ფაილების ავტორის ვინაობა უცნობია, თუმცა ბმული, სადაც ეს ყველაფერი იყო განთავსებული, ჟურნალისტებს ელექტრონულ ფოსტაზე, hakim fasha-ს სახელით მოგვივიდა. უცნობია, არის თუ არა ეს ის ჰაკიმ ფაშა, რომელმაც ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებით "გაითქვა სახელი", თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ამაში სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი მონაწილეობდა. უწყება, რომელმაც ახლა კითხვებს უნდა უპასუხოს, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთელი დღის განმავლობაში დუმდა.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების (და არამარტო) კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს, კითხულობენ მესიჯებს და აგროვებენ "კომპრომატებს" პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. უამრავ ფაილში შეხვდებით დოკუმენტებს სახელწოდებებით: "მრუშები", "ბიზნესი და ფინანსური მაქინაციები", "ნაცებთან კავშირში მყოფი სასულიერო პირები", "რუსული გავლენა" და ა.შ.

ამ ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კავშირების და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ სიმპათიების შესახებაც. ასევე, საპატრიარქოში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე, ჟურნალისტებთან ან აქტივისტებთან სასულიერო პირების საუბრის შინაარსზე. არის ისეთი მასალებიც, სადაც არცერთი მხარე არ არის ეკლესიის წარმომადგენელი.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასალებიდან ჩანს, რომ სუს-ს კონკრეტული სასულიერო პირების რუსეთთან ურთიერთობის ეჭვი აქვს, ამ კუთხით ფაილებში საკმაოდ ზედაპირული ინფორმაციაა. სამაგიეროდ, ჩანს, რომ ბევრია ნამუშევარი პირადი ცხოვრების დეტალებისა თუ პოლიტიკური სიმპათიების გარკვევაზე.

აღსანიშნავია, რომ ბევრმა ადამიანმა, რომლებთან საუბრის შესახებაც არის მითითებული ამ ანგარიშში, შინაარსი დაადასტურა, მათ შორის, ჟურნალისტებმა.

ფაილების ნაწილი საერთოდ არ არის დათარიღებული, თუმცა დათარიღებულებს შორის იძებნება მასალები 2021 წლის ჩათვლით.

პედოფილია

ასობით ფაილს შორის საკმაოდ დიდი ადგილი უკავია პირადი ცხოვრების შესახებ ჩანაწერებს. ყველა ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, რომლებსაც კონკრეტულ ადამიანებთან აქვთ "ინტიმური კავშირი". მითითებულია ამ მოქალაქეების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასევე, ფაილს დართული აქვს ფოტოები. სწორედ ამ მასალებში არის დასახელებული რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებსაც პედოფილიაში ედებათ ბრალი.

მაგალითად, ერთ-ერთი სასულიერო პირის შემთხვევაში აღნიშნულია, რომ შემჩნეულია პედოფილიაში და კონკრეტულ არასრულწლოვანთან სატელეფონო მიმოწერის გახმაურების გამო, პრობლემები შეექმნა. ამავე პირის შესახებ იქვე წერია, რომ "შეინიშნებოდა ინტიმური კავშირის დამყარების სურვილი" სხვა არასრულწლოვანთანაც. მითითებულია ბავშვების პირადი ინფორმაცია და ფოტოები. კიდევ ერთი სასულიერო პირის შესახებ მითითებულია: "შემჩნეულია არასრულწლოვან გოგოებთან გარყვნილი ქმედების მცდელობაში". დოკუმენტის მიხედვით, ეპარქიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირმა ინტიმური შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ერთ-ერთი გამგებლის არასრულწლოვან შვილს, თუმცა არ იციან, რომელს.

სავარაუდო პედოფილიის შემთხვევები გვხვდება იმ ფაილებშიც, სადაც ლგბტ სასულიერო პირების შესახებ არის საუბარი. მაგალითად, ერთ-ერთ მღვდელ-მონაზონთან დაკავშირებით მითითებულია, რომ კაცმა, რომელთანაც აქვს ინტიმური ურთიერთობა, 2014 წელს 15 წლის "სიმპატიური, ლამაზი ბიჭუნას" გაცნობის შესახებ აცნობა.

"შესთავაზა ამ ბიჭის მონასტერში აყვანა, ცოტახნით დატოვება და კელიაში "დაბმა", ხოლო ბავშვის მშობლებთან პრობლემებს თავად მოაგვარებდა (აცნობებდა მონასტერში დროებით წასვლის შესახებ). - - (სასულიერო პირის ვინაობა დაშტრიხულია On.ge-ს რედაქციის მიერ) დათანხმდა აღნიშნულ წინადადებას. მოგვიანებით - - კვლავ დაუკავშირდა - -, რომელსაც განუმარტა, რომ პირველ ეტაპზე უმჯობესი იქნება არასრულწლოვანს თვითონ დაახლოებოდა, ხოლო დაგეგმილი განეხორციელებინათ მომავალში. დანაყოფში მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება", — აღნიშნულია დოკუმენტში.

პირადი ცხოვრება

სიაში მოხვდნენ სასულიერო პირები, რომლებსაც, დოკუმენტის მიხედვით, აქვთ სექსუალური კავშირი სხვადასხვა ადამიანთან. ჩამონათვალში არიან მონაზვნები, მრევლი, სამოქალაქო პირები. მითითებულია ყველა ამ ადამიანის პროფესია ან სამუშაო ადგილი, ასევე, პარტიული კუთვნილება. ბავშვების შემთხვევაში, მშობლების ვინაობა. ჩამონათვალში წერია ისიც, რომ ერთ-ერთ სასულიერო პირს სექსუალური ურთიერთობა აქვს ბიძაშვილთან, ხოლო კიდევ ერთს კონკრეტული პირი თავის ცოლთან ურთიერთობაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, ერთ-ერთი სასულიერო პირზე დოკუმენტში წერია, რომ ქალს გააკეთებინა აბორტი და "ირიბად სჩანს, რომ მისგან იყო ორსულად".

კიდევ ერთ ფაილში კი მითითებულია, რომ ერთ-ერთი მიტროპოლიტი სექსუალური კავშირის დამყარებას შეეცადა ქალთან, რომელიც მას აღნიშნული ფაქტის გასაჯაროებით ემუქრება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხსენებული მღვდელმთავრების "ხასიათიდან და მათი მხრიდან მანდილოსნების მიმართ გამოხატული სექსუალური ლტოლვიდან გამომდინარე", მაკომპრომეტირებელი ვიდეო-მასალის მოპოვების მიზნით, შესაძლებელია შეირჩეს "ახალგაზრდა მანდილოსნები, რომლებიც ჩვენი მითითებით ამ სასულიერო პირებთან დაამყარებენ სექსუალურ კავშირს".

"მანდილოსნების მღვდელმთავრებისთვის გაცნობა და შემდგომში მათთან დაახლოება განხორციელდება ინდივიდუალურად, კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე, როგორც სოციალური ქსელ ფეისბუქის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია ჩვენ მიერ წინასწარ შერჩეული მანდილოსნების სასულიერო პირებისთვის გაცნობა მოხდეს თავიანთ დაქვემდებარებაში არსებულ ეპარქიებში ჩატარებული წირვა-ლოცვების დროს, ან სხვადასხვა სასულიერო ხასიათის ღონისძიებებზე დასწრების გზით".

