწამთ. მათ სჭირდებათ მეგობარი ან დამხმარე, მაგრამ არასდროს — გადამრჩენელი. ნებისმიერ ქალს ისევე შეუძლია იყოს გმირი, როგორც კაცს", — ამბობს იაპონელი ანიმატორი და რეჟისორი, Studio Ghibli-ის თანადამფუძნებელი ჰაიაო მიაძაკი.
პრინცესების შესახებ დისნეის ანიმაციებში ხშირად ვხედავდით ქალებს, რომლებიც მხსნელად უფლისწულს ელოდებოდნენ. ამის შემდეგ Studio Ghibli-ის გოგოების — ჩიჰიროს, სანის, სოფის, ნაუშიკაასა და სხვების გაცნობა საოცარი გამოცდილება იყო. მათ ბავშვობაშივე დამარწმუნეს, რომ გოგო მხოლოდ მთავარი გმირის ლამაზი სასიყვარულო ინტერესი კი არა, დამოუკიდებელი გმირი შეიძლება იყოს, რომელსაც საკუთარი ოცნებები, ხასიათი, ინტერესები და პიროვნულობა გააჩნია. ამ გოგოებს ხანდახან საყვარელი ადამიანების დახმარება სჭირდებათ, თუმცა საბოლოოდ, საკუთარი თავისა და სხვების გადარჩენა დამოუკიდებლადაც შეუძლიათ.
ტესტი: Studio Ghibli-ის რომელი ქალი პერსონაჟი ხარ?
2. პლატონური ურთიერთობები რომანტიკულზე არანაკლებ მნიშვნელოვანია
"ეჭვით ვუყურებ დაუწერელ კანონს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ იმიტომ, რომ სიუჟეტში ბიჭი და გოგო ჩანს, მათ რომანტიკული გრძნობები უნდა აკავშირებდეთ. ამის მაგივრად, მინდა, განსხვავებული ურთიერთობა გადმოვცე, რომელშიც ისინი ერთმანეთს შთააგონებენ, რომ იცხოვრონ. თუ ამას შევძლებ, შესაძლოა სიყვარულის ნამდვილი გამოხატვის აღწერასთან ახლოს ვიქნები", — ამბობს ჰაიაო მიაძაკი.
ბავშვობაში დისნეის ანიმაციების ყურებისას ყოველთვის წინასწარ ვიცოდი, რომ მთავარ პერსონაჟებს ერთმანეთი შეუყვარდებოდათ და "დიდხანს და ბედნიერად" იცხოვრებდნენ. ჩემთვის Studio Ghibli-ს ერთ-ერთი მთავარი ხიბლი სწორედ ისაა, რომ სიყვარულს უამრავი ფორმა აქვს და მხოლოდ რომანტიკული ურთიერთობით არ შემოიფარგლება.
3. ყოველდღიური უმნიშვნელო დეტალებით ტკბობა უნდა ვისწავლოთ
წიგნის კითხვა, სახლის დალაგება, მატარებლით მოგზაურობა, ყვავილებს შორის წოლა, მდინარის ჩხრიალის მოსმენა — ყველაზე ტრივიალური და უღიმღამო წუთებიც კი საოცარია, როცა მათში ჯადოქრობის დანახვა თავად გვსურს. ხშირად სამყარო მშვენიერი სწორედ ჩვენივე ფიქრების დამსახურებითაა. ამაში Studio Ghibli-ს ანიმეები ნამდვილად დაგარწმუნებს, რადგან თითოეულ ნამუშევარს განსაკუთრებულ ხიბლს სწორედ მსგავსი "უმნიშვნელო" და "ჩვეულებრივი" მომენტები სძენს.
4. იმისათვის, რომ პიროვნულად გაიზარდო, საკუთარ შიშებს უნდა დაუპირისპირდე
შიშებისთვის თვალის გასწორებაზე ყველაზე ოსტატურად მოჩვენებების მიერ გატაცებულნი გვიყვება. ფილმის დასაწყისში პატარა ჩიჰირო უცნაურ ქუჩას მშობლებთან ერთად დაზაფრული ათვალიერებს და დედას არ შორდება. მალე ჩიჰირო მშობლებს კარგავს, სულების სამყაროში ხვდება და ერთგული მეგობრის — ჰაკუს ტანჯვის ყურებაც უწევს. ჩიჰირო გზადაგზა სიყვარულს, თანაგრძნობას, ერთგულებასა და სიმტკიცეს სწავლობს, ჰაკუს გადასარჩენად საშიშ მოგზაურობაში მიდის და ფილმის ბოლოს მასში სულ სხვა ადამიანს ვხედავთ — ჩიჰირო, რომელიც შიშებისთვის თვალის გასწორებას ახერხებს, მშობლებს წინ მიუძღვის და მოჩვენებების სამყაროდან ადამიანების სამყაროში აბრუნებს. სხვა ნამუშევრების მსგავსად, მოჩვენებების მიერ გატაცებულნიც გვახსენებს, რომ საკუთარ თავს ხელახლა მხოლოდ შიშთან დაპირისპირების შემდეგ აღმოვაჩენთ.