"სავარაუდო ლესბოსელები" და "ლგბტ კავშირები"

ასობით ფაილს შორის არის არაერთი ისეთი, რომელშიც სასულიერო პირების ლგბტ კავშირებზეა საუბარი. მეტიც, არსებობს დოკუმენტი, რომელშიც არის ჰომოსექსუალი სასულიერო პირებისა და მათი პარტნიორების ჩამონათვალი. ფაილს მოჰყვება ამ ადამიანების სახელები და გვარები, პირადი ნომრები, მისამართები, სამუშაო ადგილები და ფოტოები.

ერთ-ერთი ეპისკოპოსის შესახებ ვკითხულობთ:

"საზოგადოებაში ჩნდება საერო სამოსით და ერთჯერად სექსუალურ კავშირებს ამყარებს სხვადასხვა ადგილებში გაცნობილ მამაკაცებთან. - - ღამის საათებში დაფიქსირებულია ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. "პლეშკაზე" და ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცდილობს სექსუალური პარტნიორების მოძიებას. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ერთჯერადი პარტნიორები, სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით, მიჰყავს თავის საცხოვრებელ ბინაში, ან რომელიმე იაფფასიან სასტუმროში".

ერთჯერადი კავშირის დამყარების მიზნით ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე "სისტემატურად" გადაადგილებაზე წერენ სხვა სასულიერო პირის შემთხვევაშიც. ერთ-ერთ დეკანოზზე კი მითითებულია, რომ "ოპერატიული ინფორმაციით", "სექსუალურ პარტნიორებთან ინტიმურ კავშირს ყოველთვის ამყარებს თავის საცხოვრებელ სახლში და სისტემატურად ახორციელებს მათ ვიდეო-გადაღებას".

გარდა ამისა, სამების ტაძრის ერთ-ერთ მღვდელმსახურთან დაკავშირებით ფაილებში წერია, რომ ციხიდან გამოსვლაში დაეხმარა სექსუალურ პარტნიორს, რომელიც სასჯელს იხდიდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების საზღვარზე შემოტანის ბრალდებით.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძეს აცნობა, რომ მიიღო 18 წლის ბიჭის დედის წერილი, რომელიც ითხოვს კონკრეტული მღვდელმსახურის ეკლესიიდან განკვეთას. როგორც მითითებული ინფორმაციით ირკვევა, კაცს ბრალად ედება საფრანგეთში ყოფნისას 18 წლის ბიჭთან სექსუალური კავშირის დამყარება, რის გამოც 2020 წლის დეკემბრის თვეში მოიწვიეს სამღვდელოების კრება და შეუჩერეს მღვდელმსახურება.

ფაილებში საუბარია კიდევ ერთ ფაქტზე. კერძოდ, მითითებულია, რომ საპატრიარქოს პრეს-მდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს აცნობა, რომ "არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში მხილებული" სასულიერო პირი ორ სასულიერო პირთან ერთად იმყოფება მონასტერში და სთხოვა, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით. დოკუმენტის მიხედვით, ხსენებულ სასულიერო პირებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სახელით მონასტერი უნდა დაეტოვებინათ.

"მოგვიანებით, - - დაუკავშირდა - --ს, რომელსაც სთხოვა თანმხლებ პირებთან ერთად მონასტრის დატოვება, რაზეც - --მ უარი განაცხადა და განამარტა, რომ საპატრიარქომ სასულიერო ხარისხი ჩამოართვა უკანონოდ და წაყენებულ ბრალდებაში არ გრძნობს თავს დამნაშავედ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საპატრიარქო უახლოეს პერიოდში არ დაუბრუნებს მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს (ხსენებულ ტელეფონში ინახებოდა მისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის დამადასტურებელი მიმოწერა და ფოტოები) დაუყოვნებლივ უჩივლებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირს და სასამართლოს გზით მოითხოვს კუთვნილი ნივთის დაბრუნებას. მისივე განმარტებით, სასამართლოში შ.მუჯირს დაადანაშაულებს სხვისი ნივთის მითვისებაში და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დაშანტაჟებაში", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ფაილში, სადაც საუბარია პირად ცხოვრებაზე, სპეციალური ქვეთავით არის გამოყოფილი "მონაზვნები, რომლებსაც აქვთ ინტიმური კავშირი მამაკაცებთან" და "სავარაუდო ლესბოსელები". ერთ-ერთ შემთხვევაში დეტალურად არის შესწავლილი, რომ ერთი მონაზონი მეორეზე ეჭვიანობს, რადგან იმასთან ურთიერთობა კონკრეტულ მღვდელსაც სურს.

გარდა ამისა, რამდენიმე სასულიერო პირთან დაკავშირებით შეხვდებით ასეთ მინაწერს: "ოპერატიული ინფორმაციით, არის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის სასულიერო პირი, თუმცა მოცემულ მომენტში დანაყოფში მისი ინტიმური კავშირები არ ფიქსირდება". დოკუმენტის ბოლოს კი, მითითებულია, რომ "ოპერატიულ ტექნიკური ღონისძიებების განხორციელების შედეგად დაფიქსირებული იქნა" ეპისკოპოსების ერთჯერადი ინტიმური კავშირებიც და მოჰყვება შესაბამისი ჩამონათვალი.

და ბოლოს, დოკუმენტში ვხვდებით ასეთ ჩანაწერსაც:

"ნიშანდობლივია, რომ საზოგადოებაში გავრცელებულმა აზრმა მობილური ტელეფონების ტოტალურ მიყურადებასთან დაკავშირებით, გამოიწვია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე სასულიერო პირთა სიფრთხილე, რომლებიც მაქსიმალურად ერიდებიან პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით ტელეფონით საუბარს".

რუსული კავშირები

გავრცელებულ მასალებში რუსულ კავშირებზე არაერთი ფაილი იძებნება. არის Word-ის ერთიანი ფაილი მოკლე ინფორმაციებით, ასევე, საქაღალდე სახელწოდებით: "რუსული ორიენტაცია", სადაც 15 სასულიერო პირის დოსიეა შეყვანილი. თუ ფაილები ავთენტურია, ეს ნიშნავს, რომ არამხოლოდ საზოგადოების ნაწილში, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც მიაჩნიათ, რომ საპატრიარქოს მაღალიერარქებს შორის არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კავშირი ოკუპანტ ქვეყანასთან. მიუხედავად ამისა, ეს ინფორმაცია ბევრად უფრო მწირია, ვიდრე, მაგალითად, ინფორმაცია კონკრეტული ადამიანების სექსუალური კავშირების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ რუსული კავშირების გარდა, ფაილებში მოხვდა ინფორმაცია სასულიერი პირების კრიმინალური წარსულის შესახებაც.

კათალიკოს-პატრიარქი ილია II

აღსანიშნავია, რომ ფაილი სახელწოდებით "რუსული გავლენა" სწორედ პატრიარქით იწყება, თუმცა ინფორმაცია მწირია. კერძოდ, წერია, რომ ილია მეორე 1956-1960 წლებში სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემია-სემინარიაში, 1957 წელს კი საქართველოში ეკურთხა ბერად. 1959 წელს რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ აკურთხა მღვდელმონაზვნად.

"საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში თანამშრომლობდა სუკ-თან, ფსევდონიმით ივერიელი", — ვკითხულობთ დოკუმენტში. ამ კონკრეტული ფაილის წარწერის მიხედვით, დოკუმენტი შედგენილია მეორე მთავარი სამმართველოს მიერ, 2014 წლის 2 დეკემბერს.

შორენა თეთრუაშვილი

ამავე სიაში მეორე სწორედ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილია. ამ ინფორმაციის მიხედვით, 90-იან წლებში იგეგმებოდა მისი დათხოვნა საპატრიარქოდან, თუმცა რუსეთის საპატრიარქოს თხოვნით თანამდებობაზე დატოვეს.

"აკონტროლებს ყველა მიმდინარე პროცესს საპატრიარქოში. გაურბის კომუნიკაციის ყველანაირი საშუალებით პირადად სარგებლობას, არ ფლობს მობილურ და ქსელის ტელეფონს", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე მონაცემების მიხედვით, საპატრიარქოში თეთრუაშვილის გალენის ქვეშ იმყოფებიან: მიტროპოლიტები თეოდორე ჭუაძე და ანანია ჯაფარიძე, აკადემიის რექტორი გიორგი ზვიადაძე, პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი, ასევე, გიორგი ანდრიაძე, რეზო შარაბიძე და ცისანა შარტავა.

"პირდაპირი მონაცემები შორენა თეთრუაშვილის უშუალო კავშირის შესახებ რუსეთის ეკლესიასთან და პოლიტიკურ ძალებთან არ არსებობს, მაგრამ მასთან დაკავშირებული სასულიერო პირები აქტიურად თანამშრომლობენ რუსეთის საეკლესიო და პოლიტიკურ წრეებთან. მისი გავლენის ქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან ქვეყანაში დაგეგმილი ზოგიერთი ეკონომიკური პროექტის წინააღმდეგ (საყდრისი, ხუდონჰესი). თავისი, სახელმწიფოსთან შეუთანხმებელი მოქმედებით, ხელს უწყობს კავკასიის შეიხის ალახშუქურ ფაშაზადეს და თურქული ისლამური ძალების ავტორიტეტის ზრდას საქართველოში. დაფიქსირებული იქნა შორენა თეთრუაშვილის მცდელობა, დეკანოზ ბიძინა გუნიას მეშვეობით, რუსეთში უცნობი ადრესატისთვის ჩაეტანათ თურქეთის რელიგიის მინისტრის მიერ 2014 წელს საქართველოს სამთავრობო წრეებში ჩატარებული შეხვედრების ამსახველი ვიდეო მასალა", — მითითებულია დოკუმენტებში.

ამ კონკრეტული ფაილის წარწერის მიხედვითაც, დოკუმენტი შედგენილია მეორე მთავარი სამმართველოს მიერ, 2014 წლის 2 დეკემბერს.

მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა

სერაფიმე ჯოჯუას შესახებ ინფორმაცია იძებნება როგორც მოკლე ჩამონათვალში, ასევე, 15-ფაილიან საქაღალდეში, რომელშიც სახელობითი ფაილებია და თითოეული კონკრეტული სასულიერო პირის ერთგვარ დოსიეს შეიცავს.

დოსიეს მიხედვით:

ჯოჯუა სერაფიმე (მეუფე სერაფიმე) ილიას ძე, დაიბადა 15.02.1961 წელს ქალაქ სოხუმში, ხოლო ბერად აღიკვეცა 1992 წელს. 2000 წელს აკურთხეს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ეპისკოპოსად.

"ხასიათდება როგორც საშუალო ინტელექტის მქონე, გაწონასწორებული პიროვნება. ლტოლვა აქვს ახალგაზრდა გოგონების მიმართ, მათ შორისაა - -, რომელსაც ქმრისგან მალულად უკეთებს საჩუქრებს და უხდის სწავლის გადასახადს. არის პრორუსული ორიენტაციის. გამოკვეთილად ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის საპატრიარქოსთან. მათი ხელშეწყობით რუსეთის ტერიტორიაზე აკურთხა რამდენიმე ეკლესია, ასევე ფართო კავშირები აქვს რუსეთის მაღალი რანგის სასულიერო პირებთან. თვლის, რომ რუსულ ეკლესიაში მეტი სულიერებაა. რუსეთში იგეგმება მისი ნაშრომის "საქართველოს სულიერი კავშირი რუსეთთან" გამოცემა. ნაშრომის პრორუსული შინაარსის გამო შიშობს, რომ საქართველოში გავრცელება საზოგადოებაში გამოიწვევს უარყოფით რეაქციებს. პერიოდულად ჩადის აფხაზეთში დედის, ანგელინა მარგველაშვილის (გარდაიცვალა 2014 წელს) და დის სანახავად. ლოიალურადაა განწყობილი არსებული ხელისუფლების მიმართ", — მითითებულია დოკუმენტში.

ამავე მასალის მიხედვით, მას მეგობრული ურთიერთობა აქვს კონკრეტულ პოლიტიკოსებთან და ჩამოთვლილია ძირითადად პრორუსული ორიენტაციის, ჰომოფობი და ქსენოფობი ადამიანები. ასევე, მითითებულია, რომ ბიზნესმენები თამაზ გელაშვილი და მამუკა ხაზარაძე პერიოდულად ეხმარებიან ფინანსურად.

სპირიდონ აბულაძე

როგორც სერაფიმე ჯოჯუას, ისე სპირიდონ აბულაძის შესახებ საუბარია არამხოლოდ ჩამონათვალში, არამედ, მის შესახებაც არსებობს ერთგვარი დოსიე. შეგახსენებთ, რომ აბულაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ხელმძღვანელობდა მაშინ, როცა სახალხო დამცველი დაწესებულებაში ბავშვთა მიმართ ძალადობაზე საუბრობდა. ის გამოირჩევა ჰომოფობიით, სიძულვილის ენით და სწორედ ჰომოფობიური მოტივი დაასახელა ომბუდსმენის წარმომადგენლების პანსიონში არშეშვების მიზეზად. მან Facekook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს ატირებული ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ დაწესებულებაში ძალადობა არ არის.

რაც შეეხება გავრცელებულ ფაილებს, ჩანაწერის მიხედვით, სპირიდონი 1984-1987 წლებში იყო პატიმრობაში.

"საკუთარი განმარტებით — ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის, ეკლესიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად — არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ფაილის მიხედვით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ის აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში და დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. ახლო მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან, გია ჭანტურიასთან და ზურაბ ჟვანიასთან.

"განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები სინოდის წევრებთან არ აკავშირებს. მღვდელმთავრების უმეტესობა სერიოზულ ფიგურად არ აღიქვამს, მათი მხრიდან პერიოდულად ხდება დაცინვის ობიექტი, რასაც აღიქვამს მტკივნეულად. ეპარქიის მსახურ სასულიერო პირების და თანამშრომლების მიმართ გამოირჩევა სიმკაცრით", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე ფაილის მიხედვით, აბულაძემ 2006 წელს ეპისკოპოსის წოდება დიმიტრი შიოლაშვილის ხელშეწყობით მიიღო. ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ მას "რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ხშირად უჭირს" და რჩევებისთვის მიმართავს სხვა ეპისკოპოსებსა და სასულიერო პირებს.

დოკუმენტში წერია, რომ სპირიდონი თავის კავშირებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან იყენებს ეპარქიის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებისათვის საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად.

"ს.აბულაძე ხასიათდება, როგორც ხელმომჭირნე. მისი ამგვარი დამოკიდებულება გადადის სიძუნწეში და იწვევს უკმაყოფილობებს ეპარქიაში მომსახურე პერსონალში", — აღნიშნულია ანგარიშში.

აქვე წერია ის, რომ წარსულში აბულაძეს ახლო კონტაქტები ჰქონდა წინა ხელისუფლების გავლენიან ჩინოვნიკებთან, რომლებიც გარკვეულ მატერიალურ დახმარებას უწევდნენ.