5. მომავლის განჭვრეტა შენს ძალებს აღემატება, მათთან გამკლავება — არა
"შენს ბედისწერას ვერ შეცვლი, თუმცა მასთან გამკლავება შეგიძლია", — ეუბნება სოფლის უხუცესი პრინცესა მონონოკეს მთავარ გმირს, უფლისწულ აშიტაკას, რომელიც მოულოდნელად განუკურნებელი წყევლის მსხვერპლი აღმოჩნდება და მშობლიური სოფლის მიტოვება მოუწევს. მართლაც, იმ სირთულეების განჭვრეტა, რომელსაც მომავალი გვიმზადებს, შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ის, თუ როგორ შევხვდებით ამ სირთულეებს — ჩვენზეა დამოკიდებული.
6. "ცხოვრება ტანჯვაა, ცხოვრება რთულია, მაგრამ მის გასაგრძელებლად მიზეზებს ყოველთვის იპოვი"
ეს საოცარი ფრაზა პრინცესა მონონოკეს ერთ უმნიშვნელო პერსონაჟს ეკუთვნის, რომელიც მუშაობისას დასახიჩრდა და სახვევებით დაფარული დღეებს მწოლიარე მდგომარეობაში ატარებს. აღნიშნული ფრაზა რთული დღეების გადაგორებაში ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება: თუნდაც ის ფაქტი, რომ საყვარელი ყვავილის სურნელის შეგრძნება შეგიძლია, უკვე საკმარისი მიზეზია ცხოვრების გასაგრძელებლად. სირთულეების მიუხედავად, სანამ ცოცხალი ხარ, უკეთესი მომავლისა და ცვლილებების იმედი შენთან ერთად არსებობს.
7. თუ წარმოდგენა არ გაქვს, რას აკეთებ, მარტო არ ხარ
ალბათ, ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც უგრძვნია თავი დაკარგულად და უმიზნოდ. რაც მთავარია, ხშირად გვგონია, რომ ამ სირთულის წინაშე მარტო ვართ და სხვებს ყველაფერი გარკვეული და დალაგებული აქვთ. საპირისპიროს დასამტკიცებლად Studio Ghibli-ის ფილმები ხშირად გვიჩვენებს პერსონაჟებს, რომლებიც საკუთარი თავისა და მიზნების პოვნას ცდილობენ. ამის მშვენიერი მაგალითი შიზუკუ (გულის ჩურჩული) და კიკი (კიკის მიტანის სერვისი) არიან. თავდაპირველად საკუთარი მდგომარეობა ორივე პერსონაჟს ძალიან აწუხებს, თუმცა ფილმები იმას გვასწავლის, რომ ეს გრძნობები ბუნებრივია და ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს: თუ საკუთარი თავის გწამს, გზას ყოველთვის იპოვი.
8. ოცნებების რეალობად ქცევა შეგიძლია, თუ საკმარისად მონდომებული, მიზანდასახული და შრომისმოყვარე ხარ
გულის ჩურჩული და ქარი ძლიერდება ოცნებების შესახებ შექმნილი მშვენიერი ნამუშევრებია. პირველ შემთხვევაში შიზუკუ საკუთარი თავისა და მიზნების პოვნას ცდილობს, თუმცა ხვდება, რომ ეს პროცესი იმაზე რთულია, ვიდრე წარმოედგინა. იგი დღეებს მოთხრობის წერაში ატარებს და აცნობიერებს, რომ უნდა, მწერალი იყოს. ქარი ძლიერდება ჯირო ჰორიკოშის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც პილოტობაზე ოცნებობს, თუმცა ამ ნატვრას მისი მხედველობის პრობლემების გამო ახდენა არ უწერია. ამის გამო ჯირო თვითმფრინავების ინჟინერობას გადაწყვეტს და ოცნების ასახდენად თავდაუზოგავად იბრძვის.