"პოლიტიკური აქტიურობისგან თავს იკავებს, თუმცა ღიად გამოხატავს მის დადებით დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციის მიმართ. მისი პრორუსული განწყობა ძირითადად გამოწვეულია თურქულ-ისლამური ექსპანსიით აჭარის რეგიონში", — აღნიშნულია დოკუმენტში.

მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე

დოკუმენტის მიხედვით, გერასიმე შარაშენიძე 1992-1997 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც მუშაობდა შპს "ჯულო"-ს დირექტორის მოადგილედ. ამავე წლებში სტიქაროსნად მსახურობდა მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.

"გადაუმოწმებელი ოპ. ინფორმაციით, გ.შარაშენიძე 1992 ქ.მოსკოვში ქორწინებაში იმყოფებოდა წარმოშობით ქართველზე. 1993-1994 წლებში გ.შარაშენიძე ირიბად მონაწილეობდა მეუღლის ოჯახის ერთ-ერთი წევრის (ცოლისძმის) გატაცების ორგანიზებაში (პასუხისგებაში მიცემული არ ყოფილა). მომხდარის შემდეგ გ.შარაშენიძე იძულებული გახდა დაბრუნებულიყო საქართველოში", — წერია დოკუმენტში.

ამავე ფაილის მიხედვით, გერასიმე არის "განათლებული, გაწონასწორებული პიროვნება, საკითხების დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრე" და ეპარქიაში მოქმედ სასულიერო პირებთან აქვს კარგი დამოკიდებულება.

"მიტროპოლიტზე შორენა თეთრუაშვილს დიდი გავლენა აქვს, პერიოდულად იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციაში შემავალ თემებზე, რაც ხდება გ.შარაშენიძის განაწყენების მიზეზი და ეს უკანასკნელი ასეთ შემთხვევებში მიემგზავრება მის ეპარქიაში არსებულ მონასტერში".

დოკუმენტში წერია ისიც, რომ გერასიმე შარაშენიძეს სანდო ურთიერთობა აკავშირებს კონსტანტინე როგავასთან, რომლის მეშვეობით აქვს კავშირი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიასთან, რომელიც პერიოდულად ფინანსურ დახმარებას უწევს.

"გ.შარაშენიძე პოლიტიკური აქტიურობით არ გამოირჩევა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში აფიქსირებდა ნეიტრალურ პოზიციას, თუმცა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალი ეკლესიის ზოგიერთი წინამძღვარი იყო კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერი, მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სახის აქციაში და ქადაგებაზე მრევლს მოუწოდებდნენ მხარი არ დაეჭირათ ნაციონალური მოძრაობისათვის", — მითითებულია დოკუმენტში.

უკვე სხვა ფაილში წერია, რომ გერასიმემ "ბერძნულ-ბიზანტიურ საპატრიარქოებსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის დაპირისპირებაში დაიკავა რუსეთის მხარე, თუმცა, სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება მიიღო თბილისიდან დავალებით".

მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი

დოკუმენტების მიხედვით, რუის-ურბნისის ეპარქიის ხელმძღვანელი "ხასიათდება, როგორც უაღრესად პატიოსანი პიროვნება, ჰყავს მრავალრიცხოვანი მრევლი, რომელშიც სარგებლობს დიდი პატივისცემით და გავლენით, საეკლესიო წრეებში განიხილება როგორც პატრიარქის ტახტის ერთ-ერთი გავლენიანი კანდიდატი".

ამავე ფაილში მითითებულია, რომ იობი ღიად აფიქსირებს თავის პრორუსულ ორიენტაციას და "მიეკუთვნება იმ სასულიერო პირთა წრეს, რომლებიც მართლმადიდებლური სამყაროს გადარჩენაში აღიარებენ რუსეთის უპირველეს როლს".

აქვე ვკითხულობთ, რომ იობს აქვს სოფლის მეურნეობის დიდი ბიზნესი ქარელის რაიონში, ყოფილ სოფლის მეურნეობის მინისტრ მიხეილ სვიმონიშვილთან ერთად. დოკუმენტში მითითებულია, რომ ის 2012 წელს ღიად აკრიტიკებდა ნაციონალურ მოძრაობას და ახლა უკმაყოფილებას გამოთქვამს მოქმედი ხელისუფლების მიმართაც, რადგან "წამყვან თანამდებობებზე დანიშნულნი არ იყვნენ მისი რეკომენდაციით შერჩეული კადრები".

"ახლო ურთიერთობა აქვს პატრიარქთან (ნათესავი), აგრეთვე ახლო ურთიერთობები ჰქონდა ასლან აბაშიძესთან".

ამავე ფაილის მიხედვით, იობ აქიაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი მღვდელმთავრები არიან: მთავარეპისკოპოსი ეფრემ გამრეკელიძე (ბოლნისის ეპარქია), ეპისკოპოსი სვიმონ ცაკაშვილი (სურამისა და ხაშურის ეპარქია), მიტროპოლიტი ილარიონ ქიტიაშვილი (მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია), ეპისკოპოსი გიორგი ჯანდელანი (მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია).

მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი

ფოთის და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტზე დოკუმენტებში მითითებულია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ცდილობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩაბარებას, რაც ვერ მოახერხა და შემდგომში მუშაობდა ფოტოგრაფად.

"ცხოვრობდა რუსეთში და უკრაინაში, სადაც ეწეოდა კრიმინალურ საქმიანობას, ნასამართლევია ოთხჯერ თაღლითობისათვის, ქურდობისათვის და დოკუმენტების გაყალბებისათვის. სასჯელს იხდიდა რუსეთის ფედერაციაში", — აღნიშნულია ფაილში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ბერბიჭაშვილი საქართველოში 1988 წელს დაბრუნდა, სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში და დიაკვნობისა და მღვდლობის შემდეგ, 1996 წელს დაინიშნა ფოთის ეპარქიის მმართველად. 1996-2000წ წლებში იყო საპატრიარქოს შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

"ფოთის ეპარქიის მმართველის თანამდებობაზე მოღვაწეობის პერიოდში დაკავებული იყო სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობით, ფლობდა საეკლესიო მაღაზიებს, ორგანიზებას უკეთებდა რუსეთიდან და უკრაინიდან რელიგიური დანიშნულების ნივთების იმპორტს, ახლო ურთიერთობა გააჩნდა ჯართის და საზღვაო გადაზიდვების ბიზნესით დაკავებულ ბიზნესმენებთან. ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან პერიოდულად იმყოფებოდა კონფლიქტში, 2006 წელს დაპირისპირებული იყო სამეგრელოს გუბერნატორთან ზაზა გოროზიასთან ფოთის საკათედრო ტაძრის (ყოფ. ფოთის თეატრის შენობა) რემონტის თანხების განკარგვის საკითხის გამო, ორგანიზებას უკეთებდა მრევლის წევრების საპროტესტო აქციებს. 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების პერიოდში აკეთებდა არსებული ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს, შემდგომ არსებული ხელისუფლების მიმართ განეწყო ლოიალურად. საეკლესიო წრეებში ცნობილია როგორც ლიბერალური შეხედულებების მქონე მღვდელმთავრების დაჯგუფების აქტიური წევრი, 2005 წელს რამდენიმე ეპისკოპოსთან ერთად გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მკაცარად გააკრიტიკა საპატრიარქოს მმართველობის სტრუქტურა და მოითხოვა რეფორმების გატარება. იმყოფება დაპირისპირებაში დ. აღმაშენებლის საძმოსთან და სხვა რადიკალურ-ფანატიკურ დაჯგუფებებთან", — მითითებულია დოკუმენტში.

ამავე ფაილის მიხედვით, ბერბიჭაშვილს განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს ვანი-ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიასთან, რომელთან ერთადაც იხდიდა სასჯელს.

"არ არის დაპირისპირებაში, კონფლიქტში სხვა მღვდელმთავრებთან. 2013 წლის გაზაფხულიდან გამოიკვეთა მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილი. ბერბიჭაშვილი თავს მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობის თანამოაზრედ და ასეთად თვლის პ.ცაავას. მიზანმიმართულად გაურბის ახალ ხელისუფლებასთან (ე.ბესელია, ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოები) ურთიერთობებს. არსებული მონაცემები მიანიშნებს, რომ გ.ბერბიჭაშვილი შესაძლოა აქტიურად მონაწილეობდეს ნაციონალური მოძრაობის რევანშისტულ გეგმებში, რომლებიც გამოიხატება კუთხური სეპარატიზმის, რელიგიური და სხვა უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობის გაღვივებაში. აღნიშნულის მაგალითია ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუასთან შეთანხმებით კოლხი დედის მონუმენტის დადგმაზე მუშაობა", — წერია, სავარაუდოდ, სუს-ის დოკუმენტში.

ამავე ფაილის მიხედვით, ბერბიჭაშვილს ახლო ურთიერთობა აქვს გიორგი შამილოვთან, რომელიც არის რუსეთის საპატრიარქოს ეპისკოპოსი, პატრიარქ კირილის მეგობარი და "პენსიაში გაუშვეს ჰომოსექსუალიზმის გამო, შემდგომ აღადგინეს".

უკვე სხვა დოკუმენტში მითითებულია, რომ მისი ბერბიჭაშვილის შვილი და შვილიშვილი არიან რუსეთის მოქალაქეები და იგი შიშობს, რომ შვილიშვილის მამა, რუსეთის მოქალაქე, ვინმე ალექსანდრე პრეტენზიას გამოაცხადებს ბავშვის მეურვეობაზე და რუსეთში გადაიყვანს თავის ცოლ-შვილს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ოპერატიული მონაცემებით, სიძეს დაუდგენელი ხასიათის კავშირი აქვს ФСБ-სთან.

ამავე ფაილში ბერბიჭაშვილთან დაკავშირებით ვკითხულობთ:

"მისი სიტყვებით, ციხეში ყოფნის დროს, მასზე და ბულუხიაზე გავლენა იქონია პატიმრობაში მყოფმა უცნობმა სასულიერო პირმა, რაც გახდა მათი ეკლესიაში მისვლის მიზეზი. ღიად არ უჭერს მხარს რუსულ პოლიტიკას, მაგრამ შესაძლებელია ფარული ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებთან".

მთავარეპისკოპოსი ანტონ ბულუხია

დოუმენტების მიხედვით, ვანის და ბაღდათის ეპარქიის ხელმძღვანელი, ბულუხია მარკოზ (მეუფე ანტონი) 1976-1982 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, 1982-1987 წლებში კი იმყოფებოდა პატიმრობაში, რუსეთში ორგანიზებულ დანაშაულში თანამონაწილეობისთვის. ციხეში სასჯელს იხდიდა ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილთან ერთად.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, სწავლობდა მცხეთისა და თბილისის სასულიერო სემინარიებში, 1996 წელს კი მიიღო ეპისკოპოსის ხარისხი და გახდა ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველი.

"მეუფე ანტონს ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს დასავლეთ ევროპის ეპარქიის წინამძღვარ აბრაამ გარმელიასთან, ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკ ხაჩიძესთან. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობაშია ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილთან.
არის ეკლესიაში მოქმედი მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას დაჯგუფების აქტიური წევრი. მასთან ერთად ცდილობდა წირვა-ლოცვაში კათოლიკური ელემენტების შეტანას, აქტიურად მუშაობდა წმ. სინოდში მომხრეების მოძიებაში. დაჯგუფების მიზანი იყო საქართველოს ეკლესიის დაყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ საპატრიარქოებად. ცდილობდნენ დასავლეთ საქართველოს პატრიარქობა შეეთავაზებინათ ბათუმის ეპარქიის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილისთვის (პატრიარქის ძმისშვილი)", — აღნიშნულია დოკუმენტში.

საინტერესოა ისიც, რომ თუ ეს ფაილები ავთენტურია, სუს-ი ანტონ ბულუხიას "თავისუფლების ინსტიტუტის" ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობაშიც "ადანაშაულებს". დოკუმენტში მითითებულია, რომ ეპარქიის ხელმძღვანელად კურთხევის შემდეგ, მან დაიწყო მღვდლად იმ პირების ხელდასმა, რომელთაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ "ხსენებულ ორგანიზაციასთან".

ამავე ფაილში ვკითხულობთ, რომ არსებული ინფორმაციით, 2004 წელს ანტონ ბულუხიას მიერ ინიცირებულ იქნა ბაღდათის საკრებულოს წევრის, შმაგი გორგოძის გატაცება და გადამალვა წითელხევის ეკლესიის კელიაში. დოკუმენტის მიხედვით, გორგოძეზე ზეწოლის შემდეგ, მან არჩევნებში ხმა მისცა მეუფე ანტონის სასურველ კანდიდატს.

"ოპერატიული მონაცემებით, ახლო კავშირები გააჩნდა რუსეთში მოქმედ ქართული წარმოშობის კრიმინალურ ავტორიტეტებთან (ტარიელ ონიანი, ტარიელ ფოცხვერია, მერაბ გოგია), მათი დაფინანსებით თბილისში პრესტიჟულ რაიონებში ეწეოდა სამშენებლო ბიზნესს. ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენებთან: პაატა გამგონეიშვილი, ალექსანდრე გეფერიძე. ქ.მოსკოვში ფლობს რესტორანს და მაღაზიებს", — აღნიშნულია ფაილში.

დოკუმენტში წერია ისიც, რომ "მის სამოქმედო ტერიტორიაზე" საეკლესიო კომპლექსების მშენებლობის საფინანსო მხარეს განაგებს მისი მეგობარი, ფრიდონ გოგნაძე, რომელთან ერთადაც იხდიდა სასჯელს.

"ახლო მეგობრული კავშირი აქვს მელორ ტყეშელაშვილთან (ე.შევარდნაძის მძახალი).
გამოვლენილი იქნა კავშირი საქართველოს მოქალაქე იგორ პოლევოისთან, რომელმაც მიტროპოლიტს თავი შეახსენა "პავლოვიჩი — რუსეთის საელჩოდან" და ქალიშვილის ქორწილში", — აღნიშნულია ფაილში.

გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბულუხიას ბიზნესპარტნიორი ვალერი ჩოჩია, რომელსაც ის ბერბიჭაშვილთან საუბარში ხუმრობით მოიხსენიებს "უსაფრთხოების სამსახურად", პერიოდულად ჩადის რუსეთის ფედერაციაში.

ამასთან, ფაილში მითითებულია, რომ:

"დადგინდა, რომ ა.ბულუხიას ჰყავს ახლობელი, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც შეუძლია გამოავლინოს მოსასმენი მოწყობილობები. სავარაუდოდ მისგან ა.ბულუხიამ მიიღო აღმომჩენი მოწყობილობა (სავარაუდოდ ე.წ. სკანერი), რომლითაც ამჟამად სარგებლობს აბრაამ გარმელია. ამ მიმართულებით ა.ბულუხია ეხმარებოდა გრიგოლ ბერბიჭაშვილსაც".

უფრო მოკლე რეზიუმეში კი ბულუხიას შესახებ ვკითხულობთ, რომ მისი ბიზნესი მოსკოვში სარგებლობს გარკვეული პრივილეგიით.