ამ ორი ანიმეს ნახვის შემდეგ აუცილებლად იგრძნობ ძალას, რომელიც საკუთარი ოცნების პოვნაში ან მათ ასახდენად საჭირო თავდადებისა და შრომისმოყვარეობის გამომუშავებაში დაგეხმარება.
9. ადამიანებმა ბუნებასთან თანაარსებობა უნდა ვისწავლოთ
ბუნებისა და საოცარი არსებების სიყვარულს Studio Ghibli-ის ანიმეებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. თუმცა ამ ნამუშევრებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინცესა მონონოკეა, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის დაპირისპირებას გვიჩვენებს. ნამუშევარში, ერთი მხრივ, სანი ადამიანებს ემტერება, რადგან თვლის, რომ მათი თითოეული ნაბიჯი ბუნებას აზიანებს. მეორე მხრივ, ქალბატონი ებოში თვლის, რომ მომავალი ტექნოლოგიების განვითარებისაა და ამ რწმენის ხარჯზე მზადაა, თავად დიად ტყის სულსაც კი მოჰკვეთოს თავი. საბოლოოდ, ფილმის დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთს უფლისწული აშიტაკა არიგებს — ის თვლის, რომ ტექნოლოგიური განვითარება არ უნდა შეწყდეს, თუმცა ეს მხოლოდ ბუნებასთან შეთანხმებით და მისი დაცვით უნდა მოხდეს.
მიუხედავად იმისა, რომ პრინცესა მონონოკე 1997 წელს გამოვიდა, მასში განხილული თემები დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს, აშიტაკას მიერ ნაპოვნი გამოსავალი კი კვლავ ჭეშმარიტ პასუხად რჩება.
ბუნებასთან კაცობრიობის დაპირისპირების შედეგები კარგადაა ასახული ანიმეში ნაუშიკაა ქარების ხეობიდან. ნაუშიკა პოსტაპოკალიფტურ სამყაროში ცხოვრობს და გვიჩვენებს, რა შედეგები მოაქვს, ერთი მხრივ, ბუნებასთან დაპირისპირებას და, მეორე მხრივ, მასზე ზრუნვას.
10. ომს, დაპირისპირებასა და სიძულვილს მხოლოდ უბედურება მოაქვს
ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, რომელიც Studio Ghibli-ს ფილმებს აერთიანებთ, ომია, თუმცა ნამუშევრებში თავად ომის დროს მიმდინარე პროცესების ჩვენების ნაცვლად, მისი შედეგები ხან პირად ტრაგედიებს გასდევს ფონად, ხანაც — კონკრეტულ პერსონაჟებში იჩენს თავს.
Studio Ghibli-ს პერსონაჟები ხშირად აჟღერებენ ომისა და ძალადობის საწინააღმდეგო მოსაზრებებს და კაცობრიობის ერთადერთ ხსნას სიმშვიდესა და სიყვარულში ხედავენ. ამ მოწოდების აუცილებლობას ყველაზე ცხადად, ალბათ, ციცინათელების სასაფლაოში ვგრძნობთ, რომელიც ომის, დაპირისპირებისა და სიძულვილის დამანგრეველ შედეგებს ყველაზე უკეთ გადმოსცემს.
ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, თუ რატომ უნდა გაეცნო Studio Ghibli-ს საოცარ ნამუშევრებს. როგორც კი ამ თვალისმომჭრელ სამყაროში შეაბიჯებ, დარჩენილი მიზეზებისა თუ ცხოვრებისეული გაკვეთილების დამოუკიდებლად აღმოჩენა ნამდვილად არ გაგიჭირდება.
ამავე თემაზე:
- ტესტი: Studio Ghibli-ის რომელი ქალი პერსონაჟი ხარ?;
- 7 ანიმე, რომელიც საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ოსკარს იმსახურებდა;
- Spirited Away 20 წლისაა — ნახეთ 20 ჯადოსნური კადრი ლეგენდარული ანიმედან;
- 10 ცხოვრებისეული გაკვეთილი ჰარი პოტერიდან, რომელიც ყველა მაგლს გამოადგება;
- 10 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ჰაერის უკანასკნელმა მბრძანებელმა გვასწავლა;
- 10 ცხოვრებისეული გაკვეთილი წითური ენ შირლისგან.
კომენტარები