"კერძოდ, თავის ობიექტებზე ყიდის არალეგალურ (სავარაუდოდ კონტრაბანდულ) სპირტიან სასმელებს. თბილისში ახლო ურთიერთობები ჰქონდა რუსეთის საელჩოს პერსონალთან. კავშირი აქვს რუსეთში მცხოვრებ ქართული წარმოშობის კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ღიად არ უჭერს მხარს რუსულ პოლიტიკას, მაგრამ შესაძლებელია ფარული ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებთან".

მღვდელი იონა (მამუკა) მაისურაძე

გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, მღვდელი მამუკა მაისურაძე 2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტში და გაგზავნეს რუსეთში, სადაც უნდა შეექმნა ოპერატიული საფარი ბიზნეს-სტრუქტურის სახით. ფაილში ვკითხულობთ, რომ 2008 წლის სექტემბერში მას რუსეთის სპეცსამსახურების მიერ წაეყენა ბრალდება ჯაშუშობისთვის, თუმცა დაკავებული არ ყოფილა.

"რ/ფ-ს სპეცსამსახურები მ.მაისურაძეს განიხილავდნენ, როგორც უკვე გამოვლენილ მზვერავს, რომელსაც დასაწყისშივე არ მიეცა საშუალება განეხორციელებინა სადაზვერვო საქმიანობა რ/ფ ტერიტორიაზე, რის გამოც აყვანილი იქნა მეთვალყურეობის ქვეშ", — ვკითხულობთ ფაილში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2009 წელს საქართველოდან გააძევეს ალექსანდრე კუზნეცოვი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში პროვოკაციის მოწყობას აპირებდა, საპასუხოდ კი, რუსულმა მხარემ მაისურაძე გამოაძევა. აქვე ვკითხულობთ, რომ ამის შემდეგ მაისურაძემ სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში მუშაობაზე უარი განაცხადა და საქმიანობა გააგრძელა საქართველოს საპატრიარქოში.

"გამოვლინდა მისი კონტაქტი ისრაელის მოქალაქე სერგეი ოლენიკთან (ასევე ცნობილია ბარჩევსკის გვარით), დაბ. 29.08.1960 წელს, ეროვნებით რუსი-ებრაელი, ქ.აშდოდო.
დადგინდა, რომ ს.ოლენიკს კავშირი გააჩნია იმპერატორულ მართლმადიდებლურ პალესტინური საზოგადოების ხელმძღვანელთან, სერგეი სტეპაშინთან (რ/ფ უფს-ს ყოფილი დირექტორი და ყოფილი შს მინისტრი). ცნობილია, რომ ს.ოლენიკი საქართველოში ნამყოფია სამჯერ, რა დროსაც მას შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პატრიარქთან. ინტერნეტ-საიტზე "ოდნოკლასსნიკი.რუ", ყურადღებას იქცევს მის სამუშაო კაბინეტში — მოსკოვში გადაღებული რამდენიმე ფოტოსურათი — აცვია სამხედრო ფორმა. ნათლად ჩანს სოლიდური ოფისი, სამუშაო მაგიდის უკან კედელზე რუსეთის ფედერაციის გერბი", — მითითებულია დოკუმენტში.

ამავე ფაილის მიხედვით, ოლენიკი მუშაობდა საქართველოსა და იერუსალიმის საპატრიაქოებს შორის კონფლიქტის შექმნაზე, მაისურაძეს იყენებდა როგორც მეკავშირეს საპატრიარქოსთან და დაჟინებით სთხოვდა მას, მოეგვარებინა ყველა ტექნიკური საკითხი საქართველოს პატრიარქთან შესახვედრად.

"საყურადღებოა ის გარემოება, რომ ს.ოლენიკის თქმით, მაისურაძე მისგან დავალებულია (მიზეზი არ ჩანს). მან ასევე აღნიშნა, რომ მამა იონას სურს მოიწყოს კარიერა მათი დახმარებით. მ.მაისურაძის და ს.ოლენიკის ურთიერთკავშირი გაწყდა 2011 წელს და მას შემდეგ არ დაფიქსირებულა", — ვკითხულობთ დოკუმენტში.

უკვე სხვა ფაილში დაკონკრეტებულია, რომ ოლენიკი სავარაუდოდ რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი იყო და მაისურაძეს საპატრიარქოში ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებდა.

გარდა ამისა, დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ მაისურაძეს კონტაქტი გააჩნდა პრორუსული საინფორმაციო სააგენტო საქინფორმის დამფუძნებელ არნო ხიდირბეგიშვილთან, რომელიც არის რუსეთის ფედერაციაში მოღვაწე მიხეილ ხუბუტიას თანამოაზრე და მეგობარი.

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის რუსულ კავშირებზე მხოლოდ მოკლე რეზიუმეა ხელმისაწვდომი, სადაც წერია, რომ მისი შვილი არის რუსეთის მოქალაქე და "ქორწინებაში იმყოფება რუსი ეროვნების პირთან", ასევე:

"ფაჩუაშვილს უმაღლესი განათლება რუსეთში აქვს მიღებული. რ/ფ-ში ჰყავს საყვარელი, რომელსაც აწვდის ინფორმაციას საპატრიარქოში და ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ვარაუდობს, რომ ამ ქალს მისგან ჰყავს ვაჟიშვილი. ღიად არ უჭერს მხარს რუსულ პოლიტიკას, მაგრამ შესაძლებელია ფარული ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებთან".

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელი, დიმიტრი შიოლაშვილი არის ილია მეორის უმცროსი ძმის, შოთა შიოლაშვილის შვილი. დოკუმენტში მითითებულია, რომ ის ეპარქიაში მოქმედ სასულიერო პირებთან ურთიერთობაში გამოირჩევა სიმკაცრით, მათ მიმართ არის მომთხოვნი.

"ახასიათებს ზედმეტად სიფრთხილე პრობლემების მიმართ, ეპარქიაში შექმნილი რელიგიათშორისი კონფლიქტის დროს გაერიდა აჭარის რეგიონს და დასასვენებლად გაემგზავრა სოფელ სნოში. [...] მიუხედავად მისი თეოლოგიური განათლებისა, არ გამოირჩევა მაღალი დონით. [...] არის ფუფუნების მოყვარული. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს ოჯახის წევრების მიმართ, ეხმარება ფინანსურად, შვილებს უკეთებს ძვირადღირებულ საჩუქრებს (ბინებს)", — ვკითხულობთ დოსიეში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, შიოლაშვილს ახლო ურთიერთობა აქვს ბიზნესმენ შალვა ბრეუსთან, რომელიც ცხოვრობს რუსეთში, ხოლო დაიბადა და გაიზარდა ბათუმში და წარსულში იყო კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი.

"პირად საუბრებში არსებული ხელისუფლების მიმართ კრიტიკულია, თვლის, რომ ხელისუფლების საქმიანობა არაეფექტურია, საპირწონედ მოაქვს აჭარის ა/რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდი. პოლიტიკური აქტიურობისგან თავს იკავებს, თავის პოზიციას ღიად არ აფიქსირებს" — ვკითხულობთ დოკუმენტში.

მეორე ფაილში კი მითითებულია, რომ შიოლაშვილს ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

"არსებული მონაცემებით, იყო ინიციატორი პატრიარქის და დონეცკის ერთ-ერთი ეპისკოპოსის საუბრის, რამაც საზოგადოებაში გამოიწვია საპატრიარქოს კრიტიკა. ოპერატიული ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინის ქართულ ეკლესიებში მღვდლებად ინიშნებიან მხოლოდ მისი გავლენის ქვეშ მყოფი სასულიერო პირები. მათ შორის, რუსეთის საპატრიარქოში საქართველოს წარმომადგენელი, არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი წლების განმავლობაში იყო მისი მძღოლი", — მითითებულია ფაილში.

მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია

დოკუმენტების მიხედვით, მარტყოფის და გარდაბნის ეპარქიის ხელმძღვანელს, ეპისკოპოს გრიგოლ (გიორგი) კაციას ორმაგი მოქალაქეობა აქვს — საქართველოს და რუსეთის. პროფესიით არის კარდიო-ქირურგი, სწავლობდა და მუშაობდა ექიმად რუსეთის ფედერაციაში.

"გაწონასწორებული, განათლებული და ერუდირებული პიროვნება, მრევლში სარგებლობს პატივისცემით, ჰყავს ნაცნობების დიდი წრე რუსეთის ფედერაციაში", — ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე ფაილის მიხედვით, გრიგოლ კაციამ 2014 წელს, მოსკოვში მცხოვრები, სავარაუდოდ აფხაზეთიდან დევნილი ვინმე ბესარიონისგან მიიღო შეთავაზება რუსეთში შავნაბადას მონასტრის ღვინის ექსპორტის თაობაზე.

"ღვინის რეალიზაცია, ბესარიონის სიტყვებით, შეთანხმებულია რუსულ მხარესთან. ბესარიონს ამავე თემაზე შეხვედრა ჰქონდა მოსკოვში მყოფ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძესთან. დ.მახარაძე გ.კაციას სთავაზობს ასოციაციის შექმნას (სავარაუდო დასახელება - სამონასტრო ღვინოები) ანდრია გვაზავასა და პეტრე ცაავასთან ერთად. ამჟამად აღნიშნული პირები მუშაობენ რუსეთის ფედერაციის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურიდან ნებართვის მოპოვებაზე", — აღნიშნულია დოკუმენტში.

კიდევ ერთი ფაილის მიხედვით, მისი მამა და ძმა არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.

მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი

დოკუმენტის თანახმად, მიტროპოლიტი ზურაბ ჩეკურიშვილი (მეუფე სერგი) 1985-88 წლებში სწავლობდა რუსეთის ერთ-ერთ სასულიერო აკადემიაში, სადაც მიიღო მღვდლის ხარისხი.

"ხშირად გადაწყვეტილებებს იღებს პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე. მ/წლის 20 სექტემბერს პრეზიდენტთან მისი ვიზიტი განაპირობა ვიქტორ იუშენკოს ფაქტორმა, რომელთანაც აქვს დიდ ხნის ურთიერთობა და მის მიმართაც თავს გრძნობს დავალებულად (ეპარქიას შესწირა ორი ვაგონი ქვანახშირი). აღნიშნული ვიზიტი წინასწარ შეათანხმა პატრიარქთან. [...] ახლო კავშირები აქვს რუსეთის, უკრაინისა და საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში. მისი სულიერი მოძღვარი არის ბელორუსიაში, რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელთანაც ჩადის პერიოდულად", — ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე ფაილის მიხედვით, ჩეკურიშვილი ეწეოდა ხე-ტყისა და კონტრაბანდული საწვავის ბიზნესს.

დეკანოზი გიორგი ხარაზაშვილი

დოკუმენტების მიხედვით, დეკანოზის გიორგი (გივი) ხარაზიშვილი 1983 წელს რატი ტატიშვილის მიერ იქნა გადმობირებული და მიენიჭა ფსევდონიმი "დანიელი". გადმობირებასთან დაკავშირებით ფაილში მეტი დეტალი არ არის. თუმცა წერია ის, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციით, 1986 წელს ხარაზაშვილი ყოფილი სუკ-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის მსვლელობის პროცესში, გამოცხადებული იქნა ცნობილი რუსი ლიტერატორის, ლილია ბრიკის მემკვიდრედ და ამ სტატუსით გ.ხარაზაშვილი შეახვედრეს, ცნობილ ფრანგ დიზაინერს ივ სენ ლორანს (ჰომოსექსუალი, ლილია ბრიკის მეგობარი)".

ამავე ფაილის მიხედვით, 2013 წელს, მეგობრებთან საუბარში, ხარაზაშვილი აცხადებდა, რომ ლილია ბრიკის კოლექცია, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო, საჩუქრად გადასცა რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელს, რათა საქართველოსთვის და ქართული ეკლესიისთვის სასიკეთო საქმე გაეკეთებინათ.

"ხარაზიშვილი საქართველოს სახელით იღებდა მონაწილეობებს სხვადასხვა მართლმადიდებლურ კონფერენციაში. ახლო ურთიერთობა აქვს რუსულ ორგანიზაცია მართლმადიდებელ ხალხთა საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელ ვალერი ალექსეევთან, რომლის მიწვევითაც მ/წ თებერვალში იგეგმებოდა მისი გამგზავრება სერბეთში ყოველწლიურ კონფერენციაზე. მის მიერ მომზადებული მოხსენება (რეალურად დაწერილ იქნა განკვეთილი მიტროპოლიტის, გაიოზ (ბიძინა) კერატაშვილის მიერ) დაწუნებული იქნა შ.თეთრუაშვილის მიერ, როგორც პრორუსული ხასიათის, რის გამოც საპატრიაქომ უარი თქვა ხარაზიშვილის სერბეთში გამგზავრებაზე. ვ.ალექსეევმა წუხილი გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ დაახლოებით ერთ თვეში აუცილებლად ჩამოვა საქართველოში ვითარებაში გარკვევის მიზნით. მისი ჩამოსვლის აუცილებლობას დაეთანხმა გ.ხარაზიშვილი და აღნიშნა, რომ პირადად საუბრის დროს უკეთესად გააცნობდა საპატრიარქოში არსებულ მდგომარეობას", — წერია დოკუმენტში.

ამავე ფაილის მიხედვით, ხარაზიშვილს სისტემატური კონტაქტები აქვს რუსეთში ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელ მიხეილ ხუბუტიასთან.

"ახლო ურთიერთობები აქვს ამ უკანასკნელის მიერ დაფუძნებულ სააგენტო ფრონტნიუსის ხელმძღვანელ რაულ ქირიასთან, რომელთან ერთადაც მუშაობს მ.ხუბუტიას დავალებების შესრულებაზე. 2014 წლის მარტში დაფიქსირდა მ.ხუბუტიას უარყოფითი რეაქცია საქართველოს პატრიარქის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც პატრიარქი ევროკავშირს პოზიტიურად მოიხსენიებდა. აღნიშნულის შემდგომ სააგენტო ფრონტნიუსმა წამოწია ღვთისმშობლის კვართის ერთი ეპარქიიდან მეორეში გადატანის თემა. ამ თემის გააქტიურებაზე ერთად მუშაობდნენ გ.ხარაზიშვილი და რ.ქირია. მათთვის ცნობილი იყო, რომ თემა იყო კონფლიქტური და გამოიწვევდა მღვდელმთავრების დაპირისპირებას. ამავე პერიოდში, გ.ხარაზიშვილს და რ.ქირიას შეხვედრები ჰქონდათ თბილისში მყოფ მ.ხუბუტიასთან. ამ შეხვედრაზე ხარაზიშვილმა მიაწოდა ხუბუტიას ინფორმაცია, თუ ვინ სთხოვა პატრიარქს ევროკავშირზე განცხადების გაკეთება", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ფაილში მითითებულია, რომ ხარაზიშვილს კარგი ურთიერთობები აქვს უკრაინაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის და დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიების წარმომადგენლებთან.

"ამ კავშირების და ხუბუტიას მეშვეობით ცდილობს მღვდელმთავრის წოდების მიღებას. [...] 2013 წელს დაფიქსირდა გ.ხარაზიშვილის სურვილი, დაეკავებინა რუსეთის საპატრიარქოსთან, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის თანამდებობა. ამავე პერიოდში ხარაზიშვილი ავრცელებდა ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის, ვახტანგ ლიპარტელიანის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ", — ვკითხულობთ დოკუმენტში.

მეორე ფაილში მითითებულია ისიც, რომ ხარაზიშვილი რუსულ ორგანიზაცია მართლმადიდებელ ხალხთა საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელებს აწვდის საპატრიარქოს კულუარულ ინფორმაციებს.

"რუსეთის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, 2014 წლის 1 დეკემბრიდან, მხოლოდ პატრიარქს და რუსეთში ოფიციალური ვიზიტით გასამგზავრებელ პირებს შეეძლებათ რუსეთის ვიზების მიღება. სავარაუდოდ, აღნიშნული არ გავრცელდება გ.ხარაზაშვილზე, რომელიც რუსეთში წამსვლელ სასულერო პირთა გარკვეულ ნაწილს უმზადებდა ვიზებს", — მითითებულია ამავე ფაილში.

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

გალდავასთან დაკავშირებით ფაილში მითითებულია, რომ 2014 წელს მასპინძლობდა ვლადიმერ პუტინის სულიერ მოძღვარ ტიხონ შევკუნოვს.

"ა.გალდავას ხელშეწყობით რუსი სასულიერო პირი შეხვდა საქართველოს პატრიარქს. ტ.შევკუნოვის მიწვევით ა.გალდავაც გეგმავს რუსეთში გამგზავრებას. შევკუნოვს მოიხსენიებს როგორც მეგობარს".

არქიმანდრიტი პიმენ ქარდავა

რაც შეეხება არქიმანდრიტ ქარდავას, ამავე ფაილის მიხედვით, მას სისტემატური კონტაქტები აქვს აფხაზეთში რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებთან, რომლებიც უკავშირდებიან პერიოდულად და ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე, მოუწოდებენ დროულად შეხვედრისაკენ.

"მათი შეხვედრების ინტენსივობა არ ატარებს გადაუდებელ ხასიათს და სავარაუდოდ, რუსეთის ინტერესებში შედის საპატრიარქოში მიმდინარე ზოგადი პროცესები. აღსანიშნავია, რომ პიმენ ქარდავას აფხაზეთში გადასვლები ლეგალიზებული აქვს პატრიარქის პირადი დავალებებით".

ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი

მოკლე ფაილში მითითებულია, რომ ლიპარტელიანი წარსულში მსახურობდა მოსკოვის ქართულ ეკლესიაში, ამავდროულად, იყო საქართველოს წარმომადგენელი რუსეთის საპატრიარქოში.

"სასულიერო ხარისხი მიიღო მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ხელშეწყობით, რომლის მძღოლადაც მსახურობდა წლების განმავლობაში. 2014 წელს შ.თეთრუაშვილთან ურთიერთობაში გამოვიდა სასულიერო პირთა ჯგუფის შექმნის ინიციატივით, რომელიც ფარულად იმუშავებს საპატრიარქოში არსებული ერთ-ერთი დაჯგუფების გაძლიერებაზე, დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ. გადაუმოწმებელი მონაცემებით, თანამშრომლობს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან. 2015 წელს ეკურთხა ეპისკოპოსად და მოღვაწეობას შეუდგა რაჭის ეპარქიაში".

დეკანოზი ბიძინა გუნია

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გუნიას შორენა თეთრუაშვილის დავალებით რუსეთში ფარულად უნდა ჩაეტანა თურქეთის რელიგიის მინისტრის მიერ 2014 წელს საქართველოს სამთავრობო წრეებში ჩატარებული შეხვედრების ამსახველი ვიდეომასალა.

"შ.თეთრუაშვილის სიტყვებით, მასალა საინტერესო იქნებოდა, როგორც მიმღებისთვის, ასევე, თავად ბ.გუნიასთვისაც", — აღნიშნულია დოკუმენტში.

"დავითიანნი"

ამავე ფაილის მიხედვით, 2014 წელს საქართველოში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციები: რელიგიური უფლებების კვლევის ცენტრი და წმინდა ნინოს სახელობის ქრისტიანული, მართლმადიდებლური აპოლოგეტურ-მისიონერული ცენტრი, რომლის ხელმძღვანელია ლაშა ბართია. ფაილში მითითებულია, რომ ბართია ცდილობს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას.

"წარსულში პროტესტანტული რელიგიის მიმდევარი, 2013 წლიდან გააქტიურდა და შექმნა ორგანიზაციები რუსეთის აპოლოგეტურ-მისიონერული ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღების მიზნით. კავშირი აქვს რუსეთში ამავე ცენტრის ხელმძღვანელ არტიომ გრიგორიანთან. მ/წ სექტემბრის თვეში ქ. მოსკოვში შეხვედრები ჰქონდა დუმის დეპუტატ ნიკოლაი ვალუევთან, რომელიც დაპირდა მათი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას. ორგანიზებას უკეთებდა პუტინის სულიერი მოძღვრის, ტიხონ შევკუნოვის ვიზიტს საქართველოში. თბილისში მოაწყო სასულიერო პირთა პრივატული შეხვედრები ტ.შევკუნოვთან. ამ შეხვედრებში აქტიურად იყენებდა და ჩართული ჰყავდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია "დავითიანნი" და დეკანოზი ლევან მათეშვილი. აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვში გამართული აპოლოგეტური ცენტრების შეხვედრებში. ჩართულია საქართველოში ანალოგიური ტიპის მისიონერული ორგანიზაციის ჩამოყალიბების პროცესში, რაც უნდა განხორციელდეს რუსული ინვესტიციებით".

დოკუმენტის მიხედვით, "დავითიანნი" (საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა. ხელმძღვანელი კონსტანტინე სვანაძე, მოადგილე — გიორგი მიქანაძე) აქტიურად მონაწილეობს აპოლოგეტური ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში და აქვთ ინტერესი, მიიღონ დაფინანსება რუსეთიდან, აპოლოგეტურ ცენტრში პროექტების განხორციელებისთვის.

"მონაწილეობდნენ ტიხონ შევკუნოვთან შეხვედრებში. ორგანიზაცია "დავითიანნი" აქტიურად გამოიყენებოდა შორენა თეთრუაშვილის მიერ საყდრისის საპროტესტო აქციებში და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც თეთრუაშვილის აზრით, იყო მნიშვნელოვანი".

გარდა ამისა, კიდევ ერთ ფაილში არის იმ მღვდელმთავრების ჩამონათვალი, რომლებიც, ამავე დოკუმენტის მიხედვით, "საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში სუკ-თან თანამშრომლობაში არიან მხილებულნი". აქვე მითითებულია იმ სასულიერო პირების სახელები და გვარები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში სადისერტაციო თემებზე მუშაობენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ქვეთავში მოყვანილი ინფორმაციის ნაწილი დათარიღებული არ არის, ნაწილს კი 2014 წელი აწერია.

როგორც უკვე ვთქვით, ინტერნეტში გავრცელდა ასობით ფაილი, შესაბამისად, ეს მათი მხოლოდ მცირე ნაწილია. On.ge სხვა მასალებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.